საზოგადოება

მიხეილ ჯავახიშვილი – გალაკტიონ ტაბიძისადმი

№32

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 17.08, 2022 წელი

მიხეილ ჯავახიშვილი
დაკოპირებულია

„ძმაო გალაქტიონ!

მოულოდნელად წახვედი ტფილისიდან. ვეღარ მოვასწარი შენთან დაწვრილებით მოლაპარაკება. აქამდე ვიყავით დაუსრულებელ რჩევა-ბაასში. შენც დაგვჭირდი, მაგრამ უკვე წასულიყავი. ეხლაღა გავათავეთ. გვაკლია მხოლოდ წესდება და შენი პასუხი. მერე წარვუდგებით სადაც ჯერ არს და ძალიან გვსურს, რომ იმ დღისთვის შენგანაც მოგვივიდეს თანხმობა. გიგზავნი დეკლარაციას. ეს არის საბოლოო ტექსტი. შენიანად 14 ვიქნებით. ყველას გვიცნობ: მე, გერონტი, სანდრო, ლეო, შალვა დადიანი, კაპანელი, ჭიჭინაძე, მეტრეველი, მოსაშვილი, გორგაძე, ქავთარაძე, ტატიშვილი და სულიაშვილი. ჯერ ოფიციალურად არ გამოვჩენილვართ, მაგრამ გახმაურებამ დიდი ჩოჩქოლი გამოიწვია მწერლებში. საზოგადოებაც ძალიან დაინტერესდა. უმთავრესი დუღაბიც ძმობა და პატივისცემა მრავლად დაგვიგროვდა, მუშაობის გეგმას დაწვრილებით მერე გაგაცნობთ, როცა დაბრუნდები.

პირველ რიგში მიდის ალმანახის გამოცემა. მასალებს უკვე ვაგროვებთ. იმედია შენც დაიჭექებ ძველებურად. ველით მოუთმენლად ორიოდე ლექსს – მყივარსა და მქუხარეს. თუნდაც ლირიკა იყოს შენი სახელი და ოსტატური ხელი ყოველივეს მოერევა. მაშ ასე, ჯერ საჩქაროდ დააბრუნე ხელმოწერილი დეკლარაცია, რომელსაც გიგზავნი. ეს არის ჩვენი უკანასკნელი სიტყვა. მერე ჩაუჯექი წერას და მალე გამოგზავნე. ალბათ, დაწერილიც გექნება – გამოაყოლე. ოღონდ გთხოვთ ყველანი, ეს დეკლარაცია არავის წაუკითხო. პირველად ალმანაჰში გამოვა. დარწმუნება აღარ გინდა. ცხადია, შენც გაიგე საბოლოოდ, რომ განზე სიარული დავიწყებას უდრის. ერთმანეთი უნდა გავიტანოთ ყველგან და ყველაფრით, თორემ უპატრონო ქათმებივით შეგვჭამენ. მეტი გზა არ არის, ეპოქის ნაბიჯს უნდა ავყვეთ.

კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ქაღალდი ვერ დაიტევს დაბრუნდები და გაიგებ. ისე არ შევხვდებით ერთმანეთს არიფები, რომ შენც არ გაგიხსენოთ. ამბობდი თურმე ორ კვირაში დავბრუნდებიო. ორი თვეც გადის, ამბავიც არ გვესმის. ერთი წერილი მაინც მოგვწერე ამ მისამართით: ელბაქიძის ქ. (ვერის დაღმართი) N21, მიხ. ჯავ-ლს (დაკვეთილი).

აბა კარგად იყავი. დაბრუნდი განკურნებული. ყველანი გითვლით არიფულ სალამს და აქედან გიწვდით ძმურ ხელებს.

შენი ძმა და მეგობარი მიხეილ ჯავახიშვილი.”

ტფილისი, 3.IV.1927.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი