საზოგადოება

ნინო დარასელი: იმდენად მეშინია დედასთან შეხვედრის, ამაზე ვერც კი ვფიქრობ

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 23.02, 2021 წელი

ნინო დარასელი
დაკოპირებულია

პანდემიის დროს ნინო დარასელმა ახალი საქმე წამოიწყო და განვითარების გეგმებიც აქვს. სულ ცოტა ხანში მის ცხოვრებაში კიდევ ერთი, განსაკუთრებულად კარგი ამბავი მოხდება, რასაც უკვე ოთხი წელია, ელის. სიახლეებზე ნინოს თბილისელები“ ესაუბრა. 

ნინო დარასელი: პანდემიის სიკეთეზე რომ ვიწყებ საუბარს, მახსენდება, რამხელა მსხვერპლი მოჰყვა, რამდენ ადამიანს დასწყვიტა გული, რამდენი დატოვა მშიერი და არ შემიძლია მისი დადებითად აღქმა. ერთადერთ მომენტს აღვნიშნავ: ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრს ნერვოზი დაემართა, დეპრესიაში ჩავარდა. მე პირიქით – ნებისმიერი გაჭირვების დროს, მაქსიმალურად კონცენტრირებული ვხდები. გარდა იმისა, რომ ონლაინჟურნალი at.ge მაქვს, გადავწყვიტე, სხვა საქმეც დამეწყო. მივხვდი, გაჩერება ჩემთვის ძალიან ცუდი ამბის ტოლფასი იქნებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, ადამიანები ინტერნეტთან იძულებით ატარებდნენ მეტ დროს და მეც ბევრად დიდი ინტენსივობით მიწევდა მუშაობა და მართალი გითხრათ, ძალიან გადავიღალე. მაგრამ ძალიან დიდი ხანია, მინდოდა, კონცეპტუალური მაღაზია გამეკეთებინა და ეს შლემები, ამ პერიოდს „მოერგო“. ეს მხოლოდ დასაწყისია. მინდა, ჩვენი სახელით სხვა პროდუქტებიც გამოვუშვათ. უკვე გვაქვს ჩანთები ქართული ანბანით. მას მოჰყვება 90 სიმბოლო, მათ შორის ქართული ასოები – შეგიძლია ნებისმიერი რამ დააწერო და იმ დღეს ქუჩაში იმ მესიჯით იარო. ეს შლემები პანდემიის გამოძახილია. იმდენად ვეღარ ვიტანდი პირბადეს, რომ არც მისი გალამაზების სურვილი მქონდა. ამიტომ ნაქსოვი შლემი ძალიან კარგი იდეა მგონია, რომელიც სიცივისგანაც მიცავს და ვირუსისგანაც. ვხუმრობ ხოლმე, ბადრი ესებუა გახდა ჩემი ინსპირაცია-მეთქი (იცინის).

– როგორ ცდილობთ ამდენ ნეგატივთან გამკლავებას?

– ნეგატივს მთლიანად ვბლოკავ. თუ ვიცი, რომ სადმე ცუდი დამხვდება, არ მივდივარ. თუ ვიცი, რომ უარყოფით პასუხს გამცემენ, კითხვას არ დავსვამ. თუ ვიცი, რომ ცუდი ინფორმაცია უნდა გავიგო, გავურბივარ. სოციალურ ქსელში ძალიან ბევრ არასასიამოვნო ინფორმაციას ვაწყდებით, მაგრამ იმდენად გამომიმუშავდა თავის არიდების მექანიზმი, რომ მაგალითად, ახლა მე და ჩემი მეგობარი, ვადარებდით – მე ახალი ამბების ზოლში სულ საინტერესო და სასაცილო ამბები მხვდებოდა, მას – სევდიანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთი და იგივე სამეგობრო გვყავს. იმის თქმა მინდა, რომ გააჩნია, ადამიანი რაზე კონცენტრირდები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქტიურად არ ვარ ჩართული მიმდინარე პროცესებში, მაგრამ ვცდილობ, უარყოფითის ნაცვლად, დადებითი დავინახო და თვითონ არ შევიქმნა იმაზე მეტი პრობლემა, ვიდრე არის. ეს ჩემი თვითგადარჩენის ინსტინქტია. მაგალითად, როდესაც ჩემს მეზობელს რაღაც გაჭირვება აქვს, იმაზე კი არ ვიწყებ ფიქრს და დარდს, რა ცუდია ეს, ვცდილობ, რამდენადაც შემიძლია, დავეხმარო.

– ცოტა ხნის წინ, მარიტა იხილა მაყურებელმა „პატარების დიდ შოუში“, სადაც არაჩვეულებრივად იმღერა. საოცარი გოგოა, ზღაპრის გმირს ჰგავს. როგორი რეაქცია აქვს, ამხელა სიყვარულს რომ ხედავს ეკრანზე გამოჩენის შემდეგ?

– ძალიან უხარია, მაგრამ ჯერ ბავშვია და უცებ რომ გაუხარდება, უცებვე სხვა რამეზე გადააქვს ყურადღება. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი სიხარული მოგვიტანა. განსხვავებული ადამიანია. დედაჩემის გაზრდილია და მის კარგ თვისებებს მხოლოდ რუსოს მივაწერ. ძალიან გვინდოდა, რომ ბებიას ვენახეთ და სიხარულით მიიღო მონაწილეობა ამ გადაცემაში.

– როგორი მომენტია, როცა ნინო მიწვეული იყო, როგორც მარიტას დედა?

– იქ ხომ მარიტას დედის ამპლუაში ვიყავი მიწვეული და გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, ბანკში ერთმა საყვარელმა ქალბატონმა მითხრა: ვაიმე, თქვენ ვარდისფერბანტიანი გოგოს დედა არ ხართო?! ისე გამიხარდა, ვერ აღგიწერთ. მერე ტაქსისტმა მითხრა, თქვენ იმ გოგოს დედა ხართ, აი, როგორ გამოვიცანიო. მალე, ალბათ, ყველა ამ გოგოს დედად მომიხსენიებს (იცინის). მიხარია, რომ მარიტას გზა ასე წავიდა, ძალიან გაუმართლა. დავიწყოთ იმით, რომ ლანა ღოღობერიძის ფილმში გადაიღეს და რომ გაიზრდება, მერე უკეთ მიხვდება, რას ნიშნავს ასეთი გუნდის წევრობა. იმედი მაქვს, მთელი ცხოვრება ასე გაუმართლებს.

– სახლშიც ასე – ციცინათელასავით ანათებს?

– სულ ასეთია. დილიდან მღერის, მგონია, რომ თავის პატარა კინოში ცხოვრობს. თან, ძალიან შრომისმოყვარეა. ყველაფერს თავისი სურვილით აკეთებს, არავინ არაფერს აძალებს. მის მაღვიძარაზე ჩუმად ვცვლიდი საათს, ძალიან ადრე რომ არ გაეღვიძა, მაგრამ ახლა პაროლი შემიცვალა (იცინის). ექვს საათზე იღვიძებს და თვითონ იმზადებს საუზმეს. ადამიანმა შეიძლება, იფიქროს, რომ ვამეტებ, მაგრამ მართლა ასეა. ეს დედაჩემის არყოფნამ გამოიწვია. რუსო ისე ზრდიდა, ცივ ნიავს არ აკარებდა. ახლა, როცა ის არაა და ბავშვი მიხვდა, რომ დედა ექვს საათზე ვერ დგება, თვითონ იკეთებს (იცინის). რეალურად, მე თან ვერ ვაკეთებ საკმარისად გემრიელად. ფანტასტიკური დამხმარე გვყავს, მაგრამ მარიტას ურჩევნია, თავად მოიმზადოს. სამწუხაროდ, ტკბილი უყვარს ძალიან – თვითონვე აცხობს და ჭამს. ვეღარ ვეჩხუბები, არ ჭამო-მეთქი. დიდი ქალივით რომ გამოიტანს თავის გამომცხვარ ნამცხვრებს, შექების ღირსია და როგორ გინდა, საყვედური უთხრა?! (იცინის).

– თუმცა, საბედნიეროდ, მალე მოხდება ეს ყველაფერი. როგორია მოლოდინი?

– ძალიან მოულოდნელი იყო რუსოს ჩვენთან აღარ ყოფნა და ახლა ეს დაბრუნება, ბუნებრივია, რადგან სრული დრო გავიდა. ინფორმაცია ისე გამოქვეყნდა, თითქოს, შეწყალება მიიღო. სინამდვილეში ვადა ამოიწურა – ოთხი წლის წინაც ეს თარიღი ვიცოდით. იმდენად მეშინია ამ შეხვედრის, იმდენად დიდი ემოცია მაკავშირებს რუსოს დაბრუნებასთან, ამაზე ვერც კი ვფიქრობ. ჩემს ცხოვრებაში რუსოსა და მაიას დაბრუნება უდიდესი ემოცია იქნება. თან, სულ მეშინია და ვფიქრობ ხოლმე, ხომ ყველაფერი კარგად იქნება და ნამდვილად დაბრუნდებიან?!

– არ უნდოდა, რომ იქ გენახათ. ბოლომდე ასე იყო?

– კი, ოთხი წლის განმავლობაში არცერთხელ მინახავს. ორჯერ კლინიკაში გამოსული დავინახე შორიდან. მართალი გითხრათ, არც მქონია იქ ნახვის სურვილი. არ მინდოდა, იმ რეალობაში დამენახა. ისე ვაპროტესტებ იმას, რაც მოხდა, ასე გადავწყვიტე. მისი სურვილიც იყო, არ უნდოდა, იმ სიტუაციაში გვენახა. გვეგონა, რომ ეს პროცესი სწრაფად დასრულდებოდა. ამასობაში ოთხი წელი გავიდა. თან, იქ რომ მენახა, ვეღარ შევძლებდი ფეხზე მყარად დგომას, ორი შვილის მოვლას და ასე შემდეგ. 31 მარტს შევხვდებით ერთმანეთს. ორი დღის განმავლობაში, როცა ადამიანებისგან მილოცვებს ვიღებდი და მართლა ყველას ძალიან გაუხარდა, ემოციურად ძალიან მიჭირდა. ყველა ფიქრობს, რომ 31 მარტი ძალიან ახლოსაა, მაგრამ ამ დღემდე ჯერ კიდევ თითქმის ორი თვე დარჩა. ადამიანები მილოცავდნენ და მთელი გულით მიხაროდა, ჩვენს სიხარულს რომ იზიარებდნენ, მაგრამ ისე დავიცალე, სამი დღეა მძინავს. არადა, საერთოდ, ძალიან ცოტა ხანი მძინავს. ეს სამი დღე მთლიანად მოვწყდი და მერე მივხვდი, რომ ეს ემოციებისგან და სიხარულისგან დამემართა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი