საზოგადოება

ქეთი წიკლაური: იმაზე მეტი ვნახე, ვიდრე ვინმეს დაუწერია ან გადაუღია

№23

ავტორი: ეთო ხურციძე 11:00 14.06, 2022 წელი

ქეთი წიკლაური
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ქეთი წიკლაურთან 👇

სახელი: ქეთი.

გვარი: წიკლაური.

პროფესია: მომღერალი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– 3-4 წლის ვიქნებოდი, მშობლებმა გასტროლებიდან საჩუქრად დიდი, წითელი კურდღელი ჩამომიტანეს. მოგეხსნებათ, ბავშვებს წარმოსახვითი სამყარო როგორ აქვთ განვითარებული და ეს ამბავიც ზღაპარსა და რეალობას შორის იყო. დღემდე მაქვს ჩარჩენილი ის წუთები: მამიკოს რეზინებით ჰქონდა ხელებზე და ფეხებზე მიმაგრებული დიდი წითელი კურდღელი, რომელიც ჩემთან მოვიდა და მელაპარაკებოდა. ეს ბაჭია დღემდე მაქვს შენახული და ფაქტის სახით რომ არ არსებობდეს, ვიტყოდი, ბავშვობაში მოვიგონე-მეთქი (იცინის).

– მშობლების როლი...

– მშობლებს ძალიან ლამაზი და განსაკუთრებული ცხოვრება ჰქონდათ, ამან დიდი ზეგავლენა იქონია ჩემზე.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– არის შემთხვევები, როცა შვილები სრულიად სხვა სფეროს ირჩევენ, მაგრამ ძირითადად, ის ხდება შენი ცხოვრების ნაწილი, რასთანაც ყოველდღიური შეხება გაქვს. ეს ბუნებრივი იყო ჩემთვის, თან კარგად გამომდიოდა და ამ სფეროში რაღაც ახლის თქმა მინდოდა. იმ პერიოდში ჩვენთან ცეკვის თანხლებით არავინ მღეროდა, ნოვატორული მომენტის შემოტანა მინდოდა და ვფიქრობ, გამომივიდა კიდეც. ბავშვობაში მომღერლობაზე არ ვოცნებობდი, კლასიკურ მუსიკაზე ვსწავლობდი, შემდეგ უფრო წამოვიდა ამის სურვილი.

– ადამიანში ვაფასებ...

– უბრალოებას. ხომ არის ძალიან უბრალო და გასაგები ღირებულებები, უბრალო ადამიანი ამ მთავარ ღირებულებებს საკუთარ თავში იტევს – სიკეთეს, კეთილშობილებას, ერთგულებას. ვფიქრობ ეს ძალიან უბრალო თვისებებია, თუმცა დღეს იშვიათი გახდა, უკვირთ და აფასებენ, როცა უბრალო ადამიანს ხვდებიან.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ბედნიერი, ის ვინც თავის თავთან არის ჰარმონიაში.

– მწამს...

– ბოლო დროს დიდი ეგზისტენციური ძვრები მოხდა ჩემში, თუმცა იმ რაღაცების ისევ მწამს, რისიც ადრე, მაგალითად: ადამიანის, ღმერთის, სიკეთის, მაგრამ ძალიან ხშირად მიჩნდება შეკითხვები, რომელზეც პირდაპირ პასუხს ვერ ვპოულობ. უფრო მეტად მწამს საკუთარი თავის. ეს არის ერთადერთი გამოსავლი, უნდა გწამდეს და გჯეროდეს შენი თავის და იმ ყველაფრის, რაც შენ შეგადგენს.

– მეშინია...

– სტიქიური უბედურებების და ამოუცნობი მომავლის, რომ ცუდის მომასწავებელი არ იყოს. დღეს ისეთი არაპროგნოზირებადი ცხოვრებაა, ყველანაირი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, და აქედან გამომდინარე, მომავალი ცოტა გაურკვეველი გახდა. არ მეშინია ბოროტი ხალხის, მტრის... რატომღაც მგონია, რომ ყველაფერი ადამიანური გამოცდილების ნაწილია.

– ვრისკავ...

– იშვიათად. ვფიქრობ, არ ვარ რისკიანი და არ მიყვარს უაზრობები. გათვლილი რისკი კი რისკი აღარაა. თუ მე ნამდვილად ვიცი რა კონკრეტული ნაბიჯი რასთან მიმიყვანს, ამისთვის კი მხოლოდ გამბედაობა მჭირდება, ეს რისკი არაა.

– მაკვირვებს...

– ის, რაც წიგნებში ამოგვიკითხავს, ფილმში გვინახავს და ის, რაც ფანტაზიის ნაწილია და რეალურ ცხოვრებაში არ შეგხვდებოდა, მაგრამ იმაზე მეტი ვნახე, ვიდრე ვინმეს დაუწერია ან გადაუღია. გაკვირვებით აღარაფერი მაკვირვებს, ამას უფრო სხვა რამეს დავარქმევ, აი, მაინც ვრეაგირებ რაღაცებზე – ვერ გავხდი ქვისგულიანი. ეს ვაღიარე, მივიღე და მივხვდი, რომ ცუდი არაა.

– ვერიდები...

– ბოლო დროს სოციუმს ვერიდები. მირჩევნია სიმარტოვე ბუნებაში ან ახლობელ ადამიანებთან ყოფნა. ზოგადად, ზედმეტ რაღაცებს ვერიდები, რაც ჰარმონიას, ენერგიისა და სიმშვიდის ბალანსს დამირღვევს.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– ვფიქრობ, იმის გამო, რომ ინტერნეტი ასე ძალიანაა განვითარებული, ურთიერთობების დანაკლისია. რადგან ხშირად მესინჯერით შეგვიძლია ერთმანეთი მოვიკითხოთ და არ ვნახოთ. ტაქტის ნაკლებობაცაა – სოციალური ქსელის კომენტარებში ადამიანებმა ბევრი რამის უფლება მისცეს საკუთარ თავს. პირადად ნამდვილად ვერ იტყვის ისეთ გულსატკენ რამეს, რასაც დაგიწერს, მერე კი მიიმალება თავისი ექაუნთის მიღმა. ადამიანური ნორმები, ეთიკურობა დაირღვა.

– ბედისწერა...

– ამოვიკითხე, რომ ადამიანი შეცდომებს უშვებს და შემდეგ ამ შედეგების ნაკრებს ბედისწერას არქმევსო. ბედისწერის სახით სხვადასხვა ვარიანტი არსებობს და შემდეგ – ადამიანის თავისუფალი არჩევანი. იმის მიუხედავად, რომ არის ერთი ძირითადი სქემა თავისი განშტოებებით, მაინც ჩვენ ვირჩევთ, რომელი გვინდა.

– რთული პერიოდი...

– ჩემს ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი ყოფილა. ბავშვობიდან მოყოლებული, ახლო ადამიანების დაკარგვა ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის. შემდეგ ის მომენტი, როცა კარგავ ადამიანს, რომელიც ცოცხალია, მაგრამ თქვენი გზები იყოფა... ფსიქოლოგები ამას მეორე რანგში აყენებენ, ჯერ არის სიკვდილი და შემდეგ ცოცხალ ადამიანთან განშორება.

– სიყვარული არის...

– გაგება. ყველა ადამიანი ჩაკეტილი და ურთულესი სისტემაა, შესაბამისად, შეუძლებელია სხვისი სამყაროს გაგება, რადგან თავად ადამიანი ვერ შეიმეცნებს საკუთარ თავს ბოლომდე. ამის მიუხედავად, ხდება ისე, რომ მსგავსი ტიპის ადამიანები ან თუნდაც სრულიად განსხვავებულები, ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ლიტერატურა სასწაულად აღწერს ამ გრძნობას და ამაზე ვართ გაზრდილები, ალბათ, ხელოვნება არ იარსებებდა, რომ არა სიყვარული, მაგრამ ცხოვრებაში შეუძლებელია, ისე დიდხანს გაგრძელდეს ეს გრძნობა, როგორც ნაწარმოებებში. სიყვარული უნდა იყოს ზრუნვა, გაგება, სითბო, თავისუფლებისა და ბედნიერების შეგრძნება. ვინც მიყვარს, ვცდილობ, ჩემგან მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდეს.

– დრო და სიყვარული...

– სულ ბიჭივით და გოგოსავით შეყვარებული ვერ იქნები, ეს არის სისულელე, ერთ მომენტში ცხოვრება ვერ გაჩერდები მთელი, ეს არც საინტერესო იქნება. ცხოვრება იმით არის კარგი, რომ გამუდმებით დინებაში ხარ, ვინც ახერხებს ამ დინებაში იმ პირველი იმპულსების შემდეგ სწორად გაცურვას, მათ გამოსდის ურთიერთობა. ჩვენ ყველა ჩვენთვის ვცხოვრობთ, მერე შემოდის საყვარელი ადამიანი, შვილი და ასე შემდეგ. აი, ამ შენს ცხოვრებაში უამრავი ჭიდილი და გაუგებრობა გაქვს. ძალიან რთულია ამ ყოფაში მეორე ადამიანი ჩატიო, ამიტომ გრძნობას ხშირად ვერ უფრთხილდებიან და კარგავენ.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– პატიება ყველაფრის შეიძლება, დავიწყება – არა. თუ ხედავ, მოინანია, რატომ არ უნდა აპატიო, საშინელებაა, როცა ამას არ აკეთებ. პატიება ღმერთისგან ბოძებულია, ისევე როგორც სიყვარული. დავიწყება სხვა მომენტია, ეს უნდა იყოს ორმხრივი, მაგრამ არის მომენტები, რომელსაც ხედავ, რომ ისევ ისე დარჩა, როგორც იყო და ამ შემთხვევაში არ ვივიწყებ.

– ბოდიშის მოხდა...

– ზოგადად, ფეთქებადი ხასიათი მაქვს და ყველას მაშინვე ვუხდი ბოდიშს. მაგრამ არის კონფლიქტური, პრინციპული სიტუაცია, ბრძოლის მაგვარი ჭიდილი მსოფლმხევდველობას შორის. ამ შემთხვევაში, თუ მივხვდი, ნამდვილად შევცდი და სხვა დავაზიანე, რატომ უნდა გამიჭირდეს მობოდიშება, ყველაფერს გავაკეთებ, ფეხქვეშ გავეგები, რომ დანაშაული გამოვისყიდო. თუმცა უნდა ვთქვა, რომ მსგავსი სიტუაცია დღემდე არ მქონია, რადგან ძალიან ფაქიზად ვექცევი ურთიერთობებს. არის მეორე საკითხი, თუ ადამიანი პრინციპულად დგას თავის პოზიციაზე და ვხედავ, მავნებს, მაშინ არ მოვუხდი ბოდიშს. ამ დროს უნდა გაეშვა.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა..

– ბევრი ყოფილა ასეთი მოვლენა, ბოლო პერიოდში, ალბათ, შემცვალა მამას ამბავმა. მე თვითონ ვცვლი ჩემს თავს. ამას ვარხერხებ ჩემი ცხოვრების ანალიზით და დაკვირვებით. ამ საკითხზე ვმუშაობ მთელი ცხოვრება და ვფიქრობ, ეს პროცესი დაუსრულებელია.

P.S. გამოყენებულია ზაქარია ჭელიძის ფოტოები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი