საზოგადოება

რა დაბრკოლებები შეუქმნა საიდა მამედოვას ჰიჯაბმა და როგორ იქცა ჩაკეტილი და უსიტყვო გოგონა რევოლუციონერად

№23

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 15.06, 2021 წელი

საიდა მამედოვა
დაკოპირებულია

19 წლის საიდა მამედოვა – ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგონა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც საკუთარი ისტორიით თანატოლებისთვის და, არა მხოლოდ, სამაგალითო გახდა. მან უამრავი ბარიერი გადალახა იმისთვის, რომ უნივერსიტეტში გაეგრძელებინა სწავლა და გათხოვების ნაცვლად, დედაქალაქში დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუდგა.

საიდა მამედოვა: საზოგადოებისგან დადებითი ემოციები მივიღე მას შემდეგ, რაც მედიაში ჩემ შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. თუმცა ეს არ იყო ჩემი მიზანი. მინდა, ჯერ საქმე გავაკეთო და შემდეგ ამ მიზეზით დავიმსახურო ყურადღება და დადებითი შეფასებები. ვოცნებობ, ჩემს სოფელში ახალგაზრდული ცენტრი დავაარსო და ახალგაზრდებს ქართული ენის სწავლასა და ნაბიჯის წინ გადადგმაში დავეხმარო. როცა ამ საქმეებს მოჰყვება გამოხმაურება, უფრო ბედნიერი ვიქნები. თუმცა ახლაც სასიამოვნოა, რადგან ბევრმა გოგომ მომწერა, რომ ყველანაირი სირთულის მიუხედავად, ისინიც ისწავლიან.

– შენ როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება?

– წარმოიდგინეთ, სოფლელი გოგო, რომელსაც აქვს ვიწრო მსოფლმხედველობა და არ იცის, რას იზამს მომავალში, იგებს, რომ სკოლის დამთავრებასთან ერთად, მისი გათხოვების დროც ახლოვდება, ვიღაც-ვიღაცებს უქებენ, ურიგებენ.... ჩემს ოჯახს ფინანსურად უჭირდა და უნივერსიტეტში ჩაბარებაზე თავისუფლად ვერც კი ვიფიქრებდი. უსწავლელი რას ვიზამდი? რა მელოდა?!

ორი თვე იყო გამოცდებამდე დარჩენილი და ერთხელ, როცა ჩემს მასწავლებელს ამ თემაზე ვესაუბრებოდი, მან მითხრა, რომ უფასოდ მომამზადებდა. ძალიან ვნერვიულობდი, მას რომ ჩემ გამო დრო დაეკარგა და მე ვერ ჩამებარებინა. არც ის ვიცოდი, რა იქნებოდა მერე. მშობლებს ვუთხარი, მომავალში თუ რამეს მივაღწევ, მეც სიკეთით გადავუხდი ჩემს მასწავლებლებს-მეთქი. ყველა მასწავლებელი გაერთიანდა და ჩემი წარმატებისთვის დაიწყეს ბრძოლა – მარწმუნებდნენ, რომ მე ამას შევძლებდი. მერე ჩემი მშობლებიც დამთანხმდნენ, რომ მეცადა.

– გაგიჭირდა მათი დათანხმება?

– ჩვენი სოფლიდან არ ხარ გასული და დიდ ქალაქში ცხოვრებას როგორ შეძლებო, მკითხეს. არ გაგათხოვებთ, წელს კარგად მოემზადე და მერე სცადე ჩაბარებაო. სწავლის წინააღმდეგები არ ყოფილან, მაგრამ ფინანსურად არ გვქონდა ამის შესაძლებლობა. ამას ემატებოდა შიში – გოგო და ქალაქი, გოგო და უცხო გარემო – ეს ჩვენთან შიშის მომგვრელია.

– შენი თანატოლები როგორ ცხოვრობენ?

– ბევრს მშობლები არ უშლიდნენ სწავლას, მაგრამ თვითონ გადაწყვიტეს გათხოვება. ზოგმა პირიქით – გოგოს სწავლა უნდოდა, მაგრამ უცხო ქალაქის შიშით მშობლებმა ხელი შეუშალეს და გაათხოვეს. ჩემი და ჩემი გათხოვილი დაქალების ინტერესები ახლა რადიკალურად განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ისინიც ფიქრობენ, რომ განათლება არის მთავარი გასაღები წარმატებული მომავლისათვის. გათხოვების შემდეგ მათი აზრი შეიცვალა. ჩვენთან ახლა არსდება ახალგაზრდული ცენტრები და იწყება საუბარი ნაადრევი ქორწინების უარყოფით მხარეებზე. რადგან ეს პროცესი გვიან დაიწყო, ჩვენც ვაგვიანებთ ჩაბარებამდე ამ ყველაფრის გააზრებას და ამიტომ ჯერ კიდევ იქმნება ოჯახები პატარა ასაკში. ასეთ ოჯახებში ქმარი ყველაფერია, ისაა ყველაფრის მცოდნე, როცა შეიძლება, ობიექტურად, სულაც არ იყოს ასე.

– საიდას დამოკიდებულება როგორია ამ საკითხის მიმართ?

– მიუხედავად იმისა, რომ ასეთ გარემოში გავიზარდე, გათხოვებაზე ფიქრი ჩემთვის ყოველთვის უცხო იყო. თუმცა, რაღაც მომენტში ჩემზეც იმოქმედა არსებულმა განწყობებმა. ეს მაშინ მოხდა, როცა მეგონა, რომ ამდენს დამოუკიდებლად ვერ გავუმკლავდებოდი და ბოლოს, იძულებული გავხდებოდი, გავთხოვილიყავი ისეთ ადამიანზე, ვინც მასწავლიდა ან შეძლებული იქნებოდა, იმისთვის, რომ ცხოვრება გადამერჩინა.

– გადაწყვიტე, არჩევანი განათლების სასარგებლოდ გაგეკეთებინა და როგორ შეძელი ორ თვეში მთელი პროგრამის დაძლევა, თან, უფასოზე მოხვდი და „4+1“ პროგრამაზეც უარი თქვი.

– დიახ, სრულიად უფასოზე მოვხვდი. ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, უართიერთობა არავისთან მქონდა. მასწავლებლებთანაც მიჭირდა გახსნა და კლასიდან ყველა რომ გავიდოდა, მაშინ თუ შევძლებდი მათთან საუბარს. ამიტომ ბევრი ფიქრობდა, რომ არაფერი ვიცოდი. ასე არ იყო, მაგრამ ხალხთან კომუნიკაცია და „საკუთარი თავის გამოხატვა“ მიჭირდა. მინიმალური დონის, მაგრამ ქართული ენის ბაზა მქონდა. ბოლო ორ თვეში მაქსიმალურად მოვინდომე – თავიდან გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, უნდა მესწავლა და ასეც მოვიქეცი.

– დღეს კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად აღარ გაქვს, ეს როგორ შეძელი?

– ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩემზე ქართულმა საზოგადოებამ მოახდინა გავლენა. მეცადინეობა რომ დავიწყე, ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე და მათი დახმარებით დავაღწიე თავი ჩაკეტილობას. მათ ჩემში სულ სხვა საიდა აღმოაჩინეს. მასწავლებლებიც ძალიან დამეხმარნენ და მივხვდი, რომ საკუთარ თავში ის ჩუმი კი არა, სულ სხვა გოგო მომწონდა. ასე შემეძლო, სულ სხვა სამყარო დამენახა, მანამდელი საიდა კი ყველაფერს დუმილით ხვდებოდა. ისე რომ გაგრძელებულიყო, ალბათ, ის დროც დადგებოდა, როცა გათხოვებაზეც უსიტყვოდ დავთანხმდებოდი.

– საკმაოდ მოკლე დროში რადიკალურად შეცვალე ცხოვრება. როგორი იყო ემოციები, როცა უფასოზე ჩააბარე?

– ყველას უკვირდა, ამ ჩუმმა და ჩაკეტილმა გოგომ, ამდენი როგორ შეძლოო?! როცა გავიგე, რომ უფასოზე ჩავაბარე, ტირილი დავიწყე. ჩაბარებამდე მიზნები მქონდა, რომელსაც მივაღწიე და როცა ეს მოხდა, ძალიან შემეშინდა, რა მელოდა შემდეგ? მეგონა, რომ ვეღარაფერს შევძლებდი. ძალიან რთული აღმოჩნდა ამაზე ფიქრი – სრულიად მარტო, ქალაქში უნდა წამოვსულიყავი, უცხო გარემოსა და ადამიანებთან და ყოველგვარი გამოცდილების გარეშე მუშაობა და სწავლა დამეწყო. მაშინ ენაც არ ვიცოდი ისე, როგორც მინდოდა. მაგრამ უკან რომ დამეხია და სწავლაზე უარი მეთქვა, ცხოვრება ამის შანსს მეორედ აღარ მომცემდა. ჩემი გარემოცვა ჩემს ნდობას დაკარგავდა, იფიქრებდნენ იმასაც, რომ საერთოდ ვერ ჩავაბარე და ეს ჩემი თანატოლების თუ სხვებისთვის ძალიან ცუდი მაგალითი იქნებოდა. ამიტომ, შიშს ვერ დავნებდებოდი, მაგრამ ვაღიარებ, რომ საშინელი უსუსურობის განცდა მქონდა. თბილისში რომ ჩამოვედი და სწავლა დავიწყე, ხანდახან გული ისე მტკიოდა, ცრემლები თავისით მომდიოდა ხოლმე. მიჭირდა, განვიცდიდი, როცა რაღაც არ გამომდიოდა და მეუბნებოდნენ, მოდი დღეს აღარ გინდა, ხვალ თავიდან სცადეო. თავს არაფერს ვანებებდი, ისევ ვცდილობდი, სანამ ისე არ გამომივიდოდა, რომ გარშემო მყოფები გამეოცებინა და მგონი, სწორად მოვიქეცი.

– მუშაობის დაწყება გაგიჭირდა?

– თავიდან ძალიან გამიჭირდა, მრცხვენოდა ვაკანსიის შესახებ მეკითხა, მაგრამ ეს ნაბიჯიც გადავდგი და ერთ-ერთ მოლში დავიწყე მუშაობა, იქ ძალიან კარგად მიმიღეს. შემდეგ ჰიჯაბი გავიკეთე და თავსაფარი ჩემთვის დამატებითი ბარიერი გახდა. მშობლებიც წინააღმდეგები იყვნენ და საზოგადოებაც, მაგრამ მე თავს მასში უფრო კომფორტულად ვგრძნობდი და ამიტომ დაბრკოლებების მიუხედავად, მასზე უარი არ მითქვამს.

– წარმომედგინა, რომ მშობლები იქნებოდნენ მომხრეები და შენ წინააღმდეგი...

– არა, მათ არ უნდოდათ, რომ თავსაფარი მეტარებინა. მე ჩემი რელიგია ასე თუ ისე ვიცი და ვგრძნობდი, რომ ჰიჯაბის ტარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მშობლებმა გამოცდილებით იცოდნენ, რომ საზოგადოება ამას ისე არ მიიღებდა, როგორც მე წარმომედგინა. მითხრეს, თავსაფრის გაკეთების შემდეგ ყველაფერი გაგიჭირდებაო.

– თბილისში გადმოსვლის შემდეგ გადაწყვიტე თავსაფრის გაკეთება?

– დიახ. თავსაფარი მიცავს ყველანაირი ცუდისაგან. ასე არავინ ზედმეტს არ იკადრებს. უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს და ხმაურიან ქალაქში წყნარი ცხოვრება მსიამოვნებს. თავსაფრის გარეშე ჩვეულებრივად მიღებდნენ, თავსაფრით კი ხალხს უცხოელი ვგონივარ და ახლა, როცა ენაც უკეთ ვიცი, უფრო უჭირთ ჩემი მიღება, ვიდრე თავიდან. მაგრამ ჰიჯაბის ტარება ჩემი ოცნება იყო. რაც ქალაქში ჩამოვედი და დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, მინდოდა, თავი დამეცვა ისე, როგორც საჭირო იყო. თავსაფრის გარეშეც არავინ მკადრებდა ზედმეტს, მაგრამ შინაგანად სრული თავისუფლება რომ მოვიპოვე, მინდოდა, გარეგნულად ცოტა შემეზღუდა თავი. თანდათანობით სამსახურთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგვარდა. უკეთესი ადგილი ვნახე, ცუდმა გამოცდილებამ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. თურმე, სოფლელ გოგოსაც შეუძლია ყველაფრის მიღწევა, დღეს ამას ყველა კარგად ხედავს და ისინი, ვინც აქამდე წინააღმდეგები იყვნენ, დღეს ამბობენ, ჩვენც ვასწავლით ჩვენს შვილებს, ჩვენც გავუშვებთ ქალაქში და პარალელურად მუშაობასაც აღარ დავუშლითო. დაინახეს, რომ გოგონებსაც შეუძლიათ, ყველაფერს მიაღწიონ. ახლა ის „უცხო ქალაქი“ ჩემთვის მშობლიურივითაა. იმდენად დამოუკიდებელი ვარ, თითქოს აქ გავიზარდე.

– რომელი სოფლიდან ხარ, როგორია იქ განათლების დონე და მოსახლეობა ვისგან შედგება?

– სკოლის გამო წალკის რაიონში ვცხოვრობდი და ისე წალკის სოფელ არსარვანიდან ვარ. იქ სწავლის დონე, როგორც ასეთი, არ არსებობს. გვაქვს სკოლა, მაგრამ იქ ქართულ ენას ვერ ისწავლი. ამ სოფელში მარტო აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და ძალიან ჩაკეტილი სივრცეა. არადა ისეთი ხალხი ცხოვრობს, რომ თუ საშუალება მიეცემათ, ყველაფერს ადვილად შეითვისებენ.

– ხომ შესაძლებელია ქართველი ბიჭი შეგიყვარდეს – რას ფიქრობ ქართველ ქმარზე ან მშობლები როგორ შეხვდებიან ამას?

– თუ ქართული საზოგადოება მიღებს, ბოლომდე თუ არა, ნაწილობრივ ისეთად მაინც, როგორიც ვარ, მეც მზად ვარ ქართველი ბიჭი ქმრად მივიღო. რაც შეეხება რწმენას, არც მე შევიცვლი სარწმუნოებას და ამას არც მისგან მოვითხოვ. თუ ორივე პატივს ვცემთ ერთმანეთის სარწმუნოებას, მგონი, პრობლემა არ გვექნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი