საზოგადოება

ინგა ბერაძე: ამ ამბის შემდეგ, თავი ეკლესიასა და უფალს მივუძღვენი

№22

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 08.06, 2022 წელი

ინგა ბერაძე
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ინგა ბერაძესთან 👇

სახელი: ინგა.

გვარი: ბერაძე.

პროფესია: მუსიკოსი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ბავშვობა ძალიან ბედნიერად მახსენდება, კიდევ უფრო ბედნიერი იყო ის წლები, როცა მაშინდელ პიონერთა სასახლეში დავდიოდი. ჩემი პედაგოგი გახლდათ არაჩვეულებრივი მომღერალი, ქალბატონი ციცინო ციცქიშვილი, რომელთან მოხვედრაც არ იყო მარტივი ამბავი, მაგრამ მე ეს არც გამიგია – 3 წლის ვიყავი, როცა დედამ სასახლეში მიმიყვანა და პირველივე მოსმენაზე მიმიღო. ასე დაიწყო ჩემი ლაღი, ბედნიერი ბავშვობა, რომელიც სულ სიმღერ-სიმღერით გავიდა. ბევრი დასამახსოვრებელი დღე მქონდა – იყო შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან, გვქონდა უამრავი გასტროლი, კონცერტი... ერთხელ მახსოვს, სასახლეში მედეა ამირანაშვილთან და ზურაბ სოტკილავასთან გვქონდა შეხვედრა. ქალბატონი მედეას რეპერტუარიდან ურთულესი სიმღერა შევასრულე, თან საკმაოდ პატარა ვიყავი. ისე კარგად გამომივიდა თავად მედეა ამირანაშვილი აღფრთოვანდა, ბევრი მეფერა და მკოცნა. ზურაბ სოტკილავას ხელში ეჭირა პატარა ქონდრის კაცივით სათამაშო, რომელიც თურმე, გერმანიიდან ჰქონია ჩამოტანილი და თქვა: ეს ქონდრის კაცი იქ ბედნიერების მომტანი სათამაშოა და მინდა, ამ პატარა გოგონას გადავცე, მთელი ცხოვრება რომ ბედნიერი იყოსო. დღემდე მაქვს ეს სათამაშო შენახული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჩუქარია ჩემთვის.

– მშობლების როლი...

– მამა ადრე გარდამეცვალა, 3 წლის ვიყავი და კარგად არ მახსოვს – ოთარ ბერაძე, ექიმი, ნამდვილი თბილისელი იყო, დიდი სამეგობრო წრე ჰყავდა და ბევრი იცნობდა. რაც მთავარია, ძალიან უყვარდა სიმღერა. კარგად მღეროდა და პერიოდულად ბუნდოვნად ჩამესმის ხოლმე მისი ხმა. ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა, თვითნაბადი ნიჭი ჰქონდა. სამსახურიდან რომ მოვიდოდა, შესძახებდა: ვიწყებთ კონცერტს! აიღებდა ინსტრუმენტს, მუხლებზე ჩამოგვისვამდა მე და ჩემს დას და ვიწყებდით სიმღერას. დედა მთელი ცხოვრება ჩემი კეთილი ფერია იყო. ბევრი გააკეთა ჩვენთვის, ახალგაზრდა დაქვრივდა და სრულიად მარტომ გაგვზარდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, ჩვენ რომ ლაღი და ბედნიერი ბავშვობა გვქონოდა. ერთი წელიც არ არის გასული, რაც გარდაიცვალა და ძალიან განვიცდი.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– მუსიკა ყოველთვის იყო ჩემს ცხოვრებაში და ეს დედას არჩევანი გახლდათ. თან ფიზიკური მონაცემებიც მქონდა და ყველა ამბობდა: ეს ბავშვი ხელოვნებას გაჰყვებაო და მართლაც ასე მოხდა. ეს სფერო მეც უზომოდ მიყვარდა და დღეს ვარ მუსიკოსი, სხვა პროფესია არც არასდროს მინდოდა და ვერც ვინატრებდი.

– ჩემი მეტსახელი...

– ჩემი ერთ-ერთ პირველი სიმღერა იყო „წითელქუდა“. ისეთი პოპულარული გახდა ეს სიმღერა, ყველამ იცოდა და სადაც კი დამინახავდნენ, მეძახდნენ: „წითელქუდა“ მოდისო. ამ სიმღერის შემდეგ ეს მეტსახელი შემრჩა, თუმცა ეს იყო ბავშვობაში. რაც შეეხება ჩემს სახელს, ინგას, დედას ვეკითხებოდი ხოლმე, რატომ დამარქვა. მერე ასეთი ისტორია მომიყვა, ჩემზე ფეხმძიმედ რომ ყოფილა, მეცხრე თვეში, თურმე, მაშინ გადიოდა ძალიან ცნობილი ფილმი „ჯადოქარი“, სადაც მთავარ როლს მარინა ვლადი თამაშობდა. მის გმირს ინგა ერქვა და დედას იმდენად შეჰყვარებია, ჩაუფიქრებია, თუ გოგონა შემეძინება, ინგას დავარქმევო და ასე დამარქვეს ინგა.

– ადამიანში ვაფასებ...

– ერთგულებისა და სიყვარულის უნარს, ასევე ძალიან მიყვარს შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანები.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ის, ვისაც ძალიან უყვარს თავისი საქმე, ბევრს შრომობს და იბრძვის იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს.

– ვამაყობ...

– ჩემი ოჯახით, ჩემი წინაპრებითა და ახლანდელი ოჯახით – მეუღლით, შვილით, რომელსაც ასევე ჰყავს საოცარი ოჯახი, არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი ლამაზი ანგელოზი ბიჭი – დავითი და დანიელი.

– მწამს...

– ღმერთის მწამს ყველაზე მეტად, რადგან ღმერთი სიყვარულია, შემდეგ მწამს ყველა მოსიყვარულე და ერთგული ადამიანის.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ამ თემას ცოტა ფრთხილად ვეკიდები და მიჭირს საუბარი. ვგალობ წმიდა პანტელეიმონის სახელობის პატარა ეკლესიაში, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ტაძარში ყოფნა. ბედნიერი ვარ ყოველი წუთის და წამის, როცა იქ ვდგავარ და ვგალობ.

– ვრისკავ...

– ადრე უფრო ხშირად ვრისკავდი, ახლა მეტ-ნაკლებად. ახალგაზრდობაში შემეძლო რისკის გაწევა, კონკრეტული საკითხის უცებ გადაწყვეტა, ახლა უკვე მიჭირს. არც მინდა, რომ გავრისკო, მეშინია რისკის.

– ვერიდები...

– ვიღაცამ გული არ მატკინოს. სულ რომ მომეფერონ, ასეც არ მინდა, მაგრამ გულისტკენას ვერიდები, როგორც ჩემ მიმართ, ასევე – სხვის. ბევრს ვფიქრობ ამაზე და არ მინდა, ვინმეს რაიმე ვაწყენინო.

– რთული პერიოდი...

– მქონდა, როცა ბავშვობაში გიგის ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. დაახლოებით, 6 წლის იქნებოდა, მისი ერთ-ერთი პირველი სატელევიზიო გამოსვლა იყო, ფეხი წამოკრა რაღაცას და წაიქცა, მოტყდა ხელი. როცა ექიმთან მივიყვანეთ და გადაუღეს, გვითხრეს, რომ სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, ბავშვს ხელის ამპუტაცია უნდა ჩატარებოდა. აღმოჩნდა, ძვალში ჰქონდა კისტა. მაშინ ძალიან ცნობილ ტრავმატოლოგთან მივედით, რომელმაც დაიჩემა, რომ სასწრაფო ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა. მერე ბევრმა გვირჩია, იქნებ სადმე გადაამოწმოთ დიაგნოზიო და წავიყვანეთ მოსკოვში, სადაც გაირკვა, რომ არ შეიძლებოდა ოპერაციის გაკეთება იქამდე, ვიდრე ზრდასრული არ გახდებოდა, ანუ არანაირი ოპერაცია არ იყო საჭირო. ონკოლოგიურშიც გაგვაგზავნეს გადასამოწმებლად და როცა იქ გვითხრეს, ეს ბავშვი ჩვენი პაციენტი არ არისო, სიხარულით მოვფრინავდით. თუმცა, ვიდრე ამ ყველაფერს გავარკვევდით, საკმაოდ რთული დღეები გავიარეთ, საბედნიეროდ, გადავრჩით, თორემ გიგისთვის ხელი უნდა მოეჭრათ და ბავშვი მთელი ცხოვრება ინვალიდი უნდა ყოფილიყო. ზუსტად მაშინ გამეხსნა გონება და ეკლესიაში მომინდა მისვლა. დიდი შიში ნახა იმ პერიოდში ჩვენმა ოჯახმა, თუმცა უფალმა გადაგვარჩინა.

– სიყვარული არის...

– ყველაფერი: დაბადება, ურთიერთობა ნებისმიერ ადამიანთან, შენი საქმე... ყველგან და ყველაფერშია ეს გრძნობა. ცხოვრებაში მის გარეშე არაფერი ხდება.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– ზოგადად, ჰუმანური ადამიანი ვარ და არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ისეთი, რასაც ადამიანს ვერ აპატიებ. ძალიან მიმტევებელი ვარ, სულ ვფიქრობ, ადამიანში არ აღმოვაჩინო ისეთი თვისება, რომ მას საპატიებლად გაუხდეს საქმე – არ მინდა ვინმეს სანანებელი ჰქონდეს.

– თავისუფლება არის...

– ყველაფერი. ჩემს ხასიათში მართლა გამოვარჩევდი თავისუფლებას. იმის გამო, რომ მე და ჩემი და ობლობაში ვიზრდებოდით დედასგან ცოტა შეზღუდვები გვქონდა. ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა მეტი თავისუფლება, რადგან კონკრეტული საათი მქონდა დაწესებული, რომელზედაც სახლში უნდა ვყოფილიყავი, განსაზღვრული დრო – როდის უნდა დამეძინა და ავმდგარიყავი... მოკლედ, სულ რეჟიმში ვიყავი. ადრეულ ასაკში შევქმენი ოჯახი და მერე ვიგრძენი თავისუფლება. მე და ჩემი მეუღლე ტოლები ვიყავით, ის ბევრად თავისუფლად იზრდებოდა და მეც ამიყოლია. მან მომცა დიდი თავისუფლება, მათ შორის კარიერაშიც, იმ დროს ძალიან პოპულარული ვიყავი და არასოდეს არაფერში შევუზღუდივარ. ძალიან ვაფასებ თავისუფლებას, რადგან შინაგანად თავისუფალი ადამიანი ვარ.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– ერთადერთო იყო გიგისთან დაკავშირებული ამბავი, რის შემდეგაც ჩემი თავი ეკლესიასა და უფალს მივუძღვენი საკუთარი საქმიანობით – გალობით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი