საზოგადოება

ია კიპაროიძე: კუბოს კეთება ჩემთვის „სემიჩკასავით“ არის

№21

ავტორი: ეკატერინე პატარაია 18:00 30.05, 2023 წელი

ია კიპაროიძე
დაკოპირებულია

ძნელია, იყო ქალი და. ძნელია, შეეჭიდო კაცის საქმეებს, როცა სახლში მამაკაცი არავინაა და კიდევ უფრო ძნელია, როცა თვეების წინ საყვარელი შვილი დაკარგე და მაინც გიწევს არანორმალური შრომა, მხოლოდ იმიტომ, რომ სულიერად და ფიზიკურად გადარჩე. ასე უმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს ჩვენი რესპონდენტი ია კიპაროიძე, რომელიც სურამში ცხოვრობს და ხის ავეჯს, ჩიტის ბუდეებს, „სასახლეებს“ ამზადებს. „კუბო ჩემთვის „სემიჩკასავითაა“, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი გია ჯაჯანიძის ერთ-ერთ გადაცემაში. „სასახლეების“ დამზადების სულაც არ ეშინია. მეტიც. შეუძლია, დღეში ორი, სამი კუბო ააწყოს თავიდან ბოლომდე. როდის, როგორ შეისწავლა მან დურგლის ხელობა, ამაზე და სხვა დანარჩენზეც თავად გიამბობთ.

– ია, გვიამბეთ, როდის და რატომ დაინტერესდით ამ ხელობით?

– მე და ჩემი მეუღლე თანაკლასელები ვიყავით. მეუღლე 18 წელია, აღარ მყავს. ადრე ნორმალური სამსახურიც მქონდა, გალანტერიაში ვმუშაობდი. მერე დეკრეტში რომ გავედი, ბავშვი შემეძინა და სახლში დავრჩი. ჩემი მამამთილი ხელოსანი იყო. ეზოში პატარა ცეხივით გვქონდა. მამამთილი მუშაობდა და ჩემი ქმარი ეხმარებოდა. თავიდან, ფარდის „კარნიზებით“ დავიწყეთ... მერე ჩემს ქმარს ნევროზი დაემართა. აღარ მუშაობდა. ვინც იცის, საშინელი ავადმყოფობაა ნევროზი. რომ გავჩერებულიყავით, როგორ უნდა გვეცხოვრა. არ მოვასვენე, ვეუბნებოდი, მოდი, ვიმუშავოთ, მე მოგეხმარები-მეთქი... ამასობაში მეც შევისწავლე ხელობა. ისე, ჩემი მეუღლე დოლზე უკრავდა. შაბათ-კვირას ქორწილებში იწვევდნენ.

– მოკლედ, ისეთ რამეზე მოგიწიათ მუშაოაბა, რასაც ადრე, ალბათ, ვერც გაიფიქრებდით.

– აბა, რას წარმოვიდგენდი?! ქალი ვარ. ჩემი მშობლები მეჩხუბებოდნენ, ქალს რა უნდა დაზგასთანო, მაგრამ ინტერესი მქონდა, ხისგან რაღაცები მეც მეკეთებინა, თორემ მანამდე, აბა, მაგას რა მომაფიქრებდა, თუ ხელოსანი გავხდებოდი. შემდეგ ქმარი დამეღუპა. 33 წლის იყო ისიც და მეც 33 წლის ვიყავი. რა მექნა? ხელობა კარგად ვიცოდი. ცეხი სახლში მქონდა. დავდექი და დავიწყე მეც დაზგასთან მუშაობა. ერთი პერიოდი ჩემი ძმა მოვიყვანე დამხმარედ, მუშაც მყავდა. ძალიან ბევრი შეკვეთა გვქონდა. კარ-ფანჯრები, სკამები, მაგიდები... ყველაფერს ვაკეთებ, დივან-სავარძლების გარდა. ადრე ლამინატი არ იყო და ყველაფერს სულ ხისგან ვამზადებდით. სამზარეულო, საძინებელი... რასაც მთხოვდნენ, ყველაფერს ვაკეთებდი.

– გქონდათ ისეთი მომენტი, როცა ძალიან მოგბეზრდათ და თავი მიანებეთ?

– ოცდაათ წელზე მეტია, ამ ხელობაზე ვმუშაობ. კი, ერთი პერიოდი თავი მივანებე. ქალი ვარ, ამდენი კარის, ფანჯრის, სკამის კეთება აღარ შემიძლია, დასვენება მინდა-მეთქი და თავი მივანებე. მაგრამ იმდენი კლიენტი მყავდა, სახლში მაკითხავდნენ, მთხოვდნენ... ავდექი და უფრო კარგი ცეხი გავაკეთე, ყველაფერი თანამედროვე შევიძინე და თავიდან დავიწყე. მივეჩვიე.

– შვილის გარდაცვალების მიუხედავად, „სასახლეებს“ მაინც აკეთებთ. მგონია, დედის ხელით გაკეთებული „სასახლე“ კარგის მომასწავებელი არ არის. მე არ ვიცი თქვენ როგორ უყურებთ ამას და ახლა თქვენს განსჯას არც ვაპირებ. სხვაგვარად ნუ გაიგებთ, უბრალოდ, ასე ვფიქრობ, რადგან თქვენს ცხოვრებაში ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა.

– ექვსი თვეა, რაც ბიჭი გარდამეცვალა. ფილტვები ჰქონდა დაზიანებული, ვირუსმა უფრო იმოქმედა... რა თქმა უნდა, ჩემთვის ძნელია ამ მდგომარეობაში მუშაობა, მაგრამ რა ვქნა? იძულებული ვარ, გავაკეთო, ზოგს რა უნდა, ზოგს – რა. ნელ-ნელა გავედი და ვმუშაობ, რომ ცოტა გული გადავაყოლო.

– თქვენი გაკეთებული კარები, ფანჯრები ზომებში, დიზაინში ყველანაირად ემთხვევა: არის ხოლმე შემთხვევები, როცა რაღაც დეტალში გეშლებათ?

– მომიტანენ ხოლმე ზომებს, რა სიმაღლე უნდათ, რა სიგანე, წყვილი, ცალი, რა მასალით და მაგის მიხედვით ვაკეთებ. კარს რომ დავიწყებ, ყველანაირად გავმართავ, ჩარჩოებს გავამზადებ, მერე პეტლებზე ჩამოვკიდებ, სახელური, „გაშკურკვა“, გალაქვა... თავიდან ბოლომდე ვაკეთებ. ვისაც მასალა აქვს, თავისი მოაქვს, თუ არ აქვს, მე ვყიდულობ.

ხან ტაქსით მომაქვს, ხან მეზობელს ვთხოვ და ასე. თბილისიდან, სოფლებიდან მოდიან. ყველა მიცნობს. ასევე, ვამზადებ ჩიტის ბუდეებს და ვყიდით, გასაშლელ სკამებს, ბავშვის სკამებს...

– ამ საქმეს, ალბათ, ძლიერი ნებისყოფაც სჭირდება.

– ძალიან დამღლელი სამუშაოა, ძალიან. ჩემი გოგო სულ წუხს, რომ ამ შრომაში ვარ. ფეხები, ხელები გაუბედურებული მაქვს, კაი ომში ნამყოფ კაცს ჰგავხარო, – მეტყვის ხოლმე, მაგრამ ძალიან დიდი ნებისყოფა მაქვს. რა თქმა უნდა, ნერვები უნდა ყველაფერს. დაზგაზე თითიც დამიზიანებია, მკლავიც, მაგრამ შეგუებული უნდა იყო იმასაც, რომ შეიძლება, თითიც მოიჭრა და მეტიც დაუშავო შენს თავს. უნდა გქონდეს იმის ნებისყოფა, რომ ყველაფერი აიტანო. ეს საქმე ისე არ გამოვა.

– რატომ დაიწყეთ „სასახლეების“ კეთება. ძალიან უცნაურია. საქართველოში კი არა, მსოფლიოში არავინ გამიგია, რომ ქალი კუბოებს ამზადებდეს.

– ჩემი მამამთილი აკეთებდა ხოლმე „სასახლეებს“. ადრე არ იყო ასე, არსად იყიდებოდა. მხოლოდ ჩვენთან, ოჯახში მოდიოდნენ შეკვეთებზე, გვთხოვდნენ. ვუყურებდი და ვისწავლე. ძალიან ბევრი გამიკეთებია, დღეში ზოგჯერ ორი, სამიც და ყველანაირი. ახლა მუხისას აღარ ითხოვენ, ძალიან ძვირია. ნაძვით და წაბლით ვამზადებ. ერთხელ, მეზობლის სიძე მოვიდა. ია, გეხვეწები სიდედრი გარდამეცვალა და ერთი კარგი კოკროჭინა „სასახლე“ გამიკეთეო. ერთხელ, ორი შეკვეთა მქონდა. ჩემი ძმისშვილი პატარა იყო, აქ მყავდა. მე და ჩემი ძმა ვმუშაობდით. ერთი რომ მოვრჩი, გავლაქე, გამოვაკარი და გარეთ მივაყუდე. მეორე უნდა დამესრულებინა. ბავშვს ვუთხარი: უყურე, მამიდა, არავინ მოიპაროს-მეთქი. კარგიო. შევტრიალდი სამუშაოდ. მერე შემთხვევით წინ გამოვედი, პატრონი მოსულიყო და გავატანე. ბავშვი კომპიუტერთან დაჯდა. თამაშობდა. მერე ცეხში გამოვიდა. ვეკითხები: მამიდა, ჩასასვენებელი ხომ იქ არის, ხომ არავის მოუპარია-მეთქი? ვის უნდა მოეპარა, მაგრამ მაინტერესებდა რას მეტყოდა. იქ არისო. სინამდვილეში გავატანე პატრონს და ბავშვს ეს არ დაუნახავს. რომ გამოვიდა და ვეღარ იპოვა, დამჯდარა კიბეზე და ტირის გამწარებული. ერთხელ, ზომის ასაღებად წამიყვანეს ოჯახში, მიცვალებულთან. რომ შევედი, დაიწყეს ტირილი, ერთი ამბავი – ყველამ ხომ არ იცის, რომ ხელოსანი ქალია. ეს კაცი ეუბნება: ეს ქალბატონი ზომის ასაღებად მოვიდაო და გაჩერდნენ. გია ჯაჯანიძე რომ იყო გადაღებაზე, ჩემს დამზადებულ სასახლეში ჩავაწვინე. მერე „ფეისბუქზე“ ვიღაც ქალი მწერდა: ვაი, მაგის სიკვდილი არ ვნახოთ, მაგის, კუბოც რომ მუქთა იშოვაო...

– შიში არ გაქვთ?

– არა, საერთოდ არ ვიცი არაფრის შიში. ფიცარია, გინდ კარადა გამიკეთებია, გინდ – „სასახლე“. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით, პირიქით, დიდი მადლია. ჩემთვის ძალიან მარტივია. ჯერჯერობით, სანამ შემიძლია, გავაკეთებ. მერე ვეღარ ვიმუშავებ, რა თქმა უნდა, ბებერი ქალი. ჯერ ახლა დავიბერე თავი ამდენი ფიზიკური შრომით. ცოტა ხანი კიდევ ვიმუშავებ. ახლა გავამზადე ორი სასახლე და ცეხში მიდევს, აღარ მინდა, სახლში მელაგოს. გავყიდი.

– ალბათ, რომ მოინდომოთ, ახალი სტილის „სასახლესაც“ გააკეთებთ.

– ყველაფერი შეიძლება, მოიფიქროს ადამიანმა. მაგალითად, მეზობელს გავუკეთე ახალი სტილის კარები. გასაკეთებლადაც იოლია და და ლამაზიც არის. ვიგონებ ხოლმე ახალ-ახალ რაღაცებს. ყველანაირ „სასახლეს“ ვამზადებ. შიგნიდან ვაკრავ ატლასის სარჩულს, ბალიშს ვუდებ. თავისი ყველაფრით. ჩემთვს არაფერი მაქვს გაკეთებული, ერთადერთი ტელევიზორის მაგიდა ავაწყვე და ისიც ბავშვებმა წამართვეს – სულ სხვებს უკეთებ, ჩვენთვის არაფერს აკეთებო. რასაც ვაკეთებდი, სულ ვყიდდი ხოლმე. ახლა ძალიან მინდა, ჩემთვის ხატების ხე გავაკეთო, კიდევ, კორიდორისთვის საკიდი – ხის ტოტებისგან... „სასახლეებიც“ შეიძლება ახალი სტილის გაკეთდეს, მაგრამ „სასახლე“ და ლამაზი სად გინახავთ?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი