საზოგადოება

ადვოკატი გიორგი აფრიაშვილი: ადვოკატის გამარჯვება დამნაშავის გამართლება კი არა, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანაა

№19

ავტორი: მაკა ჯიქია 12:30 16.05, 2022 წელი

გიორგი აფრიაშილი
დაკოპირებულია

გიორგი აფრიაშვილი გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. პროფესიით იურისტია, საერთაშორისო სამართალის განხრით. წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრა. ასევე, ფლობს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს, ფინანსებისა და საბანკო საქმის განხრით. გარდა ამისა, ბატონი გიორგი არის მედიატორი და მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს ვალდებულებითი, საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეზობლო და ბიზნესდავებს. როგორია მისი გზა წარმატებამდე, ისეთ კონკურენტულ სფეროში, როგორიც იურისპრუდენციაა, ინტერვიუდან შეიტყობთ.

გიორგი აფრიაშვილი: ბავშვობიდან მიზნად მქონდა დასახული, რომ იურისტი უნდა გამოვსულიყავი და ჩემი ამ სფეროში მოხვედრა შემთხვევითობა არ ყოფილა. სკოლის გამოსაშვებ საღამოზეც კი მხატვარ ზაალ სულაკაურს თეთრ მაისურზე თემიდა დავახატვინე, ეს თითქოს ჩემი არჩევანის დემონსტრირება იყო. ეს მაისური დღემდე შენახული მაქვს...

2006 წელს ჩავაბარე ადვოკატთა პირველი საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ხოლო ცოტა მოგვიანებით, კერძოდ 2009 წელს, ჩავაბარე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. ასევე ვარ სპეციალიზებული ადვოკატი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ანუ, ეგრეთ წოდებულ, იუვენალურ იუსტიციაში.

ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა საიას თელავის ფილიალში გატარებულმა პერიოდმა. პირველად მანდ შევიძინე პროფესიული გამოცდილება, გადავლახე ის მღელვარება, რაც სასამართლოს სხდომათა დარბაზში შესვლას ახლავს. 2010 წლის სექტემბერში, ოჯახური პირობების გამო, კერძოდ, ჩემი მეუღლე მეორე ბავშვზე დარჩა ფეხმძიმედ, თბილისში დაბრუნება მომიწია, რათა ამ პერიოდში მასთან ერთად ვყოფილიყავი.

2011 წლიდან დავიწყე დამოუკიდებელი საადვოკატო პრაქტიკა და მას შემდეგ უკვე 10 წელზე მეტია, რაც ამ საქმეს ვემსახურები. ჩემი აზრით, დამოუკიდებელ საადვოკატო პრაქტიკას ის უპირატესობა აქვს, რომ ადვოკატის საქმიანობა ძალიან საინტერესოა, საქმეები მრავალფეროვანი და განსხვავებულია, რის გამოც შეუძლებელია, მოგბეზრდეს ადვოკატობა. არასდროს მქონია ორი აბსოლუტურად ერთნაირი საქმე, ყოველთვის არსებობს რაღაც ისეთი დეტალი, რომელიც ერთი და იგივე კატეგორიის საქმეებსაც კი განასხვავებს ერთმანეთისაგან.

– როგორ შეძელით თავის დამკვიდრება ისეთ კონკურენტულ სფეროში, როგორიც იურისპრუდენციაა?

– მე მაქვს საკუთარი პრინციპები, რომლებიც დღემდე უპირობოდ მნიშვნელოვანია. ჩემი გადმოსახედიდან, ადვოკატის მთავარი კრიტერიუმი არის ემპათია. რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკა, მაგრამ თუ ემპათია არ გაქვს იმ ადამიანის მიმართ, ვინც უნდა დაიცვა, თუ მის მდგომარეობაში არ შეხვედი და მისი ტკივილი ისე არ გაიზიარე, როგორც საკუთარი, გაგიჭირდება წარმატების მიღწევა. ასევე, ხმამაღლა მეთქმის, რომ თეთრზე არ მითქვამს შავია-მეთქი. ჩემთვის ბრძოლა, პირველ რიგში, ადამიანური კუთხით უნდა იყოს გამართლებული. აი, ჩემს ერთ-ერთ ბოლო საქმეზე მოგიყვებით: ვიცოდი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავე იყო, ამიტომ თავიდანვე შევუთანხმდი მასაც და მის ოჯახსაც, რომ საპროცესო შეთანხმების გზით წავსულიყავით. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა მოინანია თავისი დანაშაული და დაზარალებულს თანხაც აუნაზღაურა. სასამართლომ გაითვალისწინა ეს ყველაფერი და ძალიან სიმბოლური სასჯელი მისცა - 1 წელი პირობითი მსჯავრი. მიმაჩნია, რომ ადვოკატის გამარჯვება დამნაშავის გამართლება კი არა, მორალურად და იურიდიულად სწორი გზის გამონახვა და საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანაა.

არ არსებობს საქმე, რომლის წარმართვაც შეუძლებელი იყოს ღირსეულად და მორალური პრინციპების დაცვით. სიცრუეა, თითქოს ზოგჯერ ადვოკატებს სხვა გამოსავალი არ აქვთ. ასე, ალბათ, ის ადამიანები მიიჩნევენ, ვისაც ჩვენზე აპრიორი ცუდი წარმოდგენა აქვს. ზოგჯერ, შესაძლოა, ამ აზრს მათ თავად ჩემი ზოგიერთი კოლეგაც უმყარებს. და მაინც, მე დარწმუნებული ვარ, რომ ადვოკატთა უდიდესი ნაწილი ჩვენს პროფესიას განიხილავს, როგორც სიმართლისთვის ბრძოლის საშუალებას და ღირსეულად ემსახურება ქვეყნის მართლმსაჯულებას.

– რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით, როცა ადვოკატობის რთულ გზას დაადექით?

– ჩვენი პროფესია დღემდე არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. პირველ რიგში, დღესდღეობით ბევრი ზუსტად ვერც გეტყვის, ვინ არის ადვოკატი. ამ გაურკვევლობას ჩვენი კანონმდებლობაც უწყობს ხელს, მაგალითად, ერთი უცნაური კანონი გვაქვს: წარმომადგენელი აუცილებლად ადვოკატი უნდა იყოს მხოლოდ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში, ანუ მე-2 და მე-3 ინსტანციის სასამართლოებში, ხოლო რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში, ანუ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში არათუ ადვოკატი, იურიდიული განათლებაც კი არ მოითხოვება, რომ მხარე წარმოადგინო. საქართველოში არსებობს ადვოკატთა ასოციაცია და მასში გასაწევრიანებლად კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო. გაწევრიანების შემდეგაც ადვოკატი მუდმივად ექვემდებარება განგრძობად განათლებას, მისი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ამასთან, ადვოკატზე ვრცელდება ადვოკატთა ეთიკის კოდექსის მოქმედება, რაც მნიშვნელოვანი იარაღია ჩვენი საზოგადოების ხელში იმისათვის, რომ ჰყავდეს კვალიფიციური და ღირსეული პირებით დაკომპლექტებული ადვოკატთა კორპუსი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სასამართლოში წარმომადგენლობა მხოლოდ ადვოკატებმა უნდა განახორციელონ.

ასევე, რთული მდგომარეობაა იმ მხრივაც, რომ არ გვაქვს საჭირო რაოდენობის სასამართლო, განსაკუთრებით რეგიონებში და არ გვყავს საჭირო რაოდენობის მოსამართლეც, რაც იწვევს მართლმსაჯულებაზე წვდომის გართულებას და საქმეების განხილვის გაჭიანურებას.

– გარდა ადვოკატობისა, თქვენ ასევე მედიატორი ხართ. რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებითაც ყოფილიყავით?

– დიახ, წელს გავხდი მედიატორი. პირველ რიგში, მედიაცია ჩემთვის ერთგვარი სიახლე იყო. ამასთან, მიმაჩნია, რომ მედიაცია მნიშვნელოვანი ნოვაციაა ჩვენი ქვეყნისთვისაც, რომლის შესახებ ჩვენი თანამოქალაქეების სწორად ინფორმირებაა საჭირო. მედიაციის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, მას შეეძლება, საგრძნობლად განტვირთოს ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა.

თუმცა, მედიაციის უმთავრესი სარგებელი საზოგადოებისათვის სხვა რამეში მდგომარეობს: როგორც მოგეხსენებათ, მედიატორი ერთგვარი შუამავალია, რომელიც არავის მხარეს არ იჭერს და ხელს უწყობს მოდავე მხარეებს დავის მორიგებით დასრულებაში. შესაბამისად, ადვოკატისაგან განსხვავებით, რომელიც დაგეხმარება კანონიერი გზით საკუთარი ინტერესების დაცვაში, მედიატორი გეხმარება იმაში, რომ თავად მიიღო შენთვის საუკეთესო კომპრომისული გადაწყვეტილება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადვოკატი გეხმარება დავის მოგებაში, მედიატორი დაგეხმარება ამ დავის მოგვარებაში. შესაბამისად, თუ ადვოკატის შრომის საბოლოო შედეგი სამართლიანობის აღდგენაა, მედიატორის შრომის საბოლოო შედეგი მშვიდობის დამყარებაა. ეს კი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, რადგან დავის მოგება არ ნიშნავს კონფლიქტის დასრულებას. ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვენი საზოგადოება გაიაზრებს, რომ რეალურად დავის დასრულების საუკეთესო საშუალება საკუთარი და მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, ბედნიერი ვიქნები, თუ შევძლებ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის განტვირთვასა და სოციალური მშვიდობის განმტკიცებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი