საზოგადოება

რა საიდუმლო გახსნა გია ყანჩელზე მისმა მეზობელმა და რატომ დაამახსოვრდა მას ენით აუწერელი შიში მეზობლის ქალის გამო

№20

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 23.05, 2023 წელი

გია ყანჩელი
დაკოპირებულია

„...მე ურთიერთობა მქონდა მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, შემსრულებლებთან, მოვიარე თითქმის მთელი მსოფლიო და მოსმენილი მაქვს ჩემი მუსიკა საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში... მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი შეიძლება შეფასდეს, როგორც ბედნიერი ცხოვრება“ - მართლაც, რა შეიძლება ამაზე მეტი ინატრო კაცმა. ბოლოს და ბოლოს, შენი სახელი უკვდავყო. გავა კიდევ ათეული წლები და მის სიმფონიურ მუსიკას კვლავ ისეთი სიხშირით მოუსმენენ მსოფლიოს საკონცერტო დარბაზებში, როგორც ეს ახლა ხდება, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ყანჩელის მუსიკა დროს არ ცნობს. დიახ. ის უკვდავია, ის სულ აქ არის, ჩვენთან თავისი დაუსრულებელი საინტერესო ისტორიებით, ფოტოებით, ვიდეოჩანაწერებით.

ისე, როგორც სახლში

საზღვარგარეთ ყოფნა ნამდვილად გამიჭირდებოდა, მუდმივად რომ არ მქონდეს სამუშაო. ამის გარეშე, იქ ვერ ვიცხოვრებდი. რაც შეეხება ჩემს საზღვარგარეთულ გასვლებს, 90-იან წლებამდეც თვეობით მივდიოდი ხოლმე თბილისიდან. აქ მხოლოდ კინო და თეატრალური მუსიკის წერა შემეძლო და ამიტომ, სხვა ნაწარმოებების შესაქმნელად შემოქმედებით სახლებს მივმართავდი. სომხეთში არის პატარა ქალაქი დილიჟანი, სადაც წლების წინ შემოქმედებითი სახლი აშენდა. ჩემი სიმფონიებიდან ექვსი დილიჟანში დავწერე, თითო სიმფონიაზე ორ-ნახევარ წელიწადს ვმუშაობდი და ახლა თავად წარმოიდგინეთ, რამდენი დრო გავატარე იქ. თბილისში ორი-სამი დღით, ერთი კვირით ჩამოვდიოდი ხოლმე და ისევ უკან ვბრუნდებოდი. შემდეგ, როდესაც ბორჯომში შემოქმედთა სახლი აშენდა, იქ გადავედი. პირველ კოტეჯში დავწერე ოპერა, მეშვიდე სიმფონია და კიდევ ბევრი სხვა ნაწარმოები. ასე რომ, ჩემს ქალაქთან მოშორებას შეჩვეული ვარ. როცა 1991 წელს ბერლინში წავედი, იქაც თავი ისე ვიგრძენი, როგორც შემოქმედებით სახლში. სხვანაირად არც შეიძლებოდა - გერმანიის ხელოვნების აკადემიის სტიპენდია ძალიან კარგ პირობებს ითვალისწინებს. როცა სტიპენდია დამიმთავრდა, თბილისში დაიწყო საშინელი არეულობა. მე კი ვიზა მქონდა, ცოტა თანხაც შემომრჩა და ამიტომ დავრჩი. თან გადავწყვიტე, როცა ფული გამითავდება, სახლში მერე დავბრუნდები-მეთქი. მას მერე არ მიმთავრდება ფული, პირიქით...

„განვშორდი, რომ არ ვიხილო“

...როცა ეს ნაწარმოები დავწერე, თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. მაშინ მივიღე პირველი შეკვეთა ნაწარმოების დაწერაზე ამსტერდამიდან. ინიციატორი ლევ მარკიზი იყო. მე ჯერაც ბერლინში ვცხოვრობდი და ყველანაირად ვცდილობდი გამეგო, რა ხდებოდა თბილისში. ინფორმაციის ერთადერთი წყარო „რადიო თავისუფლება“ იყო რუსულ ენაზე. ინფორმაციული ვაკუუმის შევსებაში მეზობელი მეხმარებოდა, მრავალი ენის მცოდნე, ძალიან საინტერესო და განათლებული ადამიანი. ის საღამოობით „ბი ბი სი“-ს ცნობებს ისმენდა, აკონსპექტებდა და დილაობით ჩემი ბინის კარებში აცურებდა ფურცელს. ასე ვიგებდი ახალ ამბებს. მანვე მოიფიქრა სათაური ამ ნაწარმოებისთვის - „განვშორდი, რომ არ ვიხილო“...

ყანჩელის სექცია

...მაღაზიებში იშვიათად შევდივარ, მაგრამ ვიცი, რომ ყველა კარგ მაღაზიაში, სადაც თანამედროვე მუსიკაც არის წარმოდგენილი, ცალკე სექციები აქვს დათმობილი იგივე შნიტკეს, პიარტს, გუბაიდულინას, არსებობს ჩემი სექციაც. მაგრამ მაღაზიებში სიარული არ მიყვარს, თანაც ისედაც უამრავ დისკს მიგზავნიან სახლში და ნეტავ, მქონდეს იმდენი დრო, ყველას მოსმენა შევძლო. ახლა, ინფარქტის მერე, ფეხით სიარული მჭირდება ხოლმე. ყველაზე მეტად სიარულს ვერ ვიტან, მაგრამ იძულებული ვარ, ექიმის მითითება შევასრულო და სუფთა ჰაერზე ვისეირნო. ამიტომ პარკამდე მივდივარ მანქანით, თან მიმაქვს ფლეერი და ვუსმენ მუსიკას. როცა მბეზრდება თანამედროვე კოლეგების მუსიკა, მალერის მეცხრე სიმფონია მიმაქვს, ანდა ბახი გლენ გულდის შესრულებით, მერე ისევ ვუბრუნდები თანამედროვე მუსიკას.

ვალს-ბოსტონი

„ვალს-ბოსტონს“, რომელიც ამერიკელი დირიჟორის, დენის რასელ დეივისის თხოვნით დავწერე, მართლაც ერთვის ასეთი მიძღვნა: „ჩემს მეუღლეს, რომელთანაც არასდროს მიცეკვია“. სხვათა შორის, არა მარტო ჩემს მეუღლესთან, საერთოდ არავისთან არ მიცეკვია, იმიტომ რომ, ყოველთვის მე ვიჯექი ინსტრუმენტთან, ვუკრავდი და სხვები ცეკვავდნენ... წარმოიდგინეთ, ყველანი ერთნაირები რომ ვიყოთ და ერთნაირი გატაცებები გვქონდეს... როგორც გითხარით, არც სიარული მიყვარს. ანდა, რატომ უნდა მიყვარდეს? ინსტრუმენტთან ჯდომა მირჩევნია.

ლამაზი ფორმის თითებით

დავიბადე ბორჯომში, სადაც ზაფხულის თვეებს მთელი ქართული ინტელიგენცია ატარებდა ხოლმე. მამაჩემმა ბორჯომის ხეობაში რამდენიმე ბავშვთა სანატორიუმი გახსნა და შემდეგ, წლების განმავლობაში მუშაობდა პატარა ცემის სანატორიუმის მთავარ ექიმად და დირექტორად... სულ ახლახან შევიტყვე ერთი ოჯახური გადმოცემის შესახებ, რომელიც ჩემს დაბადებას უკავშირდება. თითქოს, ბებიაქალმა, რომელიც მშობიარობას ესწრებოდა, დედას უთხრა: „თქვენი შვილი ბედნიერი იქნება და მუსიკოსი გახდება იმიტომ, რომ უცხო ფორმის ყურები, ლამაზი თითები და მუცელზე ხალი აქვს“... ბავშვობაში, ომის დროს, დადგებოდა თუ არა ადრეული გაზაფხული, სოფელში მაგზავნიდნენ ბებიასთან... ჩავდიოდით ზესტაფონში და იქიდან ურმით ძალიან დიდხანს მივდიოდით ხოლმე ალავერდის გორაკიან გზებზე... ახლა ანტვერპენში, იმ ოთახის ფანჯრიდან, სადაც ვმუშაობ, აშოლტილი ალვის ხეები ჩანს, ექვსი თუ შვიდი... ზაფხულში აივნის კარი ღიაა და მუშაობის დროს, ფოთლების შრიალის ხმა ჩამესმის. ამ ხმას ისე მივეჩვიე, რომ ანტვერპენული ზამთრის ბოლოსკენ, დიდი მოლოდინით ველი ხეების აშრიალებას... ისინი რატომღაც სულ ალავერდში გატარებულ ბავშვობას მახსენებს... ოჯახში ძალიან გვიჭირდა და ცხადია, არავინ ზრუნავდა იმაზე, რომ მუსიკა მომესმინა. ერთადერთი სერიოზული მცდელობა - რომ პატარა ბიჭი დიდი ხელოვნებისთვის ეზიარებინა - მეზობელ ქალს ჰქონდა. ერთხელ ამ უაღრესად ინტელიგენტმა ქალბატონმა შეგვკრიბა ქუჩის ბავშვები, მთელი დღეების განმავლობაში ეზოში ბურთს რომ დავდევდით და ოპერაში „ევგენი ონეგინზე“ წაგვიყვანა... ოპერის თეატრიდან შინ რომ ვბრუნდებოდით, საწყალ ქალს ტროლეიბუსი დაეჯახა. დამამახსოვრდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ენით აუწერელი შიში მეზობელი ქალის გამო და დუელის სცენა „ონეგინიდან“... დიუკ ელინგტონი, სტენ კენტონი, ეროლ გარნერი, ოსკარ პიტერსონი, ელა ფიცჯერალდი - სინამდვილეში აი, რა ავსებდა ჩემს ცხოვრებას. იყო, ასეთი ფირფიტა: ჯაზის პიანისტი ალექსანდრ ცფასმანი ასრულებს პოპურის „მზიური ველის სერენადიდან“. ბიძაჩემმა კი ამერიკიდან ჩამოიტანა ფირფიტები, რომლებზედაც 30-იანი წლების პოპულარული ფოქსტროტები იყო ჩაწერილი... ერთხელ გავიტანე სახლიდან თხუთმეტივე ფირფიტა... და გადავცვალე ცფასმანის ერთ გატეხილ და დაწებებულ ფირფიტაზე... ჩვენს გვერდით 11-სულიანი ოჯახი ცხოვრობდა. საერთო ტუალეტით ვსარგებლობდით. როცა 12 წლის ასაკში მოწევა დავიწყე, მშობლებს კომუნალურ ტუალეტში ვემალებოდი. ეს საშინელი საიდუმლო მეზობელი ოჯახის უფროსმა გახსნა. ის პირდაპირ მივიდა მამაჩემთან და მოახსენა: იქნებ, თქვენს შვილს სახლში მოწევის უფლება მისცეთ, ჩვენ რომ ტუალეტით სარგებლობა შევძლოთო, მაგრამ სიგარეტზე უარი ვერც ექიმმა მამამ მათქმევინა და ვერც იმ ექიმებმა, რომლებიც ინფარქტის შემდეგ მკურნალობდნენ. და... დღეს, მუშაობისთვის რამდენიმე რბილი ფანქრის, საშლელის, სათლელისა და კარგი ჩაის გარდა, მჭირდება ორი საფერფლე და ორი სანთებელა.

„გრიფით“ საიდუმლო

ჩემს მეგობრებს მუსიკა „არამამაკაცურ“ საქმედ მიაჩნდათ და ამიტომ, დიდხანს ვუმალავდი ხოლმე ჩემი ცხოვრების ამ მხარეს, ხანდახან გაკვეთილებსაც ვაცდენდი და ყველაფერს ვაკეთებდი, ბიჭებს სანოტო ჩანთით რომ არსად დავენახე. ერთხელ მეგობართან მივდიოდი, ჩემი სანოტო ჩანთა ორად გავკეცე და გზად საწვიმარ მილში შევტენე. ჩემდა საუბედუროდ, გაწვიმდა და ჩანთა ისე დასველდა, ჩვარს დაემსგავსა. ასეთ მდგომარეობაში ის ჩემი მეგობრის დამ იპოვა და დღიურზე წაწერილი გვარით მიხვდა, რომ ჩემი იყო... ასე გახსნეს ჩემი საიდუმლო მეგობრებმა და მათი აზრით, ერთი საშინლად შეურაცხმყოფელი მეტსახელი შემარქვეს - „იოჰან სებასტიან ბახი“.

თავშესაფრის სამზარეულოდან პალატაში

თავს პოპულარულ ადამიანად არ ვგრძნობ... თაყვანისმცემლები, ამ სიტყვის გავრცელებული გაგებით, და მით უმეტეს, ფანატები არასდროს მყოლია; თუმცა, იყო ერთი გამონაკლისი: ერთხელ. გერმანიაში კონცერტის შემდეგ, ერთი ჩასკვნილი ახალგაზრდა მოვიდა და მორცხვად მთხოვა ავტოგრაფი დისკზე. მისი სახე დამამახსოვრდა იმიტომ, რომ მას შემდეგ ყველა ჩემს კონცერტს ესწრებოდა, თან, არა მხოლოდ გერმანიაში. ამ კაცს ვხედავდი საფრანგეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ბელგიაში. ყოველ ჯერზე, მორცხვი ღიმილით მომიახლოვდებოდა და მეკითხებოდა, დავესწრები თუ არა შემდეგ დაგეგმილ კონცერტს. ბოლოს, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, გაგვეცნო ეს ყმაწვილი. მიუნსტერში გენერალური რეპეტიციიდან გამოვდიოდით, როცა ის ავტოსადგომზე შევნიშნეთ, თავისი ძველი „ოპელის“ გვერდით იდგა. თავაზიანი მოკითხვის შემდეგ, დავინტერესდი მისი პროფესიით... გაირკვა, რომ მზარეული იყო.

- რომელ რესტორანში მუშაობთ?

- რესტორანში არა, მე სულით ავადმყოფთა თავშესაფრის სასადილოში ვმუშაობ, ფრანკფურტთან ახლოს (ავტ. ა. ხერხეულიძე).

...თომასს მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდი, მერე კი მოულოდნელად გაქრა. მე კი, როცა მასზე ვფიქრობ, ჩემდა უნებურად, სინდისის ქენჯნას ვგრძნობ ხოლმე: ჩემი ნელი და დინამიკური კონტრასტებით სავსე მუსიკის მოსმენამ ხომ არ შეუწყო ხელი იმას, რომ ეს სიმპათიური ახალგაზრდა, თავშესაფრის სამზარეულოდან პალატაში გადაიყვანეს?

უცნაური ხველება სიჩუმის აუცილებლობაში

დირიჟორი მარკუს სტენცი ავსტრალიაში „თითის ანაბეჭდების“ პრემიერას დირიჟორობდა. სტენცი გამოვიდა სცენაზე, დადგა პულტთან, მობრუნდა პუბლიკისკენ და ლაპარაკი დაიწყო. ცხადია, მე ვერაფერი გავიგე, მაგრამ როცა დარბაზში სიცილი ატყდა, ჩემი მეუღლე გადმოიხარა და ეს შესანიშნავი სფიჩი სინქრონულად მითარგმნა. გაირკვა, რომ სტენცმა დარბაზში ხველების პრობლემის მოხსნის კარდინალური გზა გამონახა. მან თქვა: „ამას ჯერ მე გავაკეთებ, მერე თქვენ გიდირიჟორებთ და ყველანი ერთად იმდენს ვახველებთ, რამდენიც გაგვიხარდება. დავიწყებთ პარტერით - ჯერ მარცხენა ფრთა, შემდეგ შუა ნაწილი, ბოლოს მარჯვენა ფრთა. შემდეგ მე თავს მაღლა ავწევ და ხველებას პირველი იარუსი დაიწყებს, მას მეორე და მესამე მოჰყვება“. ბოლოს სტენცი „ოსკარის“ ცერემონიალის წამყვანებსაც დაესესხა: „And the Oscav Goes To…- და „ოსკარი“ მას გადაეცემა, ვინც ყველაზე ხმამაღლა დაახველებს“.

სტენცმა ეს სფიჩი იმიტომ წარმოთქვა, რომ დარბაზი სიჩუმის აუცილებლობაში დაერწმუნებინა. დირიჟორის ხერხმა გაჭრა. კონცერტმა შესანიშნავად ჩაიარა.

„ქარი ქრის“

ჩემი ქალიშვილი რვა წლის იყო, როცა ერთხელ მუსიკის გაკვეთილიდან სახლში ატირებული დაბრუნდა. თავს უხერხულად გრძნობდა იმიტომ, რომ მასწავლებელმა ჩემთან დააბარა, ნატოსთვის რაიმე პატარა პიესა დამეწერა, რომელსაც ის მუსიკალური სკოლის კონცერტზე შეასრულებდა... ამ ამბიდან დიდი დრო გავიდა, როცა ჩემი შვილის სკოლისდროინდელი რვეული ვიპოვე და დავიწყებული „ნატა-ვალსის“ მელოდიის დაკვრა დავიწყე. ჩემდა გასაკვირად, გავიაზრე, რომ პირველი ფრაზა რიტმით ემთხვევა გალაკტიონ ტაბიძის ერთ-ერთი შედევრის „ქარი ქრის“ პირველ სიტყვებს. გადავშალე წიგნი და გუნებაში „მივამღერე“ დანარჩენი სტრიქონებიც. გაირკვა, რომ მთელი ლექსი, ყოველგვარი შესწორების გარეშე, ემთხვევა მუსიკას. ძალიან კარგად მესმის, რომ ეს უბრალოდ იღბლიანი დამთხვევა იყო, მაგრამ მაინც, როგორია, როცა ასეთ რამეს მხოლოდ მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ აღმოაჩენ?..

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი