საზოგადოება

რა არის ლანა ღოღობერიძის აქტიური ცხოვრების საიდუმლო

№41

ავტორი: ანკა რობაქიძე 20:00 18.10, 2021 წელი

ლანა ღოღობერიძე
დაკოპირებულია

მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ლანა ღოღობერიძე შემოქმედებითი ცხოვრებით არის დაკავებული, ასევე, აქტიურად მისდევს სპორტს და უამრავი ადამიანისთვის არის სტიმულის მიმცემი.

კინორეჟისორი მის დღევანდელობაზე ვრცლად და გულწრფელად გვესაუბრა...

– ქალბატონო ლანა, როგორც ვიცით, პანდემიის პირობებშიც ძალიან აქტიურად მოღვაწეობდით და ხელი არაფერში შეგშლიათ...

– პანდემიამ მეც ძალიან ბევრ რამეში შემიშალა ხელი. მთავარი ხელის შეშლა კი ის არის, რომ ჩემი ფილმი ვერანაირ ფესტივალზე ვერ გავიდა, რადგან ფილმის დასრულებისას ფესტივალები უკვე მთელ მსოფლიოში იყო შეჩერებული.

– რამდენად რთული იყო ფილმის გადაღება, შეგექმნათ დაბრკოლებები?

– რასაკვირველია, ფილმის გადაღებას თავისი სირთულეები ახლავს და მეც ბევრი დაბრკოლება შემხვდა. ალბათ, პანდემიის პირობებში ვერც გადავიღებდი, მაგრამ ზუსტად პანდემიის დაწყებამდე დავასრულეთ. ფილმის პრემიერა ტოკიოში უნდა ყოფილიყო და იმდენი ხნით გადაიდო, რომ 2022 წლის თებერვალში შედგება. ტოკიოში ჩემ მიერ გადაღებული სხვა ფილმების ჩვენებაც არის გათვალისწინებული. მანამდე შვეიცარიაში, ციურიხში იმართება ქართული ხელოვნების დღეები, სადაც ჩემს სამ ფილმსაც აჩვენებენ. ასევე, ჩემი შვილის – ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმს. ტოკიოს შემდეგ კიდევ ვარ ფესტივალზე მიწვეული, სადაც ჩემი ადრინდელი ფილმები გავა. ტექნიკური თვალსაზრისით, ცოტა რთულია ფილმების შეგროვება, მაგრამ საინტერესო პროცესია.

– პანდემიის პირობებში დაწერეთ წიგნი, რომელმაც უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია...

– პანდემიის განმავლობაში ჩემს შემოქმედებაში რაც ხდებოდა, მართლაც ძალიან სპეციფიკური პერიოდი იყო, განსაკუთრებით პირველი ლოკდაუნის დროს. ყველაფერი აიკრძალა, ქალაქი დადუმდა და ნამდვილი მარტოობის პერიოდი მქონდა. მაშინ ვერავის ვხვდებოდი და წიგნის წერა დავიწყე, რომელიც ახლა გამოვიდა. ძალიან მაინტერესებს და ველი ამ წიგნის პრეზენტაციას, მაგრამ აკრძალვების გამო ჯერ კიდევ არ შეიძლება. წიგნის სათაურია – „ვისთვის გალობს შაშვი“ და კონკრეტული ამბით არის ინსპირირებული. პირველი ლოკდაუნის დროს სოლოლაკში, ჩემი შვილის სახლში ვცხოვრობდი, რომელსაც პატარა ეზო აქვს. სრულიად დადუმებულ ქალაქში, დღისით, მზისით შაშვის გამაოგნებელი გალობა გავიგონე. ეს იმდენად წარმოუდგენლი და მომხიბვლელი რამ იყო, წიგნის სათაურისკენ მიბიძგა. მივედი იმ დასკვნამდე და ყველასთვის მინდოდა მეთქვა, რომ ის შაშვი გალობს – ჩემთვის, შენთვის, ყველასთვის... მთავარია, ყური მიუგდო და შეგეძლოს ამ მშვენიერებით დატკბე. ეს არის ცხოვრების მთავარი მოწოდება, რომ სიცოცხლე ისეთი აღიქვა, როგორიც არის. სისავსე, ბუნების მშვენიერება, ადამიანების შექმნილი შედევრების შეგრძნება... ეს უკვე პოეზიას უკავშირდება, რადგან წიგნს ასეთი ქვესათაური აქვს: „პანდემიით მოგვრილი და პოეზიით შეფერილი უთავბოლო ფიქრები“.

– წიგნის წერა პანდემიით გამოწვეული ჩაკეტილობის გამო დაიწყეთ თუ გეგმაში ისედაც გქონდათ, დაგეწერათ?

– საერთოდ არ მქონდა გეგმაში, მაგრამ სწორედ, პანდემიამ მიბიძგა წიგნის დაწერისკენ. პანდემია ძალიან ტრაგიკულია ყველასთვის! ამდენი ადამიანი გარდაიცვალა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ვერაფრით ვურიგდები. რაც ვირუსით დავკარგეთ, ამდენი ადამიანი ომებში არ დაგვიკარგავს და უდიდესი ტკივილია. მიუხედავად ამხელა ტკივილისა, სადღაც კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ ასეთი საკაცობრიო კატასტროფა კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს სოლიდარობას ადამიანთა შორის. შესაძლოა, ეს ძალიან უტოპიური იდეაა, მაგრამ მაინც მაქვს ეს განცდა, რომ ამ ტრაგედიამ შეიძლება, გააღრმაოს ადამიანებში ერთმანეთის თანაგრძნობის შეგრძნება, უფრო სოლიდარული გახადოს ხალხი და თუ ეს მოხდა, მაშინ უკეთესობისკენ წავა კაცობრიობა.

– ძალიან ბევრი ადამიანისთვის სტიმულის მიმცემი ხართ, რადგან როგორც ვიცით, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ, მუდმივად სპორტით ხართ დაკავებული.

– დიახ, კვირაში ორი დღე აუზზე დავდივარ, ტენისს ვთამაშობ... პანდემიის განმავლობაში ვერ მივდევდი სპორტს და რთული იყო. მხოლოდ ეზოში ვთამაშობდით მე და ჩემი შვილიშვილი. პირველი ლოკდაუნის დროს ჩოგბურთზე ფიქრიც არ შეიძლებოდა, საერთოდაც ჩვენი ასაკის ადამიანებს ხომ გარეთ გამოსვლა გვეკრძალებოდა. ასეთი მარტოობა მართლაც აუტანელი იყო! სიცოცხლის მთავარი მომხიბვლელობა, ხომ, ადამიანებთან ურთიერთობაა, ამაზე დიდი რამ არც ვიცი, თუ არსებობს და ეგ რომ დაგვაკლდა ასე ერთბაშად, რასაკვირველია, უმძიმესი იყო. ახლა იმდენად ჩაკეტილობა აღარ არის, მაგრამ როგორღაც ჯერ ამ პანდემიას უნდა მოვერიოთ.

– ბევრმა სოფელს, აგარაკს მიაშურა. თქვენ თუ გქონდათ მცდელობა, გარკვეული პერიოდი ქალაქგარეთ გაგეტარებინათ?

– ზაფხულში ქალაქგარეთ, ანანურში ვიმყოფებოდით. როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო და მშვენიერი იყო ანანურში გატარებული დღეები. ლიტერატურიდანაც დიდ ასოციაციებს იწვევს ანანური... „შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის მომაგონდები, ამ ანანურთან...“ – ტიციან ტაბიძის ძალიან ცნობილი ლექსი, ,,მორბის არაგვი, არაგვიანი...“, ,,ნისლი ფიქრია მთებისა”... ყველაფერი უკავშირდება მთებს, ანანურს...

ანანურში ეზო ყვავილები, მცენარეები გვაქვს. საკმაოდ დიდი ყვავილების ბაღი თბილისის სახლშიც მაქვს, მისაღებ ოთახში და როგორც ზურაბ ჟვანია ამბობდა, თქვენს ბაღში ჩაის დალევას რა სჯობს, წავიდეთო. ძალიან ბევრი ყვავილი მაქვს ერთად და მართლაც ბაღის ილუზიას ქმნის. ძალიან მიყვარს ამ ყვავილებთან ურთიერთობა, მოვლა... ყვავილების მოვლა თერაპიაა, საერთოდ ბუნებასთან ურთიერთობა სასიცოცხლო აუცილებლობაა ადამიანისთვის. რაც მეტად გვექნება შეხება ბუნებასთან, სიცოცხლესაც უფრო მეტად ვიგრძნობთ.

P.S. გამოყენებული ფოტოების ავტორია ალექსანდრე ბაევი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი