საზოგადოება

მაია ბარათაშვილი: ჩემს შემთხვევაში, ალბათ, მარტო დარჩენა იყო საჭირო

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 24.02, 2021 წელი

მაია ბარათაშვილი
დაკოპირებულია

 გასულ გაზაფხულს მუსიკოს მაია ბარათაშვილს საიუბილეო კონცერტზე ვარსკვლავი გაუხსნეს, რაც შემოქმედი ადამიანისთვის დიდი დაფასებაა. ამ და სხვა თემებზე ქალბატონ მაიას ,,თბილისელები" ესაუბრა.

მაია ბარათაშვილი: ხელოვანი ადამიანისთვის საკუთარ ქვეყანაში ვარსკვლავის გახსნა ძალიან დიდი დაფასება და აღიარებაა. ფილარმონიის წინ ისეთი ადამიანების სახელები და გვარებია აღბეჭდილი, რომ მე არ ვთვლიდი თავს ღირსად, მათ გვერდით ჩემი ვარსკვლავიც გაეხსნათ. ის, რაც 3 მარტს ჩემს საიუბილეო კონცერტზე მოხდა, ღმერთის საჩუქარია. ეს იყო ულამაზესი შოუ, რომელმაც საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებულ ძალიან ბევრ მუსიკოსს მოუყარა თავი. კონცერტის პროდიუსერი იყო უნიკალური ადამიანი – მარინა სალუქვაძე. კონცერტის წინ, ერთ-ერთ კონსულტაციაზე, მარინამ პროგრამას გადამახედა და ძალიან მომეწონა. მითხრა: მთავარი ვერ შეამჩნიე, ჩვენ ვარსკვლავს გიხსნითო. მე ეს მართლა ვერ შევამჩნიე, უფრო მეტიც, ამას ნამდვილად ვერ დავუშვებდი. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს კულტურის პალატას, დათო ოქიტაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა.

– როგორც ვიცი, ადრეც იყო შემოთავაზება.

– იყო ამაზე საუბარი, მაგრამ მე უარზე ვიყავი. ბოლოს კი ძალიან დიდი მორიდებით, თუმცა გულის კუნჭულში ძალიან დიდი სიხარულით დავთანხმდი. ის, რომ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი საკონცერტო დარბაზის წინ ჩემი სახელი და გვარი წერია, არ იძლევა იმის მიზეზს, რომ ხელოვანი გაჩერდეს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მე არასდროს ვკმაყოფილდები იმით, რაც არის.

– ბოლო პერიოდში, როცა ხელოვან ადამიანებს სიცოცხლეში უხსნიან ვარსკვლავს, იწყება მსჯელობა, იმსახურებს თუ არა ამას. თქვენთან დაკავშირებით მსგავსი არაფერი მსმენია.

– ნამდვილად. აზრები იყოფა ხოლმე, არის დაპირისპირებები, ჯანსაღი თუ არაჯანსაღი კონკურენცია. ჩემამდე არ მოსულა ნეგატიური აზრი, თუმცა ადამიანი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. ეს წამოწოლისა და მიღწეულით ტკბობის უფლებას არ უნდა გაძლევდეს. მე ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი სიმღერა ჯერ არ მიმღერია. კარგად მახსოვს უფროსი კოლეგის, დიდი არტისტის ნათქვამი: 50 წლის რომ გავხდი, მერე მივხვდი, როგორ უნდა მემღერაო და ახლა ვხვდები, რასაც გულისხმობდა. ეს დაღვინებული ასაკია, როდესაც კარგად აცნობიერებ, რა გააკეთე, რა შეცდომები დაუშვი და რა მაღალ ნიშნულებს გინდა, მიაღწიო შემოქმედებით ცხოვრებაში.

– ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა გესაუბროთ. როცა წარმატებული ადამიანების საჯარო კარიერას ვადევნებთ თვალს, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ისინი, პარალელურად, სერიოზულ პრობლემებს ებრძვიან. თქვენც აღმოჩნდით პრობლემის წინაშე, თუმცა, ხელი არ ჩაგიქნევიათ.

– არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიქნიო ხელი. მე დიაბეტი მაქვს, რომელსაც ორი სახე აქვს. თუკი მის არსებობას ითვალისწინებ, ეს ცხოვრების წესი ხდება და არა დაავადება. მაგრამ თუკი ამ მდგომარეობას და მისგან გამოწვეულ გარემოებებს იგნორირებას გაუკეთებთ, ის ძალიან მზაკვარი დაავადება ხდება. ამ ორ მხარეს შორის ძალიან წვრილი ხაზი გადის. პირველ რიგში, კვებითი ჩვევებია შესაცვლელი. სწორი კვება დოზირებულ კვებას ნიშნავს. სიტყვა ბევრი უნდა გამორიცხოთ. მე მეორე ტიპის დიაბეტი მაქვს – ეს არის მსუბუქი ფორმა, რომელიც გარკვეული პრეპარატითა და კვებით რეგულირდება. სასურველია, ერთ ჯერზე სამას გრამზე მეტი საკვები არ მივიღოთ და დღის განმავლობაში, მინიმუმ ოთხჯერ ვიკვებოთ. აუცილებლად უარი უნდა ვთქვათ პროდუქტებზე, რომელიც ასე გვხიბლავს: თეთრი ფქვილი, ცომი, ნამცხვრები, კრეკერები, ტრანსცხიმები, მძიმე ცხიმები და შაქარი კი სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ. ეს არის აბჯარასხმული ჯალალედინი, რომელიც დიაბეტის მდგომარეობაში ორგანიზმს გვინადგურებს. შეგვიძლია, დოზირებულად მივიღოთ: ციტრუსი, გრეიპფრუტი, კივი, ვაშლი, მანდარინი. თუ ტკბილეულზე უარის თქმა გიჭირთ, აიღეთ დაბალპროცენტიანი ხაჭო, ერთი კივი, ნახევარი გრეიპფრუტი, ამდენივე ვაშლი და ფორთოხალი, დაჭერით ყველაფერი წვრილად, დააჭერით ერთი კურაგა, ერთი ქლიავის ჩირი, დაამატეთ ორასი გრამი ხაჭო და უგემრიელეს და ვიტამინებით დატენილ დესერტს მიიღებთ. თუ ელარჯი გიყვართ, ნუ შეჭამთ სიმინდის ფქვილს. აიღეთ „ჰერკულესი“, ჩაახეხეთ შიგნით ყველი, მოხარშეთ და გამოგივათ ძალიან გემრიელი ელარჯი. დაჭერით კომბოსტო, მწვანე ხახვი, კამა, მოაყარეთ მარილი, დაამატეთ მაწონი და უგემრიელეს სალათას მიიღებთ. გარდა ჯანსაღად კვებისა, აუცილებელია აქტიური მოძრაობაც. მე დღეში, მინიმუმ, ათ კილომეტს გავდივარ ფეხით.

– როდის დაიწყო ეს ეტაპი თქვენს ცხოვრებაში?

– დედას ჰქონდა დიაბეტი და ამით გარდაიცვალა. სამწუხაროდ, იმ პერიოდში არ იყო იმდენი საშუალება მასთან საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა წავიდა, კარგად მახსოვს, როგორ წვალობდა ამ დაავადების გამო. ოცი წლის წინ, როდესაც წონაში დაკლება მინდოდა და ენდოკრინოლოგთან მივედი, პრედიაბეტი აღმომაჩნდა. ახლაც მსუბუქი ფორმა მაქვს, რადგან ადრეული ეტაპიდან არ მივეცი განვითარების საშუალება. ოცი წელიწადია ვცდილობ, საკუთარ თავში მავნე ჩვევები დავთრგუნო. ვერ გეტყვით, რომ ძალიან მშვიდად შევხვდი ამ დიაგნოზს. იყო შიშის ფაქტორიც. ყველას ვურჩევ, ასე მოიქცეს. მე დიაბეტი ჩემს სასარგებლოდ ვამუშავე: გავხდი, გავლამაზდი – დაავადებასაც ვაკონტროლებ და ვიზუალსაც.

– გამორჩეული ჩაცმის სტილი გაქვთ, ყოველთვის დახვეწილად გამოიყურებით. რამ მოახდინა თქვენზე გავლენა?

– მამას ძალიან უყვარდა კარგად ჩაცმა. ინგლისური ტვიდისგან შეკერილი ძალიან მაგარი კოსტიუმების კოლექცია ჰქონდა. ასევე, ინგლისური ფეხსაცმელები და ჰალსტუხების უზარმაზარი კოლექცია. კოხტად ჩაცმა მისგან ვისწავლე. დედაც ძალიან ლამაზად იცვამდა, მაგრამ ის ძალიან მალე წავიდა ჩვენგან. მამა რომ სახლში არ იყო, გარდერობს გამოვაღებდი და მის ულამაზეს ტანსაცმელს ვათვალიერებდი. თუმცა, მე დიდად არ მივდევ მოდას. ჩემთვის მთავარია, ისეთი სამოსი მეცვას, რომელიც კომპლიმენტს გაუკეთებს ჩემს სხეულს – მინუსებს დაფარავს და პლუსებს გამოაჩენს.

– ჩვენს საზოგადოებაში ერთგვარი სტანდარტი არსებობს ოჯახის შექმნისთვის ოპტიმლურ ასაკთან დაკავშირებით. თქვენთვის როგორაა – გიფიქრიათ, ახლა უკვე გვიანიაო?

– არანაირი ზღვარი არ არსებობს. თუ უნდა, ქალს შეუძლია, 80 წლის ასაკშიც გათხოვდეს. ოჯახის შექმნა არ არის მხოლოდ ფიზიკური ასპექტი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი სულიერი ერთობაა. სულ ვამბობდი, რომ ოჯახის შექმნა არაა მარტივი, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომელიც თანამედროვეობაში აქტიურად მესმის და რომლის მიხედვითაც, პატარა პრობლემის გაჩენისთანავე ოჯახი უნდა დაანგრიო. ოჯახი დიდ მოთმინების უნარს მოითხოვს. მე ჩავთვალე, რომ ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება მომინდებოდა. არადა, ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ სწავლობს ადამიანი უფლის სიყვარულს, ეგოიზმის დათრგუნვას. თუმცა, ვფიქრობ, მისი შექმნა მაშინ ღირს, თუ კი ხვდები, რომ ეს შენი ცხოვრების ადამიანია.

– მაია ბარათაშვილი არის ქალი, რომელსაც ჰყავს გამორჩეული წინაპრები, რომელმაც შექმნა წარმატებული კარიერა, აქვს კარგი გარეგნობა და ასე შემდეგ – ამან შეგიშალათ ხელი ოჯახის შექმნაში?

– როდესაც საკუთარ თავს მაღალ ნიშნულს უდებ, ალბათ, სხვა ადამიანშიც, დაახლოებით მაინც, ტოლ ნიშნულს ეძებ. ქალბატონები, წარმოდგენებს ჩვენი მომავალი მეუღლის შესახებ, ფაქტობრივად, მამის მაგალითზე ვაგებთ. მამა ნამდვილი არისტოკრატი, განათლებული, არაჩვეულებრივი გარეგნობის მამაკაცი გახლდათ. ალბათ, არ გამოჩნდა ასეთი ჩემს ცხოვრებაში. საკუთარი ცხოვრების დიდ ნაწილს ადამიანი თავად ძერწავს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღმერთის ნებას და ალბათ, ჩემს შემთხვევაში მარტო დარჩენა იყო საჭირო. ამას თავისი პლუსი და მინუსი აქვს. მინუსი ისაა, რომ ოჯახი და შვილი საჭიროა, მაგრამ როცა მარტო ხარ და საკუთარ თავს უღრმავდები, მაშინ ცდილობ, ღმერთისკენ გაიკვალო გზა. არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ნიშნისმოგებით ვსაუბრობ, მაგრამ მარტოობაში ღმერთის შეცნობისკენ მიმავალ გზაზე ბევრი პლუსია. თუმცა, ოჯახთან ერთად თუ მარტო, მთავარი ღმერთთან მისვლაა.

– ნათქვამი გაქვთ: მამაკაცისგან ყველაზე დიდი კომპლიმენტია სიტყვები: „გახდი ჩემი ცოლიო“. თუმცა, დღეს თავისუფალი ურთიერთობების მომხრეც ძალიან ბევრია.

– დიახ, ეს ცნობილი სიტყვებია. არ დავმალავ, დღეს თავისუფალი ურთიერთობები ძალიან მიღებულია და მე არავის განვსჯი. ადამიანი როგორც თვლის საჭიროდ, ისე ცხოვრობს. ჩემთვის არასდროს იყო ეს მისაღები. ყოველთვის დამამცირებელი იყო გაურკვეველი ურთიერთობების შემოთავაზებები. მე ვფიქრობ, რომ მეუღლის სტატუსი ძალიან მაღალი და ქალბატონისთვის შესაფერისია. ყველა ქალი თვითონ საზღვრავს, რა არის მისთვის უკეთესი, მაგრამ ჩემთვის არაფორმალური ურთიერთობების შემოთავაზება შეურაცხმყოფელი იქნებოდა.

– და ბოლოს, პანდემიის ფონზე რით იყავით დაკავებული?

– ძალიან რთული პერიოდია. გადავწყვიტე, ეს დრო განათლებისთვის გამომეყენებინა და იტალიური ენის სწავლა დავიწყე უნიკალური მეთოდით – კინოფილმების დახმარებით, რაც ერთ წელიწადში იძლევა შედეგს. ბოლო დროს საოპერო ხელოვნებამ დამაინტერესა და არაჩვეულებრივ პედაგოგთან დოდო დიასამიძესთან დავიწყე მუშაობა. უკვე საკმაოდ დიდი რეპერტუარი დამიგროვდა, ასე რომ, ამ პერიოდს უნაყოფოდ ნამდვილად არ ჩაუვლია და სამომავლოდაც მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი