საზოგადოება

გურამ თავართქილაძე – სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

№41

ავტორი: თამარ გუნია 15:00 20.10, 2021 წელი

გურამ თავართქილაძე
დაკოპირებულია

არიან ადამიანები, ვინც თავისი განვლილი ცხოვრებით წარუშლელ კვალს ტოვებენ ქვეყნის, ადამიანების ცხოვრებაში. მათი სიცოცხლე სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. ეს მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრია, ასეთ ადამიანთა შორისაა პროფესორი გურამ თავართქილაძე, კაცი, რომელმაც ღირსეულად იცხოვრა და დატოვა გზა, რომელზეც დღემდე ათასობით ადამიანი დადის...

13 ოქტომბერს გურამ თავართქილაძე 75 წლის გახდებოდა. ამ დღეს ძალიან ბევრი გაიხსენებს მას – ღირსეულ მოქალაქეს, ჭეშმარიტ მამულიშვილს, ნიჭიერ და პროგრესული იდეებით აღსავსე ადამიანს, რომელმაც დროს ბევრჯერ გაუსწრო. გურამ თავართქილაძემ პირველი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ჯერ კიდევ მაშინ დააარსა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი წლები იყო და განათლებისთვის თითქოს არავის ეცალა. გავიდა დრო და დღეს მისი სახელობის უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

განგებისგან ბევრი ღირსება და ნიჭი დაჰყვა. გაუმართლა ყველას, ვინც ცხოვრებამ მასთან დააკავშირა. გაუმართლა მის ოჯახს, მეგობრებს, თანამშრომლებს, თანამოაზრეებს. ის ბევრი ადამიანის გზამკვლევი იყო, ძლიერი, ოპტიმისტური ხასიათით შეეძლო, წამებში შეეცვალა ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ, ესეც უდავოდ გამორჩეულ ლიდერთა ხვედრია..

განათლება და მეცნიერება გურამ თავართქილაძის ცხოვრების მთავარი კრედო იყო. მას ენდობოდა ყველა – მისი სიტყვა იყო სიტყვა, რომელსაც არ გატეხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. არ უშინდებოდა სირთულეებს, ყველა საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა. სწორედ ეს იყო მის მიმართ ნდობისა და პატივისცემის საფუძველი, რაც მას პროფესიულ წრეებში ჰქონდა.

გია მათიაშვილი (გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი): ბატონ გურამს მრავალი რეგალია ჰქონდა – დოქტორი, პროფესორი, რექტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი, განათლების წარჩინებული მუშაკი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლის კავალერი... მისი სახელი და გვარი განაპირობებს უზარმაზარ პატივისცემას და ავტორიტეტს, რომელიც ამ ქვეყნიდან უდროოდ წასულმა კაცმა, გურამ თავართქილაძემ დაიმკვიდრა.

იშვიათია მოღვაწე, რომელსაც ორი წარმატებული უნივერსიტეტი დაეარსებინოს. 90-იანი წლების დასაწყისში მან შექმნა ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2008 წელს კი დააარსა გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი, რომელმაც დაარსებისთანავე მოიპოვა ავტორიტეტი. უნივერსიტეტი, იქ მოღვაწე პროფესორები, თანამშრომლები გურამ თავართქილაძის თანამოაზრეებად დარჩნენ.

როინ მეტრეველი (აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 1991-2004 წლებში): გურამ თავართქილაძე გახლდათ გამორჩეული, ღირსეული პიროვნება, რომელმაც უდიდესი ამაგი დასდო საქართველოში განათლების სისტემას. ის ფლობდა უზარმაზარ ინფორმაციას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ, იგი ნოვატორი იყო და უმაღლესი განათლების სისტემის გარდაქმნის პერიოდში არაფერი გამორჩენია, ყველა სიახლეს ნერგავდა. გურამი ყოველთვის მხნედ, ვაჟკაცურად იღებდა რთული საქმის ტვირთს საკუთარ თავზე.

გურამი ცხოვრების გამოცდილებით გაზრდილი კაცი იყო. უკან არაფერზე დაიხევდა. რაინდი იყო. მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა მასზე. თუ კაცს შეუძლია, კაი ყმა გაიხსენოს, მათ შორის გურამ თავართქილაძე გახლავთ ერთი უპირველესთაგანი.

რამაზ ხეცურიანი (პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი 1992-2005 წლებში): ჩვენ საქმემ დაგვაკავშირა, რაც შემდეგ მეგობრობაში გადაიზარდა. ჩვენი მეგობრობის პერიოდში გურამისგან ბევრი სასარგებლო შევითვისე. გურამს ადამიანებთან, განსაკუთრებით სტუდენტებთან ურთიერთობის უნიკალური ნიჭი ჰქონდა. ყველა სტუდენტი მისი ოჯახის წევრივით იყო, ყველას ბიოგრაფია იცოდა. იცოდა, ვის რა უჭირდა, ვის რა ულხინდა. მე მინახავს გურამი, როდესაც შესაფერის ტანსაცმელს ეძებდა, რომ თავისი რამდენიმე სტუდენტისთვის ეყიდა. ეს მისგან მეც გადმომედო.

ბექა ჯაყელი (გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური პროგრამის წარმომადგენელი): საქართველოში უნივერსიტეტების რექტორები, ძირითადად, ოდიოზური ფიგურები იყვნენ, სტუდენტები არა თუ არ იცნობდნენ რექტორს, სახეზეც კი არ ჰყავდათ ნანახი. დადგა დღე, როდესაც ინსტიტუტის რექტორმა, გურამ თავართქილაძემ საჯარო ლექცია ჩაატარა. ის დღე ჩემთვის დაუვიწყარია. ყურადღებით ვუსმენდი ადამიანს, რომელმაც გამეფებული სტერეოტიპი დაამსხვრია – ჩემ თვალწინ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული პიროვნება იდგა.

ქეთევან თავართქილაძე (გურამ თავართქილაძის და): გურამ! გურამ! ისევ და ისევ ვიმეორებ შენს სახელს, გიხმობ, გეძახი, ჩემს იმედად ადრე მოსულს ამქვეყნად, ჩემს მფარველ ანგელოზად მიჩნეულ ძმას, მეგობარს, მრჩეველს, ჩემი ჭირისა და ლხინის მოზიარეს.

მეც გადმომდებია შენი თვისებები – ყველას და ყველაფერს დადებითად ვუცქირო. ადამიანებში კარგი დაინახეთო, მასწავლიდი და კარგი მოსწავლე აღმოვჩნდი.

კი არის სიკვდილი ღვთის ვალიო, მაგრამ შენ დროზე ადრე გადაგახდევინეს. ბრალია შენი სიკვდილი. ჯერ ბოლომდე არ გქონდა შენი შესაძლებლობები ამოწურული, ბევრი მიზანი გქონდა განსახორციელებელი, ბევრი სიკეთე გასაკეთებელი. რამდენჯერ გითქვამს ჩემთვის, ნეტავ, ისეთი საშუალება მქონდეს, ერთი უფასო უნივერსიტეტი გამახსნევინა გაჭირვებული ოჯახის შვილებისთვის, სტიპენდია დამანიშნინა და მათთვის უფასო სასადილოსაც ემუშავაო. შენს დაარსებულ უნივერსიტეტში ვხედავ თანამოაზრე ადამიანებს, პატივისმცემლებს, დამფასებლებს, მომგონებლებს. უთუოდ გრძნობს შენი სული უნივერსიტეტის ღირსეულ სიცოცხლეს.

გურამ შენი სიცოცხლე გრძელდება სალომეში, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებში.

ლია თავართქილაძე (გურამ თავართქილაძის მეუღლე): ბევრი ითქვა გურამის შესახებ, მის პიროვნულ თვისებებზე, პროფესიონალიზმსა და შრომისმოყვარეობაზე. მასზე საუბარი მართლაც უსასრულოდ შეიძლება. მე არაფერს დავამატებ, მხოლოდ მის ორ თვისებას გამოვყოფ, რაც სწორად იყო აღნიშნული – გურამი არ უშინდებოდა სირთულეებს და მისი სიტყვა იყო სიტყვა, რომელსაც არასდროს გატეხდა.

დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, მეგობარს, კოლეგას, ვისაც ახსოვს და არ ავიწყდება გურამი. მადლობა გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს, ვინც არ იშურებს ძალ-ღონეს მისი დაწყებული საქმის გასაგრძელებლად. ასევე ვიტყოდი გურამის დამოკიდებულებაზე შვილების მიმართ. ის იყო მკაცრი, ამავე დროს, თბილი, მზუნველი და საოცარი ემოციების მქონე მამა. თავისი წასვლით მოუშუშებელი ტკივილი დაუტოვა შვილებს. ყველაფერი უფლის ნებაა და 9 წლის შემდეგ უმცროსმა გურამმაც მამასთან არჩია მარადისობაში ყოფნა.

გურამ თავართქილაძის ცხოვრება ბევრისთვის იქცა სიკეთის, ვაჟკაცობის, მეგობრობის, სიყვარულის, მამულიშვილობის დიდ მაგალითად, ამიტომაცაა, რომ აი, უკვე 12 წელია, გრძელდება გურამ თავართქილაძის სიცოცხლე... სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი