რა როლი ითამაშა ილია ჭავჭავაძემ ნინო პოლტორაცკაიას და ექვთიმე თაყაიშვილის დაქორწინებაში და რა გასაჭირს გაუძლო წყვილმა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:00

პოლტორაცკები წარმოშობით პოლონური წარჩინებული საგვარეულოს შთამომავლები იყვნენ. გრაფი ეგნატე პოლტორაცკი რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში იდგა, მისი ოჯახი პეტერბურგში ცხოვრობდა. ეგნატე აქტიურად იყო ჩაბმული დეკაბრისტულ მოძრაობაში. ამის გამო დასაჯეს და გადაასახლეს კავკასიაში, ქუთაისის გუბერნიაში, სადაც მან იქორწინა ზედგენიძის ქალზე, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი – სიმონი და ივანე. ძმებმა განათლება მიიღეს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც ივანე ილია ჭავჭავაძეს დაუმეგობრდა. სწორედ მას მიუძღვნა ილიამ თავისი პოემა „აჩრდილი“. მანვე მონათლა ივანეს უფროსი ვაჟი, რომელსაც ნათლიის პატივსაცემად, ილია დაარქვეს. ივანე პოლტორაცკი მსახურობდა თბილისში მომრიგებელ მოსამართლედ, ვექილად, ნოტარიუსად. მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ დაარსებაში.
ღირსეული პიროვნება იყო სიმონ პოლტორაცკი, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა, იურისტად მუშაობდა და იქაურ ქართულ სათვისტომოსა და ქართველ სტუდენტებს მატერიალურად ეხმარებოდა.
პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ივანე პოლტორაცკიმ ნადეჟდა გაბაშვილზე იქორწინა. ის გაბაშვილების ცნობილი ოჯახიდან გახლდათ. მისი და მარიამ გაბაშვილი პიანისტი და პირველი პროფესორი ქალი იყო საქართველოში. ნადო გაბაშვილთან ივანე პოლტორაცკის ექვსი შვილი შეეძინა: ნინო, ელენე, ანა, სოფიო, ეკატერინე და ალექსანდრე.
გაბაშვილები თბილისში, ზემელზე ცხოვრობდნენ, სადაც ორი სახლი ჰქონდათ. ოქროყანაში და მთაწმინდაზე კი მამულებს ფლობდნენ. აქ მათ ორი აგარაკი ჰქონდათ – ზემო და ქვემო. ზემო აგარაკის ორსართულიანი სახლი მოგვიანებით სოფლის მოსახლეობას გადასცეს სკოლისთვის, ხოლო შემდგომში სკოლამ პოლტორაცკის სიძის, ექვთიმე თაყაიშვილის სახლი შეიძინა.
1895 წელს ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძის ხელშეწყობით, ივანე პოლტორაცკის ქალიშვილზე, ნინოზე დაქორწინდა.
ილია ექვთიმეს დიდ პატივს სცემდა. განათლებული და შრომისმოყვარე ახალგაზრდა იმ პერიოდში თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელს ედგა სათავეში, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი იყო და უკვე დაეარსებინა საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი – ერთ-ერთი პირველი სიძველეთსაცავი ჩვენს ქვეყანაში.
ნინო პოლტორაცკაია ლამაზი და განათლებული ქალი გახლდათ. ექვთიმე მათ ოჯახში სტუმრად ხშირად დადიოდა, მაგრამ სიძეობაზე არ უფიქრია, რადგან პოლტორაცკის შვილები ბავშვობიდან უზრუნველად ცხოვრობდნენ, ექვთიმე კი უსახლკარო იყო, თბილისში ქირით ცხოვრობდა და თან პატარაობიდან კოჭლობდა.
პოლტორაცკები დიდი სიხარულით არ შეხვედრიან ილიას ინიციატივას. ივანეს ერთმა ნათესავმა ექვთიმეს შემოუთვალა, ამ საქმეზე ჩვენთან მოსვლა არ გაბედო, თორემ იმ მეორე ფეხსაც მოგტეხთო. ამ მუქარის შემდეგ ექვთიმემ მათი ოჯახიდან ერთბაშად ამოიკვეთა ფეხი. ამას ნინოს წერილები მოჰყვა: „ბატონო ექვთიმე, ნუ იფიქრებთ, იმიტომ გწერთ, რომ ჩვენთან მოსვლა გთხოვოთ. მე ხომ ვხედავ, როგორ იყენებთ ყოველგვარ საბაბს, რომ ჩვენთან მოუსვლელობა გაამართლოთ“; „მე არაფერი ვიცი თქვენ შესახებ. გთხოვთ მომწეროთ ვრცელი წერილი, თუ რას ფიქრობთ ჩემზე – ავსა თუ კარგს. რატომ ბრძანდებოდით ასე მოწყენილი ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას?! ველი თქვენს ბარათს და მჯერა, რომ მოლოდინი ამაო არ იქნება. ასე არაა?!“; „ჩემთვის ძალზე მტკივნეული იქნება, თუ რამით გაგანაწყენეთ. ენას არ ძალუძს იმ სიტყვების წარმოთქმა, ჩემი გულიდან ამოხეთქვას რომ ლამობენ. ჩემს სულში ახლა უმშვენიერესი დარია. რა ბედნიერება იქნებოდა, რომ უსიტყვოდ გრძნობდეთ ჩემს მდგომარეობას. ნუთუ ამ სიტყვების შემდეგაც ვერაფერს ხვდებით? იმედი მაქვს ოპერის თეატრში თქვენი ნახვისა და იქნებ გასაუბრებისაც“… ეს წერილები აშკარად მეტყველებს ახალგაზრდა ქალის გრძნობებზე.
ექვთიმემ და ნინომ დაქორწინება მხოლოდ ივანე პოლტორაცკის გარდაცვალების შემდეგ შეძლეს. მათი მეჯვარეები ილია წინამძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილი იყვნენ. თავად ილია იმ დროს პარიზში იყო.
ქორწილში დანთებული კელაპტრები ნინოს შეუნახავს და თბილისის დატოვებისას თან წაუღია. ერთი ამ კელაპტართაგანი ექვთიმემ ნინოს საფლავში ჩაატანა, მეორე მისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ საქართველოში მოულოდნელი წამოსვლის გამო კელაპტარი ლევილში დარჩა და ნინოს ანდერძი ვერ განახორციელა.
ახალგაზრდები შეძლებულად ცხოვრობდნენ, ხშირად დადიოდნენ თეატრსა თუ ოპერაში. ნინოს ამის გარეშე არ შეეძლო. ექვთიმე ათას საქვეყნო საქმეში იყო გაბმული და მეუღლე ყველანაირად ხელს უწყობდა.
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთში გადახვეწილმა მენშევიკურმა მთავრობამ ქვეყნის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები ემიგრაციაში გაიტანა. ეროვნულ განძს მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლითურთ.
ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილისა თავს ქართველად მიიჩნევდა. საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში, კერძოდ, 1928 წლის 21 მაისს შევსებულ ოფიციალურ ანკეტაში მან გარკვევით მიუთითა, რომ ის იყო – ეროვნებით ქართველი.
ნინოს გარდაცვალებამ, 1931 წლის 8 ივლისს, ექვთიმეს თავზარი დასცა. იგი ბრმა შემთხვევას ემსხვერპლა. ამ ამბავს ექვთიმე თაყაიშვილი ასე უამბობდა თავის უმცროს მეგობარს იროდიონ სონღულაშვილს: „რა მოგწერო, ჩემო კარგო, ქვა აღმართში მოგვეწია. ნინო ერთ ბნელ საღამოს დაეცა. ჯოჯოხეთური ღამე გავატარეთ. მეორე დღეს ექიმის თანხლებით, სპეციალური კარეტით ჩავიყვანეთ პარიზში და საავადმყოფოში მოვათავსეთ. მორჩენის პროცესი ხანგრძლივი იქნება. სულ უკანასკნელი 100 დღე მაინც უნდაო. ეს უფრო აწუხებს, რომ ვეღარ მივლის. ვცდილობთ, ეს ბედისწერაც გადავიტანოთ“.
გამოყენებული მასალების წყარო: ლებანიძე მურმან, სამი საუნჯე: ჟურნალი; ვიკიპედია; ჯავახიშვილი ნიკო. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი: შრომები - თბილისი; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან