საზოგადოება

ჯამლეტ ხუხაშვილი: ძალიან რთული დიაგნოზი დამიდგინეს, საქართველოში ამ დაავადების სტატისტიკა საერთოდ არ არსებობს

№31

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 08.08, 2022 წელი

ჯამლეტ ხუხაშვილი
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ დამსახურებული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი ჯანმრთელობის მძიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ბატონმა ჯამლეტმა მკურნალობის კურსი ისრაელში გაიარა, ახლა საქართველოში აგრძელებს და ცდილობს, ყველა პრობლემას, სპორტული მხნეობით გაუმკლავდეს.

ჯამლეტ ხუხაშვილი: მარცხენა თვალზე შემექმნა პრობლემები. ივა ბერაძე, ჩემი თანაკლასელი და მეგობარი, დიდოსტატია ოფთალმოლოგიაში და მასთან მივედი, გამსინჯეს და ძალიან რთული დიაგნოზი დამისვეს – ეს არის ლიმფომა თვალის ფსკერზე, რაც უიშვიათესი შემთხვევაა. საქართველოში ამ დაავადების სტატისტიკა საერთოდ არ არსებობს. ამიტომ, ივამ მითხრა: ბატონო ჯამლეტ, სასწრაფოდ უნდა გაემგზავრო ისრაელში და იქ იმკურნალოთო. ჩემი სიძე ისრაელში მუშაობს, ჩემი გოგოც, ერთ საავადმყოფოში არიან. აღმოჩნდა, რომ თვალი რომ გადამერჩინა ამ სიმსივნისგან, სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი. ფაქტობრივად, მთელი წლის მკურნალობა ისრაელში გავიარე. თვალის ფსკერზე 25 ქიმია გამიკეთეს, ეს მთელი წლის კურსია. ამ 25-მა ქიმიამ, რომელიც ნემსით შემიყვანეს თვალში, თავისი საქმე გააკეთა. მერე ორი ათასი ფოტო გადაიღეს, ყველანაირი გამოკვლევა ჩამიტარეს და ნახეს, რომ სიმსივნური სივრცე შეკუმშული იყო. ანუ, ქიმიამ სიმსივნური სივრცე უკუაქცია. მაგრამ მერე მცირეოდენი გაუგებრობა წარმოიშვა და ისევ ქიმიაზე გადავიდნენ. ისევ მიხედეს და მოუარეს. ყველაფერი უმაღლესი რანგის ექიმებმა გამიკეთეს. ისრაელში უძლიერესი ექიმის პროტოკოლით ვმკურნალობდი, რომ პროცესი ბოლომდე მიმეყვანა. ახლა უკვე აქ, თბილისში ვაგრძელებ მკურნალობას.

– მკურნალობის შემდეგ როგორ აფასებენ ექიმები საერთო მდგომარეობას?

– რა თქმა უნდა, ქიმია ქიმიაა. მე მაინც ვიბრძვი. ქიმიას ვებრძვი, ბოტანიკასაც და ფიზიკასაც. თუმცა, ქიმია არ არის მარტივი და თავის კვალს ტოვებს. სისუსტეს ვგრძნობ, მაგრამ ყველანაირად უნდა გავუძლოთ. მთავარია, რომ საქართველოში დიდი სპეციალისტები გვყავს და მიხარია, რადგან კარგ ექიმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათი იმედი მაქვს. ქიმიების დროს ზოგადი სისუსტე არ არის გასაკვირი, ეს იქნება ვიცი და ამას შეგუება სჭირდება.

– თვალის მდგომარეობა როგორია მკურნალობის შედეგად?

– უკეთესია, ყველაფერი კარგად უნდა იყოს, როგორც ამბობენ, როგორც ვამბობ და როგორც ვხედავ.

– თქვენი ბიოგრაფია განსაკუთრებულია. დაუჯერებელი თავგადასავლები გაქვთ. არაერთხელ გადარჩენილხართ სიკვდილს. თითქოს ერთი კი არა, ბევრი ადამიანის ცხოვრებით იცხოვრეთ. ამ ყველაფრის შემდეგ, მსგავსი პრობლემების მიმართ ემოციური ხართ?

– მე უკვე 60 წლის ისტორიის მქონე კომენტატორი კაცი, არ შეიძლება, რომ არ ვიყო ემოციური. ემოციური ვარ და ეს ემოციები ყველგან გამყვება, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, დავაწყნარო ჩემი თავიც, ჩემს გვერდზე მყოფი ავადმყოფებიც და თვითონ ექიმებიც. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქართული მედიცინა, საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული და უნდა დავაფასოთ. ყველას, ვინც ქიმიას იკეთებს, ვთხოვ, რომ მხნედ იყვნენ და სისუსტეს არ დანებდნენ.

– თქვენი შვილიც ექიმია?

– დიახ. ჩემი შვილი ისრაელში მუშაობს ონკოლოგიურ განყოფილებაში. სიძე ევროპის ერთ-ერთი საუცხოო უროლოგია. ისიც იმავე საავადმყოფოში მუშაობს, უროლოგიის განყოფილების უფროსია.

– კლინიკაში განებივრებული იქნებოდით შვილი და სიძეც იქ გყოლიათ...

– რა თქმა უნდა, ამას აქვს გარკვეული მნიშვნელობა. მაგრამ მაინც არსებობს რაღაც კრიტერიუმები, რომელსაც უცხოური მედიცინა ცდილობს, რომ არ გადაუხვიოს. განაწესს იცავენ. მაგრამ ჩემდამი და ჩემი მეუღლისადმი ყურადღება, რა თქმა უნდა, გამორჩეული იყო, რადგან განაწესთან ერთად, არსებობს კოლეგიალობა, რომელსაც გაუმარჯოს!

– ძალიან დიდი შრომა გაქვთ გაწეული ქართველი ებრაელობის წინაშე და ისრაელში, ალბათ, მათი თანადგომაც იგრძენით.

– ეს არის სასწაული. მე ასეთი ყურადღება მსოფლიოში არ მინახავს. საქართველოს, ქართველი ხალხისა და ებრაელი ხალხის ყურადღება არის ის, რაც მე დღეს მაცოცხლებს. ეს ჩემთვის ამქვეყნად მეორედ მოსვლის ტოლფასია. ადამიანებისგან ამხელა თანადგომა რომ ვიგრძენი, ამან ჩემზე ძალიან კარგად იმოქმედა. გარდა ამისა, ამ პერიოდში ძალიან გამიმართლა და გიორგი შერმადინმა საოცარი შედეგი აჩვენა. მსოფლიო მასშტაბის წარმატებას მიაღწია და უდიდესი სიხარული მომიტანა. მე ის საქართველოში გავზარდე, ქართველ პროფესიონალად და საქართველოდან გავუშვი უმაღლესი რანგის კლუბებში. ეს არის მთავარი. ეს არის უდიდესი სიხარული, უდიდესი შრომის ნაყოფი. 17 წლის წინანდელი შრომის ნაყოფი.

– ბატონო ჯამლეტ, როცა ეს ამბები დაიწყო, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობდა. თქვენ ამ დროს ისრაელში მკურნალობდით, მაგრამ ახერხებდით, პროცესში აქტიურად ყოფილიყავით ჩართული. ეს როგორ გამოგივიდათ?

– მე მინდა, მადლობა გადავუხადო ოლიმპიური თამაშების კომიტეტს და მის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს. რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ როდესაც ოლიმპიადაზე ჩვენი სპორტსმენი წარმატებით გამოდიოდა, მაშინვე მრთავდნენ მე ისრაელიდან. ტელეფონით ჩამრთავდნენ და პირველი მილოცვის უფლებას მე მაძლევდნენ. ეს იყო უდიდესი წარმატება ჩემთვის. მე მივულოცე პირველმა ტალახაძეს, ბექაურს და ყველას ჩვენი ბიჭებიდან, ვინც კი წარმატებას მიაღწია. ეს ჩემთვის დამატებითი სულიერი საზრდო იყო. ამიტომ მინდა, სპორტული სამყაროს ყველა წარმომადგენელს მადლობა ვუთხრა და კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას, ვინც სასწაულები მოახდინა. ვულოცავ ოლიმპიურ კომიტეტს, სადაც ყველანაირად ცდილობენ, ჩემ გარეშე არაფერმა არ ჩაიაროს. გამორიცხულია, რამე ისე ჩატარდეს, რომ მე არ მივაქციო ყურადღება და მათ მე არ მომაქციონ ყურადღება, ეს არის მთავარი, ეს არის ქართული, სპორტული და ოლიმპიური. ყველას დიდი მადლობა! ვგრძნობ მაყურებლის ძალას, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, ეს არის ეკონომიური დახმარებაც, მორალურიც, ფიზიკურიც, ყველანაირი. მე ამას ვგრძნობ და მიხარია, რომ მაქვს საშუალება, სრულიად საქართველოს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ.

– ფინანსები ახსენეთ და ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია. როგორ გაუმკლავდით?

– ყველაზე მთავარი ეგ არის ხოლმე, მაგრამ იმდენი მეგობარი დამიდგა მხარში, „ქართუ ბანკთან“ ერთად, რომ არ შეიძლება, მე რამეზე დავიჩივლო. ყველანაირი დახმარება აღმომიჩინეს და მინდა, სრულიად საქართველოს უდიდესი მადლობა გადავუხადო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი