საზოგადოება

კახი ლობჟანიძე: დედა ამბობდა, თუ ადამიანს სურს, იყოს მეეზოვე – დაე, იყოსო

ავტორი: ეთო ხურციძე 12:14 17.11, 2020 წელი

კახი ლობჟანიძე
დაკოპირებულია

თავდაუზოგავ შრომას, სწავლასა და მოთმინებას დიდი წარმატება რომ მოჰყვება, ამის საუკეთესო მაგალითი კახი ლობჟანიძეა – 27 წლის ქოუჩი და ახალგაზრდა ბიზნესმენი. მან, ჯერ კიდევ, 16 წლის ასაკში დაისახა მიზნად, საკუთარი წარმატებით სხვების კეთილდღეობისთვის შეეწყო ხელი. მიზნამდე მისასვლელად არც თუ ისე მარტივი გზის გავლა მოუწია: მუშაობდა მეეზოვედ, გაყიდვების სფეროში, ფლაერების დამრიგებლად... ზოგჯერ უხელფასოდ, ზოგჯერ მიზერულ ანაზღაურებაზე. ბევრი სირთულის მიუხედავად, მან შეძლო საკუთარი მიზნების განხორციელება და ოცნებების ასრულება.
კახი ლობჟანიძე: ჩემს დღევანდელ შედეგებზე საინტერესო არის ის, რაც მის უკან დგას – გზა, რომელიც აქამდე მოსასვლელად გამოვიარე. მეც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, რომელმაც ბევრი იმედგაცრუება და ტკივილი გადაიტანა. შრომას რომ წარმატება მოაქვს და არდანებებას – შედეგი, მე ამის საუკეთესო მაგალითი ვარ. 16 წლიდან მინდოდა, სხვა ადამიანებისთვის წარმატების მოტივატორი ვყოფილიყავი. მიზნად დავისახე: მე თუ კარგად ვიქნებოდი, შევძლებდი, სხვებსაც დავხმარებოდი და ბევრი ადამიანის ცხოვრებასაც შევცვლიდი. ეს კარგად გავიაზრე და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე. ვთქვი, ვიმუშავებდი ყველგან, რასაც ცხოვრება მომიტანდა და დავიწყე სამსახურის ძებნა. თავიდან ვარიგებდი ფლაერებს, სარეკლამო ჟურნალებს. ერთი პერიოდი გარე გამათბობლების კომპანიაშიც ვიყავი და თბილისის ყველა კაფე-ბარი მაქვს ფეხით შემოვლილი – მათ პროდუქციას ვთავაზობდი. მერე გამოჩნდა მეეზოვის ვაკანსია და ზაფხულში, არდადეგებზე თბილისის ქუჩებს ვასუფთავებდი. ამასობაში აბიტურიენტობის პერიოდიც მოვიდა, რომელიც საკმაოდ რთული იყო – არ ვიცოდი, რამდენად შევძლებდი დაფინანსების მოპოვებას. მიუხედავად ბევრი სირთულისა, დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მესწავლა. როცა სტუდენტი გავხდი, მეც ვეხმარებოდი სწავლის საფასურის გადახდაში. კავკასიის უნივერსიტეტში, საჯარო მმართველობის და სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ამიტომ პირველ კურსზე მოვინდომე, საჯარო სამსახურში დამეწყო მუშაობა. მერიის ერთ-ერთ პროექტში მივიღე მონაწილეობა და აქედან მოვახერხე დასაქმება თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში, სადაც ასაკით ყველაზე პატარა თანამშრომელი ვიყავი. რამდენჯერმე დავწინაურდი და ჩემი ბოლო პოზიცია გენერალური მენეჯერის მრჩეველი იყო. ოთხი წელი დავყავი იქ, მაგრამ საბოლოოდ, პოლიტიკური ხედვებისა და გაუგებრობის გამო რეორგანიზაციაში მოვყევი. არ დავნებდი, ვიბრძოლე და ბოლოს გამათავისუფლეს. ეს გათავისუფლების ბრძანება სახლში მიდევს, რომელიც ჩემი მოტივაცია გახდა. მინდოდა, ქვეყნიდან წავსულიყავი და ამერიკაში ყველაფერი თავიდან დამეწყო. მზად ვიყავი, ყველა პოზიციაზე მემუშავა, თბილისში ვმუშაობდი მეეზოვედ და იქ არც მოხუცის მოვლა იქნებოდა ჩემთვის სათაკილო და არც დალაგება, მთავარი იყო, მიზნებისთვის მიმეღწია. სამწუხაროდ, ვიზა ვერ ავიღე, თუმცა, არ გავჩერებულვარ და ოთხ წელში ამერიკაში წავედი არა დასარჩენად, არამედ საქმიანი ვიზიტით. მე უკვე ვიყავი საკუთარ თავზე, სტრესებზე, კომპლექსებზე და შიშებზე გამარჯვებული.
– რისი მიღწევა შეძელი ამ წლების განმავლობაში?
– ბევრი წარმატება მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის ყველაზე ხელსაყრელი კოვიდის საწყისი ეტაპი აღმოჩნდა. ეს საუკეთესო პერიოდი იყო პიროვნული ზრდისთვის. თეორიულად ყოველთვის ვიცოდი ჩემი შესაძლებლობები და სხვებსაც ვეხმარებოდი, მაგრამ მაშინ, როცა ეს ყველაფერი შეიზღუდა, ადამიანებში სტრესი და შიში გაჩნდა, ამ დროს დავტესტე ჩემი ცოდნა. ახლა უკვე თავისუფლად შემიძლია თქმა, რომ სხვა ადამიანებს წარმატებასა და განვითარებაში ვეხმარები, საერთო ინტერესების მქონე პარტნიორებთან და გუნდთან ერთად. გარდა ამისა, დავაარსე კომპანია „ქართული“, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს – ახლა, ძირითადად, ვმუშაობთ ტურისტული და ბრენდინგის განვითარების კუთხით. „კანტის აკადემიის“ სტრატეგიული ქოუჩი გავხდი და შევქმენი საკუთარი საგანმანათლებლო პლატფორმა: „ლობს ქოუჩინგი“. ასევე, ვარ სპიკერი, ლექტორი და „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი რუბრიკის ავტორი და წამყვანი.
– როცა მეეზოვედ დაიწყე მუშაობა, ოჯახში როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას?
– ოჯახში არიდებდნენ ხოლმე თავს ამ თემას, არც არავისთან საუბრობდნენ. ბაბუამ იმდენად დაბლოკა ეს ინფორმაცია, ჩემს ერთ-ერთ ინტერვიუში რომ წაიკითხა, მკითხა: როდის იყოო. მეხუმრებოდა, დალაგება თუ გინდოდა, ჩემთან ჩამოსულიყავი აგარაკზეო (იცინის). წინააღმდეგობა არ შემხვედრია და რატომ – დედას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს პიროვნულ განვითარებაში. მას ყოველთვის სჯეროდა ჩემი და მაძლევდა შესაძლებლობებს, მეუბნებოდა: გავაკეთოთ ის, რაც გინდა, დავტესტოთ, ვნახოთ, რა გამოვა. გავიზარდე უმამოდ, 3 წლის ვიყავი, როცა მამამ გამოგვიშვა სახლიდან და მე და დედა მარტო დავრჩით. მართალია, დედას ოჯახში, ბებიასთან, ბაბუასთან და დეიდასთან ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ ყველა ადამიანს თავისი როლი და ფუნქცია აქვს შენს ცხოვრებაში. ყოველთვის მყავდა დედა გვერდით, მაგრამ არასოდეს – მამა. აქედან გამომიმუშავდა ის, რომ საკუთარი თავისთვის თავად ვიყავი ყველაფერი: მამა, შვილი, მეგობარი... დედას არასოდეს შეუთვისებია მამის როლი, ის ჩემში ყოველთვის ხედავდა პიროვნებას, თვლიდა, თუ პიროვნებას სურს იყოს მეეზოვე – დაე, იყოს! ამ კუთხით, ყველაფერში მიწყობდა ხელს. ძალიან მიყვარს მეურნეობა, ჩემი ჰობია და როცა ბაბუა პენსიაზე გავიდა, აგარაკზე მოაშენა შინაური ფრინველები და ცხოველები, მეც აქტიურად ვიყავი და ვარ ამ პროცესში ჩართული. ვუვლი კიდეც მათ, ვესწრები ყველა მნიშვნელოვან პროცესს. საკმაოდ პატარამ გადავწყვიტე, ამ კუთხითაც მიმეღო შემოსავალი და ათი ცალი ამერიკული ჯიშის ქათამი დიდი დიღმის ბაზარში ჩავიყვანე გასაყიდად, ერთ საათში ყველა გაიყიდა.
– მამასთან ურთიერთობა არ გქონდა?
– არანაირი ურთიერთობა არ მქონდა, სამწუხაროდ, არც მეორე ოჯახი ჰყოლია, და ან ძმა რომ მყოლოდა მისი მხრიდან. როგორც ბევრი მისი თაობის წარმომადგენელი „დაიკარგა“ ცხოვრებაში. დაახლოებით ორჯერ მყავს ნანახი და ორივე შეხვედრა არასასიამოვნოდ მახსენდება. შარშან გარდაიცვალა და შევეცადე, ღირსეულად გამეცილებინა, თუმცა, როგორც მამა-შვილი, ასე არასოდეს ვყოფილვართ. სიმართლე გითხრათ, ეს დანაკლისი იყო იმის საფუძველი, რომ წარმატებისთვის მიმეღწია და სხვებს დავხმარებოდი. დღემდე ყველასთან მამის როლში ვარ ხოლმე, ვცდილობ, დავეხმარო, ვასწავლო, გზა გავუკვალო... ჩემს გეგმებში შედის იმ დანაკლისის შემსუბუქება, რაც მე მქონდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი