საზოგადოება

დავით სოკოლოვი: ჩაჩუებს შევუთვალე, სადაც გნახავთ, სამივეს შავ დღეში ჩაგაგდებთ-მეთქი

ავტორი: ქეთი კაპანაძე 12:38 17.11, 2020 წელი

ტელეწამყვანი დავით
სოკოლოვი
დაკოპირებულია

ერთ-ერთი პირველი ქართველი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი რამდენიმე წელი უშედეგოდ ცდილობდა კუთვნილი ბინის მიღებას. სულ ცოტა ხნის წინ, ამდენწლიანმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და თბილისის მერმა ბატონ დავითს ბინა გადასცა. ამ სასიხარულო სიახლისა და წარსული ისტორიების შესახებ მას პირადად ვესაუბრეთ.
დავით სოკოლოვი: 1998 წლიდან ველოდებოდი ბინას. 91-ში დაიწვა ჩვენი სახლი, მაგრამ 98-ში შევხვდი შევარდნაძეს და იმ ფულის ნაცვლად, რომელიც დამწვარი სახლის საკომპენსაციოდ მეკუთვნოდა, ვთხოვე, საცხოვრებელი ბინა მოეცათ. დამთანხმდა, მაგრამ წლები გავიდა და ჩემი მოთხოვნა არცერთმა მთავრობამ არ დააკმაყოფილა. ოცი წლის შემდეგ, აღარ ვიცი, უკვე მერამდენედ ვცადე ბედი, ამჯერად კახა კალაძეს ვთხოვე დახმარება და ერთ საათში ყველაფერი მოაგვარა. მეორე დილას მერიიდან დამირეკეს, მობრძანდით და ხელშეკრულება გავაფორმოთო. სასწაული მოხდა. ნუცუბიძეზე მოგვცეს ორი ბინა, მაგრამ დასასრულებელი იყო, გავყიდეთ და დიდ დიღომში ვიყიდეთ, სადაც ახლა ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. უსახლკარობის გამო ყველა ძალიან ვნერვიულობდით, ჩემს შვილს ორჯერ დაემართა ინფარქტი, შუნტირება გაიკეთა და დღეს ნორმალურადაა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახური დაკარგა და დღემდე უმუშევარია.
– არც თუ ისე დიდი ხნის წინ ძალიან რთული პერიოდი გქონდათ, რაც საზოგადოებამ გულთან ახლოს მიიტანა – მას შემდეგ, რაც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, მოხუცთა პანსიონატში გიწევდათ ცხოვრება.
– კეკელიძის ქუჩაზე დეიდაჩემის დანატოვარ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით. ჩემი მეუღლე ცუდად გახდა, ინსულტი დაემართა. ვეღარც ლაპარაკობდა და ვეღარც მოძრაობდა. ერთადერთ სიტყვას ამბობდა „დედა“ და იმასაც მე მეძახდა. მერე მეც დამემართა ნიელიტი, რომელმაც კიდურების პარეზი გამოიწვია და მეც, ისევე, როგორც ჩემი მეუღლე, ლოგინს მივეჯაჭვე. ასე გაგრძელდა ხუთი თვე და ორივეს რძალი და შვილიშვილები გვივლიდნენ. მაგრამ შემდეგ ჩემს რძალს თავადაც შეექმნა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და ფიზიკურად აღარ შეეძლო ორ ავადმყოფთან გამკლავება. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები სასიკეთო პროგნოზს არ აკეთებდნენ ჩემს მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაინც შევძელი ფეხზე წამოდგომა და ჩემს რძალს ვეხმარებოდი მეუღლის მოვლაში. მარტო ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო ჩვენი პრობლემა, უმუშევრად დარჩენილებს წლების განმავლობაში უამრავი ვალი დაგვიგროვდა და იძულებული გავხდით, კეკელიძის ერთოთახიანი ბინა გაგვეყიდა. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, ბანკი გაგვიყიდდა. ამის შემდეგ, ჩემი შვილის ოჯახი ბინიდან ბინაში გადადიოდა ქირით და ამ პირობებში ორი ავადმყოფის მათთან ერთად ყოფნა წარმოუდგენელი იყო. ის კი არა, ბინის გაყიდვაც ძალიან გაგვიჭირდა და სწორედ, ამ პრობლემებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ დროებით ფასიან თავშესაფარში გაგვეგრძელებინა ცხოვრება, სადაც ჩემი მეუღლე ძალიან ცუდად გახდა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.
– საქართველოში ამ თემას ჯერ კიდევ მტკივნეულად აღიქვამენ და საზოგადოების ნაწილში წყრომა დაიმსახურა თქვენი და თქვენი მეუღლის მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანის ფაქტმა.
– ძალიან დიდი გაჭირვება გავიარეთ. იძულებული გავხდით, ასე მოვქცეულიყავით. ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ჩემმა ოჯახმა უყურადღებოდ დამტოვა ან გამიმეტა. ძალიან ხშირად გვაკითხავდნენ და ყველაფერს გვიკეთებდნენ, რაც საჭირო იყო. ცდილობდნენ, რაც შეიძლება, მალე მოეგვარებინათ ყოფითი პრობლემები, რომ ჩვენც მათთან ერთად გვეცხოვრა. ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან ძალიან მალე, ნორმალური ბინა იპოვეს და მეც დავტოვე მოხუცთა თავშესაფარი, სადაც მე და ჩემმა მეუღლემ სულ ხუთი თვე გავატარეთ. რომ არა ბატონო კახა, ჩვენი ოჯახი ვერ გაერთიანდებოდა. ამაზე ნერვიულობას შეეწირა ჩემი მეუღლე, ჩემი ავადმყოფობაც ნერვიულობით იყო გამოწვეული. რძალი იხსენებს ხოლმე, მორიგი უარის შემდეგ, როგორი აკანკალებული გამოვდიოდი. კალაძემ რომ გვითხრა, ბინას მოგცემთო, მერიის წინ სკვერში დავჯექით და სიხარულისგან ცრემლები მოგვდიოდა.
– ბატონო დავით, როგორ დაკარგეთ სახლი წლების წინ?
– ჩემი ფანჯრები მთავრობის სახლს უყურებდა. მეოთხე სართულზე ვცხოვრობდით და ჩემი სტუდიაც მეოთხე სართულზე იყო. ჩვენ, ვინც ხელისუფლების მხარეს დავრჩით, მთავრობის სახლში ვიყავით, იქიდან ვმუშაობდით. მფრინავს, თურმე, ეზოში უნდა ჩამოეგდო ცეცხლი და შემთხვევით ჩვენ სახლს წაუკიდა. სახლი დაიცალა, ყველა გამოვიდა ჩემი ოჯახის გარდა, რადგან ლოგინად ჩავარდნილ სიდედრს ვერ ტოვებდნენ. საკუთარი თვალით ვუყურებდი, როგორ იწვოდა ჩემი სახლი და კიდევ კარგი, რომ მეზობლის დახმარებით დროულად შევძელი ოჯახის წევრების გამოყვანა. სიკვდილს გადაურჩნენ, ცოტა რომ დაგვეგვიანა, ყველაფერი დაიწვებოდა.
– როგორ შეიცვალა ამის შემდეგ თქვენი ოჯახის ცხოვრება?
– ჩემი ცოლი და დედამისი დიდუბეში წავიყვანე ცოლის ამხანაგთან. მე მათთან არ ვრჩებოდი, მოსაკლავად დამდევდნენ. ერთხელ ტელევიზიაში დამიბარეს, მაგრამ ჩემმა კეთილისმსურველმა დამირეკა, არ მიხვიდე, მოგკლავენო და ასე გადავრჩი. სასაცილო მომენტებიც იყო: დიდუბიდან დაურეკავთ, დათოს ოჯახი აქ არისო. სამ ძმას, გვარად ჩაჩუებს ჰქონდათ დავალებული ჩემი დაჭერა და ლიკვიდაცია. თავს დაესხნენ ქალებს, ააწიოკეს. ჩემს სიდედრთან შევარდნილა ერთი ავტომატით, დათო სოკოლოვი შენი რა არისო, ეკითხება. ამ ქალს შიშზე, ენის ბორძიკით უთქვამს სსსიძძეო. მომიტანეს ეს ამბავი და შევუთვალე ჩაჩუებს, სადაც გნახავთ, სამივეს შავ დღეში ჩაგაგდებთ. ეს ქალი ძლივს დავამუნჯე და თქვენ გინდათ აალაპარაკოთ-მეთქი?! (იცინის).
– მიზეზებიც გავიხსენოთ, რატომ აღმოჩნდით ამ მდგომარეობაში?
– მე კანონიერი ხელისუფლების, ზვიად გამსახურდიას მომხრე ვიყავი, ამიტომაც მდევნიდნენ. 1993-ში ზვიადმა შემომითვალა გროზნოდან, ზუგდიდში უნდა ჩავიდე და თუ საშუალება გექნება, წამოდიო. იმ ღამესვე გავიპარე თბილისიდან და ჩავედი ზუგდიდიში. მოდი, ერთი გადაცემა გავაკეთოთ და თბილისს სიმართლე გავაგებინოთო, მართლაც გავაკეთეთ. აღარ იცოდნენ, რა ექნათ და მთელი დასავლეთ საქართველო გათიშეს: ტელეფონები, ტელევიზია, რადიო. ერთი თვე არაფერი მუშაობდა, თბილისში რომ არ გაეგოთ, ჩვენ რას ვამბობდით. არაერთხელ ვყოფილვარ საფრთხეში, მაგრამ უკვე შეგუებული ვიყავი, რომ დამდევდნენ. კისერი უტეხიათ, რაც უნდათ, ის უქნიათ-მეთქი, ვფიქრობდი. 1992 წლის მაისში, შრომის წიგნაკში ჩამიწერეს, გათავისუფლდეს სამსახურიდან უდისციპლინობისა და გაცდენებისთვისო და გამომაგდეს. თითქოს მე ვაპირებდი მისვლას.
– სატელევიზიო სამყაროს ერთ-ერთი პიონერი ხართ. როგორ დაიწყო ყველაფერი?
– რადიოში დიქტორების კონკურსი იყო და მივედი. ამ დროს ტელევიზია დაარსდა – ესაა 1956 წელი. ჯერ ერთ გადაცემაზე მიმიწვიეს, მერე – მეორეზე, მესამეზე. რადიოდან არ წამოვსულვარ, ტელევიზიაში მიწვეული ვიყავი, შემოსავალიც მეტი მქონდა და თავისუფლებაც. მაშინ ეს შენობა არ გვქონდა, რუსთაველზე კავშირგაბმულობის სახლში გვეკავა რამდენიმე სართული. სტუდიებიც არ გვქონდა და ფუნიკულიორზე დავდიოდით.
– როგორ მოხდა ისე, რომ არცერთი შვილი თქვენს გზას არ გაჰყვა?
– არცაა გასაკვირი. მიუხედავად ჩემი დამსახურებისა, მარტო გაჭირვებული ცხოვრება კი არ მქონდა, გაძაღლებული, გამათხოვრებული გზა გამოვიარე და კიდევ კარგი არცერთი არ გაჰყვა მას.
– თქვენი სიყვარულის ამბავიც გავიხსენოთ.
– მე მყავდა პირველი ცოლი, გოგო მასთან შემეძინა. ორი წელიწადი ვიყავით ერთად. მე სულ ფუნიკულიორზე ვიყავი სამუშაოდ. იქ ერთმა ქუთაისელმა პატარა სასადილო გახსნა, სადაც ხშირად ვისხედით ხოლმე, საქმეს რომ მოვრჩებოდით. ჩემმა თანამშრომელმა თავისი ამხანაგი მოიყვანა და ნამეტანი მომეწონა ეს გოგო.
– მეუღლე რომ გყავდათ?
– მეუღლეს ახალი გაცილებული ვიყავი. ეს გოგო ძალიან მომეწონა, ერთს რომ შემომხედავდა, წაქცევაზე ვიყავი და მასთან გავაბი ჭუკჭუკი. წელიწად-ნახევარი გავიდა და მოვიტაცე. თვითონ გარბოდა და მე უკან მივყვებოდი (იცინის). მასთან ბიჭი შემეძინა და დღეს, როგორც იცით, ორი შვილი მყავს.
– ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გქონდათ, ახლა როგორ გრძნობთ თავს?
– რამდენჯერმე გადავიტანე ინფარქტი და სულ ცოტა ხნის წინაც საავადმყოფოში მოვხვდი. მინდა, მადლობა გადავუხადო ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, დიდი მადლობა შოთა ბუგიანიშვილს და მის კოლექტივს. ასევე, თამარ გაბუნიას გვერდზე დგომისთვის, მაკა რაზმაძეს, მანჩო გიორგობიანს. ამ ადამიანებმა ძალიან დიდი პატივი მცეს. მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ჩემი მკურნალობისა და წამლების საკმაოდ დიდი თანხა დაფარა. რამდენიმე დღის წინ სასწრაფო დახმარების გამოძახება დამჭირდა და მათაც გულითად მადლობას ვუხდი, რადგან პანდემიის პირობებში ძალიან დატვირთულებმა ბევრი რამ გააკეთეს ჩემთვის. დღეს ჩემი მდგომარეობა არაა სახარბიელო, მაგრამ ვცდილობ, მხნედ ვიყო. მადლობა ყველა გულშემატკივარს, მათი გამხნევება ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. საავადმყოფოში რომ ვიწექი, პერსონალი განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდა და მედიცინის გარდა, იუმორითა და სიყვარულითაც ცდილობდნენ ჩემს მკურნალობას, რისთვისაც ყველას ძალიან დიდი მადლობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი