საზოგადოება

რა ილუზიები დაემსხვრა თამარ ივერს და როგორ აქცია მან მეუღლე სუპერპოპულარულ სანტად

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 10.01, 2022 წელი

თამარ ივერი
დაკოპირებულია

ახალი წლისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება, თუმცა წელს გამორჩეული ყურადღება, ყველასთვის საყვარელი მომღერლის, თამარ ივერის, ნაძვის ხემ მიიქცია, რომელიც მან პირბადეებით მორთო.

თამარ ივერი: ახალი წელი არაფრით არ უნდა ჩავიმწაროთ, მაგრამ ეს ჩემი სახუმარო იდეა იყო. მე და ჩემი შვილები სათამაშოებს ვკიდებდით ნაძვის ხეზე, ბავშვმა პირბადე მოიხსნა და გვერდზე დასადებად მომაწოდა. მე ავტომატურად ნაძვისხეს მივაკიდე, მერე გადავდებ-მეთქი და რომ შევხედე, ვიგრძენი, რომ ნაძვისხე გახდა ჩვენი რეალობის გამოძახილი. ავდექი და სხვა პირბადეებიც მივამატე. სხვათა შორის, საკმაოდ ლამაზი გამოვიდა. მთლად სამედიცინო პირბადეებით არა, ცოტა ფერად-ფერადი და ლამაზი ნიღბებით მოვრთე და კოვიდ ნაძვისხე გამოგვივიდა, რომელიც „ფეისბუკზე“ ძალიან ბევრმა აიტაცა, თუმცა ვისურვებდი, რომ გაისად აღარ გამომეყენებინა.

ბავშვობიდან მოყოლებული, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ნაძვისხესთან. ბებია-ბაბუას მაღალი ნაძვისხე ჰქონდათ და მის კენწეროზე ძაფით ჰკიდებდნენ გახვრეტილ შოკოლადებს, მანდარინებს და ხურმის ჩირებს. მე და ჩემი ბიძაშვილები ხან სკამებზე ვდგებოდით და ხან ერთმანეთზე, რომ როგორმე მივწდომოდით. ეს ტრადიცია ძალიან ლამაზად დამამახსოვრდა და მინდა, იგივე ჩემს შვილებსაც გავუკეთო. წელს ევროპაში ვხვდებით ახალ წელს და ვერ მოვახერხებთ, მაგრამ შემდეგ წელს აუცილებლად გავუკეთებ. ამჯერად გადავწყვიტე, ბავშვებს ვაჩუქო ახალი წელი, რადგან ძალიან გადაიღალნენ ონლაინებით, თან ევროპის მოქალაქეებიც არიან და ვერაფერში იყენებენ (იცინის).

– შვილები უკვე იმ ასაკში არიან, თოვლის ბაბუასთან რომ ბევრი სურვილი უნდა ჰქონდეთ.

– კი, ელოდებიან თოვლის ბაბუას. შარშან ძალიან რეალური სურვილები დაუწერეს: ხმალი, თოფი, სახატავი დაფა და ასე შემდეგ, რაც თოვლის ბაბუამ აუსრულა. წელს ვუთხარი, სურვილები ჩამოწერეთ და ევროპიდან რომ ჩამოვალთ, თოვლის ბაბუა დაგვახვედრებს საჩუქრებს-მეთქი და როგორ, ევროპაში არ ჩამოივლის ის თოვლის ბაბუაო? (იცინის) ორი საათი წერდნენ სიას და რომ ჩავხედე, გული გამისკდა: აიფონები, პლანშეტები, იქს ბოქსები, პატარა მანქანები. ეს ყველაფერი რომ თოვლის ბაბუამ იყიდოს, მგონი, 20 ათასი დოლარი არ ეყოფა. რომ ვეუბნები, რა ამბავია-მეთქი, – კაცო, შენ რა გინდა, შენ ხომ არ გეხარჯება ფულიო, – მპასუხობენ (იცინის).

– თქვენ გჯეროდათ თოვლის ბაბუის?

– ერთხელ მახსოვს, საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმზე წამიყვანეს. თოვლის ბაბუა დაგვხვდა, ღონისძიება იყო გამართული. უცებ ამ სიცილ-ხარხარში, ვიგრძენი, რომ თოვლის ბაბუას ღვინის სუნი აქვს, მერე წვერი მოსძვრა, ცოტა ხანში დავაფიქსირე, რომ ტანსაცმლის ქვეშ ჯინსის შარვალი და ბოტასი მოუჩანდა. მთელი ჩემი ილუზიები ბროლის ვაზასავით დაიმსხვრა. გამოვვარდი და შუა ქუჩაში დავიწყე ტირილით ყვირილი, თოვლის ბაბუა არ არსებობს, ბოტასები დავუნახე-მეთქი. დედა მამშვიდებდა, ხომ შეიძლება, თოვლის ბაბუასაც ეცვას ბოტასებიო და წვერი რომ მოსძვრა, მაგაზე რაღას მეტყვით-მეთქი (იცინის).

– მეუღლეები რამდენად ანებივრებთ ერთმანეთს ამ დღეს?

– შარშან ჩემმა მეუღლემ ბავშვების გასამხიარულებლად სანტაკლასუსის ფორმა იყიდა. გადაიცვა, წვერი მიიკრა და თეატრალიზებული წარმოდგენა ჩაატარა. ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა და კარგი სანახაობა გამოვიდა. ბავშვებიც ძალიან გაერთნენ. გადავწყვიტე, მეოხუნჯა და „ფეისბუკზე“ გამეზიარებინა ინფორმაცია: მშვენიერი თოვლის ბაბუაა გამოძახებით, საოცრად შეაყვარა ბავშვებს თავი-მეთქი. ვერ მიხვდენ, რომ ჩემი მეუღლე იყო და ვხუმრობდი და ესე იგი, ერთ საათში იმდენი წერილი მივიღე, წაკითხვას ვეღარ ავუდიოდი. გვინდა გამოძახება, 12-ს რომ ხუთი წუთი დააკლდება მოვიდეს, თანხა წინასწარ ჩაგირიცხოთ? ხურჯინში რომელი შოკოლდები ექნება? და ასე შემდეგ. ჰოდა, ვეუბნები რაულის, მგონი, შანსი გაქვს, ძალიან სერიოზული თანხა გამოიმუშავო-მეთქი (იცინის). ერთი ამბავი ამიტეხა, ახლავე თუ არ წაშლი ყველაფერს, სახლიდან გავიქცევიო (იცინის).

– სამზარეულოში ფუსფუსებთ წინასაახალწლოდ?

– ვერ მოვიტყუები. მთელი ცხოვრება მიჩვეული ვარ, რომ 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტებზე ვმღერი. ისედაც დიდი მზარეული არ ვარ, თუმცა შემიძლია და როცა გამიკეთებია, ძალიან გემრიელიც გამომსვლია. მაგრამ ვაღიარებ, მეზარება და მირჩევნია, სხვისი გაკეთებული ვკუკნო (იცინის). საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივად ამზადებს, ჩვენი ძიძაც და საახალწლო საჭმელები აუცილებლად გვაქვს ოჯახში.

– ქართველი კაცი მაინც ქართველი კაცია და მეუღლე არ აპროტესტებს ამას?

– ახალ წელს ერთ-ორ სალათას მაინც ვაკეთებ ხოლმე, რომ მისი გული მოვიგო (იცინის). ისე კი, ხშირად აპროტესტებს, მაგრამ იცის, რომ შემეძლოს, არ დავზარდები. სალათები უფრო გამომდის და ზოგჯერ ვაკეთებ, თუმცა, ძიძა იმიტომ გვყავს, რომ მან გააკეთოს. თან, როგორც გითხარით, ამ მხრივ არც მეუღლე ჯუჯღუნებს. თვითონ ისე კარგად გამოსდის, ვუთხარი, მეწყვილე ნახე და კულინარიულ კონკურსში მიიღე მონაწილეობა-მეთქი.

– მეუღლე რის გამო გეუბნებათ ხოლმე კომპლიმენტებს და შენიშვნებს?

– შენიშვნებს ვიმსახურებ იმის გამო, რომ უფრო მეტად უნდა ვიყო სახლში, მეტი ყურადღება უნდა მივაქციო ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს, სადმე წაყვანა-წამოყვანა იქნება თუ სხვა დეტალები. ძირითადად, ამაზე გვაქვს ჯუჯღუნი. მეუბნება, სულ მე ხომ არ უნდა ვატარო წრეზე, ერთხელ შენ მიიყვანეო. ამ დროს მე კონსერვატორიაში ვარ. მე უფრო ბავშვების განებივრება მიყვარს. წიგნს ვუყიდი, ჩასაცმელს, წრეებზე მივიყვან, ფულს დავახარჯებ, სათამაშო უნდა თუ სადმე გასართობ ცენტრში გართობა, უარს არ ვეტყვი (იცინის). მეუღლე მსაყვედურობს ხოლმე, შენ ათამამებ ბავშვებს. გართობა და შოკოლადები არ არის მთავარი. ყველა სურვილის ასრულების გამო შენ საყვარელი დედიკო ხარ, მე – მომთხოვნიო. რა ვქნა, მე ვანებივრებ ბავშვებს, მინდა, საყვარელი დედიკო ვიყო (იცინის). ჩემს ქმარს უნდა, წრეებზე ატაროს, რაგბი შეაყვაროს. სულ ამაზე მეჯიჯღინება. რაულს უნდა ბავშვებს გართობა, ტკბილეული, სასუსნაოები მოაკლოს და უფრო სპორტი გახადოს მათთვის აქტუალური. მე ვუმტკიცებ, რომ ბავშვს თუ ნიჭი აქვს, ის არ დაიკარგება და აუცილებლად ამოხეთქავს. თავისუფალ დღეებში რომ ტელევიზია მოდის და ინტერვიუები მაქვს, ამაზეც ბრაზდება, ისედაც ცოტა დრო გაქვსო. მაგრამ ბავშვებიც რაღაცნაირად ეგუებიან ასეთ ცხოვრებას. წარმატებული დედა რომ ჰყავთ, ხალხისთვის საყვარელი, მოსწონთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი