საზოგადოება

რა კავშირი ჰქონდა რამაზ გიორგობიანს მაიკლ ჯეკსონთან

№13

ავტორი: ეკა პატარაია 20:00 05.04, 2021 წელი

ქართველი მსახიობი რამაზ
გიორგობიანი
დაკოპირებულია

„გიორგობისთვე“, „მხიარული რომანი“, „სერენადა“, „ქოლგა“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, „ფილატელისტის სიკვდილი“…

მისი კინოკარიერა სრულიად მოულოდნელად დაიწყო. ამბობენ, რომ ის ოთარ იოსელიანის აღმოჩენაა, რომელიც „გიორგობისთვეზე“ მუშაობდა და მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა. მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი რამაზ გიორგობიანი, მისმა მეგობარმა ლევან ჭუბაბრიამ გაიხსენა: …სულ მეცინება, ეს ამბავი რომ მახსენდება – სახელმწიფო პრემია მიიღო. იმ დღეებში მივლინებიდან ინდოეთიდან მოსკოვში ჩავედი. გავიგე, რომ, სასტუმრო „მოსკვაში“ ცხოვრობდა. მივედი სასტუმროში, ავედი ნომერში და რას ვხედავ! ლენინის ბრინჯაოს ბიუსტები „მატრიოშკებივით“ დაუწყვია და ამაყად მკითხა – მოგწონსო?

– გადაირიე, რამაზ, რა ჯანდაბად გინდოდა ამდენი ბიუსტი? – ვკითხე.

– იმაზე მაგარი რა უნდა იყოს, როდესაც სასტუმრო „მოსკვას“ მაღაზიაში შეხვალ და ეტყვი – Заверните мне Ленина! ამიტყდა სიცილი, თუმცა მისი მეუღლე, ნუნუკა ქიქოძე ეჩხუბებოდა, ამდენი ფული მაგ ნაგავში რამ დაგახარჯინაო?..

თბილი, საყვარელი, სევდიანი, იუმორით სავსე და უნიჭიერესი – ასე ახასიათებენ მას ის ადამიანები, ვინც მსახიობს პირადად იცნობდა. რამაზ გიორგობიანის გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ის 49 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. „მორევი“ აღმოჩნდა მისი ბოლო ფილმი, რომელმაც მორევივით ჩაითრია ახალგაზრდა მამაკაცი და სამუდამოდ დააშორა საყვარელ ადამიანებს, საყვარელ საქმეს, ოჯახს, ერთადერთ შვილს.



ფილმის პრემიერას ხელოვანი თავად ვერ მოესწრო, მისი ჩვენება რამაზ გიორგობიანის გარეშე, მისი გარდაცვალების შემდეგ შედგა. ფილმისთვის სცენარი თავად დაწერა, თავისი ცხოვრებისეული ტკივილი გადმოსცა და საკუთარი ისტორიებიც მრავლად ჩააქსოვა. რეჟისორობასთან ერთად, მსახიობობაც შეითავსა და „მორევში“ ითამაშა კიდეც...

კიდევ ბევრი გეგმა ჰქონდა, მაგრამ განხორციელება არ დასცალდა და მხოლოდ 4 ფილმის გადაღება მოასწრო. როდესაც ვიხსენებ კაცს, რომელსაც დღეს მინდა, გულით მივეფეროთ, პირველი, რაც მახსენდება, არის მაღალი, თხელი, სევდანარევი და ამავე დროს იმედის მომცემი ბიჭი, დამოკლებულ შარვალში, რომელსაც ყველაზე დაუმორჩილებელი ქოლგებიც ნებით მიჰყვებიან და რომლის ნახტომიანი ნიჭიერი გავლა, ჩემთვის მაიკლ ჯეკსონის „მთვარიან სიარულზე“ უფრო მეტს ნიშნავს...

მე ბავშვობიდან ვიცნობდი მის დედას – ულამაზეს ქალბატონ ნუცა მიქელაძეს, ოპერის ყოფილ პრიმადონას, რომელსაც პოეტი ირაკლი აბაშიძე „საქართველოს იადონს“ ეძახდა. რამაზის დას – მაიჩკა გაჩეჩილაძეს, რომელიც ჩემთვის სულ მაიჩკა რჩება, თუმცა დღეს უკვე პროფესორია... (ლ. ანჯაფარიძე) და კიდევ მახსენდება რამაზის მამინაცვალი, ოპერის თეატრის რეჟისორი, ბატონი გივი გაჩეჩილაძე, შესანიშნავი კაცი, მაღალი, საიმედო და უთბილესი... არ მიყვარს სიტყვა მამინაცვალი... მამას ვერავინ შეცვლის, ისევე როგორც დედას... რამაზს შესანიშნავი მამა ჰყავდა, ბატონი დუტუ, რომელიც არასდროს აკლებდა ყურადღებას და ზრუნვას, მაგრამ, ამასთან, ყოველდღე გვერდით ჰყავდა კაცი, ვისაც შვილივით უყვარდა, თანაც იმდენად, რომ მაია მთელი ბავშვობა ეჭვიანობდა. როგორც მაია ჰყვება, ერთხელ „ჩუსტებიც“ კი დაუჭრია რამაზისთვის და თან ამბობდა – ესეც თქვენი რამაზიკოო!

„...რამაზი ჩემზე 14 წლით უფროსი იყო, მზრუნველი ძმა იყო, მე კი მეცადინეობაში სულ ხელს ვუშლიდი, რაზეც ჩხუბობდა, – ეს ბავშვი გაიყვანეთო, მაგრამ ხომ ვამბობ, მართლა არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, რაც მამისა და დედაჩემის დამსახურება იყო და თვითონ რამაზისაც, რადგანაც კეთილშობილი ადამიანი გახლდათ. გარშემო მყოფები უყვარდა, მე – გამორჩეულად, მაია მან დამარქვა. უფრო სწორად, მისმა კლასმა, მაშინ ფილმი „მაია წყნეთელი“ მოდაში იყო და სახელი მისი გავლენით დამარქვეს. დედაჩემს სამშობიაროში წერილი მისწერეს...

ბავშვობაში ძმაზე ძალიან ვეჭვიანობდი, რადგან დედას და ბებიას პირზე სულ რამაზიკო ეკერათ და პრეტენზიას გამოვთქვამდი, უფრო ანებივრებთ-მეთქი. ბებია მპასუხობდა, – მამა არ ჰყავს და მეტი ყურადღება სჭირდებაო. რამაზი მზრუნველი იყო, მაგრამ დიდი მეგობარიც. არასოდეს არაფერი დაუშლია. დედას ეუბნებოდა, თავისუფლება მიეციო და რადგან თვითონ შინაგანად თავისუფალი იყო და უნდოდა, გარშემო მყოფებიც ასეთები ყოფილიყვნენ. თუ რამე ვიცი, რამაზის დამსაურებაა, ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ჩამომიწერდა ხოლმე წიგნებს, რაც უნდა წამეკითხა, ჩემს განთლებასა და ინტელექტუალურ დონეს აკონტროლებდა. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, მომიტანა წიგნი, რომელშიც მხატვრობაზე ყველაფერი ეწერა. ისეთ რაღაცებს მასწავლიდა, რასაც ჩემით ვერ ვისწავლიდი...“ – იხსენებს მაია გაჩეჩილაძე.

რამაზი მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. „მაშინ იყო ასეთი მხიარულთა და საზრიანთა თამაში „კავეენი“, მონაწილეობდნენ კიბერნეტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები. მე კიბერნეტიკის სტუდენტებს ვეხმარებოდი. ამის მერე ბანკეტზე კინოსტუდიიდან ქალი მოვიდა და მთხოვა ფილმის სინჯებზე მივსულიყავი. მივედი და დამამტკიცეს კიდეც. ასე დაიწყო ჩემი ფილმებით დაინტერესება“, – იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში რამაზ გიორგობიანი.

ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ რამაზი თავიდან ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა, ანუ კოლეგები ვყოფილვართ. აქამდე მხოლოდ ბატონი ოთარ იოსელიანის მაგალითი მომყავდა იმისთვის, რომ ამაყად განმეცხადებინა – მათემატიკა უნივერსალური საგანია. მართალია, მერე გადავიდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მაგრამ, რაც მთავარია, მათემატიკით ხომ დაიწყო. ის, საერთოდ, ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, შესანიშნავად წერდა, ხატავდა, სერიოზულად იყო გატაცებული ფეხბურთით, გადასარევად სრიალებდა თხილამურებზე... მსახიობი კი სრულიად შემთხვევით გახდა. ის მათემატიკური ოლიმპიადის დროს აღმოაჩინა ბატონმა ოთარ იოსელიანმა და ფილმ „გიორგობისთვეში“, ნიკოს როლზე მიიწვია. ისე, რა სიმბოლურია, გვარად გიორგობიანის დებიუტი „გიორგობისთვეში“ რომ შედგება. მართალია, როლი კი მშვენივრად ითამაშა, მაგრამ თავად ფილმი „ანტისაბჭოთად“ ჩათვალეს და კომპარტიის ცეკაში მიდიოდა წერილები, სადაც მის განადგურებასა და დაწვას ითხოვდნენ. რადგანაც იგი „სოციალისტური რეალიზმის ყალბად გაგების, ყოფის ზერელე ასახვის, შიშველი ნატურალიზმის ჭაობისკენ მიაქანებს შემოქმედს“. ცნობისთვის, „გიორგობისთვემ“, რომელიც „ჭაობისკენ მიაქანებდა შემოქმედს“, მიიღო ცნობილი ფრანგი ისტორიკოსისა და კინოკრიტიკოსის, ჟორჟ სადულის სახელობის პრესტიჟული პრემია... შემდეგ კი რამაზმა ითამაშა მიხეილ კობახიძის „ქოლგაში“... რამაზი ამ ფილმში საოცარია... ერთი შეხედვით ეპიზოდური როლია, როგორც ორი დანარჩენი, მაგრამ ამავე დროს სხვანაირად გხვდება გულზე... ყოველ ჟესტს აქვს მნიშვნელობა, თითოეულ დეტალს... გეფიცებით, ბოლომდე არ ვიცი, იქ რამაზი ქოლგის როლს ასრულებს, თუ პირიქით, ქოლგა – რამაზის როლს... ფილმი დაჯილდოვდა კრაკოვსა და მელბურნში...

რამაზი ის ადამიანი იყო, ვინც ყველაფერს განიცდიდა და უსიტყვოდ გულში იკლავდა. სხვას არ აწუხებდა თავისი დარდით. ვერ იტანდა უსამართლობას, ვერავის აპატიებდა უსინდისობას, სიცრუეს, სუფთა და რაღაც სხვანაირი იყო. ამავე დროს, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი