საზოგადოება

ახალგაზრდა ქირურგ-გინეკოლოგისა და ლაპარასკოპისტ ნუგეშა გრიგალაშვილის გზა წარმატებამდე

№13

ავტორი: ინა სიმონია 13:00 05.04, 2021 წელი

ნუგეშა გრიგალაშვილი
დაკოპირებულია

ახალგაზრდა, გამორჩეული გარეგნობის ნუგეშა გრიგალაშვილს პროფესიული შესაძლებლობებიც გამოარჩევს. ექიმობის გარდა, სხვა პროფესიაზე არასოდეს უფიქრია და იმდენად მტკიცე იყო მისი არჩევანი, არც თავის დამკვიდრების პროცესში აღმოჩენილმა უამრავმა წინააღმდეგობამ დააბრკოლა. „ნიუ ჰოსპიტალის“ და „ამტელ ჰოსპიტალის“ ქირურგ-გინეკოლოგი და ლაპარასკოპისტი ნუგეშა გრიგალაშვილი პაციენტების საყვარელი ექიმია. საფრანგეთში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით წლების წინ საქართველოში დაბრუნდა და ქართველი პაციენტების ჯანმრთელობისთვის ყოველდღიურად აქტიურად იბრძვის.

ნუგეშა გრიგალაშვილი: ექიმობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მინდოდა, ქირურგი გინეკოლოგი ვყოფილიყავი. მამას უნდოდა, რომ კარგ ქირურგად ჩამოვყალიბებულიყავი, დედა კი ფიქრობდა, რომ ქალისთვის ეს მძიმე და ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია იყო, მაგრამ მე ყოველთის ვფიქრობდი, რომ ყველა ადამიანმა უნდა აკეთოს ის საქმე, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს. ოჯახში პირველი ექიმი ვიყავი, შესაბამისად, ეს გზა არავის გაუკვალავს და ბუნებრივია, რთული იყო მიზნამდე დამოუკიდებლად მისვლა, მაგრამ, რაც მეტ წინააღმდეგობას ვაწყდებოდი, მით მეტად თავდაჯერებული ვხდებოდი.

– მოგვიყევით თქვენს განათლებასა და პირველ სამსახურზე.

– დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, გავიარე რეზიდენტურა და ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად წავედი საფრანგეთში, სადაც დავამთავრე ლაპარასკოპიის კურსები. ქირურგად ჩამოყალიბების პროცესში ყველა საფეხური გავიარე, შესაბამისად უკვე შემდგარი და გამოცდილი პროფესიონალი დავბრუნდი და დავიწყე სამსახურის ძებნა. გამომდინარე იქიდან, რომ მედიცინის სფერო სწრაფად განვითარებადი დარგია, ქირურგი ფეხს უნდა უწყობდეს მას. შესაბამისად, იყო ქირურგი – ნიშნავს ისწავლო მთელი ცხოვრება (იღიმება). ოჯახმა ყველაფერი გაიღო იმისთვის, რომ მე დამოუკიდებელი პროფესიონალი ვყოფილიყავი და მიყიდეს ჩემი საკუთარი შტორცის ლაპარასკოპიული აპარატურა, მაქვს საოპერაციო მაგიდაც, სანარკოზე აპარატიც, ყველაფერი, რაც ქირურგს სჭირდება როგორც ღია წესით, ისე ლაპარასკოპიული ოპერაციის დროს

რამდენიმე კლინიკაში მივედი და ვიგრძენი, რომ რთული იქნებოდა თავის დამკვიდრება, თუმცა ფარ–ხმალი არ დამიყრია. კლინიკიდან კლინიკაში დავდიოდი. სამსახურის ძებნის პროცესში მივედი კლინიკა „ამტელ ჰოსპიტალში“, რომლის დირექტორი მაშინ ბატონი ვახტანგ ქაცარავა იყო. სწორედ, ბატონმა ვახტანგმა მომცა სამთვიანი გამოსაცდელი ვადა. ეს პერიოდი გადაწყვეტდა, დავრჩებოდი თუ არა მათ გუნდში. მე ეს შანსი გამოვიყენე. მადლობა ბატონ ვახტანგს და ლაშა მაჭარაშვილს. აქვე აუცილებლად უღრმესი მადლობა უნდა გადავუხადო ბატონ გივი ცანავას, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

– ძირითადად, რა ტიპის ქირურგიულ ჩარევებს ახორციელებთ?

– ვფლობ ყველანაირ გინეკოლოგიურ ოპერაციებს როგორც ღია წესით, ისე ლაპარასკოპიულად, ვაკეთებთ ისე, როგორც უმჯობესია პაციენტისთვის მოცემულ სიტუაციაში, საბოლოო გადაწყვეტილებას ვიღებთ პაციენტის სურვილის გათვალისწინებით. მე ლაპარასკოპია უფრო მიყვარს, რადგან რეაბილიტაცია სწრაფად ხდება, ნაკლებად ტრავმულია. ხშირია საკვერცხის კისტები, მიომა, გარე ორსულობები, საშვილოსნოს დაწევა, ენდომეტრიოზული კისტები და ასე შემდეგ.

– კისტის შემთხვევაში კონსერვატიულ მკურნალობას თუ ატარებთ?

– სამ სანტიმეტერამდე კისტის შემთხვევაში კატეგორიულად არ შეიძლება ოპერაციის გაკეთება – როგორი კარგი სპეციალისტიც უნდა იყო, ქირურგიული ჩარევის დროს არ არის გამორიცხული, საკვერცხის მცირე, ჯანმრთელი ქსოვილიც მოიკვეთოს. შესაბამისად, საწყის ეტაპზე მკურნალობით ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. კონსერვატიული მკურნალობის დროს დინამიკას ვაკვირდებით, რაც გულისხმობს ჰორმონულ თერაპიას, კვლევებს. მკურნალობის დასაწყისში და დასრულების შემდეგ ექოსკოპიურად უნდა შემოწმდეს კისტის ზომა, თუ აღმოჩნდება, რომ კისტა იზრდება და 3 სანტიმეტრზე მეტი ხდება, ამ შემთხვევაში საჭიროა ოპერაციული მკურნალობა. ქირურგისთვის ჰორმონოთერაპიით ნამკურნალები კისტა (ენდომეტრიული კისტები) უკეთესია, რადგან უკეთ გაირჩევა ჯანმრთელი და არაჯანმრთელი ქსოვილი. ამ შემთხვევაში მეტი შანსი აქვს ქირურგს, რომ შეინარჩუნოს ჯანმრთელი ქსოვილი. ენდომეტრიოზის შემთხვევაში იშვიათად ირღვევა კისტის მთლიანობა, ამ შემთხვევაში პაციენტს აქვს უძლიერესი ტკივილი, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს შინაგანი სისხლდენა და ერთადერთი გამოსავალი ოპერაციაა, თუ მთლიანობა დარღვეული არ არის და კისტა აღმოჩენილია ამბულატორიულად, რა თქმა უნდა, უმჯობესია კონსერვატიული მკურნალობა, მით უმეტეს, თუ პაციენტი ახალგაზრდაა და შვილის გაჩენა სურს.

ოჯახი გაგვაცანით.

– მეუღლე პროფესიით ქირურგი-სტომატოლოგია, გვყავს პატარა ელეი ბეგოიძე, რომლის აღზრდაშიც ჩემი და – ელენე მეხმარება, რომ არა ის, ძალიან გამიჭირდებოდა. პირველი შვილია და მასთან ერთად ვსწავლობ ყველაფერს. ახლა ვხვდები, მშობლებმა საკუთარი თავი რატომ „დაივიწყეს“. მათაც რთული გზა გაიარეს, რომ დაქორწინდნენ, ნულიდან დაიწყეს ცხოვრება და ყველაფერი ერთად შექმნეს. ხშირად ვფიქრობ, მე თუ შევძლებ ჩემი შვილისთვის მათი მსგავსი მშობელი ვიყო, მათი მიზანი დღემდე ის არის, რომ სამივე შვილი პროფესიული სამსახურის დაკარგვის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილები იყვნენ. მშობლები ბიზნესსექტორის წარმომადგენლები არიან.

– მშობლების როლი თქვენს ცხოვრებაში.

– მშობლების როლი ძალიან დიდია არა მარტო ჩემს, არამედ ჩემი დების პროფესიონალად ჩამოყალიბებასა და წარმატებაში. როგორც ჩემს, ასევე ჩემი დების ყველა სურვილსა და ინიციატივას მათი მხრიდან ყოველთვის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.

– თავისუფალ დროს, რომელიც ნაკლებად გაქვთ, რითი ხართ დაკავებული?

– მიყვარს ცურვა, კითხვა, თხილამურებზე დგომა, სპორტდარბაზში სიარული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი