საზოგადოება

ბექა ცერცვაძე: ფლორისტი მთხოვდა, მე მეჩვენებინა კლასელებისთვის, როგორ ვაკეთებდი ამა თუ იმ ნამუშევარს

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 18.05, 2022 წელი

ბექა ცერცვაძე
დაკოპირებულია

ბექა ცერცვაძე საფრანგეთში მცხოვრები წარმატებული ფლორისტია, რომელიც პარიზის ერთ-ერთ საუკეთესო ყვავილების მაღაზიაში მუშაობს და მისი ნამუშევრები ყველგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

ბექა ცერცვაძე: საფრანგეთში ჩამოსვლა ერთი წლით გადავწყვიტე, ფრანგული ენისა და კულტურის შესასწავლად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტიკის სწავლას ვაპირებდი და ვფიქრობდი, რომ პარიზში ცხოვრების გამოცდილება და მიღებული განათლება სამომავლოდ გამომადგებოდა. ძალიან მომეწონა ფრანგული ცხოვრების სტილი. აქ ყოველი დღის ბოლოს გრძნობ, რომ რაღაც ახალი შეიძინე და ისწავლე. მეგობრები კვირის ბოლოს აუცილებლად დავდივართ პიკნიკზე ან მუზეუმებში. აქ სულ რაღაც ხდება, ყველანაირი პირობაა შინაგანი სამყაროს გამოსაკვებად.

აქ რომ ჩამოვედი, თავიდან გამიჭირდა. ყველა და ყველაფერი მენატრებოდა. ვოცნებობდი, ქუჩაში გასულს ნაცნობი შემხვედროდა, თავი ბუნებრივად მეგრძნო ამ გარემოში. თავიდანვე ასე ვერ იქნებოდა, მაგრამ მჯეროდა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა. მართლაც, მალე ბევრი მეგობარი გავიჩინე, უამრავი თავგადასავალი გადაგვხდა თავს. უკვე ყველა დღე განსაკუთრებული გახდა და საქართველოში დაბრუნების დრო რომ მოახლოვდა, დავფიქრდი, მინდოდა თუ არა წამოსვლა. საბოლოოდ, გადავწყვიტე, კიდევ ერთი გვერდი გადამეშალა და ახალი გამოცდილებებისთვის გამეღო კარი. ვფიქრობდი, სორბონის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ფრანგულად საუბარი უკვე შემეძლო, მაგრამ ჩემი სურვილი ძალიან ამბიციურად მომეჩვენა – ქვეყანაში, რომელსაც არ ვიცნობდი ჟურნალისტობა რთული იქნებოდა. ამიტომ, გადავწყვიტე, სულ სხვა მიმართულებით წავსულიყავი. სფერო, რომელსაც ავირჩევდი, პირველ რიგში, ჩემთვის ბედნიერების წყარო უნდა ყოფილიყო და მეორე – მას ფინანსური უზრუნველყოფა უნდა მოეტანა. საბოლოოდ, არჩევანი საფრანგეთის ფლორისტთა სკოლაზე შევაჩერე. ფლორისტის პროფესია აქ ძალიან მოთხოვნადია.

– როგორ დაიბადა ეს იდეა?

– მე მყავს ციცო ბებო, ის ბებიაჩემის დაა. ციცო ბებო გორში ცხოვრობს და ულამაზესი ბაღი აქვს. ის იყო პირველი საქართველოში, ვინც ყავის მსხმოიარე ხეები გააშენა. ადამიანები სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან და მის ბაღს ათვალიერებენ. მე მასთან ხშირად ვატარებდი არდადეგებს და როგორც ჩანს, ამ სილამაზისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩემს ქვეცნობიერში დაილექა. ამიტომ, როცა გავიგე, რომ პარიზის ფლორისტთა სკოლა სტუდენტების მიღებას იწყებდა, ეს შანსი ხელიდან არ გამიშვია.

– მალე თვითონაც და გარშემო მყოფებიც მიხვდით, რომ ეს შენი საქმე იყო. როგორ მოხდა ეს?

– მალე მასწავლებლების ყურადღება მივიქციე. ერთი წლის შემდეგ, ფლორისტი მთხოვდა, მე მეჩვენებინა ჩემი კლასელებისთვის, როგორ ვაკეთებდი ამა თუ იმ ნამუშევარს. თვლიდა, რომ რაღაც ისეთი მქონდა, რაც ჯგუფელებისთვის უნდა მესწავლებინა. სწავლა უკვე დავასრულე და ცოტა ხნის წინ ჩემი სასწავლებლისგან მოწვევა მივიღე – მომავალ წელს, უკვე ჟიურის წევრი ვიქნები და დამწყები ფლორისტების პირველ ნაბიჯებს შევაფასებ.

სწავლის პარალელურად, ყვავილების მაღაზიაში უნდა მემუშავა. გამიმართლა. მაღაზია, რომელშიც ახლა ვმუშაობ, ძალიან პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს და ულამაზესია. გასაუბრებაზე ჩემ შესახებ ყველაფერი მოვყევი. შემდეგ მთხოვეს, თაიგული გამეკეთებინა. გარშემო იმდენი ყვავილი იყო, ცხოვრებაში რომ არ მენახა. მზესუმზრის ყვავილები ვიპოვე და მათგან თაიგული გავაკეთე. მაღაზიის გარეთ, შემთხვევით დავინახე, რომ ერთ-ერთ ყვავილზე პეპელა იჯდა. ფრთხილად ავიყვანე, ჩემს თაიგულზე დავსვი და დავასრულე-მეთქი, განვაცხადე. ძალიან მოეწონათ. უფროსმა, რომელსაც 40-წლიანი გამოცდილება აქვს, მითხრა, განსაკუთრებული ხედვა გაქვსო და პასუხს რომ უნდა დავლოდებოდი, მაშინვე შემომთავაზა მათთან მუშაობა. სამსახურშიც ხშირად მესმის, რომ ჩემში რაღაც არის განსაკუთრებული. მხოლოდ თანამშრომლებისგან არა, ჩვენი მომხმარებლები ხშირად მკითხულობენ – რომ მოდიან ან რეკავენ, ითხოვენ, თუ შეიძლება ბექამ გაგვიმზადოს თაიგულიო.

– და ახლა პარიზის ელიტასთან – ცნობილ, წარმატებულ და ძალიან მდიდარ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა.

– კი, ძალიან ბევრი ტელეწამყვანი, მსახიობი, სოციალურ ქსელში პოპულარული ადამიანი მოდის ჩვენთან. სიმართლე რომ ვთქვა, მე თავიდან თითქმის არავის ვიცნობდი და ბევრის შესახებ ახლაც არ ვიცი, მაგრამ თანამშრომლები მეუბნებიან ხოლმე, რომ ძალიან ცნობილები არიან. ჩვენს მაღაზიაში მსოფლიო დონის მსახიობები დადიან: ქეთრინ დენევი, ჟერარ დეპარდიე, იზაბელ იუპერი, სოფი ლორენი. ფილმებს რომ ვუყურებ ამ მსახიობების მონაწილეობით და მერე მათ ჩვენს მაღაზიაში ვხედავ, თავი მეც ფილმში მგონია. ზოგჯერ რაღაც სცენებს გაითამაშებენ, ვხუმრობთ და ვიცინით. ძალიან უბრალო ხალხია და ჩვენთანაც განსაკუთრებულად ბუნებრივი გარემო მოსწონთ. საფრანგეთში ცნობილი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ძალიან უბრალოა. ისინი ქუჩაში დაცვის გარეშე დადიან, დაინახავ, მსოფლიო დონის ვარსკვლავი როგორ მიდის საცხობში და იქიდან ყავაზეც გამოივლის. ჩვენთან რომ მოდიან ძალიან ცნობილი, მაგრამ ჩემთვის უცნობი ადამიანები, მე აღფრთოვანებას ვერ გამოვხატავ, რადგან მართლა არ ვიცი მათ შესახებ და მათ ეს ძალიან მოსწონთ. ჩემს თანამშრომლებს ვთხოვდი, გამაფრთხილეთ ვინ მოდის, რომ ცოტა განსაკუთრებულად მოვემსახურო-მეთქი. უფროსმა მითხრა, ჩვენთან ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მოვა, მაგრამ ჩვენ ცნობადობისა და მატერიალური შესაძლებლობების მიხედვით პრივილეგიებს არავის ვანიჭებთ, ისე გააგრძელე, როგორც მუშაობ, ეს ყველას მოსწონსო.

– ამიტომაც იყო, რომ უმდიდრეს ადამიანს ფასდაკლებას სთავაზობდი?

– კი (იცინის). მთლად ფასდაკლებას არა. საქმე ისაა, რომ ერთი ყვავილის ფასი საკმაოდ ძვირია, მაგრამ პირობითად, თუ ათ ცალს აიღებ, ცალკეულის ღირებულება უფრო ნაკლები გამოდის. მაღაზიაში ერთი ადამიანი შემოვიდა და რვა ცალი ყვავილი მთხოვა. ვუთხარი, თუ ათს აიღებთ, ნაკლები დაგიჯდებათ-მეთქი. უცებ ჩემმა თანამშრომლებმა და თვითონ ამ ადამიანმაც სიცილი დაიწყეს. თურმე, ეს ადამიანი ძალიან მდიდარი ყოფილა. ყველა მიხვდა, რომ მისი ვინაობა არ ვიცოდი. დღეს უკვე ვიცი და სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ საფრანგეთში მილიონერების პირველ რიგებშია. საქართველოში რომ ივანიშვილი შემოვიდეს მაღაზიაში და შენ ფასდაკლება შესთავაზო – დაახლოებით, ასე მოვიქეცი (იცინის).

– „შანელის“ მოდის სახლთანაც თანამშრომლობთ.

– „შანელთან“ თანამშრომლობა ჩემი დამსახურება არ არის, ჩემი თანამშრომლები მათთან ჩემამდეც მუშაობდნენ. ჩვენ „შანელის“ ახალი კოლექციების შოუ-რუმებს ვაფორმებთ. სწორედ აქ ხდება კოლექციის პირველად წარდგენა. მათთვის მუშაობა ძალიან განსხვავებულია, იქ გარემოც განსაკუთრებულია. გაფორმებაში თუნდაც ერთი ყვავილის გამოყენებაც დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, რადგან იქ ყველაფერი კოლექციის კონცეფციაში უნდა ჯდებოდეს.

– ყვავილები ყველგან უყვართ, მაგრამ საფრანგეთს, ამ მხრივ, ძალიან დიდი კულტურა აქვს, არა?

– საფრანგეთს ყვავილების მოვლას დიდი ისტორია აქვს. ლუი მეთოთხმეტემ საუკუნეების წინ დაიწყო მიხაკების კულტივიზაცია, რადგან ეს მისი რჩეული ყვავილი იყო. ვერსალის ბაღი მსოფლიოშია ცნობილი. ვერსალის სასახლეები ულამაზესი ლარნაკებითა და თაიგულებით იყო მორთული და არა მხოლოდ ვერსალი. საფრანგეთში ლარნაკებსაც კი საუკუნეების ისტორია აქვს. პარიზში ლარნაკების მუზეუმიც არსებობს. თუმცა, მხოლოდ მუზეუმში არა, მდიდარ ოჯახებშიც ინახება უნიკალური ლარნაკები, რომელთა ღირებულებაც რამდენიმე ათასი ევროა. ისინი ოჯახს ბებია-ბაბუისგან სახსოვრად გადმოეცათ და უნდათ, ყოველ კვირას ულამაზესი თაიგულებით დაამშვენონ. ამისთვის სპეციალურად მივდივართ მათთან სახლებში.

– სამომავლოდ როგორი გეგმები გაქვს?

– მალე პარიზში ჩემი ყვავილების მაღაზია მექნება. ჩემი უფროსი უკვე ძალიან დიდი ხანია, ამ სფეროშია, დაიღალა და წასვლას აპირებს. ვფიქრობ, შევისყიდო ეს ან სხვა მაღაზია. მინდა, ჩემს მაღაზიაში ფრანგ ხალხს ქართული კულტურა გავაცნო. ვაპირებ ფრანგული და ქართული – ორი გამორჩეული კულტურის შერწყმას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი