საზოგადოება

ეთო ლიპარტელიანი: ძმაკაცური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ბოლოს ჩემს თავს შევატყვე, რომ ვეჭვიანობდი

№19

ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 18.05, 2021 წელი

ეთო ლიპარტელიანი
დაკოპირებულია

ძიუდოისტი ეთო ლიპარტელიანი მიღწეული წარმატებებით არაერთხელ ჩაეწერა ქართული სპორტის ისტორიაში. თბილისში გამართულ „გრანდ სლემზე“ მან მეორე ადგილი, ხოლო მისმა შეყვარებულმა, ასევე ძიუდოისტმა თემო ნოზაძემ პირველი ადგილი დაიკავა. წყვილი კარიერასა და თავის სიყვარულის ისტორიაზე გვესაუბრა.

ეთო: საქართველოს ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველი მედალოსანი ქალი გავხდი „გრანდ სლემის“ ტურნირზე. ასევე, პირველი ვარ იმ კუთხით, რომ ფინალში გასვლა მოვახერხე, თუმცა, სამწუხაროდ, დავმარცხდი და მეორე ადგილზე გავედი. ფინალამდე საკმაოდ დაძაბული ბრძოლა მქონდა – მსოფლიოს ჩემპიონთან მომიწია შეხვედრა, მაგრამ მოვახერხე მისი დამარცხება. ჩვენი ბრძოლა 9 წუთი მიმდინარეობდა, ერთი ქულით ვაგებდი და ბოლო 40 წამი იყო დარჩენილი, რომ მოწინააღმდეგე იპონით დავაგდე.

– თემო, რამდენი ხანია, რაც ამ სპორტის სახეობაში ვარჯიშობ და რა წარმატებები გაქვს დღემდე?

თემო: ბიძაჩემი იყო მოჭიდავე და მისი სურვილით შევედი ძიუდოზე – 7 წლის ვიყავი, როცა ბიძამ წამიყვანა სავარჯიშოდ და ამ გზაზე დამაყენა. მას სურდა, დიდი სპორტსმენი გავმხდარიყავი და ვნახოთ, მომავალში რა იქნება. რაც შეეხება წარმატებებს, პირველი ჩემი დიდი წარმატება იყო 2014 წელს – მეორე ადგილი მოვიპოვე ევროპის ჩემპიონატზე. მერე, 2015 წელს ევროპის ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დავიკავე. შემდეგ უკვე დიდებში გადავედი და 23-წლიანებს შორის ევროპაზე ჯერ მესამეზე გავედი, მერე – მეორეზე. ახლახან თბილისის „გრანდ სლემზე“ მოვიპოვე პირველი ადგილი, რაც მნიშვნელოვანია ჩემი კარიერისთვის და რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ – ჩემპიონი გავხდი.

– ეთო, სოციალურ ქსელში დაწერე, რომ თემოს წარმატებამდე რთული გზის გავლა მოუწია, რას გულისხმობდი?

ეთო: ძალიან რთული გზა გაიარა, ისიც ჩემსავით მშობლებისგან შორს იზრდებოდა. ყოველთვის ცდილობს და წვალობს იმ წარმატების მისაღწევად, რასაც სპორტსმენის ოცნება ჰქვია და ეს არის მიზანი – ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონობა. მართლა გულმოდგინედ შრომობს და ვფიქრობ, ეს ყველაფერი დაუფასდება. ზოგადად, კონკურენცია ბიჭებში დიდია. უცხოეთში ასპარეზობაზე რომ არ ვილაპარაკოთ, მარტო საქართველოს ჩემპიონატებზე რომ დადო მედალი, ესეც რთულია, ამიტომ ორმაგად სასიხარულოა მისი წარმატებები.

თემო: წარმოშობით ხაშურიდან ვარ. ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს. 10 წლიდან გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად. ეს ძალიან რთული იყო როგორც ჩემი მშობლებისთვის, ასევე ჩემთვის, თან მარტო ვცხოვრობდი გლდანის სპორტსკოლა-ინტერნატში. როცა ჭაბუკებში მოვიგე საქართველო, მაშინ წამომიყვანეს თბილისში. ეს ყოველივე არც ჩემთვის იყო მარტივი და არც ჩემი მშობლებისთვის. პატარა ვიყავი და როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მაშინ ვერ ვგრძნობდი მშობლების სითბოს, რადგან ჩემგან შორს იყვნენ. თუმცა ასე ითხოვდა ჩემი კარიერა – ან სოფელში უნდა დავრჩენილიყავი და იქ გამეგრძელებინა ვარჯიში, ან პირიქით – წამოვსულიყავი. სოფელში ვერ განვვითარდებოდი, ამიტომ ოჯახში ეს გადაწყვეტილება ჩემს სასიკეთოდ მივიღეთ.

– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

– თბილისში იყო შეჯიბრება, მართალია, არც ერთი არ ვჭიდაობდით, მაგრამ ვესწრებოდით. ისე მოხდა, ეთოს რომ შევხედე, მაშინვე რაღაც განცდა დამეუფლა და რაღაც ვიგრძენი, მართლა მომეწონა. მერე ბაკურიანში მოგვიწია „ზბორების“ ერთად გავლა და იქ დავახლოვდით. სიყვარული რომ ავუხსენი, ის მომენტი არ დამავიწყდება (იცინის). ვსეირნობდით და ვფიქრობდი, როგორ მეთქვა მისთვის, რომ მიყვარდა, ვნერვიულობდი. მერე როგორც იქნა გავბედე და ვუთხარი: ეთო, მიყვარხარ და მომწონხარ, შენ რას ფიქრობ-მეთქი. მაშინვე მიპასუხა: მე არც მიყვარხარ და არც მომწონხარო (იცინის).

– მერე როგორ განვითარდა მოვლენები?

ეთო: იმ მომენტში მართლა ასე ვფიქრობდი. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ცოტა ბიჭურიც და სიყვარული ვერც წარმომედგინა, თან, იმ ასაკში – 13 წლის ვიყავი. ამიტომ მეგობრობა შევთავაზე: თუ გინდა, ვიმეგობროთ, თუ არა და საერთოდ გავწყვიტოთ ურთიერთობა-მეთქი. სხვა რა გზა ჰქონდა, დამთანხმდა. ორი წელი, უბრალოდ, ვწერდით ერთმანეთს და ძმაკაცური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ბოლოს ჩემს თავს შევატყვე, რომ ვეჭვიანობდი, თუმცა, უარი რომ მქონდა ნათქვამი, არ ვიმჩნევდი. თემოს კი ეშინოდა, მეორედ რომ ეთქვა მიყვარხარო (იცინის). 2014 წელს თემომ ევროპის ჩემპიონატზე დიდი გამარჯვება მოიპოვა და მაშინ მითხრა, მიყვარხარო, ამჯერად მეც იგივე გრძნობით ვუპასუხე. იქიდან მოყოლებული ერთად მოვდივართ.

თემო: ის დღეები და წუთები დაუვიწყარია, როცა მითხრა, რომ მასაც ვუყვარდი. ბევრი მაწვალა, მაგრამ საბოლოოდ დავარწმუნე ჩემს გრძნობებში. ბედნიერი ვიყავი იმ წუთებში და დღემდე ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემ გვერდით არის.

ორივე ძიუდოისტები ხართ, ხშირად გიწევთ უცხოეთში გამგზავრება, შეკრებებზე სიარული. ეს როგორ მოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე?

– თავიდან ჩემზე მოქმედებდა, რადგან ეთოს ბიჭებთან ერთად ვარჯიში და შეკრებებზე ყოფნა უწევდა. ვეჭვიანობდი, ვბრაზდებოდი და ვეუბნებოდი, არ ეჭიდავა ბიჭებთან, მაგრამ ჩვენი სპორტი ქალთა ძიუდოში არ არის იმ დონზე განვითარებული, რომ გოგოებს ბევრი წყვილი ჰყავდეთ. სპორტსმენს კი მოსამზადებლად პარტნიორი აუცილებლად სჭირდება, მით უმეტეს, ეთოს, რადგან წარმატებული სპორტსმენია. ახლა უკვე შევეგუე ამ აზრს და ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ნერვიულობა არ ღირს.

ეთო: ვბრაზდებოდი ასეთი რეაქცია რომ ჰქონდა ხოლმე, იმასაც ვფიქრობდი, რომ ჩემს კარიერაში ხელი შემეშლებოდა. თანდათან შეეგუა და მიხვდა, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმატებისთვის იყო საჭირო. თავის ეჭვიანობა და ბრაზი გვერდით გადადო და ახლა ყველანაირად მიდგას გვერდში.

– ერთმანეთთან თუ გიწევთ წყვილში დგომა ტატამზე?

– თემო თითქმის ჩემი წონაა და ხშირად არა, მაგრამ ვჭიდაობთ ხოლმე.

თემო: კი, გვიწევს ხოლმე და გვიჭიდავია კიდეც. ხშირად არ ვაბრაზებ ეთოს, მაგრამ ვარჯიშის დროს მიგრძნია, როცა გაბრაზებული ყოფილა (იცინის).

– ქორწინება შედის თქვენს გეგმებში?

ეთო: კი, ვაპირებთ კიდეც. უბრალოდ, თემო ჩემს აზრს ამ ელოდება საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ოჯახს რომ შევქმნით, სპორტზე თავის დანებება მომიწევს.

– რატომ?

თემო: ოჯახი ძიუდოს არ გამორიცხავს, მაგრამ, როცა ოჯახი იქმნება და ბავშვი ჩნდება, სპორტსმენს ჩავარდნა აქვს. ჩვენს სპორტში კი ერთი და ორი წელი ძალიან ბევრს ნიშნავს, მერე რთულია ფორმაში ჩადგომა, შედეგების დადება. თუ ეთოს ეს ჩავარდნა ექნება, მერე აღარ ვაწვალებ. მთლად ახლო მომავალში დაქორწინება ჩვენს გეგმებში არ შედის, მაგრამ შორსაც არ გადავდებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი