საზოგადოება

მესამეკლასელებმა ყვავილების ტრადიციული დღესასწაული გააცოცხლეს

№22

ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:40 02.06, 2023 წელი

ყვავილების ფესტივალი
დაკოპირებულია

კახეთში ვარდობისთვეში იმართებოდა ყვავილთა დღესასწაული – არიფანა. ბავშვები შინიდან წაიღებდნენ პურ-მარილს, უმეტესად ტკბილეულს, ტკბილ სასმელებს და ბუნებაში გაშლიდნენ სუფრას, რომელიც ამასთანავე ვარდებით, ზიზილებითა და სხვა ყვავილებით იყო დამშვენებული. თვით ბავშვებს ყვავილთა გვირგვინები ედგათ თავზე, უმეტესად გვირილებისა. იქვე ირჩევდნენ ამ დღესასწაულის დიასახლისს, რომელიც ზრუნავდა ყველა მონაწილეზე. ბავშვები მღეროდნენ, ამბობდნენ ლექსებს, ცეკვავდნენ და თამაშობდნენ.

ქვემო ქართლში არიფანას გოგონები მართავდნენ, უმეტესად ზაფხულის დამდეგს, ამაღლების დღესასწაულის დროს. დილით ისინი მინდორში მიდიოდნენ, დაკრეფდნენ ყვავილებს და კონებად შეკრულს დებდნენ ქილაში, სადაც უმძრახად მოტანილი წყალი ესხა. შემდეგ სოფელში ჩამოივლიდნენ, ამ ყვავილებს ძროხების პატრონების ეზოებში გადააბნევდნენ და მღეროდნენ:

ჭია-ჭუა გადავყარე,

ვარდის კონა შემოვყარე,

ეს ზიზილა – თქვენ,

საღამოს რძე – თქვენ,

დილის რძე კი – ჩვენ...

ძროხების პატრონები ბავშვებს რძეს, კვერცხებსა და შაქარს აძლევდნენ. ახალგაზრდები ამით ტკბილ კორკოტს ხარშავდნენ და სუფრას ბუნებაში შლიდნენ.

ქართულის სახელმძღვანელოში საინფორმაციო ტექსტის გაცნობის შემდეგ მესამე კლასის მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ, გაეცოცხლებინათ ძველებური ტრადიცია და სკოლის ეზოში აღენიშნათ ყვავილების დღესასწაული. ისწავლეს გაზაფხულთან დაკავშირებული სიმღერები და ლექსები, გოგონებმა ქაღალდისაგან დაამზადეს ყვავილების გვირგვინები, ბიჭებმა – ფოთლების. მოიტანეს სასურველი სასუსნაო. მოირთვნენ გვირგვინებით და ისევე, როგორც ძველად, გავიდნენ სკოლის ეზოში, დასხდნენ მოლზე, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, წაიხემსეს, იმხიარულეს და კმაყოფილები დაბრუნდნენ საკლასო ოთახში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი