საზოგადოება

ფიქრია ჩიხრაძე: შეიძლებოდა, სადმე წავსულიყავი და აზრად არ მომივიდოდა სახლში დაბრუნება

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 14.06, 2021 წელი

ფიქრია ჩიხრაძე
დაკოპირებულია

ფიქრია ჩიხრაძემ საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრება ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო და, როგორც ამბობს, იმ დროიდან დღემდე შეუჩერებლად იბრძვის საკუთარი იდეალებისთვის.

ფიქრია ჩიხრაძე: ჩემთვის ბავშვობა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო და ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაზეც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ექვს წლამდე სოფელში, ბებიასთან ვიზრდებოდი და ის დრო ძალიან ცხადად და ფერადად მახსოვს. დღემდე უზომოდ მიყვარს მინდვრის ყვავილები და ბუჩქები, რომელიც საქართველოს ტყეებში იზრდება, რომლის ქვეშაც ვძვრებოდი და იქ ჩემი ბუნაგი მქონდა მოწყობილი. ღმერთთან ჩემი პირველი ურთიერთობაც იქ შედგა. იქ დავანთე სანთელი, რომელიც სინამდვილეში გამხმარი ბალახის ღერო იყო. სოფელში შევხვდი სიკვდილსაც – მოხუცებთან ურთიერთობაც დიდი სიყვარულით მავსებდა და მახსოვს ტკივილი, რომელიც მათი გარდაცვალების შემდეგ მქონდა, როცა ადამიანი სასაფლაოზე მარტო რჩებოდა. მქონდა განცდა, რომ მე უნდა მეფიქრა იმ ადამიანზე, ფიქრში მაინც რომ არ დამეტოვებინა მარტო. რაჭაში ვარ დაბადებული და გაზრდილი, სოფელ გომში. იქ ჰორიზონტი ძალიან ახლოს არის და სულ მაინტერესებდა, რა იყო იმ მთისა და ჰორიზონტს მიღმა. ძალიან მიყვარს ცხოველები და ქათმები. ამიტომაც, არასდროს მიჭამია ქათმის ხორცი. გვყავდა პატარა ბოჩოლა, რომელიც ძალიან მიყვარდა. ბევრს ვეთამაშებოდი და ვეფერებოდი. მერე მთაში წაიყვანეს და ძალიან მენატრებოდა. უკან რომ დააბრუნეს, უკვე დიდი ხარი იყო. რომ დავინახე, დიდი სიხარულით გავექანე და მოვეხვიე. არ ვიცი, დავავიწყდი და მიუცხოვა თუ რა იყო, მაგრამ რქები ამომარტყა და საკმაოდ შორს გადამაგდო. რაღაც პერიოდი საავადმყოფოში ვიწექი. ძალიან განვიცდიდი, რომ ჩემმა საყვარელმა არსებამ ვერ მიცნო და არ მიიღო ჩემი ჩახუტება. საკმაოდ რთულად ვიყავი, არც კი ვჭამდი, უფრო სტრესი მქონდა, ვიდრე ფიზიკური დაზიანება. მახსოვს ისიც, რომ ხშირად დავძვრებოდი ხეებზე. სხვათა შორის, ძალიან მარტივად ავდიოდი, მაგრამ ჩამოსვლა ცოტა მიჭირდა. ყოფილა შემთხვევა, ზედ დავრჩენილვარ და დავლოდებივარ, ვინმეს გამოევლო, რომ ჩამოვეყვანე (იცინის).

– მშობლებს და ბებიას თავის ტკივილს არ მოაკლებდით.

– კი. თან, ძალიან ხეტიალა ბავშვი ვიყავი, უფრო – მაწანწალა, როგორც ჩემი ოჯახის წევრები ამბობდნენ. შეიძლებოდა, სადმე წავსულიყავი და აზრად არ მომივიდოდა სახლში დაბრუნება (იცინის). სულ ჩემს ძებნაში იყვნენ და როგორც მეუბნებიან, ეს თვისებაც მთელი ცხოვრება გამომყვა (იცინის).

– სკოლის პერიოდში შეიცვალეთ?

– სკოლა ონში დავამთავრე. სოფელთან ისე მჭიდრო შეხება აღარ მქონდა და ძალიან მენატრებოდა. დღესაც, ვინმემ რომ მკითხოს, საქართველოს რომელიმე კუთხეში გირჩევნია მოგზაურობა თუ ევროპაშიო, საქართველოს ვარჩევ. სხვათა შორის, როდესაც გიორგი მარგველაშვილთან ვმუშაობდი, თელავში მივდიოდი და უცებ გაჩნდა საჭიროება, რომ პარიზში, ლევილში წავსულიყავი. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ლევილში წასვლა მერჩივნა თუ თელავში. მერე ეს ვიზიტი გარკვეული მიზეზების გამო არ შედგა და ხუმრობდნენ, ფიქრიას ძალიან გაუხარდა, თელავში წასვლაში რომ ხელი არ შეეშალაო (იცინის). რაც შეეხება სკოლას, არ ვიყავი სტანდარტული ბავშვი. გამორჩეულად კარგად ვსწავლობდი, მაგრამ უდისციპლინო და არაორდინარული ვიყავი. ჩემი მაწანწალობის გამო ძალიან ხშირად ვაცდენდი. უცებ მოგვინდებოდა სადმე წასვლა, დავკრავდით ფეხს და მივდიოდით. ითვლებოდა, რომ მე ვიყავი ამის მოთავე. ძალიან ბევრს ვცუღლუტობდით.

– სკოლის სიყვარულები, სიგიჟეები და თმაში მოქაჩვები იყო?

– ათასი რამ და ბევრი სისულელე (იცინის). კლასში არა, მაგრამ პარალელურ კლასებში ან უფროს კლასელებთან – კი. მოჰქონდათ ხოლმე ამბები, ვის ვინ მოსწონდა და უყვარდა.

– როცა იგებდით, ვინმეს უყვარდით, როგორი რეაქცია გქონდათ? ზოგი გოგო ბრაზდება და როგორ გამიბედაო, ჩხუბობს.

– მაგ მხრივაც გამორჩეული ვიყავი (იცინის). მახსოვს, ერთ ბიჭს თავში ძალიან მაგრად ჩავატყი ჩანთა. მაშინაც მიყვარდა შარფები, რომელიც ჩემმა კლასელებმა წამართვეს და იმ ბიჭს მისცეს. უცებ ვხედავ, რომ მას უკეთია ჩემი შარფი და ისე არ მომეწონა ეს ამბავი, გამოვეკიდე და ჩანთა ჩავათხლიშე თავში (იცინის).

– თაყვანისმცემლებისთვის ცოტა სახიფათო ყოფილხართ.

– კი, ამბობდნენ, რომ ცოტა საშიში ვიყავი (იცინის).

– ალბათ, სწავლის პროცესშიც გქონდათ პროტესტები იმ პერიოდის მიდგომებიდან გამომდინარე?

– ქართულის გასაოცარი მასწავლებელი მყავდა, რომელიც პირველ რიგში, თავისუფლებას გვასწავლიდა. ოჯახშიც იყო პატრიოტული და დისიდენტური განწყობები. მეც სულ მაინტერესებდა დაფარული თემები – საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი და მქონდა პროტესტი საბჭოური ამბების მიმართ. კლასშიც მყვებოდნენ ხოლმე მეგობრები. ჩემ გამო დედა სულ წნეხის ქვეშ იყო. სკოლაში კარგი მოსწავლის პორტრეტი სულ სხვანაირად იხატება, ყოფაქცევითაც ხომ სანიმუშო უნდა იყოს?! მე ვიყავი კარგი მოსწავლე, მაგრამ საქციელით სანიმუშოს ჩარჩოებში არასდროს ვჯდებოდი, ამიტომ დედას ხშირად იბარებდნენ და ტუქსავდნენ. როგორც ამბობს, შენ გამო სიცოცხლე მქონდა გამწარებულიო (იცინის).

– სასულიერო აკადემიაშიც სწავლობდით.

– როცა უნივერსიტეტი დავამთავრეთ, მაშინ გაიხსნა სასულიერო აკადემია. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა საპატრიარქოსთან, კათოლიკოს-პარტირქთან. როცა აკადემია დაარსდა, იქ სწავლით შეგნებულად გადავდგით ნაბიჯი აკადემიის პოპულარობის მოსაპოვებლად. მაშინ ჩვენ უკვე ვიყავით ეროვნული მოძრაობის ცნობილი წარმომადგენლები და შესაბამისად, ჩვენი იქ მისვლა ყურადღების ცენტრში აქცევდა სასულიერო აკადემიას.

– პატრიარქთან პირველი შეხვედრა ბიბლიის თარგმანებთან დაკავშირებით განსკუთრებული ისტორიაა. როგორ გახსენდებათ?

– აქტიური ადამიანები ვიყავით, სულ რაღაცას ვეძებდით და ამ პროცესში გავიგეთ, რომ საპატრიარქოში ბიბლიის ახალ ქართულ თარგმანზე დაიწყეს მუშაობა. მივედით და ვითხოვეთ პატრიარქთან შეხვედრა. დაგვიბარეს იმ შენობაში, სადაც შესაბამისი სამუშაო პროცესი მიდიოდა. მივედით და ვხედავთ, მაგიდის თავში პატრიარქი ზის, გვერდებზე ადამიანები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობდნენ. პატრიარქი აბრძანდა ფეხზე და სიხარულით შემოგვეგება. ჩვენც ჯიქურ მივუახლოვდით, ხელი გავუწოდე და ძალიან მაგრად ჩამოვართვი. ჩემმა მეგობრებმაც ძალიან „ყოჩაღად“ ჩამოართვეს ხელი. ძალიან პატარები და გულადები ვიყავით, პატრიარქთან მოქცევა არ ვიცოდით (იცინის). პატრიარქს ეცინებოდა ამ ყველაფერზე და იქ მყოფებს მიმართა, ამ ბავშვებს უნდათ, ბიბლიის თარგმნაში მიიღონ მონაწილეობაო. მერე ჩვენ მოგვიბრუნდა და გვეკითხება, თქვენ ძველი ებრაული იცითო? ვუპასუხეთ, არაო. ძველი ბერძნული? – არა. სლავური? – არა. აბა, რა იცითო? მივუგეთ, რომ ძველი ქართული ვიცოდით (იცინის). ამაზეც ძალიან გაეცინა და გვითხრა: კი, კი ჩაერთეთო. იქ იყვნენ სამივე ენისა და თავისთავად, ძველი ქართულის სპეციალისტები და ფრაზას რომ წაიკითხავდნენ, ჩვენ ყველაფერზე შენიშვნებს ვიძლეოდით. გამორიცხული იყო მათ ნათქვამში რაღაც მაინც არ გაგვეპროტესტებინა (იცინის). პატრიარქმა გვითხრა, მოდი, სანამ უშუალოდ თარგმნის პროცესში ჩაერთვებით, იქნებ თქვენი ვერსიები მოამზადოთ და პარალელურად, კორექტურაზე იმუშაოთო. ძალიან გაგვიხარდა. თარგმნისას მე და ჩემი მეგობრები ერთმანეთს ვხოცავდით და პროცესმა მიგვახვედრა, რომ ჩვენი ცოდნა კორექტურასაც თუ გასწვდებოდა, იმ დროისთვის ესეც ძალიან დიდი მიღწევა იქნებოდა და მეტზე აღარ უნდა გვქონოდა პრეტენზია. საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ ბიბლიის პირველი ახალი ქართული გამოცემა ჩვენი კორექტურით დაიბეჭდა.

– თქვენი გზები პოლიტიკასთან ადრეულ ასაკში გადაიკვეთა და იყო საკმაოდ რთული პერიოდები, თუნდაც რევოლუციის შემდეგ.

– დიახ, ვარდების რევოლუციის შემდეგ ამრეზით გვიყურებდნენ. მე ძალიან დიდხანს ჩემს თავს პოლიტიკოსს არ ვარქმევდი, უფრო საზოგადოებრივად აქტიური და მებრძოლი ადამიანი ვიყავი. იმდენად ვიბრძოდი ჩემი იდეალებისთვის, რომ მეუბნებოდნენ, როდემდე შეიძლება, პირადი ცხოვრება ასე უყურადღებოდ გქონდესო. ვერც კი წარმომადგინა, რომ ამ ბრძოლის წინ ან გვერდით შეიძლებოდა, სხვა რამ დამეყენებინა. ამით ჩემი ოჯახის წევრები ძალიან დავჩაგრე. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მე და ჩემი მეგობრები ყველაფერს შეგუებულები ვიყავით. მათ შორის იმასაც, რომ შეიძლებოდა, დავეჭირეთ. ვდარდობდით მხოლოდ მშობლებზე, მათი დაჭერა ძალიან მძიმე გადასატანი იქნებოდა. ცხრა აპრილს, მანამდე თუ მის შემდეგ ჩემი მშობლები შეშინებულები დამეძებდნენ, მაგრამ მათგან მაინც სულ თანადგომას ვგრძნობდი. სტუდენტობის პერიოდში მთელი საქართველოს სიყვარულით ვიყავით გარემოცული, მაგრამ მერე, როცა პოლიტიკური განწყობები უფრო აქტიურად შემოვიდა, ვის მხარესაც იყავი, იმას უყვარდი, მეორე მხარე კი ძალიან გემტერებოდა. მახსოვს პირველი ელდები, როცა ადამიანებს, რომლებიც ძალიან მიყვარდნენ, პოლიტიკური პოზიციის გამო აღარ ვუყვარდი. ძალიან მიჭირდა ამის გადახარშვა, განვიცდიდი. თან, აღარ ვუყვარდი მათ, ვისაც ჯერ კიდევ გუშინ ძალიან ვუყვარდი და ეს მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების სხვაობის გამო, შემიძულეს კიდეც. შემდეგ იყო სამოქალაქო ომი – ეს ისტორია უმძიმეს პერიოდად დარჩა ჩემს გონებაში. ვარდების რევოლუციის შემდეგაც კეთროვანივით გვიყურებდნენ, რადგან ხელისუფლების მხარეს არ ვიყავით, მაგრამ ამას იმ სიმძიმეებს ვერ გავუტოლებთ.

– ახლობლები და ოჯახის წევრები, ალბათ, ხშირად გსაყვედურობდნენ, რომ ოჯახს არ ქმნიდით. თქვენ გაქვთ სინანული ამის გამო?

– არასდროს ვუყურებდი ამ თემას სტანდარტულად. როგორც ვთქვი, ვერ წარმომედგინა, რამე ჩემს ბრძოლაზე წინ დამეყენებინა. არიან ადამიანები, რომლებიც ათავსებენ ამას და ოჯახურ ცხოვრებას. მე არ ვიყავი ასეთი. სადაც ვარ, ბოლომდე იქ ვიხარჯები. არ შემიძლია ერთდროულად ბევრი საქმის კეთება. როცა მჭირდება, ვაკეთებ, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის სასურველი მდგომარეობა.

– გამოვიდა, რომ ოჯახი არ აღმოჩნდა პრიორიტეტი.

– ნამდვილად და სინანულიც არ მქონია. რომ მქონოდა, ალბათ, სხვანაირად მოვიქცეოდი. შეიძლება, ეს ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ მე არ მაქვს განცდა, რომ ქალი აუცილებლად დედა უნდა იყოს. კი, ალბათ, საკუთარ პირმშოსთან ურთიერთობა წარმოუდგენლად დიდი რამაა, მაგრამ მე არა მგონია, რომ ნაკლები ურთიერთობა მაქვს ჩემს დისშვილებთან, წარმოუდგენელი სიყვარულით მიყვარან და, მათ გარდა, კიდევ ძალიან ბევრ ბავშვს ვუწილადე ჩემი სიყვარული. მათთან ურთიერთობა კარგად გამომდის. ჩემი და ჩემი მეგობრების დაარსებულია ძეგვის თავშესაფარი და ბავშვთა სახლი და იქ დაზრდილ ბავშვებს საკუთარი შვილებივით აღვიქვამთ. ძალიან სავსე და დატვირთული ცხოვრება მაქვს, სინანულებისა და სევდისთვის არასდროს მრჩებოდა დრო. კი, ნერვებს მიშლიდა, როცა მეუბნებოდნენ – რას შვრები, აღარ აპირებ გათხოვებას? შენი მოსაწონი არავინ გამოჩნდაო? (იცინის). თუმცა არ ვემორჩილებოდი ხოლმე საზოგადებრივ აზრს. ამით პროპაგანდას არ ვეწევი, უბრალოდ, მინდა, ყველამ იცოდეს, თუ გინდა და გრძნობ, რომ ეს შენი გზაა, უნდა გადადგა შესაბამისი ნაბიჯი. მე მყავს მეგობრები, რომლებიც არაჩვეულებრვი მეოჯახეები არიან, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს არ უნდა და სხვა გზით უნდა იაროს, არც ეს არის ტრაგედია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი