საზოგადოება

ბექა ქურხული: გზებზე დანაღმული იყო ყველაფერი, მკვდარი ინდაურით დაწყებული, წერაქვითა და ნიჩბით დამთავრებული

№36

ავტორი: ანკა რობაქიძე 18:00 14.09, 2021 წელი

ბექა ქურხული
დაკოპირებულია

„..ჩვენს იქ ყოფნაში ქაბულში კიდევ შესაძლებელი იყო ჯავშნოსნებით გადაადგილება, ქაბულს გარეთ კი მხოლოდ სამხედრო ვერტმფრენებით დავფრინავდით და ისიც გამუდმებული სროლის თანხლებით... გზებზე დანაღმული იყო ყველაფერი, რაც კი შეიძლება, წარმოიდგინო – მკვდარი ინდაურით დაწყებული, წერაქვითა და ნიჩბით დამთავრებული“... – ამბობს ბექა ქურხული. მან ავღანეთში გატარებული პერიოდი თავის ლიტერატურაში ასახა და წიგნები სხვადასხვა წლებში არაერთხელ გახდა ლიტერატურულ პრემია „საბას“ ლაურეატი.

ბექა ქურხულმა ავღანეთში გატარებული პერიოდი ვრცლად და გულწრფელად გვიამბო...

– როდის და რა მისიით იმყოფებოდით ავღანეთში?

– ავღანეთში 2013 წლის მარტში გახლდით მივლინებული ჟურნალ „ლიბერალიდან“ – ქაბულისა და ჰელმანდის ამერიკულ და ქართულ ბაზებზე. ამ მოგზაურობას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკება თავდაცვის სამინისტროსთან, ავღანური მხარის თანხმობის გამოთხოვა, ვიზების საკითხი და ასე შემდეგ. იმ დროისთვის „ნატოსა“ და ISAF სამხედრო კონტინგენტში 1 600 ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი ირიცხებოდა.

ცხელ წერტილებსა და კონფლიქტურ რეგიონებში მუშაობა ყოველთვის მაინტერესებდა. მანამდე „დილის გაზეთისთვის“ ვწერდი რეპორტაჟებს აფხაზეთიდან, კერძოდ, გალის რაიონიდან, კოდორის ხეობიდან, ცხინვალიდან, თამარაშენიდან, პანკისის ხეობიდან, ინგუშეთიდან და ჩრდილო ოსეთიდან, სადაც დაკავებულიც კი ვიყავი სოფელ ჩერმენის ბლოკპოსტზე. იქ ხალხი დაკარგულა კიდეც. ასე რომ, მსგავს რთულ და სახიფათო ადგილებში მუშაობის გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა. სამხედრო რეპორტიორისთვის კი ავღანეთში მოგზაურობაზე უარის თქმა, რაც უნდა დიდ საფრთხეზე იყოს ლაპარაკი, დამეთანხმებით, შეუძლებელია! ასე შევუერთდით თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას მე და ახლა უკვე საკმაოდ ცნობილი ფოტორეპორტიორი – გიორგი გოგუა. თავდაცვის სამინისტროს დელეგაციაში შედიოდნენ გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, ა-2-ის სარდალი პოლკოვნიკი გიორგი კვირიკაშვილი, ა-3-ის სარდალი პოლკოვნიკი გიორგი სურმავა, სახელმწიფო მინისტრი, ახლა უკვე თქვენი კოლეგა – ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი და „ნატოში“ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – თამარ კეკენაძე. თბილისიდან 20 მარტს, საღამოს 6 საათზე გავფრინდით და სტამბოლის გავლით, ქაბულში ჩავედით.

– ქართულ ჯარში იმყოფებოდით?

– დიახ. ქაბულსა და ჰელმანდში ამერიკულ და ქართულ სამხედრო ბაზებზე, ,,ფენიქსზე”, ფრანგულ ბაზა ,,ვერჰაუსზე”, ჰელმანდის ქართულ ,,ერედვისა” და „შუკვანის” ბაზებზე... სრულიად გულწრფელად შემიძლია, გითხრათ, რომ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა! 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ცხინვალის ომში დამარცხების შემდეგ არც ველოდი, ისე ძლიერები იყვნენ! ამერიკელი და „ნატოს“ არმიების მხრიდანაც აშკარა პატივისცემა და დაფასება იგრძნობოდა. ჰელმანდში ჩემს ძველ მეგობარს, პოლკოვნიკ კობა ახვლედიანს შევხვდი, რომელიც ჯერ კიდევ 1999-2001 წლებში გალის რაიონში პარტიზანული რეიდების დროს გავიცანი და მისი დანახვა ძალიან გამიხარდა. გავიცანი პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე, უფროსი ლეიტენანტი გოგიტა გულუა, კაპრალი გოგა კომლაძე, კაპრალი ოთარ გაბისონია, თენგიზ ქუთათელაძე – გორში რუსებთან შეტაკებისას დაღუპული ბესო ქუთათელაძის შვილი, გოგიტა თედიაშვილი... მათი შემხედვარე ცნობილი ისტორიკოსის, ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვები გამახსენდა: „რა ორმა სამმა ქართველმა უცხოს მიწაზედ ერთურთი ნახონ თავსა არღარა გაუჭირვონო“.

საქართველოში მაშინაც და ახლაც ძალიან დიდი სჯა-ბაასი იყო და არის, უნდა ყოფილიყვნენ თუ არა ქართველი სამხედრო ავღანეთში ISAFI და „ნატოს“ შემადგენლობაში, მით უმეტეს, ამხელა კონტინგენტით. როდესაც მაგალითად, „ნატოს“ წევრი ესტონეთი სულ 100 სამხედროთია წარმოდგენილი. ჩვენები კი ჯარისკაცთა რაოდენობით, თუ არ ვცდები, მესამე ადგილზე იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ. ახლა იმაზე მსჯელობა, ღირდა თუ არა ამხელა ძალისხმევა და მსხვერპლი, შორს წაგვიყვანს, მით უმეტეს, რომ დღემდე ამაოდ ვაკაკუნებთ თუ ვაბრახუნებთ „ნატოს“ კარზე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქართველმა სამხედროებმა და ოფიცრებმა ავღანეთში უნიკალური სამხედრო გამოცდილება მიიღეს. ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის შალვა ამირეჯიბისა თქმისა არ იყოს – „ჩემი საბრალო ქართველობა, რომელი ქვეყნის მუნდირი არ ამძიმებდა მის განიერ და გამძლე ბეჭებსო“... ასე წერდა ის პილსუდსკის პოლონეთის არმიაში ჩარიცხულ ქართველ ოფიცრობაზე, რომლებმაც სხვათა შორის, გმირულად და თავდადებით იბრძოლეს ვარშავის მისადგომებთან, როდესაც ჰიტლერის რაიხის ვერმახტი 1939 წლის სექტემბერში თავს დაესხა პოლონეთს.

– როგორი იყო ავღანეთის ყოველდღიურობა?

– იმ რამდენიმე კვირაში, როდესაც ჩვენ ავღანეთში ვიყავით, ძალიან ძნელი იყო ისეთი იდუმალებით მოცული და უცნაური ქვეყნის ყოველდღიურობის შეგრძნება, როგორიც ავღანეთია. ისიც სამწუხარო ფაქტია, რომ უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, ჯერ საბჭოთა ოკუპაციამ, შემდეგ კი განუწყვეტელმა ომებმა ძალიან მძიმე დაღი დაასვა ამ ქვეყანას და მის მოსახლეობას. თითქმის მთელი თაობები გაიზარდა, რომელმაც იარაღის ხმარების, ოპიუმის მოყვანისა და კუსტარულად, საკმაოდ მარტივად დასამზადებელი ასაფეთქებლების დამზადების, რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და ფანატიზმის მეტი არაფერი იციან. ბევრმა ისიც კი არ იცის, რამდენი წლისაა. სრულიად წარმოუდგენელია ქალების მდგომარეობა, რომლებიც დღემდე შეუძლიათ იყიდონ, გაყიდონ, გაცვალონ, მათ შორის საკუთარი ქალიშვილებიც. მასობრივად არის გავრცელებული ჰომოსექსუალიზმი. ასეთი გამოთქმაც კი აქვთ: „ქალი – გასამრავლებლად, კაცი – სიყვარულისთვის! ძალიან მძიმე სიტუაციაა ქაბულშიც კი, ქალაქი სავსეა მოწყალების სათხოვნელად გამოსული ხალხით, უპატრონო ბავშვების მთელი არმია პირდაპირ ნაგავსაყრელებზე ცხოვრობს. თითქმის ყოველდღიურობად იქცა სხვადასხვა სახის ტერაქტები, ძალიან გავრცელებულია ნარკომანია, ოპიუმი, ფაქტობრივად, ეროვნული ვალუტის ფუნქციას ასრულებს.

– ალბათ, ბევრი იქაური მეგობარი შეიძინეთ. თუ გაქვთ ახლა კონტაქტი და რას ამბობენ?

– დიახ, დღემდე ვმეგობრობ პოლკოვნიკ კობა ახვლედიანთან, გენერალ ნიკოლოზ ჯანჯღავასთან. ამ საკითხზე ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა თამამად შემიძლია, ვივარაუდო, რომ ავღანეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მათთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო.

– ჰქონდათ იქ ყოფნისას ეს განცდა, რომ ეს რეალობა დადგებოდა და 20 წლის მერე თალიბანი დაბრუნდებოდა?

– კი. ოღონდ ასეთ სრულ ფიასკოს არანაირად არ ველოდი. ქაბულის ამბები უკვე აგიწერეთ. კიდევ უფრო უარესი სიტუაცია იყო ჰელმანდში, ჰერათში, ჩვენთვის ისტორიულად კარგად ნაცნობ ყანდაჰარში, ჯალალაბადსა და მუსაქალაში. უკვე 2013 წელს იგრძნობოდა, რომ თავისი ბაზების გარეთ ან ძალიან ცუდად, ან საერთოდ ვერ აკონტროლებდნენ ვერც სამხედრო და ვერც პოლიტიკური თვალსაზრისით. ვერც გზებს აკონტროლებდნენ და ვერც ყიშლაღებს. განუწყვეტელი თავდასხმების შიშით გზებზე, ფაქტობრივად, ვერც მოძრაობდნენ.

ჩვენს იქ ყოფნაში ქაბულში კიდევ შესაძლებელი იყო ჯავშნოსნებით გადაადგილება, ქაბულს გარეთ კი მხოლოდ სამხედრო ვერტმფრენებით დავფრინავდით და ისიც გამუდმებული სროლის თანხლებით. გზებზე დანაღმული იყო ყველაფერი, რაც კი შეიძლება, წარმოიდგინო – მკვდარი ინდაურით დაწყებული, წერაქვითა და ნიჩბით დამთავრებული. ჰამიდ ყარზაისა და ღანის მთავრობა აბსოლუტურად უუნარო, ბუტაფორიული და ბოლომდე კორუმპირებული იყო. და ცხადია, ამერიკისა და დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, სწორედ, იმდენ ხანს გაძლებდა, რამდენი დროც თალიბან-მოჯაჰედებს ქაბულამდე ფეხით ჩასვლამდე დასჭირდებოდათ.

– რადგან ქართული ჯარი იქ იყო, მათგან საქართველოს მიმართ თუ არის აგრესია მოსალოდნელი?

– არა, არ მგონია. ჯერ ერთი, საქართველოს გარდა ლამის ნახევარი მსოფლიო მონაწილეობდა და ყველას ვერ მისწვდებიან! თანაც, მათ სრულიად გამარჯვებულად მიაჩნიათ თავი, სრულ მორალურ კომფორტს გრძნობენ და არა მგონია, შურისძიებაზე იფიქრონ! მეორეც, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ორმხრივი მსხვერპლისა და დაღვრილი სისხლისა, ავღანელებს ქართველებთან არც ისე ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, თანაც ისტორიულად მშვენივრად იცნობენ ერთმანეთს და ევროპელების უმრავლესობისგან განსხვავებით ყველა ავღანმა იცის, ვინ არის გურჯი და არც იმის ახსნა სჭირდება, საიდან ხარ და რომელი ჯიშის. გიცნობს, გცნობს და გარჩევს კიდევაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი