საზოგადოება

მაკა ბურდული: მამაჩემი იყო პირველი, ვინც მაშინ საბჭოთა კავშირიდან გავიდა

№4

ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 31.01, 2023 წელი

გუჯა ბურდული
დაკოპირებულია

კინორეჟისორ მაკა ბურდულს კინოსაზოგადოება კარგად იცნობს. მაკა გუჯა ბურდულის შვილია. მას და ბატონ გუჯას გასნაკუთრებული მამაშვილური ურთიერთობა ჰქონდათ. მსახიობი მამა რეჟისორი შვილის ვიდეოკამერაში სასულიერო პირის როლებით ხვდებოდა ხოლმე. სწორედ აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მას შედარებით მეტი ექნება მოსაყოლი, ვიდრე თავის, ასევე ცნობილ ძმებს, როკისა და ალტერნატიული მუსიკის მიმდევარ ლადო და ბაკურ ბურდულებს.

– მაკა, მე მინდა გაიხსენო, როგორ დაგამახსოვრდა მამას ცხოვრების ბოლო პერიოდი. საერთოდ, როგორია შვილის თვალით დანახული გუჯა ბურდული?

– სულ ისე მხნედ იყო. რაღაცებს ვგეგმავდით. ორივე კინოაკადემიის წევრი ვართ. კინოაკადემიის პრეზიდენტის არჩევნები რომ დაიწყო, მამამ თავისი კანდიდატურა წარადგინა, მაგრამ მოხდა ისეთი რაღაცები, რომ ძალიან გულნატკენი დარჩა. ჩემს გარდა არავინ მისცა ხმა.

– როგორც ვიცი, კოვიდის გამო ორჯერ მოხვდა საავადმყოფოში.

– თუ რამე შეიძლებოდა, ყველაფრით იყო აცრილი. ბაკურმა თავი გაიგიჟა, აუცილებლად უნდა აიცრან დედაც და მამაც, ორივე ასაკში არიანო. მე არ ვიყავი აცრის მომხრე, წინააღმდეგი ვიყავი. ეგონა, ვინც აცრილია, ყველა დაცულია და დღეს როგორც არის ხალხი დაცული, ხედავთ. ბაკურს მიჰყავდა აცრებზე და მოჰყავდა. ჩემი მეგობარი მუშაობს იმ კლინიკაში, სადაც ესენი აცრებზე მიდიოდნენ. მირეკავდა: მამაშენი იყო ჩვენთან, როგორ გაგვიხარდა ყველას, ამხელა მსახიობი რომ თვითონ მოვიდა, ფოტოებიც გადავიღეთო. თურმე, ისე უხაროდათ, ყველა სურათს იღებდა. აი, რომ მოიხადა კოვიდი, იმ დროს გამოცხადდა კინოაკადემიის არჩევნები და გუჯიმაც გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მინდაო.

– როგორც ვიცი, მამა ძალიან განათლებული ადამიანი იყო, ბევრს კითხულობდა, ურთიერთობა ჰქონდა ნაღდ თბილისელ, ასევე განათლებულ ადამიანებთან, ინტელიგენციასთან. მიუხედავად მისი ცნობადობისა, ძალიან უშუალო იყო. ოჯახში როგორი იყო?

– ჩვენს ოჯახში უფროსი ყოველთვის მამა იყო, ძალიან საინტერესო, უჭკვიანესი, თავმდაბალი, მართალი, ღვთისმოშიში ადამიანი, მისი სიტყვა ღვთის სიტყვასავით იყო. ყოველთვის ყველა ყურადღებით ვუსმენდით. ვამბობდით: რადგან მამამ თქვა, ესე იგი, ასე უნდა იყოს. თან, ზოდიაქოს ნიშნით ვერძი იყო. კარგად იცოდა, რისი აუცილებლობა იყო ოჯახში, რა და როგორ უნდა ყოფილიყო, არაფერი ეშლებოდა. არასოდეს ვეწინააღმდეგებოდით. ერთპიროვნული მმართველი იყო. რასაც იტყოდა, ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო. რა თემაზეც არ უნდა დალაპარაკებოდი, ყველაფერზე არაჩვეულებრივად გესაუბრებოდა. სულ კითხულობდა, სულ წიგნი ეჭირა ხელში. ჩვენთვის ისეთი მაგალითი იყო, ვერ წარმოიდგენთ.

– როგორი წიგნები მოსწონდა?

– მხატვრული ლიტერატურა უყვარდა, გამორჩეულად კი – ვაჟა-ფშაველა, თავიდან ბოლომდე ზეპირად იცოდა. სულ ვეუბნებოდით მეც, ლადოც, ბაკურიც, მოდი, ჩაგწერთო. მოდით მერეო. ვეუბნებოდი: მე ჩაგწერ კამერაზე ამათ სტუდიაში-მეთქი. ჩემს ძმებს, ორივეს თავიანთი ხმის სტუდია აქვთ. არაფრით არ გამოვიდა. მერე გამოცხადებული იყო რაღაც კონკურსი, დაგვირეკეს კიდეც, იქნებ, ვაჟა-ფშაველა რუსულად ჩავწეროთო...

– ვაჟა-ფშაველა – რუსულად?

– კი. ეს იყო, დაახლოებით, ხუთი წლის წინ. კულტურის სამინისტრომ გვთხოვა: ვაჟას რამდენიმე ენაზე ვწერთ და იქნებ ბატონმა გუჯამ რუსულად წაიკითხოსო. მამამ უარი უთხრა. რუსულად არ წავიკითხავ, ვაჟა-ფშაველა რუსულად რატომ უნდა წავიკითხოო?

– ბოლო საუბარი თუ გახსოვთ...

საავადმყოფოში გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მივედი, რაღაცები მივუტანე. ზონდი ეკეთა, მაგრამ მაინც შეეცადა, დამლაპარაკებოდა. ექთანმა, ნახეთ გელაპარაკებათო. ვუთხარი: ვაიმე, ვერაფერი ვერ გავიგე-მეთქი. გვინდოდა სახლში წამოგვეყვანა და გვითხრეს: როგორც კი წაიყვანთ, მაშინვე მოკვდებაო. არ ვიცი ასე ფულის გამო ამბობდნენ, გვაცადეთ, სახლში თქვენ ამას ვერ მოუვლითო, გვაშინებდნენ თუ რა... მაინც, მგონია, სახლში რომ ყოფილიყო, უფრო დიდხანს იცოცხლებდა. თუ გახსოვთ, რომ დამძიმდა, ინტერნეტშიც დავდე პოსტი – ყველამ ვილოცოთ, გუჯი მამა გადარჩეს-მეთქი. ყველა მეუბნებოდა, შენთან ვართ! ვლოცულობთო!

– ძალიან კარგად მესმის შენი. ამ დროს ძნელია, აკონტროლო ემოციები.

– კი, ასეთი რაღაცები მე უფრო მახასიათებს ოჯახში. მერე, ლადომ და ბაკურმა თქვეს: კაი, ერთხელ მოხვდა საავადმყოფოში, ვიცით, ძალიან ინერვიულე, დაწერე პოსტი, ხალხი შეაწუხე. კიდევ იმავეს ნუ აკეთებ. რამდენჯერ შეიძლება დაწერო, სირცხვილია! ეს ოჯახის საქმეა, ოჯახის შიგნით გადასაწყვეტი ამბავი და შენ პირადული რაღაცები სააშკარაოზე გამოგაქვს. არ არის საჭირო სოციალურ ქსელში ასეთი აქტიურობა და გაჩერდიო.

იცით, როგორი ვარ? სულ ვბობოქრობ რაღაცაზე. მე ჩემი გაგება მაქვს, იმ მომენტში მე ასე მიმაჩნია სწორად. ესენი უფრო დახვეწილები, აკადემიურები არიან. კაცური გადასახედიდან მიაჩნიათ, რომ არ არის ლამაზი. „გეხვეწებით, ილოცეთ მამაჩემისთვის“ – ეს რა არისო.

– ძმებს ახასიათებთ ეს შენიშვნები?

– არა, კაცო, რა ახასიათებთ. ხელის გულზე მატარებენ. მე ვარ ასეთი ემოციური. რაღაც რომ მაწუხებს, მგონია, ჩემი ტკივილი სხვებსაც შეაწუხებს, ყველაფერი, რაც მიხარია, მგონია, ყველას უხარია და ასე. მართლა ბევრი კეთილგანწყობილი ფეისბუქმეგობარი მყავს. თუ ვხედავ, რომ ადამიანი ასეთი არ არის, ვწერ: „მოდი, რა, აღარ მომწერო არაფერი“... ზოგადად, ლოიალური ვარ. ძალიან მალე ვივიწყებ წყენას, არ მიყვარს გულში ჩადება. ფსიქოლოგმა მასწავლა ეს და ქრისტიანულადაც ასეა: როცა გწყინს და ვერ პატიობ, იმ ადამიანს ატარებ მხრებით. წყენის გულში ჩადება, უპატიებლობა განგრევს. რა იცი, იმ დროს რა ხასიათზეა ის ადამიანი, თვითონ რა უბედურება სჭირს. ამიტომ, პიროვნულად ყოველთვის ერთსულოვანი უნდა იყო. ეს კარგი თვისება ბავშვობიდან მაქვს. მამაჩემიც მაგას მეუბნებოდა: ისეთი ხარ, არ შეიმჩნევ წყენასო. როგორც კი დაიტოვებ გულში, გამოდის იმდენად გეძვირფასება ის ადამიანი, რომ მხრებზე შემოისვი და მთელი ცხოვრება უნდა ათრიო. კიდევ – ტყუილს არ ვამბობ არასდროს. რომ მოიტყუებ, ის ტყუილი ხომ უნდა გახსოვდეს? წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გიყვარდეს ის ადამიანი, რომ მის გამო თქვა ტყუილი. მერე, მთელი ცხოვრება უნდა დაიმახსოვრო მის გამო რა მოიტყუე. ეს ლოგიკურად მიმაჩნია. უძინართა მზეშია“ ასეთი ფრაზა: არ არსებობს, ადამიანი არ გიყვარდეს, თუნდაც არ გეცოდებოდესო.

– მე ვიცი, რომ მამა ერთ დროს სუხიშვილების მოცეკვავე იყო.

– ფილმში „ჩვენი ეზო“ მამა გიორგი შენგელაიას დუბლიორი იყო. თუ გახსოვთ ის სცენა, დათო რომ გაიგებს, რომ ის ციცინოს უყვარს, გამოვარდება წვიმაში და სიხარულისგან ცეკვას იწყებს... მანდ, სადაც შორი კადრია, რეალურად მამა ცეკვავს. ახალგაზრდობაში სუხიშვილებში ცეკვავდა, სტაჟიორად იყო. მათ შორის ყველაზე მაღალი გუჯი იყო. სულ ცერებზე ცეკვავდა და გასაოცარი ის არის, რომ თითებთან რომ უდევთ, მას ეს არ სჭირდებოდა.

– რატომ დაანება თავი?

– იცი, როგორ აეწყო მისი ცხოვრება? ჯერ ბაბუაჩემი გარდაიცვალა, სულ მალე – ბებია, ნერვიულობისგან, მკერდის კიბო დაემართა. მამაჩემს ჩვენ დავრჩით პატარები და ასევე, ათი წლით პატარა და. ბაბუაჩემი მამაჩემს ბავშვობიდან აჩვევდა შრომას. თვითონ ბენზინით ვაჭრობდა, ავტოსადგომი ჰქონდა და მამასაც იქ ამუშავებდა ხოლმე, რომ თავისი ფული ჰქონოდა და ფულის ყადრი სცოდნოდა. მოკლედ, ოჯახს პატარა ბიზნესივით ჰქონდა. მერე, როდესაც ბაბუა გარდაიცვალა, ბიზნესის წილი მამაზე გადმოვიდა. ამდენი ხალხი ვყავდით სარჩენი. ამიტომ, ყველაფერზე უარი თქვა და ბიზნესში წავიდა. მუშაობდა, ეგრეთ წოდებულ, „ბენზინკალონკაზე“ და არაფერს გვაკლებდა. სახლში ტონობით პროდუქტი მოჰქონდა. მთელი ეზო დედაჩემის დაპურებული იყო. მახსოვს, მე და ჩემი ძმები თეფშებით, ლანგრებით როგორ დავრბოდით ზემოთ-ქვემოთ. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. ჩვენთან რომ საჭმელი კეთდებოდა, პირველად მეზობლებთან მივარბენინებდით. იქ იყვნენ მოხუცებიც, ვისაც საერთოდ შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მათთან ყოველდღე მიგვქონდა ცხელ-ცხელი სადილი, ზოგს პროდუქტებს ვაძლევდით, ფულს... აი, ასეთი მადლიანი მოტანა იცოდა მამამ. ამით ჩვენი მშობლები დიდ სიამოვნებას იღებდნენ.

– რომ არა მათი მაშინდელი ეკონომიკური მდგომარეობა, მამა, ალბათ, გაჰყვებოდა ცეკვას. როგორ ფიქრობ, თავად რას ამბობდა ამაზე?

– ბაბუა და ბებია რომ არ გარდაცვლილიყვნენ და ცოლ-შვილი არ ჰყოლოდა შესანახი, აუცილებლად გაჰყვებოდა ცეკვას და ისეთი აღნაგობა და მონაცემები ჰქონდა, ძალიან მაგარი მოცეკვავე იქნებოდა. საერთოდ, მამაჩემი იყო პირველი, ვინც მაშინ საბჭოთა კავშირიდან საზღვარგარეთ გავიდა. როგორც თვითონ ამბობდა, პირველი ჯინსებიც მან ჩამოიტანა ქვეყანაში. თავისი მკერავი ჰყავდა და სულ მას აკერინებდა ტილოს შარვალს, კოსტიუმს. იცით, რა ამბავი იყო ამაზე ქალაქში? როგორ აცვია... უყვარდა კარგი ჩაცმა. ძალიან მაგარი აღნაგობა ჰქონდა. იმ დროს მაღალი ბიჭები იშვიათი იყო. ტანად დედას ჰგავდა. ბებიაჩემი ორი მეტრი ყოფილა, კოტრიკაძეები ყველა ასეთი მაღლები იყვნენ. ბაბუა კი – ნორმალური სიმაღლის. სხვათა შორის, მამაჩემი კრივზეც დადიოდა ისე, რომ ოჯახმა არაფერი იცოდა. ჩხუბი ასე ისწავლა. ჯომარდობაზეც დადიოდა. მტკვარზეც ცურავდნენ, მაგრამ მტკვარი ბენზინით იყო გაჟღენთილი. იხსენებდა: ისეთი დაბინძურებული ამოვდიოდით, სულ ბენზინის სუნით ვყარდით, სახლში ვერ მივდიოდითო. მერე თბილისის ზღვა რომ გაიხსნა, იქ დაიწყო მუშაობა მაშველად. მან მოიგონა „თხილამურებით“ ცურვა – დაფაზე დავდგებოდით, თოკს გადავუგდებდით კატერს და ასე ვკატაობდით ზღვაშიო. ძალიან სპორტული იყო.

– ესე იგი, მსახიობი შემთხვევით გახდა.

– არა, მსახიობობა საერთოდ აღარ უნდოდა. ადრე ძველ ბიჭებს რომ ეძახდნენ, ეგ იყო. მთელი ვერა და გუჯი მღეროდნენ, ილხენდნენ, სულ ერთად იყვნენ სოლოლაკელი, ვერელი. პლეხანოველი ბიჭები, ზედმეტი სახელები ჰქონდა ყველას...

...ყოველღამე მესიზმრება. სულ მიღიმის სიზმარში. არაფერს ამბობს. უბრალოდ, დგას და მიღიმის. ერთხელ, ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი ნიცაში, ვისთან ერთადაც ვმუშაობ ხოლმე პროექტებზე და იმდენად ინტენსიურად მქონდა გადაადგილება, რომ ერთ დღეს რამდენიმე ქალაქში დავუნთე სანთელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი