საზოგადოება

მარიამ მელაძე: „ვცდილობ, ოჯახი და საქმე ერთმანეთს ისე შევუთავსო, რომ ორივე მხრივ მქონდეს წარმატება და ჰარმონია“

№1

ავტორი: „თბილისელები“ 15:00 07.01, 2021 წელი

მარიამ მელაძე
დაკოპირებულია

  მარიამ მელაძე ახალგაზრდა, წარმატებული დედაა, რომელიც საოცარი ენთუზიაზმით ახერხებს, იყოს კარგი მშობელი და წარმატებული საქმიანი ქალბატონი. მარიამისთვის „არტ-ბურიანი“ ძველი შემოქმედების ერთგვარი რეინკარნაციაა, სახელოვნებო მისწრაფებების განახლება და აღდგენა, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ საკუთარ შვილთან და მეუღლესთან ერთად ოჯახურ იდილიაში იყოს ჩართული. პატარა ციციასთან ერთად გაიზიაროს არა მხოლოდ გართობა-დასვენების, არამედ ბიზნესში ჩართულობის წუთებიც. სხვანაირად წარმოუდგენელიცაა, რადგან „არტ-ბურიანი“ ხომ ცნობილი ბიზნესმენ-ქალბატონის ციცო ფუტკარაძის ოჯახური ბიზნესია, მარიამი კი ამ დიდი ოჯახის რძალია და ერთგული მხარდამჭერი ამ წამოწყებაშიც. 

– მარიამ, რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა და ჰობი, ძირითადი პროფესიის გარდა, რითი ხართ დაკავებული?
– ჩემი საყვარელი საქმიანობა გახლავთ თითქმის ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ. ვცდილობ, ამით ავიმაღლო ჩემი ყოველდღიური განწყობა. ძალიან მიყვარს ოჯახთან ერთად სხვადასხვა სახის გასვლა ქალაქში თუ ქალაქგარეთ და ათასნაირი თავგადასავლები. და რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი საყვარელი საქმიანობა ჩემს მეუღლესა და შვილზე ზრუნვაა. ბავშვობიდან ვმღერი, უამრავ სხვადასხვა სცენაზე ვმდგარვარ, თბილისში თუ მის გარეთ. ძალიან კარგად მახსენდება ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი, მიყვარს მთა და თხილამურები, ასევე, ბავშვობიდან ვხატავ და მიყვარს, ზოგადად, ხელოვნება და ხელოვანი ხალხი. ისე გამოვიდა, რომ ეს სფერო ყველას ვარჩიე და ჩემს ძირითად საქმიანობად გავიხადე.
– ოჯახი და საქმე – როგორ უთავსებთ მათ ერთმანეთს?
– ვცდილობ, ოჯახი და საქმე ერთმანეთს ისე შევუთავსო, რომ ორივე მხრივ მქონდეს წარმატება და ჰარმონია. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, გამომდის კიდეც. მეუღლე ყოველთვის მხარში მიდგას და იზიარებს ჩემს იდეებს, რაც ერთგვარი გენერატორია.
– რას ნიშნავს თქვენთვის ახალგაზრდა დედის ამპლუა?
– დედობა ყველაზე საოცარი რამაა, რაც კი ოდესმე მიკეთებია ცხოვრებაში. მყავს ციცია, რომლის დედობაც ბედნიერებაა და სხვა არაფერი. მიხარია, რომ სწორედ მე ამირჩია დედიკოდ. ჩემთვის დედობა უმაღლესი ღირებულებაა.
– როგორი ხართ შვილთან ურთიერთობაში?
– მე და ციცია ერთად დიდ დროს ვატარებთ. მასაც, ჩემსავით, ბავშვობიდან შევაყვარე ხელოვნება. უყვარს ხატვა, ძერწვა, სიმღერა, ცეკვა და სხვა ბევრი რამ. ამ ყველაფერს ძალიან ხშირად ერთად ვაკეთებთ. აქტიურადაა ჩართული მის აღზრდაში მამაც. ყველაზე ბედნიერი სწორედ მაშინაა, როცა სამივე ერთად ვთამაშობთ, ვსეირნობთ ან წიგნებს ვკითხულობთ. ყოველთვის ვცდილობ, მასთან ურთიერთობის დროს საინტერესო ვიყო და მისი ცნობიერების ასამაღლებლად ბევრი ინფორმაცია მივაწოდო.
– იქნებ თქვენი მხატვრული გატაცების შესახებ უფრო დეტალურად მოგვითხროთ და ამავე დროს, მის ჩართულობაზე თქვენს ოჯახურ ბიზნესში.
– ჩემი მხატვრული გატაცება ჩემს ძირითად საქმიანობად ვაქციე და წინ დიდი გეგმები დავისახე, ბევრი სურვილი და ოცნება მაქვს, რომელსაც აუცილებლად ავიხდენ. ბავშვობის შემდეგ დიდი პაუზა მქონდა ამ კუთხით. ყველაფერი კი პანდემიის დროს დაიწყო, თვითიზოლაციაში. დავიწყე ხატვა და ხელით სხვადასხვა ნივთის შექმნა, ძველი ავეჯის გადაკეთება... ეს ყველაფერი საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა და სულ მავიწყებდა ჩემი სამყაროს გარეთ ასეთი ქაოსი რომ იყო. ვფიქრობ, ეს პანდემიის პერიოდი ძალიან კარგად გამოვიყენე, ბევრი რამ გავიხსენე, ბევრიც ვისწავლე და წინ წავიწიე. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი მაშინ, როდესაც გადავწყვიტე, ჩემს დედამთილს მივხმარებოდი და სწორედ ხელოვნების კუთხით ჩავბმულიყავი ჩვენს ოჯახურ ბიზნესში. თავიდან ვყოყმანობდი, რადგან თვითნასწავლი ვარ და არ ვიცოდი, ეს ყველაფერი როგორ გამომივიდოდა, თუმცა ამ გადმოსახედიდან უბედნიერესი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. მიხარია, რომ ქალბატონი ციცოს კიდევ ერთ არაჩვეულებრივ წამოწყებაში მეც ვეცადე, მის გვერდით ვყოფილიყავი და ჩემი თავი მაქსიმალურად გამომეხატა და დავხარჯულიყავი. სულ მალე „არტ- ბურიანი“ დიდი სიყვარულით გიმასპინძლებთ და სწორედ, აქ შეგეძლებათ, იხილოთ ჩემი შემოქმედება სხვადასხვა მიმართულებით. დიდი მადლობა ქალბატონ ციცოს ნდობისთვის, რომ თავის გამოვლენის ასეთი საშუალება და ბიძგი მომცა.
– რას ურჩევდით ახალგაზრდა დედებს?
– ახალგაზრდა დედებს ვურჩევდი, მეტი დრო დაუთმონ შვილებს, მათ თქვენს სითბოსა და სიყვარულზე მეტად არაფერი ახარებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი