საზოგადოება

ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი: კონვერტის გახსნის შემდეგ, რამდენიმე წამი, ვერაფერი თქვა

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 20.01, 2021 წელი

იოანე და ქრისტინე
ბაგრატიონები
დაკოპირებულია

საქართველოს სამეფო ოჯახი ახალი წევრის მოლოდინშია. მ.ს.უ. ბატონიშვილები იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელები პირველ შვილს თებერვლის თვეში ელოდებიან. ბატონიშვილი იოანეს შვილი იქნება როგორც ქართველი მეფეებისა და ბაგრატიონების დინასტიის შთამომავალი, ასევე ვროპის სხვადასხვა ქვეყნის მეფეების და ევროპული სამი სხვადასხვა დინასტიის – ბორბონების, ჰაბსბურგებისა და ვიტელსბახების. ცნობილია, რომ იოანეს ბაბუამ ბატონიშვილმა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა მეორე ქორწინებით გააერთიანა საქართველოსა და ევროპის დიდი სამეფო დინასტიები. 

 

ბოლშევიკების რეპრესირების შედეგად, ევროპაში გადასახლებული ბაგრატიონ-მუხრანელების სამეფო ოჯახის მეთაური ბატონიშვილი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი 1946 წელს მეორედ დაქორწინდა ესპანეთისა და ბავარიის პრინცესაზე, ინფანტა მარია დე ლას მერსედეს ბავარია ი დე ბორბონზე, რომელიც იყო ესპანეთის მეფე ალფონსო მეცამეტის დის, მარია-ტერეზას შვილი. მათ შეეძინათ ორი შვილი მარიამი და ბაგრატი. იოანე არის ბაგრატისა და კარმენ დე ულოა ი სუელვესის შვილი. ევროპული მხრიდან იოანე ბავარიის პრინც ლუი-ფერდინანდისა და ესპანეთის პრინცესა მარია დე ლა პაზის შვილთაშვილია, ასევე, ესპანეთის მეფე ალფონსო მეთორმეტისა და ავსტრიის ერთჰერცოგინიას მარია-ქრისტინა ჰაბსბურგის შვილთაშვილი. იოანე და დღევანდელი ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსე ბიძაშვილები არიან. სასიხარულო სიახლის შესახებ „თბილისელები“ იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელებს ესაუბრა.

– როგორი იყო პირველი ემოციები, როცა პატარას არსებობის შესახებ შეიტყვეთ?
იოანე: ამ სიახლის შესახებ ქრისტინესგან შევიტყვე საოჯახო შეკრებისას. შემიძლია, ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. როცა იგებ, რომ მალე მამა იქნები, ცხოვრება მაშინვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, თითქოს ძალას გმატებს იმისთვის, რომ უკეთესი გახდე.

– რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ, ალბათ, თქვენი ოჯახისთვის ეს განსაკუთრებით სასიამოვნო სიახლეა. ქრისტინე, როგორ უთხარით მეუღლეს ამის შესახებ?

ქრისტინე: ეს მართლაც გასაოცარი და დაუვიწყარი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ორსულობის დადასტურების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს სიახლე იოანესთვის სიურპრიზის სახით გამეცნო. ერთ საღამოს ოჯახური შეკრების დროს, იოანეს გადავეცი კონვერტი, სადაც ეწერა „მამა, ველოდები შენთან შეხვედრას“. კონვერტის გახსნის შემდეგ, რამდენიმე წამი თითქოს ვერაფერი თქვა, შემდეგ უბედნიერესი თვალებით შემომხედა, მივულოცეთ ერთმანეთს და ულამაზესი საღამო გავატარეთ ჩვენი ოჯახის წევრებთან ერთად.

– სად დაიბადება და გაიზრდება სამეფო ოჯახის მომავალი წარმომადგენელი?

იოანე: ჩვენი შვილი ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში დაიბადება. ესაა ქვეყანა, რომელიც ძალიან გვიყვარს და რომელმაც ჩვენი ცხოვრება გაალამაზა. იგი გაიზრდება ქართული ტრადიციების შესაბამისად, მას, ასევე, მჭიდრო კავშირი ექნება ჩემს ესპანურ და ევროპულ ფესვებთან.

– რა ტრადიციების დაცვით გაიზრდება თქვენი შვილი – როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენელი? თქვენი ბავშვობაც გავიხსენოთ ამ თვალსაზრისით.

– ჩვენი შვილი გაიზრდება, როგორც ჩვეულებრივი ბავშვი, რადგან ყველა ბავშვი ერთნაირია, მათ სჭირდებათ სიყვარული, ყურადღება და მზრუნველობა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ბავშვობიდან გამიმართლა, რადგან შესანიშნავი მშობლები მყავდა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის მათი ღირებულებები გადმოეცათ. 12 წლის ასაკში გამგზავნეს შვეიცარიის სკოლა „ბო სოლეილში“, სადაც მყავდა მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა კულტურიდან. მე მჯერა, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელ და მოსიყვარულე გარემოში აღზრდა, რათა მათ მივცეთ თავდაჯერებულობა და სწორი ცხოვრებისეული მიმართულება.

– სად ატარებს უმეტეს დროს თქვენი ოჯახი და რით ხართ დაკავებულები?

– ჩვენ უმეტეს დროს საქართველოში ვატარებთ, სადაც არის ჩვენი სახლი და სადაც ქრისტინეს ჰყავს მთელი ოჯახი. წელიწადში რამდენჯერმე ვმოგზაურობთ ესპანეთში დედაჩემისა და ჩემი ოჯახის წევრების მოსანახულებლად, ასევე, სხვადასხვა ქვეყნებში – ბიზნესისა და საქმიანობისთვის, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და საქართველოს პოპულარიზაციისთვის.

რაც შეეხება საქმიანობას, ბიზნესის სფეროში ვარ დაკავებული. საქართველოში დავაარსე ღვინისა და სპირტის მწარმოებელი კომპანია, ბრენდი, რომელიც ატარებს ჩემს სახელს „პრინცი იოანე ბაგრატიონი“. კომპანია აწარმოებს პრემიუმ თეთრ და წითელ ღვინოებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე ჭაჭას. ღვინის დაყენება ხდება, როგორც ქართული ღვინის ტრადიციული, ქვევრის, ასევე ევროპული მეთოდით. მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ქართული ღვინის მსოფლიოში პოპულარიზაციაში. სამყარომ უნდა გაიცნოს ჩვენი საქართველო, არა მხოლოდ როგორც „ღვინის აკვანი“, ასევე როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის ღვინის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში.

ახლახან ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სფეროში ევროკავშირის წევრი ქვეყანა ირლანდიიდან საქართველოში ჩამოვიყვანე საერთაშორისო ონლაინ-საგანმანათლებლო კომპანია, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნა 200 სამუშაო ადგილი მომხმარებელთა მომსახურებისა და გაყიდვების სფეროებში. ჩემი და ჩემი პარტნიორების სურვილია, 2021 წლის განმავლობაში კომპანიის 500 თანამშრომლამდე გაზრდა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ საქართველოში დამატებით კიდევ ჩამოვიყვანოთ მსგავსი საერთაშორისო კომპანიები.

საქართველოში დაბრუნებისთანავე, ჩემს მეუღლე ქრისტინესთან ერთად დავაარსე საქველმოქმედო ორგანიზაცია „ქართული ფონდი“, რომელიც დაიბადა იმის სურვილით, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში განათლების, კულტურისა და სოციალური პროექტების მხარდაჭერით. დაარსების ადრეული ეტაპიდან ფონდი, ძირითადად, კულტურულ პროექტებს ახორციელებდა და ხელს უწყობდა ქართველი მხატვრების პოპულარიზაციას. COVID 19-ის პანდემიის გავრცელების ადრეულ ეტაპზე, მარტის თვეში, ჩვენ წამოვიწყეთ სოციალური კამპანია – „#დავეხმაროთ დაბრუნებაში“, რომელშიც ჩაერთნენ ჩვენი მეგობრები და ასევე, ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანები. ერთიანი ძალებით მალევე შევძელით 70 000 ლარამდე თანხის შეგროვება, რითაც მოვახერხეთ საზღვარგარეთ ფინანსური შესაძლებლობების გარეშე დარჩენილი საქართველოს 124 მოქალაქის უზრუნველყოფა თვითმფრინავის ბილეთებით, საცხოვრებლითა და საკვებით 14 დღის განმავლობაში. ჩვენი ფონდი კვლავ განაგრძობს საქმიანობას.

ქრისტინე: ჩემი საქმიანობა ტურიზმს უკავშირდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე ვმუშაობ. საოცარია იმის ხილვა, თუ როგორ ხდება ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო პოპულარული და მიმზიდველი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, რაც წარმატებით აისახებოდა ყოველწლიურ რეკორდულ ანგარიშებში. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე გამართულ ტურიზმის სფეროში ყველაზე პრესტიჟულ „მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოვებაზე“ ჩვენმა ბათუმმა გაიმარჯვა ნომინაციაში „ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება“. ეს გამარჯვება, ასევე, განმეორდა 2020 წელს. როგორც კი მსოფლიო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მთელი ძალისხმევით გავაგრძელებთ ჩვენი აჭარის რეგიონისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოზიციონირებას საერთაშორისო დონეზე.

– მკაცრია სამეფო ოჯახის ცხოვრების სტილი? როგორია თქვენი ყოველდღიურობა და რაზე გიწევთ უარის თქმა, ამ სტატუსის გამო?
იოანე: სამეფო ოჯახის ცხოვრების წესი არ არის მკაცრი, განსაკუთრებით ჩვენთვის, ვინც ოფიციალურად არ ვართ ქვეყნის სამსახურში. იყო ასეთი ისტორიული და მნიშვნელოვანი ოჯახის წევრი, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

– ქრისტინე, როგორ მიგიღოთ იოანეს ოჯახმა და თუ შეიცვალა თქვენი ცხოვრების სტილი ქორწინების შემდეგ?
ქრისტინე: იოანეს ოჯახს ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში შევხვდი ესპანეთში. პირველივე შეხვედრიდან მათგან ძალიან დიდი სითბო მივიღე. სამწუხაროდ, იოანეს მამამ ძალიან მალე დაგვტოვა, თუმცა მე არასოდეს დამავიწყდება იგი – გასაოცარი ჯენტლმენი, გულისხმიერი და ძალიან თავმდაბალი პიროვნება. იოანეს დედა დახვეწილი და ელეგანტური ადამიანია, ჩვენ ახლო და საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს. მასაც უყვარს მოდა და მოგზაურობა, მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ.

– როგორია თქვენი ურთიერთობა ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რა შეცვალა წლებმა?
იოანე: ჩემი და ქრისტინეს გაცნობა ძალიან ლამაზად მოხდა და რამდენიმე თვის შემდეგ ვიქორწინეთ. ჩვენი ურთიერთობა ახლა უფრო კარგია, ვინაიდან კიდევ უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი, ვიდრე ურთიერთობის საწყის ეტაპზე. ერთმანეთს არაჩვეულებრივად ვუგებთ. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა ქრისტინესთან, ის საოცარი მეუღლეა.

– როგორ შეაფასებდით გასულ წელს და რას ელით 2021-ისგან?

– ეს წელი დიდი გამოწვევა იყო – შეცვალა ჩვენი სამყაროს ცხოვრების წესი, შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე, გაანადგურა სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ეკონომიკა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც პოზიტიურად უნდა განვეწყოთ და იმედი არასოდეს დავკარგოთ. ყველა ამ გამოწვევამ მოგვცა შანსი, რომ დავაკვირდეთ ჩვენს ცხოვრებას, უფრო დავუახლოვდეთ და გავხდეთ უფრო კეთილი ადამიანები ერთმანეთის მიმართ. ყველა ადამიანის მიმართ, ვისაც ახლა რთული პერიოდი აქვს, გამოვხატავ სოლიდარობას და ვუსურვებ, არასოდეს დაკარგონ რწმენა. მე და ქრისტინე საუკეთესო სურვილებს ვუგზავნით ჩვენს ძვირფას ქართველებს – სიყვარულს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი