საზოგადოება

რა გახდა რეზი ქაროსანიძის თვითმკვლელობის მიზეზი და რა უთხრა მან ბოლოს ძმას

№7

ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 20.02, 2023 წელი

რეზი ქაროსანიძე
დაკოპირებულია

„ნობელიანტი სემუელ ბეკეტის პიესის „გოდოს მოლოდინში“ პერსონაჟები თითქოს საპყრობილეში არიან მოთავსებულნი, ჩაფლულნი დროში, რომელიც არ იძვრის, დაკარგულები სამყაროში, რომელიც მათ არაფრად აგდებს. უაზრობაა წარსული, რადგან იგი დაკარგულია, გაუგებარია მომავალი, რადგან იგი შეუცნობელია, მათ შორის მომწყვდეული აწმყო კი წამიერი და მოსაწყენია. ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, არ არსებობს განსხვავება დღევანდელ დღესა და გუშინდელს შორის.“

„გოდოს მოლოდინში“ მეორე სპექტაკლი იყო, რომელზეც რეზი ქაროსანიძე რეჟისორის ამპლუაში მუშაობდა. რეზიმ გასულ კვირას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ნინო შენგელია (მამიდა): ყველანი გაოცებულები ვუყურებთ ერთმანეთს და ვერ ვხვდებით, რა მოხდა. ჭორის დონეზე რაღაცებს საუბრობენ, მაგრამ ამას ვერ გავიმეორებ. ის, რომ თეატრში ჩამოიხრჩო თავი, ნამდვილად რაღაცის მანიშნებელია. რა მოხდა, როცა თეატრის მტვერიც კი ძალიან უყვარდა?! რატომ ჩამოიხრჩო მაინცდამაინც თეატრის სცენაზე თავი, რისთვის გააკეთა ეს?! ძალიან გაგვამწარა. რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე?! მას თუ რამე ასე ძალიან სტკიოდა, ეს ჩვენ რატომ გამოგვეპარა. ამის გამო გული ძალიან მტკივა. რატომ ვერ გავუგეთ გასაჭირი...

რეზი იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, არაჩვეულებრივი შვილი, მეუღლე და მამა. მარტო მე არა, ძალიან ბევრი იტყვის ამას. უნიჭიერესი ბიჭი, ძალიან კარგი ოჯახის შვილი. მას საოცარი დედა ჰყავდა – მაცაცო ლოსაბერიძე, რომელიც პანთეონშია დაკრძალული. ის ქუთაისის თვალი იყო. დედა ათი წლის წინ დაკარგა. რეზო ნიჭიერებით დედის განმეორება იყო. დედა რომ გარდაეცვალა, რეზიკო 23 წლის იყო. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. დედას აუცილებლად ეტყოდა თავისი განცდების შესახებ.

საოცრად სტუმართმოყვარე ოჯახი ჰქონდა და მთელი მისი სამეგობრო მის სახლში იყრიდა თავს. მართლა ვერ იპოვით მეორე მისნაირ ნიჭიერ და თბილ ადამიანს – გულს გაიღებდა მეგობრისა თუ მეზობლისთვის. ძალიან ნიჭიერი იყო, მის თითოეულ სიტყვაში ცოდნა და აღზრდა ჩანდა.

– ოთხშაბათ დილით იპოვეს. სავარაუდოდ, ეს ღამით მოხდა ან გამთენიისას?

– ღამით, უკვე ოთხშაბათი იქნებოდა დამდგარი, პირველის წუთებზე. უკმაყოფილება გამოუთქვამს, მე რასაც ვმშრომობ და ვწვალობ, არ მიფასდება და რაღაც უნდა შევცვალოო. შეცვალა, თეატრში დაასრულა სიცოცხლე. ტკივილისგან ვართ განადგურებული. როგორ გაუკეთა ეს საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს?! არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, ორი შვილი. რატომ? რატომ?!

– სპექტაკლი „გოდოს მოლოდინში“, რაზედაც ბოლოს მუშაობდა, ძალიან სიმბოლურად ეხმაურება მომხდარს...

– იმანაც გაიჟღერა, რომ თითქოს, როლიდან ვერ გამოვიდა. როგორც უნდა ყოფილიყო, ძალიან გაგვამწარა, ფიზიკურად აღარ გვყავს რეზიკო. ღმერთმა ნუ ქნას ამით ვინმესთვის გადაეხადა სამაგიერო, არ იყო ასეთი ბიჭი. რასაც გადავხედე, ამბობენ, რომ თეატრში თავის ჩამოხრჩობა პროტესტი იყოო, მაგრამ რისთვის?! მისი ძმა, ალბათ, დიდი ხანი ვერ გამოვა შოკიდან. ბოლოს რომ ელაპარაკა, არ მოსწონებია მისი საუბარი. მერე დაურეკა და აღარ უპასუხა. გაიქცა მოსაძებნად, მაგრამ ვერ იპოვა. იცოდა, რომ თეატრში იყო და იქ მიაკითხა, მაგრამ ვერ ნახა. დილით უპოვიათ ჩამომხრჩვალი სცენაზე. ეს არ იყო ბიჭი, რომელიც ტკივილს და გაჭირვებას დაიტყობდა. ბავშვობიდან პატარა მამაკაცი იყო. მიცვალებულზე ან კარგს იტყვიან ან არაფერსო, მაგრამ რეზი მართლა ისეთი ადამიანი იყო, მასზე ცუდს ვერავინ იტყვის. იმერული სულით გაჟღენთილი ადამიანი. მომავლის ბიჭი დავკარგეთ. არ ვიცი, როგორ გადავატანინებთ მამამისს ამ ტკივილს.

ამასთან ერთად, კიდევ დიდი ტკივილი გვაქვს, არცერთი მამაო არ უგებს წესს. იცით, როგორც ხდება თვითმკვლელობის დროს. ვლოცულობ, უფალმა აპატიოს, შეუნდოს.

ელისო ქაროსანიძე (მამიდა): რეზი ჩემ გვერდით, ჩემ თვალწინ გაიზარდა. ის ყველა ჩარჩოდან და შტამპიდან ამოვარდნილი ახალგაზრდა იყო. უაღრესად განათლებული, ბუნებით ინტელიგენტი. სხვა სივრცისა და სხვა განზომილების ადამიანი. წლებით წინ იხედებოდა. ვფიქრობ, რომ ამ დროში კი არა, წლების შემდეგ რომ ეცოცხლა, ძალიან ბევრს მიაღწევდა. მას საოცარი გეგმები და პროექტები ჰქონდა. მე მწერალი ვარ. ჩემი შემოქმედებითი საღამო მისი რეჟისურით მოეწყო და დღემდე ამაზე ლაპარაკობს მთელი ქალაქი, ყველაფერი საოცრად გააკეთა.

უდიდესი დიაპაზონის ადამიანი იყო. მგონია, რომ ასეთი ადამიანები ასწლეულებში ერთხელ იბადებიან და იმიტომ მიდიან არაბუნებრივი გზით იმქვეყნად. ეს თეატრი მას უკიდეგანოდ უყვარდა. ამბობდა, თეატრისა და ჩემი პროფესიის გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო. მაგიური ძალა ჰქონდა მის საუბარს, საოცრად კომუნიკაბელური და ძალიან სუფთა სულის ბიჭი იყო. ცეკვა, სიმღერა, ლექსის კითხვა, სწავლა – ყველაფერში გამორჩეული იყო. მის სიტყვას ძალა ჰქონდა. შეძლო, 33 წლის ასაკში ყველასგან გამორჩეული ხელოვანის სახელი დაეტოვებინა.

– ოდესმე სიკვდილზე რამე უთქვამს?

– ამაზე საერთოდ არ ფიქრობდა. ორი კვირის შემდეგ პრემიერა უნდა ჰქონოდა, „გოდოს მოლოდინს“ დგამდა. ამის შესახებ ხშირად ვსაუბრობდით, ბალანჩინის საბალეტო ფესტივალის რეჟისურა უნდა გაეკეთებინა, ქუთაისობისთვის ერთად უნდა გაგავეკეთებინა ღონისძიება. იმის თქმა მინდა, რომ ძალიან აქტიური და ოპტიმისტი იყო და ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა. მე ვფიქრობ, რომ ხელოვანებს და დიდ ადამიანებს აქვთ აფექტის მომენტი. საერთოდ, რაც უფრო დიდი არის ადამიანი, მით უფრო ღრმა გრძნობის სიმძაფრე აქვს, მე ვფიქრობ, ამან გამოიწვია ის, რაც მოხდა. მისი სული ვეღარ დაეტია მის სხეულში, ძალიან დიდი სული ჰქონდა. შეიძლება როლშიც იყო დარჩენილი რეპეტიციის შემდეგ, არაბუნებრივ მდგომარეობაში, აფექტში. მგონია, რომ მან ითამაშა როლი, რომელიც ტრაგიკულად დამთავრდა და თვითონაც ვერ იგრძნო, ისე დასრულდა მისი როლიც.

– ყოფით ან თეატრში არსებულ პრობლემებზე ხომ არ გამოთქვამდა წუხილს?

– რეზი იყო ადამიანი, რომელიც საკუთარ პრობლემებზე არ ყვებოდა. ეს იყო ხელოვანის მიერ აფექტის, არაფხიზელ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილება. მინდა, ყველას ვთხოვო, ჭორებით არ დაამძიმონ მისი სული. არ ჰქონია იოლი ცხოვრება, დედა ძალიან ადრე დაკარგა, მაშინ, როცა ძალიან სჭირდებოდა. შემდეგ ახალგაზრდა დეიდა გარდაეცვალა, მაგრამ საუკეთესო ოჯახი აქვს. ულამაზესი მეუღლე და 14 და 3 წლის შვილები. მისი უფროსი გოგონა გერმანიაში აპირებდა სწავლის გაგრძელებას მამის პროფესიით, აფანატებდა მამაზე.

იმხელა სიყვარული იგრძნობა ახლა მის მიმართ, რომ ალბათ, მისი სული ამით ხარობს.

ვარლამ ფესტვენიძე (კოლეგა): ამ ერთფეროვნებაში, ამ გარემოში, სადაც ჩვენ ნელ-ნელა ვკვდებით, რეზიმ გადაწყვიტა, ეს სწრაფად გაეკეთებინა ქალაქის ყველაზე ღირსშესანიშნავ კულტურულ სივრცეში. არ ვიცი, პერფორმანსი დავარქვა, პროტესტი თუ სხვა რამ, მაგრამ მან ეს გააკეთა. პროექტს აკეთებდა, დაფინანსება ჰქონდა, პრემიერისთვის ემზადებოდა და უცებ ისეთი რამ მოხდა... არ ვიცი, რა ვთქვა, რა ვიფიქრო. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ წლების შემდეგ რეზი ახალ თეატრს გააკეთებდა, საკუთარი დასით და მაყურებლით, მაგრამ...

ისეთ თემაზე მუშაობდა, რომ ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ სპექტაკლი. თითქოს თეატრიდან გამოვიდა და წერტილი დასვა, სპექტაკლი რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანა.

– ითქვა, რომ წარსულში თეატრში უკმაყოფილება ჰქონდა და წავიდა კიდეც.

– ეს ბუნებრივია. შემოქმედებითი პროცესი ასეთია, ყველა თეატრში ხდება. ახალგაზრდები უკმაყოფილოები უნდა იყვნენ მამებით, მაგრამ განსაკუთრებული დაპირისპირება ვინმესთან მას არ ჰქონია. უკვე მეორე სპექტაკლს აკეთებდა და რეალიზების საშუალება ჰქონდა.

რეზის ახლობელი ზეკო ხაჩიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: „რამდენჯერ დაიწყო და რამდენჯერ გააჩერეს მისი „გოდო“... დაუმსახურებლადაც. უსამართლოდაც. სუბიექტური და ობიექტური მიზეზით. ბოლოს მოუბოდიშეს. პატარა ბავშვებივით გაგვიხარდა ესეც. სულელებივით.

ელოდა „გოდოს“, რომ ღმერთი მოეკლა.

არ ცნობდა ჟანრებს და ჩარჩოებს.

ყველაფერს თავიდან და მისი უკიდეგანო განცდებით ყვებოდა.

სულელი ქალივით ვამტკიცებდი ყველასთან, რომ არავის ჰგავდა. რომ განსაკუთრებული იყო. რომ მისნაირები დროში და მიწაზე ვერ ეტევიან. ამიტომაც არსებობს თეატრი! მგონი, ახლა მტკიცება აღარ მჭირდება

მარტომ დადგა მისი „გოდო“ და მოკლა ღმერთი!

33 წლის იყო.

და ალბათ არავის ასე არ დაუდგამს სამყაროში აბსურდი!

მგონი, ამით კლასიკურად უპასუხა ჟანრს!

მოსაყოლი ბევრი მაქვს.

ოცნებად ჰქონდა ჰამლეტის თამაში და „ოიდიპოსის“ დადგმა.

ზუსტად ვიცი, რომ „ოიდიპოსიც“ დადგა. მის იოკასტესთან გადაწყვიტა ეს.

სიცოცხლეზე მეტად უყვარდა თეატრი და დედა – მისი იოკასტე.

არ ვიცი, ისმის თუ არა ამ პოსტში ჩემი სიმწარის უსქესო ხმა და მისი გაუკვდავების ფიცი. აუცილებლად იქნება რეზის თეატრი. იმ საზოგადო რეზის, რომელთაც ჭაობების ამოშრობა უნდოდათ და საკუთარი თავგანწირვით დაიწყეს.

იფრინე რეზუ, შენი თეატრისა და შენი ქუთაისის თავზე, სულ! და შეაწუხე ყველა, ვისაც შენი შეხედვით სარკეში საკუთარი თავი აწუხებდა.

მიყვარხარ სამუდამოდ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი