საზოგადოება

ლადო კახაძე: თუ გინდა, გაიგო, რას ფიქრობენ შენზე, პოლიტიკოსი უნდა გახდე

№22

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 07.06, 2021 წელი

ლადო კახაძე
დაკოპირებულია

ლადო კახაძეს ქართული საზოგადოება არაერთი ამპლუით იცნობს. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს როგორც ექიმს და პოლიტიკაც მრავალი წელია, მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ლადო კახაძე: მე ვეკუთვნი თაობას, რომელიც დაიბადა ისეთი მშობლების შვილად, რომლებსაც ცუდი წარსულის დავიწყება უნდოდათ. სულ რაღაც, რვა წლის დამთავრებულია მეორე მსოფლიო ომი. მამა ფრონტმოვლილი იყო, ქვეყანაში გაჭირვება სუფევდა. მე პირველ შვილად და პირველ შვილიშვილად დავიბადე. ჩემს გასაზრდელად ყველაფერი დაივიწყა ჩემმა ოჯახმა და დიდი გაჭირვების მიუხედავად, იმედიანი ოჯახი გვქონდა. სულ მცირედ სიკეთეს გააბევრებდნენ ხოლმე. მრავალთაობიან ოჯახში გავიზარდე, ძველ თბილისში, ნარიყალაზე. ჩემმა ოჯახმა დიდი ქარტეხილები გამოიარა. წითელმა ბოლშევიზმმა გამზრდელ ბებიას მთელი საგვარეულო ამოუწყვიტა, მაგრამ გაუძლეს. ბიჭები მეუბნებიან ხოლმე, კაცმა რაც უნდა გააკეთოს, მასზე ცუდს არ იტყვიო და ეს აკვირვებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი არ ხდება ან მე ვერ ვხედავ, მაგრამ ცუდს კიდევ გამრავლება არ სჭირდება. ხალხს სიკეთე სჭირდება.

– ცელქი და ამრევი ბავშვი იყავით თუ მშვიდი და მოწესრიგებული?

– მშვიდი არ ვყოფილვარ, მაგრამ სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და წითელ დიპლომზე – სამედიცინო უნივერსიტეტი. ის კი არა, ლენინური სტიპენდიანტი ვიყავი, დღეს საგინებელი სიტყვაა, მაგრამ ექვსიათას სტუდენტში ერთი იყო ლენინური სტიპენდიანტი და ეს მაშინ ბევრს ნიშნავდა. ცელქიც ვიყავი, ფეხბურთსაც ვთამაშობდი, ძალიან დიდხანს ვცეკვავდი და არც გასტროლი გამიცდენია და არც თამაში. ერთი კია, ჩხუბი არ მიყვარდა. კინკლაობა ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ სადაც მე ვიყავი, იქ ჩხუბი არ იყო. ბევრჯერ გაჩერებულა ჩხუბი ჩემი გამოჩენით. ძალაზე არ იყო საუბარი, სიყვარული იყო მთავარი ორივე მხარის წარმომადგენელი ბიჭებისადმი. ერთხელ არტეკში ვიყავი, საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი პიონერთა ბანაკი იყო. ერთ ღამეს ბიჭები წავიდნენ საქმის გასარჩევად და მეც გავყევი. უამრავი ადამიანის ალყაში აღმოვჩნდით. ფანარს გვანათებდნენ სახეზე, შემოგვხედავდნენ და იტყოდნენ, ეს გავლახოთო. მე რომ მომანათეს, გაოცებულებმა მკითხეს, შენ საიდან მოხვდი აქო? ესენი ჩემი მეგობრები არიან-მეთქი, ვუპასუხე და არავითარ ჩხუბს აღარ ჰქონია ადგილი.

– ძალიან პატარა ასაკში მიხვდით, რომ ცხოვრების სიყვარული იპოვეთ. როგორ მოხდა ეს?

– მერვე კლასში გავაკეთე არჩევანი და დღეს ჩემი მეუღლე ის ადამიანია. 53 წელია, ერთად ვართ. ეს მიწაზე არა, ალბათ, ზეცაში წყდება. მახსოვს დღე, როცა ჩემი მომავალი მეუღლე პირველად ვნახე. მერვე კლასში ვიყავით, სხვა სკოლიდან გადმოიყვანეს და დირექტორმა შემოიყვანა გაკვეთილზე გასაცნობად. ის მომენტი ახლაც ძალიან ცხადად მახსოვს. მერე სასწაული მეგობრები ვიყავით. მე მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი. მეშინოდა, ჩვენი მეგობრობა არ გამეფუჭებინა და ვერ ვბედავდი. ერთ დღეს ძმაკაცის დაბადების დღიდან სახლში გამოვაცილე და მაშინ გამოვუტყდი. ცოტა ნასვამი ვიყავი და გამბედაობა ამან შემმატა. არაფერი მიპასუხა, შებრუნდა და სახლში ავიდა. მივხვდი, რომ ცუდად არ იყო ჩემი საქმე (იცინის). ალბათ, მისი მხრიდანად იყო სიყვარულის მარცვალი და ძალიან მალე გადაილახა ეს მომენტი. მაისის დასაწყისში გამოვუტყდი სიყვარულში და ივლისის ბოლოს შევუღლდით.

– 53-წლიანი ურთიერთობის სიმყარის მიზეზი რა არის?

– პატივისცემა, აქ ყველაფერი რუსუდანია. დათმობისა და პატივისცემის ნიჭი, ერთმანეთის ხელახლა შეყვარების ნიჭი და ადამიანში დადებითის დანახვის სურვილი – ეს მგონია ყველაზე მთავარი. როგორ არ გვიკამათია, შვილები გავზარდეთ, მშობლებიც გვეხმარებოდნენ, მაგრამ ამ ყველაფერში ლომის წილი რუსუდანს მიუძღვის. ყოველთვის ვამბობ, ქალს კაცი ვერ შეედრება. ქალი უფრო ზემოთ არის.

– ქართველი კაცებისგან უფრო ხშირად პირიქით გვესმის.

– მე არ ვარ ამის მომხრე, ქალი და კაცი საქართველოში თანასწორი ვერ იქნება, ქალი გაცილებით მაღლა დგას. ქალი ხელისგულზე ატატებულმა უნდა ატარო, მარტო სიტყვით არა, საქმით. უნდა გაბედნიერებდეს მისი გახარება.

– მეოჯახეობა როგორ გამოგდით?

– მიყვარს ბაზარში, მაღაზიებში სიარული. როცა რუსუდანი რაღაცებს აკეთებს, მიყვარს მისი მიხმარება, მიყვარს სუფრის გაწყობა. საყვედური ჯერ არ მიმიღია (იცინის). დაუთოება კარგად ვიცი, გარეცხვაც შემიძლია. მთელი ცხოვრება გასტროლებზე დავდიოდი, მთელი მსოფლიო მოვიარე და ჩოხის დაუთოვება, რაც ბევრმა ქალმა არ იცის, არაჩვეულებრივად გამომდის. დღესაც შენახული მაქვს ჩემი აზიაცკები და ჩოხა, რომელმაც ჩემი შვილიშვილების ტანიც გამოიარა.

– ყველაზე მეტად მეშინია, იმედი არ გავუცრუო ადამიანებს და ცუდი არ ვათქმევინოო, ამ ფონზე ისეთი პროფესიები და საქმიანობა აირჩიეთ, რომ ძალიან რთულია ყველას მოსაწონად მოიქცეთ...

– თუ იმაზე ფიქრობ, როგორ მოაწონო სხვას თავი, დამთავრებულია შენი საქმე. უნდა იცხოვრო საკუთარი პრინციპებით და არა სხვის დასანახად. ზოგჯერ ძალიან ცუდი დიაგნოზი დამისვამს ადამიანისთვის, ჩემგან ისინი რეალობას ისმენენ და მე რომ ამის მის ყურსა და ტვინზე მორგება დავიწყო, ეს უკვე სწორი აღარ იქნება. პოლიტიკა კიდევ ისეთი რამ ყოფილა, თუ გინდა, გაიგო, რას ფიქრობენ შენზე, პოლიტიკოსი უნდა გახდე. ბევრი შეურაცხყოფა მიმიღია ოპონენტისგან, მაგრამ არ მიმიტანია გულთან. იმ ადამიანებს, ვინც შეურაცხყოფას ისე მაყენებს, რომ არც მიცნობს ვადარებ პაციენტებს, რომელსაც ტკივილი ალაპარაკებს. შეიძლება, მისთვის პოლიტიკური ტკივილია ასე საუბრის განმსაზღვრელი და არ განვიკითხავ. ხომ ამბობენ, პოლიტიკოსს თმენის ვალდებულება აქვსო, ექიმს აქვს თუ აქვს ეს ვალდებულება, ამიტომ ექიმის ცხოვრებაგამოვლილ კაცს, პოლიტიკაში ვერაფერი გამაკვირვებს. როცა ვაქცინაციაზე დავიწყე საუბარი და ჩემი არგუმენტების დამოწმებით ვთხოვე ადამიანებს, ვაქცინა გაეკეთებინათ, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი მწყევლეს, მაგრამ ერთი წამით არ მიმიტანია გულთან, რადგან მე ვთვლი, რომ საკუთარი ცოდნა სხვებს უნდა გავუზიაროთ, მაგრამ არა დიდაქტიკული შემართებით, უბრალოდ, საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე მაქვს საუბარი.

– მეუღლე, შვილები, შვილიშვილები – ისინი როგორ რეაგირებენ ამაზე?

– ძალიან ატკინეს გული ჩემს ოჯახის წევრებს. შვილიშვილებმა ბაბუისნაირი აბჯარი აისხეს, ჩემმა ქალიშვილებმა ვერ მოახერხეს ეს, და ძალიან ეწყინათ. მეუღლეს თვალებში ვატყობდი, რომ ჩემზე ფიქრობდა, როგორ გტკივა და არ ამბობო. როგორ არა, შიგნიდან მტკივა, რომელ კაცს არ ეტკინება, მაგრამ გონიერება სჭარბობს ემოციებს. მორწმუნე კაცი ვარ და ვიცი, რომ ყველა საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი.

– დავუბრუნდეთ ოჯახს. რა მოსდის სიყვარულს ამდენი წლის შემდეგ?

– უფრო ძლიერდება. მაშინდელი ფეტიშები დროსთან ერთად ოქროთი დამძიმდა. ცხოვრება ბევრს გამოგატარებს და მიხვდები, რომ სიყვარული ფორმა კი არა, შინაარსია. ის ძლიერდება. მე მამაჩემისა და დედაჩემის ურთიერთობაც მახსოვს და ჩემი სიდედრისა და სიმამრისაც, 28 წელი მათთან ერთად გავატარე, მახსოვს როგორ ჟღურტულებდნენ. სხვათა შორის, ჩემი სიდედრისა და სიმამრის ოქროს ქორწილში თამადა მე ვიყავი.

– მთელი ცხოვრებაა ყურადღების ცენტრში ხართ, მათ შორის ქალბატონებისგან. მეუღლე არ ეჭვიანობს?

– ეჭვიანობის მომენტი ალბათ არის, მოცეკვავე ხარ, გინეკოლოგი ხარ, უამრავ ქალთან გიწევს ურთიერთობა, რაც რუსუდანს ჩემს ხალათზე პომადა უნახავს – რამდენი პაციენტი მომხვევია მადლიერების ნიშნად, მაგრამ თავის მართლების რეჟიმში არასდროს ვყოფილვარ. ჩემი და რუსუდანის ურთიერთობა გაცილებით მაღლა დგას, ჩვენი ურთიერთობის სიძლიერე ნდობასა და მეგობრობაზე დგას. არასდროს შემიმჩნევია მისგან ეჭვიანობა. ისე „მაშაყირებს“ ხოლმე – ბაში-აჩუკივით ხარ, სადმე რომ გაივლი, შენზე მიუთითებენო. ახლა კი არა, პარლამენტარი რომ ვარ, ექიმი და მოცეკვავე რომ ვიყავი, იმ დროს ვიხსენებ (იცინის).

– მაგრამ იცის, რომ მისი თითით საჩვენებელი ქმარი საეჭვიანო არაა? თქვენ თუ ხართ ეჭვიანი?

– რუსუდანი უფროა თითით საჩვენებელი. გარეგნობითაც მჯობს და გვარიშვილობითაც. მისნაირი გოგონები მართლა აღარ არსებობენ. ეჭვიანობა ჩემთვისაც უცხოა, მაგრამ ყურადღება – კი. გამეცადინებული უნდა იყო, კონტროლის კუთხით არა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგე. ბევრი ტკივილი გამოვიარეთ და ამ ტკივილებში რუსუდანმა უბადლო გვერდზე დგომა იცის. ის ჩემთვის ჟანგბადია.

– ნამდვილი მეორე ნახევარი გიპოვიათ.

– პირველი ნახევარი, ჩვენს სახლში ყველაფერი ეგ არის. 50 წელია ექიმი ვარ, ხალათი მაცვია, მაგრამ როდესაც სახლში ვინმეს რამე სჭირს, მე ყველაფერი მავიწყდება, აღარ ვვარგივარ. რუსუდანი ბრწყინვალე ექიმია და ის არასდროს კარგავს სიფხიზლეს. სხვათა შორის, ამხელა კაცი ვარ და ცხოვრებაში წამალი არ დამილევია. შეიძლება ნოშპა მქონდეს ორჯერ მიღებული. საშინელი თავის ტკივილები ვიცი, ბებიაჩემივით, მაგრამ წამალი ცხოვრებაში არ დამილევია. რუსუდანი მეუბნება, ამ ტკივილს როგორ უძლებ, ან რატომო? ფიზიკური ტკივილისთვის გამიძლია, მოტეხილი ხელით ვიცეკვე კონცერტზე და გატეხილი ნეკნით მაქვს კონცერტი ჩატარებული, ესეც მომინელებია, ამიტომ დღეს ექიმის ხალათით გამოვლილი ცხოვრებით, დიდი მოთმინების უნარით, ვფიქრობ, რამ უნდა მატკინოს გული და ვხვდები, რომ ერთადერთმა რამემ – ძალიან მტკივა გული, როცა ვხედავ, რომ კაცს თავის ქვეყანა არ უყვარს. ერთადერთი ამას ვერ ვინელებ. ბევრი ჯურღმული გავიარე, მიწისქვეშთიც, კულისებში ბევრი რამ ვნახე და ნანახი ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა, რისი გამკლავებაც მართლა ძალიან მიჭირს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი