საზოგადოება

მალხაზ ქვრივიშვილი: ადამიანმა ხშირად უნდა გააკეთოს საკუთარი ცხოვრების ანალიზი, იყო დრო, როცა ვერ ვიცილებდი ცუდს

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 21.09, 2023 წელი

მალხაზ ქვრივიშვილი
დაკოპირებულია

მალხაზ ქვრივიშვილის "უცნობი მხარე" 👇

– ვინ არის მალხაზ ქვრივიშვილი?

მალხაზ ქვრივიშვილი: მე ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ, რომელიც ამ სამყაროს ძალიან საინტერესო და ბედნიერ პერიოდში მოევლინა. ამ ყოფაში თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი და პატარ-პატარა გამოცდები ჩავაბაროთ. და თუ როგორ გავივლით განსაცდელებს, იმაზე მიუთითებს, როგორი ადამიანები ვართ ჩვენ. სამყაროში სიკეთეც ბევრია და ბოროტებაც, მთავარია, ჩვენ საით წავალთ. მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც უყვარს ადამიანები და ურთიერთობები. მგონია, რომ ვარ უღალატო, პასუხისმგებლიანი, მოსიყვარულე და როგორც ჩემი მეუღლე ამბობს, თბილი და ტკბილი ადამიანი (იცინის).

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– სიმშვიდეში ცხოვრება და საბედნიეროდ, უფალმა მომცა ეს სიმშვიდე. მაქვს ოჯახი და სიყვარული, რომელიც სულიერ კომფორტს მანიჭებს. ეს ბედნიერებაა. შეიძლება, სხვა ფიქრობს, რომ ბედნიერებაა სახლი, აგარაკი, კარგი მანქანა და ანგარიშზე ათი მილიონი. ვალი რომ არ გაქვს, შენც კარგად ხარ და შენ გარშემო ადამიანებსაც ბედნიერად აცხოვრებ. კი ბატონო, ესეც ძალიან მაგარია, მაგრამ იმითაც კმაყოფილი ვარ, რაც უფალმა მომცა. მთავარია, ჯანმრთელები ვიყოთ და მშვიდობა გვქონდეს, დანარჩენი, ყველაფერი შესაძლებელია.

– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– მომენტალურად სოფელში ვიყიდდი საკუთარ სახლს. ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობ და ვერაფრით მოვაბი თავი. იქნებ, გამიმართლოს ოდესმე. ძალიან მიყვარს სოფელი, ხეხილი, მეზობლების გარემოცვა და ის ყველაფერი, რაც სოფლის სახლს უკავშირდება. რომელ სოფელშიც დავსახლდებოდი, ყველაფერს გავაკეთებდი მის ასაყვავებლად. ყველა მეზობელს დავეხმარებოდი და სოფელიც აშენდებოდა.

– რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად?

– სადაც სიკეთეა, იქ ბოროტებაა, სადაც სინანულია, იქ სიხარული და ბედნიერებაცაა. კარგი და ცუდი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. დრო გასწავლის ბევრ რამეს. ადამიანმა ხშირად უნდა გააკეთოს საკუთარი ცხოვრების ანალიზი, ამისთვის მოგვეცა ტვინი. მე ვცდილობ, შეცდომები აღარ დავუშვა. ცუდი ახლოს აღარ მოვუშვა და მხოლოდ პოზიტივით ვიცხოვრო. იყო დრო, როცა ვერ ვიცილებდი ცუდს და ამას განვიცდიდი, სასოწარკვეთილებაც იყო და უბედურების შეგრძნებაც, მაგრამ მერე დგება ეტაპი, როცა ბედნიერი და წარმატებული ხარ. ცუდს აუცილებლად მოჰყვება კარგი, ეს არის ცხოვრება. მთავარია, როგორ გადალახავ განსაცდელებს. არ უნდა გაბოროტდე.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...

– ალბათ, დროთა განმავლობაში მეხსიერება ვეღარ იტევს აუარებელ ინფორმაციას, თვალი იმახსოვრებს ადამიანებს, მაგრამ ტვინმა შეიძლება, დაგაღალატოს და ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა, ადამიანი მოსულა, ძალიან გულიანად მოვუკითხივარ მეც და ჩემი ოჯახიც. მე ვუყურებ და ვხვდები, რომ ძალიან მაგრად უნდა ვიცნობდე, მაგრამ ვერც სახელს ვიხსენებ, ვერც მასთან ერთად გატარებულ დროს და თავს საშინლად ვგრძნობ. ვფიქრობდი, მარტო მე ხომ არ მჭირს ასეთი რამ-მეთქი და საბედნიეროდ, არა, ბევრისგან მოვისმინე იგივე.

თუმცა, ყველაზე დიდი უხერხულობა მორის ფოცხიშვილისადმი მიძღვნილ საღამოზე შემემთხვა. მის ლექსებს ვკითხულობდით. ძალიან აკადემიური და ლამაზი საღამო იყო. უმაგრესი საზოგადოება იყო შეკრებილი რუსთაველის თეატრში. ბევრი ლექსი წავიკითხე და მაინცდამაინც ერთადერთი, ყველაზე პატარა ლექსი დამავიწყდა სცენაზე. დავიწყე მოყოლა და უცებ ყველაფერი ამომივარდა გონებიდან, ვეღარ ვაგრძელებ. მოვტრიალდი და ჩავილაპარაკე – „ფუ, დამავიწყდა-მეთქი“ და მიკროფონში ჩემი ეს სიტყვებიც გაისმა. მოტრიალება და გახსენება ერთი იყო. წამებში მოხდა ეს ყველაფერი, მოვბრუნდი და შევძახე, გამახსენდა-მეთქი. ისეთი ტაში და ემოცია წამოვიდა მაყურებლისგან, ვერც აღვწერ. ძალიან ბუნებრივი, სანახაობრივი და იუმორნარევი სცენა გამოვიდა და ალბათ, ამიტომ მაპატია მაყურებელმა. არადა, მე ისე უხერხულად ვგრძნობდი თავს, მერჩივნა, სცენა გამსკდარიყო და ჩავვარდნილიყავი. მერე ყველა მეუბნებოდა, ეს რა მაგრად გააკეთეო და მაგრად კი არა, იმ წამებში ერთი სიცოცხლე დავამთავრე. ის უხერხულობა არასდროს დამავიწყდება.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– პატარა ბიჭები ვიყავით, წყნეთში ვისვენებდით და მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გვერდზე კოტეჯში მცხოვრებ ადამიანს, რომლის სახელსაც არ დავასახელებ, თორემ სამივეს მოგვკლავს, ღვინით სავსე ბოცა მოვპარეთ (იცინის). ღვინის ქურდებივით ვიყავით. კარგად ვიქეიფეთ, მოვილხინეთ და თან, ღვინის პატრონს ვადღეგრძელებდით. მერე ვამბობდით, ალბათ, ის რას გვაგინებს და ჩვენ კი ვადღეგრძელებთო (იცინის).

– ბოლოს როდის მოიტყუეთ და რა?

– არ ვარ მატყუარა. რომ მინდა, ხათუნას რამე მოვატყუო, ის მაშინვე ჩემს შუბლზე კითხულობს სიმართლეს. ხუმრობანარევ ტყუილს ვგულისხმობ, თორემ ისე მოსატყუებელი არაფერი მაქვს. ხომ გაგიგიათ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო და ნამდვილად ასეა. ადამიანი ჩემს მოტყუებას რომ ცდილობს, პირს რომ აღებს უკვე ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ვუღიმი და ჩემს გზას ვაგრძელებ, არც კი ვბრაზდები. თუმცა, ზოგს ძალიან მაგრად უხდება ტყუილი. მეგობარი მყავს, რომელიც ყველა ამბის მოყოლისას ტყუოდა, მაგრამ ისე იხდენდა ამას, ყველას სიამოვნებდა მისი მოსმენა. რა თქმა უნდა, ეს ბოროტ და საზიანო ტყუილებს არ ეხება.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– როცა დამინახავს, რომ ძირს დაგდებულ ჩემს ძმაკაცს სამი კაცი ურტყამდა. მაშინ ნამდვილად ყველაზე სასტიკი ვიყავი. საერთოდ, ვერ ვიტან ასეთ რამეებს. ძირს დაგდებულს რომ სახეში წიხლებს ურტყამენ, ცუდად ვხდები. კიდევ, ვერ ვიტან ღალატს. ასეთ რამეებზე ჭკუა მეკეტება.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– მსოფლიო მასშტაბზე რა გითხრათ, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რაც ხდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, გადავიღეთ ბრიტანული სერიალი, რომელზეც მე ვიმუშავე, როგორც პროდიუსერმა და ამავე დროს, მსახიობიც გახლდით. ეს არის სერიალი „მსხვერპლი“, რომელიც ექვსი სერიისგან შედგება და ოქტომბერში გამოვა. ოქტომბერში გამოვა კიდევ ერთი სერიალი „სტუმარი“, რომლის პროდიუსერიც, ასევე, მე ვარ.

რაც შეეხება თეატრს, რუსთაველის თეატრში სამ სპექტაკლში ვარ დაკავებული: ვთამაშობ „ჰედა გაბლერში“, „პატარა უფლისწულსა“ და „12 განრისხებულ მამაკაცში“.

ახლახან მიმიწვიეს ესპანეთის ქალაქ მარბელაში საერთაშორისო ფესტივალის არტდირექტორად, ესპანეთის ანდალუსიის რეგიონის ქართული კულტურის ცენტრის „ევროჯორჯიას“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების ფარგლებში დავაარსეთ საერთაშორისო დიასპორული კინოფესტივალი „ქართული კინო საზღვრებს გარეთ“, რომელიც გაზრდის ქართული კინოს ცნობადობას საქართველოს საზღვრებს გარეთ. ასევე, ვიზრუნებთ ნიჭიერი ქართველი ემიგრანტი მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩართულობაზე ქართულ კინოსივრცეში. 4 ოქტომბერს იწყება მარბელას საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 17 წელია, არსებობს და ზუსტად მას დავამთხვიეთ ჩვენი დიასპორული ფესტივალიც. მარბელას საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილია მრავალი ჯილდოს მფლობელი ორი ქართული ფილმი: ლევან კოღუაშვილის „ბრაიტონი“ და ნიკა აგიაშვილის „დელილა“ – ორივე ფილმისგან წარმატებებს ველოდებით. ასევე, პირველად საქართველოში, წყალტუბოში ჩამოვაყალიბეთ საინტერესო პროექტი – ტურისტული ფილმების ფესტივალი, რომელიც 28-30 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალი ემსახურება ქვეყნის ტურიზმის განვითარებას და პოპულარიზაციას გაუწევს ტურისტულ პროდუქტებს და ქართულ ბრენდებს, მე გახლავართ ამ ფესტივალის მენეჯერი და წარმომადგენელი საქართველოში, ხოლო ფესტივალის დამფუძნებელი გახლავთ ნატალია სტიუარტ-ფოქსი, რომელიც ქართული დიასპორის ერთ-ერთი წარმატებული წარმომადგენელია, ცხოვრობს ინგლისსა და ესპანეთში, წლებია, ემსახურება ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ასევე, არის „სავაჭრო პალატის“ წარმომადგენელი უელსში და ესპანეთში, ქართული კულტურის ცენტრისა და Reality Star Production-ის დამფუძნებელი, მრავალი საერთაშორისო პროექტის ავტორი და ორგანიზატორი.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?

– ყველაზე რთული საკუთარ თავთან დამარცხებაა. როცა მომავლის იმედი გადაგეწურება, ძალიან მძიმეა. მქონია ასეთი შემთხვევა. 40 წლის ასაკში ვფიქრობდი, რომ დავმარცხდი, ვფიქრობდი, რომ ცხოვრება დამთავრდა. ბევრმა რამემ დაკარგა აზრი. ძალიან ბევრი ცუდი ამბავი მიეწყო ერთმანეთთს. ფიქრებმაც ცუდი მიმართულებით წამიყვანეს. ბევრი ძვირფასი ადამიანი შემომაცალა გვერდიდან, გარდაიცვალნენ და მეც სხვანაირად დავიწყე სამყაროს აღქმა. ამ დროს, შეიძლება, ვიღაცის განსაკუთრებულმა თანადგომამ ან უბრალოდ, ადამიანის ერთმა ზარმაც კი გამოგაფხიზლოს. ზუსტად იმ დროს, როდესაც იმედგადაწურული ვიყავი, რამდენიმე წლის უნახავმა, ჩემი ბავშვობის მეგობარმა დამირეკა. აღმოჩნდა, რომ მასაც ზუსტად იგივე განცდები აწუხებდა. არ ვიცი, შეიძლება, ასაკის ბრალიც იყო, გარემოებებისაც. ალბათ, ეს ცხოვრების ის ეტაპია, რომელიც უნდა გამოიარო, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვებაც ამის გადალახვაა. უფალი ბევრ განსაცდელს გვიგზავნის, ცხოვრების გზაზე ეკალ–ბარდებიც გხვდება და მისი გავლა ადვილი არ არის. რაც ადვილია, ადამიანები იმასაც კი ვართულებთ, მაგრამ გავიარე და დღეს სულიერად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. კარგი იქნებოდა, რომ ასეთი საშინელი კატაკლიზმები არ ხდებოდეს და ადამიანები საკუთარ და ერთმანეთის კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე ვზრუნავდეთ, თუმცა ასე არ ხდება. სულ სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაა, მაგრამ მთავარია, სიკეთის მხარეს სიარული არ შევწყვიტოთ და თავისუფლება შევინარჩუნოთ.

– სახლის საქმეებიდან რისი კეთება გიყვართ და რისი არა?

– შეიძლება, რაღაცების გაკეთება მეზარება ხოლმე, მაგრამ მაინც ვაკეთებ. რაც უნდა მთხოვონ, უარს არ ვიტყვი. ღამე რომ მთხოვოს ჩემმა მეუღლემ ქუთაისში ან კახეთში წასვლა, ავდგები და წავალ. დახმარება თუ დასჭირდება ვინმეს, მაშინვე მის გვერდით გავჩნდები. სახლში რამე თუ გაფუჭდება, ყველაფერს შევაკეთებ, მშვენივრად გამომდის. დავალაგებ კიდეც, ჭურჭელსაც გავრეცხავ და საჭმელსაც მოვამზადებ. მომწონს კიდეც ხანდახან ჩემებურად და გემრიელად რომ ვამზადებ საჭმელს. ხათუნასთან ერთადაც მიყვარს რაღაცების მომზადება. დედამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მესწავლა და დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. მეოჯახედ გამზარდა და მეუღლეც მეთანხმება, რომ ასეთი ვარ.

– გიფიქრიათ, როგორი იქნება ბევრი წლის შემდეგ სიცოცხლის დასასრული?

– ამაზე აუცილებლად უნდა იფიქროს ადამიანმა, თუმცა, ხანდახან ძალიან არ მინდა, ვიფიქრო. ჩვენი სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა, იმდენად, რომ ხანდახან ვბრაზდები კიდეც, მაგრამ არც ზედმეტია კარგი. იმ დღეს 85 წლის კაცზე ვკითხულობდი, არ ვიცი მართალი იყო თუ არა, მაგრამ თუ მართალია, ძალიან სევდიანი ამბავია. ამ ასაკში უკვე იმდენი ძვირფასი ადამიანი დავკარგე, რომლებიც უზომოდ მენატრებიან, რომ შეუვსებელი სიცარიელის განცდა მაქვს, ამიტომ, ალბათ, ჯობს, ამაზე არ იფიქრო.

– როგორ ფიქრობთ, მთავარი ძალა რაშია?

– ჩვენს რწმენასა და იმედში. მომაკვდავი ადამიანიც კი გადარჩენის იმედით ცხოვრობს. ახლაც ამ მდგომარეობაში ვართ, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება. ამისთვის ვლოცულობთ, სამყაროში მშვიდობისთვის ვლოცულობთ და შვილების ბედნიერი და თავისუფალი მომავლისთვის, პანდემიების, ომებისა და სხვა საშინელებების გარეadშე. სიყვარულით დავტკბეთ, ვიქეიფოთ, ერთმანეთს სიხარული მოვუტანოთ და ბედნიერები ვიყოთ.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ვამაყობ ჩემი შვილებით, მეუღლით, ოჯახით, დედით, რომელიც გვერდით აღარ მყავს, დეიდაშვილებით, ძმაკაცებითა და ყველა კარგი ადამიანით. ვამაყობ, რომ საქართველოში დავიბადე და ქართველი ვარ. საკუთარი თავითაც ვამაყობ. მიხარია, რომ პოზიტიური ადამიანი ვარ, სიკეთეს ვემსახურები და სულიერი სიმშვიდე მოვიპოვე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა