საზოგადოება

ლადო აფხაზავა: ერთი ქალბატონი იმდენად დახვეწილად მლანძღავს, რომ ნამდვილად განათლებული იქნება

№1

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 13.01, 2021 წელი

ლადო აფხაზავა
დაკოპირებულია

  ლადო აფხაზავამ საკუთარი მოსწავლეებისთვის პანდემიის პირობებში არაჩვეულებრივი გამოსავალი იპოვა. პრობლემა, რომელიც მოსწავლეებს ონლაინგაკვეთილებზე დასწრების საშუალებას არ აძლევდა უინტერნეტობა იყო, მაგრამ მასწავლებლემა და მოსწავლეებმა, მისი გადაჭრა ერთად შეძლეს. 

ლადო აფხაზავა: პანდემიის პირველი ტალღის დროს მოულოდნელად გადავედით ონლაინ-სწავლებაზე და მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდით. როცა გავაცნობიერეთ, რომ მოსწავლეების ინტერნეტით უზრუნველყოფა იყო საჭირო, დავუკავშირდი სხვადასხვა ორგანიზაციას და კეთილი ადამიანების დახმარებით, ოთხი თვის განმავლობაში 482 მოსწავლეს ჩავურთეთ ულიმიტო ინტერნეტი. პირველი ტალღის დამთრების შემდეგ ყველამ სიამოვნებით ამოვისუნთქეთ და დასასვენებლადაც წავედით, მაგრამ როდესაც მეორე ტალღაზე დაიწყო საუბარი, რადგან სწავლის დაწყებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვე გვქონდა, გადავწყვიტე, ეს დრო მოსამზადებლად გამომეყენებინა. ყველა მეუბნება, ამას შენ კი არა, მთავრობა უნდა აკეთებდესო. მთავრობას ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს – ახლა, შეიძლება, ადამიანების ჯანმრთელობა განათლებაზე პრიორიტეტულია, ამიტომ, თუ ვინმეს რამის გაკეთება შეუძლია, რატომ არ უნდა გააკეთოს?! მე ამით მთავრობას კი არა, ჩემს მოსწავლეებს ვეხმარები, ჩემი ქვეყნის მომავალ თაობას. გადავწყვიტე, მცენარეები გამემრავლებინა და გამეყიდა. ყველა ქართველმა „აი იათი“ დავიწყეთ განათლების მიღება, ამიტომაც სიმბოლურად, სამზადისი იების გამრავლებით დავიწყეთ. მოვიძიე მისი ფოთლები და დაკალმების გზებიც ვისწავლე. 100-ზე მეტი ფოთოლი დავრგე და ვუვლიდი. თითო ფოთოლმა პატარა ყლორტები გამოისხა, რასაც ჩემმა მოსწავლეებმა „იების ჭუკები“ უწოდეს. შემდეგ მიწა და პატარა ქოთნები შევიძინე და პატარა ჭუკები გადავრგე. სულ 516 ქოთანი გამოვიდა. გაიზარდნენ, აყვავდნენ და ოქტომბრიდან ონლაინ-სწავლებაზე რომ დაიწყო საუბარი, იების ნაწილი თბილისში, ნაწილი კი ბათუმში წავიღე და გაყიდვა დავიწყეთ. შემდეგ ამ ყველაფერს აქციის სახე მივეცით „იები მეგაბაიტების სანაცვლოდ“ და ასე ადამიანებმა იების დანიშნულების შესახებ გაიგეს. ზოგმა ათ ლარად იყიდა, ზოგმა – შვიდად, ზოგს ფასი საერთოდ არ უკითხავს და პირდაპირ 19 ლარი გადაიხადა, რადგან იცოდა, რომ ეს თანხა ულიმიტო ინტერნეტისთვის გვჭირდებოდა. ბევრმა გაიგო ამის შესახებ. ახლა ბევრი ამბობს, თუ რამე გააკეთე, რა საჭიროა ამის გასაჯაროებაო. პირადად მე ამისთვის არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ აუცილებელიც კია მსგავსი საკითხების გასაჯაროება. შენი აქტიურობით შეიძლება, სხვებიც გაააქტიურო და ძალიან მიხარია, რომ დღეს სხვა მასწავლებლებმაც დაიწყეს კრეატიული იდეებით ამ პრობლემის მოგვარება.
– არაერთგვაროვანი გამოხმაურება და კრიტიკაც უკვე გამოვლილი გაქვთ, ეს ვეღარ გაგაკვირვებდათ.
– შინაგანად ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ. თუ ვინმე ტალახს მესვრის, ამაზე კარგი რა არის?! ესე იგი, მე მასზე წინ ვდგავარ და უნდა მაკრიტიკოს. არ მოსწონს, რომ გავასწარი და ასეთ დროს ზურგში გესვრიან ტალახს. ამ დროს ხვდები, რომ ბევრი ჩამოიტოვე უკან. მაგრამ მარტო ჩემი წინსვლა არაა სასიამოვნო. სხვებიც უნდა გამოგყვნენ, თანატოლები უნდა ვიყოთ. ამჯერად ძალიან ბევრი აღარ მამკობდა ცუდი კომენტარებით და მივხვდი, რომ ბევრი წავიდა წინ. მიხარია, რომ ერთად ვიზრდებით.
– გარდა იმისა, რომ ამ აქციის შედეგად ბავშვებს ინტერნეტი აქვთ და საგაკვეთილო პროცესს აღარ გამოაკლდებიან, თავად შეაქვთ წვლილი საკუთარი პრობლემის მოგვარებაში, თქვენთან ერთად, ისინიც შრომობდნენ...
– დიახ. 516 ია ჩემს პატარა ოთახში არ დაეტეოდა და ამიტომ ბავშვებმა გადაინაწილეს და მეც და ისინიც თანაბრად ვზრუნავდით მცენარეებზე. თავადაც აფესვიანებდნენ. იები თითქმის გავყიდეთ და ახლა ვარდისფერი სეკულენტები მოვაშენეთ. იმდენი გვაქვს, რომ უკვე „საქართველოს ბანკმა“ შეგვიკვეთა. ერთგვარი სოციალური პროექტი გამოგვივიდა. შეიძლება, მოსწავლეებს ძალიან ბევრი გაკვეთილი ჩავუტაროთ, მაგრამ როდესაც ბავშვები თავად ხდებიან ამ პროცესის მონაწილეები, გაცილებით ბევრს სწავლობენ. ყველაზე მეტად გამიხარდა, როცა ამ გამოცდილებამ ჩვენს მოსწავლეს ათქმევინა: არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ადამიანი ვერ გაუმკლავდებაო. გვეგონა, ვერაფერს გავაწყობდით, მაგრამ უამრავი ადამიანი გაწევრიანდა ამ აქციის ფარგლებში და ახლა უკვე მარტო გურიის რეგიონის მოსწავლეებს კი არა, მაღალმთიანი აჭარის მკვიდრებსაც ვურიცხავთ ინტერნეტისთვის საჭირო თანხას. ბევრი გვეხმარება და ბევრი მთხოვნელი გვყავს. არ ყოფილა შემთხვევა, მოსწავლეს თანხის ჩარიცხვა ეთხოვოს, ჩვენ გადაგვემოწმებინოს ამის საჭიროება და ტყუილი აღმოჩენილიყო. რამდენიმეს, ვისაც პირველი ტალღის დროს ჩავურთეთ ინტერნეტი, ამჯერად რომ დავუკავშირდით, გვითხრეს, რომ ახლა ეს პრობლემა არ ჰქონდათ და მოდი, სხვას დაეხმარეთ, ვისაც უფრო მეტად სჭირდებაო. ფული ზედმეტი არავისთვისაა, ამიტომ ძალიან მახარებს, მათი ასეთი მიდგომა.
მთავარია, ადამიანმა მიზანი დაისახო და მას აუცილებლად მიაღწევ. ერთ გაკვეთილზე ჩემი მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი, რომ ყველაზე რთული დავალება გვექნებოდა, რაც კი მანამდე შეგვისრულებია. დღეს ქვა უნდა ვისროლოთ-მეთქი. ყველამ სიცილი დამაყარა და დაიწყეს უმისამართოდ ქვების სროლა. ცოტა ხანში ვუთხარი, რომ ეს არ იყო აქტივობა. მდინარის მეორე ნაპირზე სამიზნე მოვნიშნე და ბავშვებს ვუთხარი, რომ ხუთი მცდელობის საშუალება ჰქონდათ. ვერ მოარტყეს. შემდეგ ათ მცდელობამდე გავზარდეთ, მაგრამ ისევ უშედეგოდ დასრულდა. ეს მცდელობები იმდენხანს გაგრძელდა, ლამის ყველა კენჭი მეორე ნაპირზე გადავიტანეთ, მაგრამ მაინც ვერ მოარტყეს. შემდეგ წავედით, სკოლის ეზოში დავსხედით და ბავშვებს ვუთხარი, როდესაც თქვენ სწავლობთ იმისთვის, რომ მე დაზეპირებული ტექსტი მომიტანოთ, ეს ქვის უმისამართოდ სროლას ჰგავს – ეს მარტივია. მაგრამ როდესაც ცხოვრებაში მიზანს დაისახავ და მასთან მიახლოებას ცდილობ, ეს უკვე ძალიან რთულია, მაგრამ შედეგი მხოლოდ ამას მოაქვს-მეთქი.
– თავად როგორი მოსწავლე იყო ლადო აფხაზავა?
– სკოლაში ბევრ რამეს ვაპროტესტებდი. მერვე კლასში ვიყავი, როდესაც უბის წიგნაკი ავიღე და მასში ვწერდი ყველაფერს, რაც არ მომწონდა. მაშინ არ ვიცოდი, რა იყო სიტყვა ინიციატივა და ვწერდი, რომ მე მაქვს იდეები და მინდა, ისინი განვახორციელო სკოლაში, მაგრამ ამის საშუალება არ მეძლევა. მასწავლებელი ყოველთვის მაძალებს, რაც მას უნდა, ის გავაკეთო და რაც მას უნდა, მე არ მინდა-მეთქი. ამ პერიოდისთვის კი დავწერდი, რომ სკოლა უნდა იყოს ის ადგილი, სადაც მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სხვადასხვა ინიციატივით გამოვიდნენ და ჩვენ ხელი შევუწყოთ მათ განხორციელებას და არა პირიქით, ჩვენ შევიტანოთ მათთან ინიციატივები და ვაიძულოთ მასში მონაწილეობის მიღება. შევხვედრივარ ადამიანებს, რომელთაც ძალიან კარგი განათლება აქვთ მიღებული, მაგრამ ისეთი არაადამიანური გამოვლინებები აქვთ, რომ შეიძლება, მათი ცოდნა, ძალიან ცუდ საქმეს ხმარდებოდეს. მე მუდმივად მწერს ერთი ქალბატონი, როგორც ამბობს, მასწავლებელია. ისეთი ტერმინოლოგიით მწერს და იმდენად დახვეწილად და მაღალფარდოვნად მლანძღავს, რომ ნამდვილად განათლებული ადამიანია, მაგრამ არა მგონია, მან კარგი მოქალაქის აღზრდა შეძლოს. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, რადგან კარგი განათლება აქვს მიღებული, მაგრამ ამ ცოდნას კარგ საქმეს არ ახმარს. მზად არის, თუნდაც ყოველ კვირას მომწეროს საშინელი წერილი და ჰგონია, რომ ამით ამაღლევებს. ღმერთმა აპატიოს. ის, ალბათ, ამაყობს, რომ ლადო აფხაზავაზე ჭკვიანია და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ შეიძლება, ადამიანურ ღირებულებებში მოიკოჭლებს. ჩემი ლანძღვით მას არაფერი ემატება. მე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი იმიტომ კი არ გავხდი, რომ „ოქსფორდის“ ან „კემბრიჯის“ უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, იმიტომ გავხდი, რომ ადამიანურ ღირებულებებზე დაფუძნებულ სწავლებას ვანიჭებ უპირატესობას. ვცდილობ მოსწავლეების გააქტიურებას, პატრიოტებად და ტოლერანტებად აღზრდას. ვასწავლი, რომ ცვლილებები მოახდინონ. მწამს, რომ როცა ჩემი მოსწავლეები გაიზრდებიან, ჩვენს თემში ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლიან და ეს იქნება ჩემი გამარჯვება. ბევრმა უკვე ისეთი ცვლილებებსა და პრობლემების მოგვარებაზე დაიწყო ფიქრი, რომ ვხვდები, მათ სამიზნე უკვე დადებული აქვთ. როდესაც 2000 წელს სკოლაში შევედი, სულ არ მაინტერესებდა, ვინ იყვნენ ჩემი მოსწავლეები, რომელ სოციალურ წრეს წარმოადგენდნენ, მაგრამ ვიცოდი, სად უნდა წამეყვანა ისინი, რომელ მთაზე უნდა ავსულიყავით. სამიზნე სწორედ მაშინ, ოცი წლის წინ დავდე და მას შემდეგ ვისროდი ქვას. ასე რომ, თუ 2019 წელს, საუკეთესო ათეულში მოხვედრით, სამიზნეს გავარტყი, ეს ნურავის გაუკვირდება. ამაში ბევრი შრომა ჩავდე და ეს გზა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.
თქვენს ბავშვობაში რა პრობლემები იყო, რა ბარიერები გქონდათ?
– მე მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე. სამი უფროსი და მყავს. ცოტა არ იყოს მათამამებდნენ, ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული უნდა ვყოფილიყავი, დახვეწილი მანერები მქონოდა. ოჯახში ყველა მეფოფინებოდა და ბავშვობაში, ბუნებრივია, ეს მსიამოვნებდა. ეგ კი არა, 15 წუთი რომ მოადუნებდნენ ყურადღებას, ვბრაზდებოდი. გათამამებული ბავშვი ვიყავი, მაგრამ მერე ისეთი რამ მოხდა, რომ ნებივრობა აღარ გამომადგებოდა. ჩემი მშობლები ადრე გარდაიცვალნენ და მე მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებისთვის მზად არ ვიყავი. 19 წლის დავრჩი მარტო და სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ მომავლისთვის უკეთ უნდა მოვმზადებულიყავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი