საზოგადოება

რა როლი აქვს დღევანდელ რეალობაში საქართველოში ადვოკატს და როდის „ნადირობდნენ“ ამ პროფესიის ადამიანებზე

№22

ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 09.06, 2021 წელი

ირაკლი გაბრიჭიძე
დაკოპირებულია

„ადვოკატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველივე მუხლში ვკითხულობთ: „ადვოკატი არის თავისუფალი პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონს და პროფესიული ეთიკის ნორმებს“. საინტერესოა, რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოში ამ პროფესიის მიმართ და რა როლს თამაშობს დღეს ადვოკატი. ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით ადვოკატ ირაკლი გაბრიჭიძეს ვესაუბრეთ.

ირაკლი გაბრიჭიძე: ადვოკატის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თემა ჩვენთვის იმიტომ არის განსაკუთრებით აქტუალური, რომ დღემდე გვიჭირს სამართლებლივი სახელმწიფოს შექმნა. რატომღაც სამართლის გვერდის ავლასა და არაფორმალური ურთიერთობის დამყარებას ვუწყობთ ხოლმე ხელს. თუმცა, ამ ყოველივეს ღრმა ფესვები აქვს და ეს მოდის საბჭოთა კავშირის მარქსისტული აზროვნებიდან. სამართლებრივი სახელმწიფოს მიმართ ამ დამოკიდებულებას თავისუფლად შეიძლება, ვუწოდოთ სამართლებრივი ნიჰილიზმი, რაც საქართველოში ბოლშევიზმთან ერთად დამკვიდრდა. ამ დროს მოხდა სამართლის სრული დაკნინება და მხოლოდ ფორმალურად შენარჩუნდა სასამართლო, რომელიც პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა და წარმოადგენდა დანამატს. იგივე მოხდა ადვოკატის ინსტიტუტის შემთხვევაშიც. მაშინ კანონის უზენაესობა გადასული იყო რაიკომის მდივნებისა და მსგავსი თანამდებობის პირების ხელში. მართალია, ჩვენ ახლა დამოუკიდებელი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ ეს ცნობიერება ისევ დარჩა, რაც ნამდვილად მტკივნეულია. ზოგადად, ადვოკატის როლი არის საყურადღებო და მნიშვნელოვანი, რადგან მან უნდა გაუკვლიოს საზოგადოებას გზა სიმართლისკენ და ითავოს წინამძღოლის ფუნქცია. ჩვენს სახელმწიფოში ჯერ კიდევ არ არის ადვოკატის როლი ისეთ საფეხურზე, როგორზეც უნდა იყოს. არც მართლმსაჯულების როლია გათვითცნობიერებული სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ნელა-ნელა ხდება კანონების დახვეწა, მაგრამ ნაკლებადაა ამის რეალურად განხორციელების ნება. შემხვედრია ურთიერთობები, სადაც ცდილობენ, სამართლებრივად კი არ გადაწყვიტონ კონკრეტული საიკითხი, არამედ „ჯიგრულად“.

– რას გულისხმობთ?

– დღესაც არიან შეძლებული ადამიანები, რომლებიც ვიღაცის მფარველობის ქვეშ ამჯობინებენ ყოფნას და არა სამართლებრივად თავიანთი უფლებების დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ამის ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, მაინც პირველ გზას ირჩევენ და არ ცდილობენ განვითარებასა და წინსვლას როგორც საქმიანობის კუთხით, ასევე პიროვნულად. ესეც იმ ცნობიერების შედეგია, რაც ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა სამართლებლივი ნიჰილიზმის შემდეგ. დღეს შეგხვდებათ ადამიანები, რომლებიც გეკითხებიან: „ისევ ადვოკატობ თუ დაიწყე სამსახური?“ აქ უკვე მათ შესახებ ყველაფერი ნათლად ჩანს და ხვდები, რომ საერთოდ არ იციან, რას ნიშანვს, იყო ადვოკატი. ადვოკატები იყვნენ აბრაამ ლინკოლნი და მაჰათმა განდი. შორს რომ არ წავიდეთ, ილია ჭავჭავაძე პროფესიით ადვოკატი გახლდათ. იმ ადამიანებმა, რომლებიც მსგავს შეკითხვას სვამენ, ხოლო შემდეგ ილიას გზასა და სიბრძნეზე ლაპარაკობენ, მათ ისიც არ იციან, რა დგას ამ სიტყვების უკან. ილიას გზა იყო სამართლებრივი სახელმწიფო, თითოეული მისი ნაბიჯი ამისკენ იყო მიმართული. ბრძოლა თავისუფლებისთვის და უფლებებისთვის არის დაუსრულებელი, ხოლო ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი როლი, სწორედაც რომ, ადვოკატს აქვს. დღეს ყველაზე დიდი პატრიოტი ის არის, ვინც თავის უფლებებს იცავს. ყველა რომ იმავეს აკეთებდეს, სამართლებრივ სახელმწიფოს მივიღებდით და სასამართლოც იძულებული იქნებოდა, სამართლის ფარგლებში ემოქმედა. აუცილებელია ადვოკატის მიმართ სწორი ხედვა. 30 წელია, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თუმცა ადამიანების ნაწილი, თავისი ცნობიერებით, მაინც საბჭოთა კავშირში ცხოვრობს. ბაბუის, მამის ისტორიებით მოდის და აქვს კრიმინალური აზროვნება. ამ დროს ის შესაძლოა, იყოს მინისტრი ან სხვა რომელიმე მნიშვნელოვან პოზიციაზე მდგომი პირი. სწორედ მისთვისაა ადვოკატი ადამიანი, რომელმაც „სხვაგან მუშაობა“ ვერ დაიწყო.

– დღეს რამდენად თავისუფალია ადვოკატი თავის საქმიანობაში?

– ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ძვრები განხორციელდა, შეიქმნა „ადვოკატთა კორპორაცია“, სადაც მოხვედრა მარტივი ნამდვილად არ არის. ობიექტური გამოცდებია და კონკურენციაც – დიდი. ღრმა ცოდნა გჭირდება, რომ ასოციაციაში მოხვდე. ცალკე სპეციალიზაციებია სისხლის, სამოქალაქოს მიმართულებით. მეც საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი ვარ, ასევე, ვმუშაობ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხრით. ადვოკატი მოქმედებს კანონისა და ადვოკატის ეთიკის პრინციპების მიხედვით. ადვოკატი უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი და ყოველგვარი ჩარევისგან თავისუფალი. ამ კუთხით რაღაც ცვლილებები რამდენიმე წლის წინ განხორციელდა და სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა უკვე დასჯადია. მუქარა, ძალადობა და ასე შემდეგ, კი უფრო მძიმე მუხლს ითვალისწინებს. ეს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში 2016 წლიდანაა შესული, რაც ნამდვილად საჭირო და აუცილებელია. ჯერ ადვოკატი უნდა გრძნობდეს დაცულად თავს, რომ მან საზოგადოების დაცვა შეძლოს. წლების წინ იყო ზეწოლა ადვოკატებზე. თუნდაც, 10 წლის წინ ამ პროფესიის ადამიანებზე „ნადირობა“ ჰქონდათ გამოცხადებული და 150-მდე ადვოკატი ჰყავდათ დაკავებული. სამწუხაროდ, პირდაპირ ხდებოდა ადვოკატის გაიგივება კლიენტთან და მიდიოდა ამ პროფესიის ადამიანთა ჩაგვრა. ეს დღეს უკვე მიუღებელია და უკვე კანონი იცავს თავად ადვოკატს. ადვოკატებსაც უწევთ ბრძოლა საკუთარი უფლებების დაცვისთვის. „ადვოკატთა ასოციაციაში“ აქვთ შიდა პრინციპი: ერთი ადვოკატი უდრის მთელ ადვოკატთა კორპუსს.

– უცხოეთში თითოეულ ოჯახს, უმეტესობას მაინც, ჰყავს ოჯახის ადვოკატი. საქართველოში რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

– ეს პრაქტიკა უცხოეთში დიდი ხანია, დამკვიდრებულია და ნამდვილად ჰყავთ ოჯახის ადვოკატები. გრძელვადიან პრესპექტივაში, ეს ადამიანები ბვერად მოგებულები არიან, ვიდრე ისინი, ვინც უშუალოდ პრობლემის წარმოქმნის შემდეგ მიმართავენ ადვოკატს. საქართველოში ერთეული შემთხვევებია, ჰყავთ მათ, ვისაც ესმით ამის მნიშვნელობა. ექიმის პროფესიას რომ შევადაროთ, როცა დაავადება ბოლო სტადიაშია, მისი განკურნება რთულია. დაახლოებით, მსგავსია სამართლებრივი პრობლემაც. როცა ადვოკატი გყავს და მასთან კონსულტაციებს პერიოდულად გადიხარ, ნებისმიერი პრობლემის სამართლებრივად მოგვარება გიმარტივდება და დაცული ხარ იმ გართულებებისგან, რომელმაც შეიძლება, მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი