საზოგადოება

ასმათ ტყაბლაძე: შემეძლო, პარიზში მდიდარ კაცზე გავთხოვილიყავი, მაგრამ ჩემს ქვეყანას კარგ საჭმელსა და ლამაზ კაბებზე არ გავცვლიდი

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 08.02, 2023 წელი

ასმათ ტყაბლაძე
დაკოპირებულია

გულახდილი საუბარი ასმათ ტყაბლაძესთან 👇

– ვინ არის ასმათ ტყაბლაძე?

ასმათ ტყაბლაძე: მსახიობი, ადამიანი, რომელსაც უყვარს სიმართლე და სიკეთის კეთება. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მისი დიდი დარდი მაქვს. მიყვარს ჩემი შვილი და ჩემი შვილიშვილი, ასევე, ჩემი მეგობრები.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ჩემი ოჯახი, ჩემი ახლობლები და ჩემი ქვეყანა იყოს კარგად – ეს არის ჩემი ოცნება. მე სხვა არაფერი მჭირდება, ყველაფერი გავლილი მაქვს. მხოლოდ ის მინდა, ჩემი ერი გამრავლდეს და ქართველები საქართველოში დაბრუნდნენ. ჩემი ოჯახი სულ საქართველოში იყოს და ჩემს ქვეყანას ემსახუროს.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– ემოციური ვარ. ჩემი ძმა რომ გარდაიცვალა, ძალიან ბევრი ვიტირე. ახალგაზრდა იყო, ჩემზე ბევრად უმცროსი და მის ამბავს ისე განვიცდიდი, როგორც საკუთარი შვილისას. მამა რომ აღარ გვყავდა, მე ვპატრონობდი. ძალიან მატკინა გული მისმა წასვლამ. დედა ისეთ დროს წავიდა, სატირალი აღარ იყო – 101 წლის გარდაიცვალა. ჩემს ქვეყანაზე ბევრჯერ მიტირია. ახლა ძალიან მეტკინა გული პოლიციელი რომ დაიღუპა. მერე ვნახე, მისი შვილები წერდნენ, მამაჩემი გმირიაო. ასეცაა და ძალიან გულსატკენია მისნაირი ადამიანების დაღუპვა.

– ახლა რომ ლატარიაში რამდენიმე მილიონი მოიგოთ, რას გააკეთებდით?

– არასდროს არაფერი მომიგია. მე თუ არ ვიშრომე, ისე ვერაფერს მივიღებ. ჩემი შრომით კი ნამდვილად ბევრი მომიგია. მოგებაა ბარი რომ გაქვს, საქმეს რომ აკეთებ, მაგრამ ლატარია სხვაა. საბჭოთა კავშირის დროს ლატარიაშიც მოვიგე 2 მანეთი, მაგრამ მის ასაღებად რომ წავსულიყავი, გზაში 3 მანეთი მჭირდებოდა (იცინის). თუ შემთხვევით მილიონი მოვიგე, ჩემს ოცნებას ავისრულებ – ისეთ სკოლას გავხსნი, რომელშიც ნიჭიერი ბავშვები ისწავლიან სრულიად უფასოდ, კვებაც უფასოდ ექნებათ და ღამის გასათევიც.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– რად მინდა მსოფლიო გავლენა, ვის უნდა ვეჭიდაო?! პუტინს კი დავეჭიდებოდი სიტყვით, ფიზიკურად სად გვაქვს მაგის საშუალება. მსოფლიოში არა, აქ მინდა, გავლენა რომ მქონდეს და ეს გავლენა სამართლიანობისთვის გამოვიყენო. ძალიან ბევრი უსამართლობაა სასამართლოში, პოლიციაში, პროკურატურაში, მე ეს მინახავს და გავლენა ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად მინდა. მე ისედაც ვებრძვი ამ უსამართლობას – ხან ტელევიზიით, ხან აქციაზე, მაგრამ გავლენიანი კი არ ვიყავი ამ პროცესებში, უფრო სახელიანი – ჩემს სიმართლეს ყველგან და ყველაფრის მიუხედავად ვიტყვი. მე ვიბრძოლე თეატრში სიმართლისთვის და შესაბამისი სახელი დავიმკვიდრე – ეს არის ჩემს ხასიათში. თორემ გავლენა იმისთვის, რომ ქონება მოვაგროვო, ნამდვილად არ მჭირდება. მე მშრომელი ადამიანი ვარ და ჩემი შრომის შესაბამისად, სახლიც მაქვს, კარიც, საჭმელიც და ჩასაცმელიც. იმისთვისაც მაქვს, რომ სიკეთის გაკეთება შევძლო, მაგრამ ერთსაც გეტყვით, ჭკვიანს უთქვამს, რომ თურმე, ყველას არ უნდა გაუკეთო სიკეთე. შეიძლება, ზოგი ამით გაბოროტდეს. ბევრი მადლიერია, მაგრამ უმადურობა საშინელებაა. ბევრმა მიღალატა – ყველაფერი მიიღო ჩემგან, მაგრამ თვითონ უმადურობა გამოავლინა. მადლიერებიც არიან, ზოგს ისეთი რამ გაუხსენებია ჩემთვის, თვითონ არ მახსოვდა. ამას წინათ ერთმა ქალმა მითხრა, თქვენ ჩემი შვილიშვილი გადაარჩინეთო. არ მახსოვდა, რანაირად-მეთქი? ორმოში ვარდებოდა, თქვენ გაექანეთ და ამოიყვანეთო. ეს არის ინსტინქტით გაკეთებული სიკეთე, რომელიც შენში ცხოვრობს. მამაკაცი რომ ვიყო, უფრო ხშირად ჩავიდენდი გმირულ საქციელს... ასე მგონია. მე ძალიან კარგი წინაპრების შთამომავალი ვარ. დედის მხრიდან, ჩემი დიდი დიდი პაპა, ერთ-ერთი სამას არაგველთაგანი იყო და გენში ცოცხლობს ეს ხასიათი.

– თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად რა მიგაჩნიათ?

– ცოტა ცელქი ბავშვი ვიყავი, მაგრამ არაფერს ვაშავებდი, არაფერს ვაფუჭებდი. პირიქით, რამე გაფუჭებულს თუ ვნახავდი, ვაკეთებდი. ცოტა მეტიჩარაც ვიყავი, ყოველთვის ყველაფრის გამოსწორებას და შეკეთებას ვცდილობდი. მე მინდოდა ყველაფრის გაკეთება. დენის მეშინია, ერთხელ დამარტყა და აღარ ვეკარები, თორემ დურგლობაც გამიწევია და კაფელიც მიმიკრავს კედელზე, როცა ხელოსანმა ვერ მოახერხა. ცუდი ისეთი არაფერი ჩამიდენია, რის გამოც თავი დამნაშავედ უნდა მიმეჩნია. შეიძლება, მეგობრისთვის იუმორით რამე მითქვამს, მიგრძნია, რომ გული ეტკინა და მაშინვე ბოდიში მომიხდია. იმ წუთში ვხვდები, თუ არასწორად მოვიქეცი და ბოდიშს ვიხდი. ასე რომ, ვინმეს რამე დავუშავე ან გავუფუჭე, მგონი, ასეთი არაფერი ყოფილა. საკუთარ თავს კი, დავუშავე რაღაცები, არასწორად მოვექეცი, მაგრამ ვცდილობ, სხვას მხოლოდ კარგი გავუკეთო.

– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდათ?

– ერთხელ სხვის გასვენებაში მოვხვდი. სადარბაზო შემეშალა. ახლობელს დეიდა გარდაეცვალა, მივედი და კაცი დამხვდა მიცვალებული. უხერხული იყო, არავის ვინცობდი, მაგრამ ბუნებრივია, მივუსამძიმრე ხალხს. ისინიც გაოცებულები მიყურებდნენ. რომ გამოვედი, კი ვთქვი, მგონი, შემეშალა, გვერდზე სადარბაზოში უნდა შევსულიყავი-მეთქი, ბოდიშიც მოვიხადე და წამოვედი.

– ოდესმე რამე თუ მოგიპარავთ?

– გოზინაყი მოვპარე დეიდას. ძალიან მკაცრი ქალი იყო დეიდაჩემი. მაშინ 5 წლის ვიყავი. გოზინაყზე ვგიჟდებოდი, დეიდა კი ძალიან გემრიელს აკეთებდა. ერთხელაც გააკეთა და კი მაჭამა, მაგრამ კიდევ მინდოდა და ვერ ვთხოვე. ჩუმად ავიღე კარადიდან, ჯერ ერთი ნაჭერი, მერე მეორე და ისეთი გემრიელი იყო, ბოლოს ერთი თეფში სულ შევჭამე. დეიდამ რომ ნახა ცარიელი თეფში, გოზინაყი ვინ შეჭამაო, იკითხა და თავი დავხარე. მითხრა, ეს ქურდობააო. შენ რომ ჩემი დეიდა ხარ-მეთქი? დედაც რომ ვიყო, მე რომ დავდე და ვთქვი, ეს ახალ წელს უნდა გამოვიღო, უნდა მოგეცადა, ეს ქურდობააო. ეს სიტყვა ძალიან განვიცადე და ბევრი ვიტირე. ამ მხრივ, სულ ეს არის ჩემი გამოცდილება (იცინის). მახსოვს, ჩემს ბავშვობაში სახლში ერბო და თაფლი გვქონდა დიდ ბიდონებში. სამი წლის ვიყავი, ეტყობა, ორივეს გემო მომწონდა. კარადის უკან გვედო ეს ბიდონები, შევმძვრალვარ და ვჭამ. თურმე, ბებია მეძებს და ვერ მპოულობს. გამიხსნია ეს ბიდონები, ერთი ხელი იღლიამდე ერბოში ჩამიყვია, მეორე თაფლში და ვლოკავ ორივეს და ვარ განცხრომაში. ბებია ვერ მხედავდა, მაგრამ ლოკვის ხმა გაუგია და ასე მიპოვა. ეს, მგონი, ქურდობა არ არის, ეს არის ბავშვობა (იცინის).

– ბოლოს როდის მოიტყუეთ და როგორია თქვენი დამოკიდებულება ტყუილთან?

– არანორმალურად მეჯავრება ტყუილი. როცა სიმართლეს ვერ ვამბობ, ყოველთვის ვამჯობინებ ვთქვა „არ ვიცი“. სიმართლე შეიძლება, ვერ თქვა მაშინ, როდესაც მას ცუდი ამბავი მოჰყვება. მაგალითად, ცოლი ღალატობს ქმარს ან პირიქით, გაიგეს და გეკითხებიან, მართლა ასეაო? ამ დროს შენ სიმართლე უნდა თქვა და მერე შეიძლება, ერთმა მეორე მოკლას? ასეთი სიმართლის თქმას, სჯობს თქვა, რომ არ იცი, არ გაგიგია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა ისეთი სიმართლე, რომელსაც ცუდი ამბავი მოჰყვება. ტყუილი თუ სიკეთეს მოიტანს, ჯობს, ის თქვა, თორემ ტყუილს საშინლად ვერ ვიტან. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ, არ შეუძლიათ სიმართლის თქმა, სულ იტყუებიან, ეს საშინელებაა. მატყუარა ადამიანი ცუდი ადამიანია.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– როცა ადამიანს ცუდ ტყუილში დავიჭერ, როცა ვხვდები, რომ ადამიანი გამორჩენაზეა, როცა ვხედავ, რომ ადამიანი დაუნახავი და ღორია. ზოგს ჰგონია, სიკეთეს იმიტომ უკეთებ, რომ იმსახურებს, თვითონ არის ისეთი კარგი, რომ უნდა უკეთო და უკეთო ყველაფერი. ასეთი ადამიანებიც ბევრია გარშემო. თან, მე ისეთი დაწესებულება მაქვს – კაფე-ბარი, ზოგჯერ ყველაფერს კისრულობენ. ქურდობასაც, ტყუილსაც, ღალატსაც, სულ იმას ფიქრობენ, სად როგორ ჩაგისაფრდნენ. სადაც აზრი არ აქვს ვინმეს გამოსწორებაზე ფიქრს, სჯობს, გაეცალო, სჯობს, წერტილი დაუსვა მასთან ურთიერთობას. ასე რომ, ჭიდაობას არ დავუწყებ, უბრალოდ, მოღალატესთან საერთო აღარაფერი მექნება.

– ყველაზე დიდ უსამართლობას როდის შეჯახებიხართ?

– თეატრში ძალიან დიდ უსამართლობას შევეჯახე. დაიჯერა მეღვინეთუხუცესმა, რომ ყველაფრის უფლება აქვს და ცუდი რამ გააკეთა – 35 კაცი გაუშვა თეატრიდან. მე ვებრძოლე და ვაჯობე. ცხრა პროცესი მოვიგე, არაფრით გავჩერდი, რადგან ეს დიდი უსამართლობა იყო. ორ წელზე მეტი გრძელდებოდა ეს ბრძოლა, დათმობაზე არ მიფიქრია. ყველა ჩემს მხარეს იყო, იმდენად არასწორად მოიქცა. ვერც გრძნობდა, რომ ყველაფერი სწორად არ ჰქონდა დალაგებული.

– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ჩემი შვილით, შვილიშვილით და ჩემი ქვეყნის ისტორიით. გამყიდველიც ბევრი იყო, მაგრამ გმირი და თავგანწირული – უფრო მეტი, ბედნიერებაა ასეთი ერის შვილობა. თუმცა, გული მტკივა, ქართველები სამშობლოდან რომ გარბიან, ასე არ შეიძლება. მესმის გაჭირვებაა, მაგრამ ყოველთვის არც მე მქონია დალხენილი ცხოვრება. შემეძლო, საზღვარგარეთ, პარიზში მდიდარ კაცზე გავთხოვილიყავი, მაგრამ ერთი წამით არ დავფიქრებულვარ ამაზე. ჩემს ქვეყანას კარგ საჭმელზე და ლამაზ კაბებზე არ გავცვლიდი. ასე რომ, ძალიან მტკივა გული, რომ ვხედავ, ქვეყანა იცლება, იმედია, მალე ასე აღარ იქნება და პირიქით – ჩემი ერი გამრავლდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი