საზოგადოება

დავით სუბელიანის, ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგის წარმატებული გზა სამედიცინო სფეროში

№25

ავტორი: მაკა ჯიქია 17:07 26.06, 2022 წელი

დავით სუბელიანი
დაკოპირებულია

დავით სუბელიანი – ექიმი, რომელიც ყოველთვის ამართლებს პაციენტების იმედებს

დღეს უნდა გიამბოთ ექიმ დავით სუბელიანზე, ტრავმატოლოგ-ორთოპედზე, რომელიც თავისი საქმის უბადლო მცოდნე, უდავოდ საუკეთესო პროფესიონალი და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ყურადღებიანი ექიმია. მისი კაბინეტიდან გამოსული არაერთი პაციენტისგან მოისმენთ შემდეგ სიტყვებს: „ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ექიმები“... ნამდვილად სასიამოვნო განცდაა, როდესაც კლინიკაში გარკვეული პრობლემით მიდიხარ და გხვდება ადამიანი, რომელსაც ბოლომდე ანდობ საკუთარ ჯანმრთელობას და ზუსტად იცი, ის ამ ნდობას გაამართლებს. ბატონ დავითზე და მის ადამიანურ თვისებებზე შემიძლია, ბევრი ვისაუბრო, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია მისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, ის ამ ეტაპზე გახლავთ ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკის „ჰელსიკორისა“ და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ერთ-ერთი წამყვანი ექიმი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი. უფრო დაწვრილებით კი თავად გიამბობთ დღემდე გადადგმულ საკუთარ ნაბიჯებზე სამედიცინო სფეროში.

– ბატონო დავით, როგორ მოხვდით სამედიცინო სფეროში? ეს თქვენი პროფესიული არჩევანი იყო?

– მშობლები პედაგოგები მყავს, მაგრამ უმცროსი და გახლავთ ასევე ექიმი – რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგია. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობაში არ მინდოდა ექიმობა, თუმცა, მაშინ ცოტა რთულად მეჩვენებოდა სამედიცინოზე ჩაბარება, თან, ამ სფეროში სწავლაც ნამდვილად არ არის მარტივი. საბოლოოდ, მოვინდომე, გამიმართლა, ცოტა იღბალმაც შემიწყო ხელი და გავხდი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი. უკვე სპეციალობა შემდეგ შევარჩიე, უშუალოდ სწავლის პერიოდში, რა თქმა უნდა, ინტერესიდან გამომდინარე.

– როგორია თქვენი პროფესიული გზა?

– თავდაპირველად, 2003 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, კონკრეტულად მოსამზადებელ ფაკულტეტზე, შემდეგ 2004 წელს – უკვე სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე, რომელიც 2010 წელს დავამთავრე. იმავე წელს დავიწყე მუშაობა თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში. თავიდან სამედიცინო მაშველთა მომზადების უფროსი ინსტრუქტორი ვიყავი, ერთ წელიწადში კი სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადავედი. ამ პერიოდში გავემგზავრე ბრიტანეთში და კანადაში, სადაც სხვადასხვა სასწავლო კურსები გავიარე. დაბრუნების მერე უკრაინაში წავედი – რეზიდენტურაში ჩავაბარე ორთოპედია-ტრავმატოლოგიის სპეციალობით და ორი წელი იქ დავყავი. საქართველოში დაბრუნებისთანავე ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში დავიწყე მუშაობა, თუმცა 2019 წელს ისევ დავბრუნდი უკრაინაში და ამჯერად ართროსკოპიის მიმართულებით გავიარე საკმაოდ საინტერესო კურსი. 2021 წლიდან დღემდე ვმუშაობ ისრაელ-საქართველოს მრავალპროფილურ კლინიკა „ჰელსიკორში“. პარალელურად, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვარ ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილების ექიმი.

– როგორც ვიცით, ლექციებსაც კითხულობთ.

– დიახ, უპირველესად გეტყვით, რომ ვარ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტისა და კიევის სამედიცინო აკადემიის დოქტორანტი. 2022 წლიდან ვასწავლი სამედიცინო უნივერსიტეტში ორთოპედია-ტრავმატოლოგიის კათედრაზე, პარალელურად, 2022 წლის ივნისიდან ლექციებს ვკითხულობ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ინგლისურენოვან სექტორზე.

– რა სირთულის ოპერაციებს აკეთებთ?

– ყველა სირთულისას, რომელიც დაკავშირებულია ორთოპედია-ტრავმატოლოგიასთან, გარდა ონკოლოგიურისა. ამ კონკრეტულისთვის ცალკე სუბსპეციალობაა გამოყოფილი. უფრო დაწვრილებით ოპერაციებს შემდეგი მიმართულებით ვაკეთებთ: მოტეხილობები, ტრავმები, ძვალსახსროვანი სისტემის დაზიანებები, კუნთოვანი და მყესოვანი აპარატის დაზიანებები; ასევე, ორთოპედიულს – სხვადასხვა სახის ძვლოვანი დეფორმაციების კორექცია, მენჯ-ბარძაყის სახსრისა და მუხლის სახსრის ენდოპროტეზირებას, ართროსკოპიულ (მცირე ინვაზიური) ქირურგიას და ასე შემდეგ.

– რამდენი ოპერაციის გაკეთება გიწევთ თვეში?

– თვის განმავლობაში, საშუალოდ, 15-20 ოპერაციის გაკეთება მიწევს, თუმცა, გარდა ამისა არის კონსულტაციები, ამბულატორიული დახმარებები და სხვა.

– როგორ გაიხსნებთ თქვენს პირველ დამოუკიდებელ ოპერაციას?

– პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია საქართველოში დაბრუნების შემდეგ მქონდა, მაშინ, როცა რეზიდენტურა დავამთავრე. პირველ ოპერაციას, როგორც წესი, ყველა კარგად იხსენებს, ჩემს შემთხვევაშიც არ იქნება გამონაკლისი.

– თქვენს სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია გუნდი, ვისთან ერთადაც მუშაობთ. როგორ დაახასიათებთ თქვენს გუნდს?

– გუნდს ნამდვილად, დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ერთად გვიწევს ამა თუ იმ პრობლემასთან გამკლავება. თავისუფლად შემიძლია, ვთქვა, რომ საუკეთესო გუნდებთან ვთანამშრომლობ როგორც ერთ, ასევე მეორე კლინიკაში. იმდენად ვენდობით ერთმანეთს და იმდენად შეთანხმებულად ვმუშაობთ, ზუსტად ვიცით, როდის რა უნდა გავაკეთოთ. ეს ძალიან დიდი პლუსია თითოეული ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის.

– როგორც ცნობილია, კლინიკა „ჰელსიკორი“ ერთ-ერთი წამყვანია საქართველოს სამედიცინო სფეროში.

– ნამდვილად საუკეთესო კლინიკაა. ეს არის საქართველოსა და ისრაელის ერთობლივი პროექტი, შესაბამისად, კლინიკას ჰყავს ებრაელი პარტნიორები. ექიმებიც ხშირად ჩამოდიან ისრაელიდან და ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა, ურთიერთობა გვაქვს. მოგეხსენებათ, ისრაელი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა სამედიცინო სფეროში და თითოეული იქ დანერგილი სიახლე, პარალელურად, ჩვენთანაც ინერგება.

– თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ ცოტა, წარმოშობით საიდან ბრძანდებით?

– წარმოშობით მესტიის რაიონიდან ვარ. მყავს მეუღლე და სამი შვილი. მეუღლე – თამარ კორძაია ხელოვანი გახლავთ, მხატვარი. გვყავს სამი შვილი – ლინდა, ლუკა და ანა სუბელიანები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი