საზოგადოება

ნატალია ჩხეიძე: ჩემს მეუღლეზე ნერვიულობით სამი ადამიანი გარდაიცვალა

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 31.03, 2021 წელი

ნატალია ჩხეიძე
დაკოპირებულია

ნატალია ჩხეიძის ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანი, სირთულეებითა და ბრძოლებით სავსეა, თუმცა ის მაინც ძალიან ბედნიერია.

ნატალია ჩხეიძე: ეს წარმოება 1992 წლიდან გვაქვს – ეს ჩვენი ოჯახური ბიზნესია, რომელსაც საფუძველი დედაჩემმა ჩაუყარა. დედა „ბურდა მოდას“ პირველი ქართველი გამარჯვებული ქალია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დედას სიმსივნე აღმოაჩნდა, საქართველოში დაბრუნება გახდა საჭირო, რადგან იქ გვირჩიეს, მადიჩის სახით, თქვენ ისეთი სპეციალისტი გყავთ, მხოლოდ ის დაგაღწევინებთ თავს ამ ვითარებიდანო. დედას ძალიან მძიმე დიაგნოზი ჰქონდა, თან, ამდენი წლის წინ, როცა ბევრი რამ არ იყო ასე განვითარებული. 2007 წელს თავის ტრეპანაციაც დასჭირდა და ბევრი სირთულე გადაიტანა, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ, როცა საკუთარი პრობლემების შესახებ გაიგო, იმის მაგივრად, რომ ვაი-ვიშს მისცემოდა, საქმეებში გადაერთო და საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ მისცა.

– რა საქმე წამოიწყო?

– სამკერვალო წარმოება, რომელსაც ახლა მე ვაგრძელებ. თუმცა, დღევანდლისგან განსხვავებით, მაშინ უნიფორმების მიმართულებით არ ვმუშაობდით. დედა ძალოვან სტრუქტურებთან, გაეროსთან, წითელ ჯვართან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. პარალელურად, სოფლის მეურნეობითაც იყო დაკავებული. ძალიან ცუდად იყო, ქიმიოთერაპიებს იკეთებდა, მისი პალატიდან ცოცხალი არავინ დარჩენილა და ამანაც ძალიან იმოქმედა. მაგრამ იმდენად ჩაერთო საქმეში და მასშტაბები ისე გაზარდა, რომ ალბათ, პასუხისმგებლობის გრძნობამ აღარ მისცა ავადმყოფობაზე ფიქრის საშუალება. მე ამ რეალობაში გავიზარდე. გამოუვალი მდგომარეობის მეტი რა მინახავს, მაგრამ დედის მსგავსად, ამ დროს გაჩერება არც მე მახასიათებს.

– დედამ მოახერხა, რომ მატერიალურად საკმაოდ მყარად დამდგარიყავით ფეხზე, მაგრამ მერე პრობლემებიც შეიქმნა.

– კი. დედამ აწყობილი სამკერვალო გადმომცა. თუმცა, მანამდე, ჯერ კიდევ 12 წლის ვიყავი, როცა უკვე მასთან ერთად ვმუშაობდი და ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა საფეხური გავიარე. 24 წლის ვიყავი, როცა დიდი პრობლემა შეგვექმნა. დედას ოპერაცია დასჭირდა – 12 საათი უკეთებდნენ ოპერაციას, თავის ქალა ჰქონდა ახდილი. ამით ისარგებლეს ჩვენმა რუსმა პარტნიორებმა და ყველაფერი თავიანთ სახელზე დაიწერეს. დედას მხოლოდ უდიდესი ვალები დაუტოვეს, რასთან შეჭიდებაც მე დამჭირდა, თანაც, სულ მარტოს. მანამდე დედის გარეშე დამოუკიდებელი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ აღმოვჩნდი, პირდაპირ მივაჭერი ანზორ ქოქოლაძესთან „ელიტ-ელექტრონიქსის“ დამფუძვნებელთან და 70 ათასი დოლარი ვთხოვე.

– მანამდე გქონდათ ურთიერთობა?

– რამდენიმე თვით ადრე მე და დედა ვიყავით მათ მაღაზიაში რაღაცის შესაძენად. გათამაშება მიმდინარეობა, რომელშიც პირველად თამაშდებოდა მანქანა. უცებ დედა ხსნის ქაღალდს, რომელსაც ზედ აწერია „მანქანა“. ატყდა ერთი ამბავი და რადგან ეს მანქანის პირველი გათამაშება იყო, თავად ბატონი ანზორი მოვიდა მოსალოცად. აღვნიშნეთ და ერთმანეთი გავიცანით. ჩვენი საქმიანობის შესახებ მოვუყევით და თანამშრომლობაზეც ვისაუბრეთ. ამით შემოიფარგლებოდა ჩვენი ურთიერთობა. როცა მე მივედი და 70 ათასი დოლარი ვთხოვე, დავპირდი, რომ ამ თანხას სამ თვეში ჩავაბარებდი. ამ კაცმა ხელი გამიმართა და მართლაც, კუთვნილი ფული სამ თვეში დავუბრუნე. ვისარგებლე ჩემი მეუღლის კონტაქტებით, პოტენციურ კლიენტებთან პირადად მივდიოდი და თანამშრომლობას კარგ ფასად ვთავაზობდი. პროფესიით მოდელიერ-დიზაინერი ვარ, თუმცა უნიფორმების შეკერვაზე გადავერთე. მოკლედ, მოვახერხე გაჭირვებისთვის თავის დაღწევა. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ყველანაირად ვცდილობ, წარმატებული იყოს. ქართული თუ უცხოური წარმომავლობის უამრავი ჯილდო მაქვს აღებული.

– ცოტა ხნის წინ ბევრმა გაიგო, რომ კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდი და ცდილობდი, მანქანა გაგეყიდა, რომ ბანკს არ წაეყვანა. როგორ აღმოჩნდი ამ მდგომარეობაში?

– სტრესმა მიმიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩემი პრობლემის შესახებ „ფეისბუქზე“ დავწერე. სულაც არ მიფიქრია, რომ ეს საზოგადოების განსჯის საგანი გახდებოდა. მხოლოდ ჩემს სამეგობროს გავუზიარე ჩემი პრობლემის შესახებ. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი პრობლემა შეგვექმნებოდა, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე ფინანსური პრობლემები წარმოიშვა. ჩემი ოჯახი არასდროს იხევს უკან, თუ ვინმესთვის რამის გაკეთება შეუძლია. ამას სიკეთის კეთებადაც არ აღვიქვამ. თუ ადამიანს შესაძლებლობა გაქვს, ვინმეს დაეხმარო, ამაზე არც უნდა დაფიქრდე ისე უნდა გააკეთო და არც დამახსოვრებაა საჭირო. მაგრამ ზუსტად ამ გასაჭირის დროს აღმოვაჩინე, რომ არ დავიწყებიათ. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელმაც „ფეისბუქით“ გაიგო ეს ამბავი, დამირეკა და რამდენიც ჰქონდა, იმდენი მოგვცა. მე ბევრს მიწყვეტდა ეს თანხა. ოღონდ მაშინ არ წაეყვანათ მანქანა და დასრულდებოდა ეს შეზღუდვები, რესტორანი გაიხსნებოდა, ფაბრიკაში შეკვეთებს ავიღებდი და როგორც აქამდე ვშრომობდი, ისევ ისე გავაგრძელებდი. ასეც მოხდა. ნელ-ნელა ყველაფერი იხსნება და მეც ამოვისუნთქე. სახელმწიფოსგან მადლობებს ველოდებოდი და უცებ ტყუპი წიხლი მივიღე. ვერ ვხვდები, რატომ, მაგრამ არა უშავს, ჩემს ოჯახს შეუძლია თავის გატანა. ბოლო რამდენიმე წელი ისედაც ჯოჯოხეთში ვიცხოვრეთ.

– რესტორნის გახსნაც გადაწყვიტე ყველასთვის ცნობილ სახლში, რომელიც შენი საკუთრებაა...

– დედაჩემის მსგავსად, სტრესის დროს ჩემი გონებაც აქტიურად მუშაობს და ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა, გამეკეთებინა. გადავწყვიტე, რესტორანი გამეხსნა. თუმცა, ეს იდეა მანამდეც მქონდა, რადგან არ მახსოვს, ადამიანს გავმასპინძლებოდე და ის ჩემგან ძალიან კმაყოფილი არ წასულიყო. ამიტომ მინდოდა, რაც შეიძლება, მეტს დაეგემოვნებინა ჩემი კერძები. ფართის დაქირავების საშუალება მე არ მქონდა, თან, ამ სახლში გადაღებულია სერიალი, „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელიც ყველამ იცის და ვგრძნობდი, რომ ეს ყველას ინტერესს იწვევდა. ისეთივე ოჯახურ და შინაურულ გარემოში გავუმასპინძლდები ჩემს სტუმრებს, როგორც აქამდე. ვერანდებიც მაქვს, რამდენიმე სამზარეულოც და თუ ვინმე გადათვრა და წასვლა ვერ შეძლო, დასარჩენი ოთახიც მექნება. მოკლედ, ბევრი გეგმა მაქვს.

– ბოლო რამდენიმე წელი ჯოჯოხეთში ვიცხოვრეო, რას გულისხმობდი?

– ჩემი მეუღლე მიშა სააკაშვილის დროს ძველი თბილისის გამგებლის მოადგილე იყო. მან ძალიან კარგად იცის პოლიტიკა და არჩევნები, რადგან მანამდე ამ მიმართულებითაც მუშაობდა. დაიჭირეს მაშინ, როცა მერიის მაღალჩინოსნები დააპატიმრეს მილიონობით ლარის გაფლანგვის ბრალდებით. გამოაცხადეს, თითქოს მიითვისეს ეს ფული, არადა არამიზნობრივ ხარჯვაზე იყო საუბარი, თუმცა ესეც სისულელე იყო. ჩემს ქმარსაც ედებოდა ბრალი, როცა არაფერ შუაში იყო, რვა წელი წინ და უკან ატარეს, ყველა ინსტანციაში უჩივლეს და გაამართლეს. ჩემი შვილი ახლა 22 წლისაა და თავის ცხოვრება აქვს, მაგრამ მაშინ პატარა იყო და დიდი სტრესი გამოიარა. მასწავლებლები ცუდად ეპყრობოდნენ, ყველას ეგონა, რომ ჩვენ მილიონები გავფლანგეთ. რომ დაგუგლო ჩემი ქმრის სახელი და გვარი იმდენ მასალას ამოგიგდებთ, შეიძლება, გაგიჟდეთ. ამის გამო კოშმარი გადავიტანეთ. ხელისუფლებას არ უნდოდა საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა და ცდილობდნენ, დიტოს დანაშაული ეღიარებინა. დაიწყეს შანტაჟი, თუ ამას არ იზამთ, შენს ოჯახს ავაწიოკებთო. დიტომ უარი თქვა. მერე დაიწყეს ჩემი დაჭერები და წინ და უკან ტარება მუქარით, შენმა ქმარმა ესა და ეს დაწეროსო. მე ვეუბნებოდი, არც უქნია და არც დაწერს, რომც ექნა, არ დაწერდა და რომ დაწეროს, საერთოდ გავშორდები-მეთქი. სპეციალურად ღამე მატარებდნენ, რომ მეტი სტრესის ქვეშ ვყოფილიყავით. მერე ჩემს ფირმაში შემოვარდნენ. წლების განმავლობაში კეთილგადამხდელთა სიაში ვიყავი, სიგელები სიგელებზე მქონდა და ამ დროს, ოღონდ დიტოს რაღაც დაეწერა, აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და როგორღაც გიგი უგულავას საქმეში ჩააკვეხეს. არადა, გიგი ზუსტად იმ პერიოდში გავიცანი, მანამდე არც კი ვიცნობდი. ვერაფერი იპოვეს, მაგრამ ფირმამ რეპუტაცია დაკარგა. როგორია, ხალხს უმტკიცო, რომ უმართლესი ხარ და მოწმენდილ ცაზე ასე გექცევიან, დაუჯერებლად ჟღერს. შეიძლება, მილიარდში ერთია ასეთი შემთხვევა, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში ნამდვილად ასე მოხდა. მერე დიტო სხვადასხვა ინსტანციამ გაამართლა. იცით, როგორი პატიოსანი ქმარი მყავს? დედამიწის ზურგზე მეორეს ვერ იპოვით მისნაირს და თან უგზო-უკვლოდ განათლებულია. ამ დროს დაიღუპა დედამისი, დეიდამისი, მამიდამისი. ჩემს მეუღლეზე ნერვიულობით სამი ადამიანი გარდაიცვალა. მის გარდა არავინ ჰყავდათ, ორს კიბო დაემართა, ერთს გული გაუსკდა. ყველა ჩემთან ცხოვრობდა, ყველას მე მოვუარე და ყველა მე დავასაფლავე. ამ დროს დედაჩემი სიმსივნიანია და მე კიდევ ამდენ საქმეს ვმართავ.

– როგორ გაუძელი?

– იმდენად დატვირთული ცხოვრება მაქვს და იმდენი რამის მოგვარება მიწევს, მოდუნების დრო არ მრჩება. ჩემი სამსახური ჩვენი მამოძრავებელია და თან, ენერგიას მმატებს. კარგადაც რომ ვარ, ყოველთვის ალტერნატიურ ბიზნესზე ვფიქრობ და ისეთი მაგარი იდეები მაქვს, რომ არ ვიცი. მიუხედავად ყველაფრისა, ვთვლი, რომ დედამიწის ზურგზე ყველაფერში გამიმართლა. მით უმეტეს ყველაზე მთავარში – 22 წელია, უბედნიერესი ქალი ვარ. ყოველდღე მადლობას ვეუბნები ღმერთს იმისთვის, რომ 17 წლის ასაკში გადავწყვიტე დიტოს გავყოლოდი ცოლად. გაცნობიდან სამ კვირაში გადავდგი ეს ნაბიჯი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც ასე მაგრძნობინებდა თავს და ეს ყველაზე მყარი გადაწყვეტილებაა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ასაკით დიდი ქმარი მეყოლებოდა და ასეც მოხდა – დიტო ჩემზე 11 წლით უფროსია. წლების განმავლობაში ერთმანეთისთვის ყველანაირი საჩუქარი გვაქვს გაკეთებული. გასული წელიც განსაკუთრებული იყო – შვიდ ნოემბერს, ჩემს დაბადების დღეზე პირდაპირ ხელმოწერაზე დამაყენა მეჯვარეებთან ერთად იუსტიციის სახლში. ის კი იცოდა, რომ კაბა ცხრა წლის წინ ვიყიდე (იცინის). ამდენი წელია, ერთად ვართ, მაგრამ არც ხელი გვქონდა მოწერილი და არც ჯვარი დაგვიწერია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი