საზოგადოება

ირმა ხეცურიანი: დღემდე ვერ გაიგო, რატომ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან

№2

ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 20.01, 2021 წელი

ირმა ხეცურიანი
დაკოპირებულია

პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიოს 18 საუკეთესო ეტლით მოფარიკავეთა შორის დასახელდა. ირმა ხმლით ფარიკაობაში რეიტინგით ისევ პირველ ადგილს ინარჩუნებს და 2021 წლის პარაოლიმპიადისთვის ემზადება. მის პირად ცხოვრებაში ცვლილებაა, რაზეც სპორტსმენი გულწრფელად გვესაუბრა. 

ირმა ხეცურიანი: 18 საუკეთესო ეტლით მოფარიკავე დასახელდა, აქედან 9 მამაკაცი იყო და 9 ქალი. B კატეგორიაში საუკეთესოთა შორის მე და ნინა თიბილაშვილი მოვხვდით. ჯერჯერობით ხმალში რეიტინგით ისევ პირველი ვარ. 2020 წელი მთლიანად ჩაგვივარდა – შეხვედრები არ გვქონია. რა შეჯიბრებებიც იყო ჩანიშნული, ყველაფერი შეჩერებულია. ზოგი მათგანი გაუქმდა ან თარიღი გადასწიეს. ოლიმპიადამდე მსოფლიოს თასი და ევროპის ჩემპიონატი იყო დარჩენილი და ორივე მაისში გადაიტანეს. ვიცით, რომ პარაოლიმპიადა აუცილებლად ჩატარდება და ამიტომ კარგი იქნება, თუ ეს ორი შეხვედრაც შედგება. ბოლო-ბოლო ოლიმპიადაზე მივდივართ და შეჯიბრის განცდა ხომ უნდა გვქონდეს.
– ახერხებთ ვარჯიშს პანდემიის პირობებში?
– ჩვენთვის ეს პერიოდი ძალიან რთულია. ვზივარ ეტლში და თუ არ ვვარჯიშობ, არ ვიხარჯები, ენერგია ვერ გამაქვს ორგანიზმიდან, ცოტაც რომ ვჭამო, ყველაფერი მერგება, რაც წონის პრობლემას იწვევს. ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად ჯანსაღი წესით ვიცხოვროთ, სწორად ვიკვებოთ, გვეძინოს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ვარჯიშს, ყველაფერი ჩაკეტილია, სახლის პირობებში კი ვერანაირად ვახერხებთ. თუმცა, უსაქმოდ მაინც არ ვარ – ეს პერიოდი ხშირად მაქვს ონლაინ-შეხვედრები. პარაოლიმპიადის კომიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ოლიმპიადამდე ტოკუშიმას ბანაკში გამგზავრებას ისახავდა მიზნად. იქ დაგვხვდებოდნენ სტუდენტები, რომლებიც თავიანთ კულტურას, ტრადიციებს გაგვაცნობდნენ. ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ ახლა ონლაინ-შეხვედრები გვაქვს და ინფორმაციების გაცვლა მიდის. ვემზადებით გამოფენისთვის, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადამდე გაიმართება და სადაც ჩვენ მიერ დამზადებული ნივთები იქნება წარმოდგენილი. მე იაპონიიდან გამომიგზავნეს სანათი, რომელიც თავად გავაფორმე.
– პარაოლიმპიადამდე ევროპაზე და მსოფლიოზეც უნდა გახვიდე?
– ევროპა მიწევს, რადგან ვიცე-პრიზიორი ვარ – ვერცხლი და ბრინჯაო მაქვს აღებული, თუმცა ევროპაც და მსოფლიო თასიც ჩემთვის საკვალიფიკაციო იყო. ეს შეხვედრები არაფერს მიწყვეტს, რომც არ ჩატარდეს, ოლიმპიადაზე მაინც მივდივარ, მაგრამ პრაქტიკის მხრივ კარგი იქნებოდა.
– პირად ცხოვრებაში ცვლილებები გაქვს, რატომ დაშორდი მეუღლეს?
– არ ვსაუბრობ პირადზე, როცა ბედნიერი ხარ, ერთად გხედავან და ასე შემდეგ, სხვა თემაა, მაგრამ როცა ყველაფერი დამთავრდა, ამის გარეთ გამოტანა დიდად არაა სასიამოვნო. მოხდა ასე, რაღაცები შეიცვალა და გადაფასდა. დავიღალე, მარტო მე უნდა მეზიდა მხრებით პასუხისმგებლობები და გადავწყვიტე, მარტო უფრო მშვიდად გავაგრძელებდი გზას და სპორტსაც გაცილებით მეტ დროს დავუთმობდი. ჩემშიც და მეორე მხარეშიც ბევრი ისეთი თვისება აღმოვაჩინე, რომ საერთოდ არ მომეწონა. მივხვდი, არაფერი გვქონდა საერთო. როცა ვხვდები, რომ სადღაც ჩემი ადგილი არაა, იქაურობას ვეცლები. ასე მშვიდად და წყნარად დასრულდა ყველაფერი.
– გადაწყვეტილება პირველმა თავად მიიღე?
– მე გადავდგი ეს ნაბიჯი, თავად ვიყავი ინიციატორი. მინდა, გითხრათ, რომ ყველაზე კარგი ნაბიჯი იყო, რაც კი ჩემს ცხოვრებაში აქამდე გადამიდგამს და ვფიქრობ, ეს უფრო ადრეც უნდა გამეკეთებინა.
– რატომ?
– გამეწელა. მე უფრო ადრე მივხვდი, რომ ეს ის ადამიანი არ იყო, ვისთვისაც ჩემი დრო უნდა დამეთმო. იყო მომენტი, როცა ვფიქრობდი, რომ მაინც ოჯახია, ოჯახი ჰქვია და ასე შემდეგ. როცა რაღაც ისე არ მიდის, როგორც საჭიროა, მაინც ბოლომდე მივყვები ხოლმე, ბოლომდე ვაცდი – იქნებ, რაღაც შეიცვალოს, მაგრამ როცა შედეგს ვერ ვხედავ, მერე ვასრულებ. ადამიანს მანამ არ ვუშვებ ჩემი ცხოვრებიდან, ვიდრე ბოლომდე არ ვიქნები დარწმუნებული, რომ ეს მართლაც ასეა. შემდეგ უკვე ვამბობ სათქმელს და ვიწყებ მოქმედებას. შესაბამისად, უფრო ადრე უნდა გამეშვა, მაგრამ ეს დრო იმისთვისაც იყო საჭირო, რომ თავად მიმეღო გადაწყვეტილება და არა სხვას ჩემ ნაცვლად.
– განშორებას ყოველთვის ახლავს ხოლმე რთული პერიოდი...
– როცა გადაფასებები ხდება და ვხვდები, არანაირი ჩასაჭიდი არ დამრჩა, რის გამოც შეიძლება, მეტკინოს ან განვიცადო, იქ უკვე ვასრულებ. იყო ნიუანსები, რომლებმაც საბოლოო გადაწყვეტილება მიმაღებინა. ახლა უკვე ჩვეულებრივად ვარ, არაფერი ყოფილა ისეთი, არც გული მტკენია, არც ცუდად გავმხდარვარ ან რაიმე მსგავსი. სადაც გრძნობა მთავრდება, იქ უკვე აღარც ტკივილია და არაფერი, უბრალოდ, შეჩვეული ხარ მას და რამდენიმე დღე გიჭირს, ესაა სულ. მშვენივრად მივეჩვიე ყველაფერს, ახლა დასთან ერთად ვცხოვრობ.
– შენი ყოფილი მეუღლეც იმავე აზრზე იყო? შერიგების მცდელობა თუ ყოფილა?
– იმავე აზრზე ვერ იქნება, რადგან დღემდე ვერ გაიგო, რატომ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან. როცა ჩემი საუბარი ისე არ მიდის ადრესატამდე, როგორც ვფიქრობ, თავად ვეძებ საკუთარ თავში პრობლემას ან მეორე მხარეზე ვფიქრობ, რომ ვერ იგებს. იყო პერიოდი, როცა მეუბნებოდა, თავიდან გვეცადაო, მაგრამ, როცა რაღაც სრულდება, იქ თავიდან ვეღარაფერს დაიწყებ. ეს ურთიერთობა იმდენად დასრულებული მქონდა საკუთარ თავში, რომ კიდევ მცდელობა არაფერს შეცვლიდა. მისი დამოკიდებულება გაუგებრობა იყო, ვერ გაერკვა, ვერ გაიგო, რისთვის გავუშვი. მისი აზრი კი არ ვიცი, რადგან მარტო მე ვსაუბრობდი ხოლმე და მონოლოგი მქონდა, დიალოგი რომ გვქონოდა, ალბათ, უფრო მეტი მეცოდინებოდა. როცა რაღაცის გარკვევის მცდელობა მქონდა, მარტო მე ვლაპარაკობდი. არ მიყვარს უმადური ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავენ და აფასებენ რამეს. ჩემი გადმოსახედიდან, იმ მომენტში ჩანდა, რომ ბევრ რამეში ვერ ერკვეოდა, თვლიდა, ღირსი იყო, ეკუთვნოდა და მე ეს ყველაფერი უნდა გამეკეთებინა.
– ანუ, ახლა მხოლოდ სპორტზე ხარ გადართული?
– კი, აქამდეც ჩემი ენერგია სპორტზეც იყო მიმართული და ოჯახის საქმეებში შეიძლება, ისე ვერ ვიყავი, მაგრამ ჩემი ცხოვრება ეს იყო. როცა იწყებ თანაცხოვრებას, უნდა იცოდე, რას აკეთებს შენი პარტნიორი, თუ არ ხარ თანახმა, მაშინ არ უნდა შეეჭიდო ამ ყველაფერს. ამ მხრივ, პრობლემა არ მქონია, მაგრამ ალბათ, რაღაცებზე მაინც იმოქმედა. ყოფითმა პრობლემებმა ჩემზეც იმოქმედა, ბოლოს კარგად ვერ ვიფარიკავე, სხვა რამეზე მეფიქრებოდა.

P.S. გამოყენებულია ჟურნალ „სითის“ და ზაქარია ჭელიძის ფოტოები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი