შოუბიზნესი

ზურა მანჯავიძე: იმ დონემდე მივედი, შვილიც კი მეხმარება

№13

ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00 07.04, 2021 წელი

ზურა მანჯავიძე
დაკოპირებულია

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გამოჩნდა ზურა მანჯავიძის იუმორისტული სიმღერები, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა გააზიარა და საკმაო ნახვებიც დააგროვა. როგორც თავად მომღერალი ამბობს, ეს ერთი წელი მისთვის საკმაოდ რთული გადასატანი იყო, თუმცა სულ ემღერებოდა და ამან გადაატანინა ის სტრესი და გასაჭირი, რომელიც თავს დაატყდა.

ზურა მანჯავიძე: სულ მალე 50 წლის ვხდები. ეს გზა ადვილი გასავლელი არ იყო, ყველაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში. ანუ, ჩემი ცხოვრება, ყველაფრით იყო სავსე. იყო სირთულეებიც, გაჭირვებაც, უიმედობებიც, დაცემებიც, წამოდგომებიც, წარმატებებიც, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, ეს ცხოვრების ანუ საუკუნის ნახევარი გზა საინტერესოდ გავიარე. ბოლო ერთი წელი კი ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა და ჯერ კიდევ არის. რომ მკითხოთ, რითი ცხოვრობო, გიპასუხებთ: ალბათ, ფოკუსებით-მეთქი. რაც დანაზოგი მქონდა – რაღაც პერიოდი იმით „გავქაჩე“, ხან მეგობრები მეხმარებიან და იმ დონემდე მივედი, შვილიც კი მეხმარება. ხან ვინ გამიმართავს ხელს და მეხმარება და ხან ვინ, მიუხედავად იმისა, რომ არ გავჩერებულვარ. 6-7 თვეა, თონე გავაკეთე და ძირითადად, იქით მიმქონდა ფული (იცინის). რესტორნებში შემქონდა ჩემს თონეში გამომცხვარი პური და მერე, რესტორნებიც დაიკეტა. ახლა, ღვეზელების ცხობა დავიწყე. ყველისა და ხორცის ღვეზელებს ვაცხობდი და მარხვის პერიოდში კარტოფილისასაც დავუმატებ. ასე რომ, გულხელდაკრეფილი არ ვზივარ.

– პედაგოგობაც ხომ დაიწყე?

– დიახ, გიტარის დაკვრას ვასწავლი მსურველებს. დიდი ხნის წინ შევეშვი ამ საქმიანობას და ახლა, ისევ დავიწყე მოსწავლეების აყვანა. ისეთი ამბავი ატყდა, სიმართლე გითხრათ, არც ველოდი. სხვათა შორის, უცხოეთიდანაც დამიკავშირდნენ და ონლაინ გაკვეთილების ჩატარება მთხოვეს. ეს რომ ადრე მომეფიქრებინა, პანდემია რომ დაიწყო, კარგი იქნებოდა (იცინის).

– თქვი, ეს ერთი წელი რთული გასავლელი აღმოჩნდა, უფულობას ვუჩიოდიო, ვფიქრობდი, ოჯახი ხვალ რითი გამოვკებოო. თუმცა შენი სახლიდან სულ ისმოდა მუსიკისა და სიმღერის ხმა.

– დიახ, ზუსტად ასე იყო. სახლში უფულოდ ჯდომისგან რომ არ გავგიჟებულიყავი, თვითგადარჩენის ინსტინქტმა იმუშვა და იუმორისტული სიმღერების მღერა დავიწყე. თავისით წამოვიდა სიმღერებისთვის სახუმარო ფორმის მიცემა და ტექსტების იუმორისტულად გადაკეთება. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში რომ დავდე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მეც გავაგრძელე. ბევრმა გააზიარა კიდეც და ბევრი ნახვაც ჰქონდა. ერთი თვეა, საკუთრი „იუთუბ“ გვერდიც გავაკეთე და გამომწერებიც მემატება. ვეცდები, აქტიურად გავირთო თავიც, გავართო სხვებიც და გაგიჟებას და ფსიქიატრიულში მოხვედრასაც გადავრჩე (იცინის). შიგადაშიგ სერიოზულ სიმღერებსაც გამოვურევ. ამ ერთ წელში არაერთხელ გავიარე ფილარმონიის წინ გახსნილ „ფორტეს“ ვარსკვლავზე. დიდი სიამაყის გრძნობაა, როცა გაფასებენ, უყვარხარ და პატივს გცემენ, იმის გამო, რაც წლების განმავლობაში გიკეთებია და თან, გულით. 30 წელია, სცენაზე ვდგავარ და დიდი ბედნიერებაა, როცა ამ ვარსკვლავს ვადგამ ფეხს. ახლა რომ ვფიქრობ, უცებ გაირბინა ამ წლებმა. არ მინდა ხოლმე თავს გამოვუტყდე, მაგრამ ჩემს თმასა და წვერში გამორეული ჭაღარა არ იმალება (იცინის). სხვათა შორის, ისე მიხდება ჭაღარა, არ ვწუწუნებ, გამასიმპათიურა და თან, დამასერიოზულა (იცინის). პატარა ბიჭს ვგავდი და ყველას 20 წლის ვეგონე, ახლა სოლიდური, სერიოზული მამაკაცის შეხედულება მაქვს (იცინის).

– ქართველმა ხალხმა, ვარსკვლავი გაგიხსნა, ღირსების ორდენითაც ხარ დაჯილდოებული, თუმცა, მაინც ფიქრობდი უცხოეთში წასვლაზე. ხომ ასეა?

– ღირსების ორდენი შევარდნაძის პერიოდში გადმომცეს. კი, დამაფასა ქართველმა ხალხმა, მაგრამ იყო პერიოდი, როცა ყველაფერი გაჩერებული იყო და მინდოდა, დროებით უცხოეთში წავსულიყავი სამუშაოდ. კი ვთქვი გაჩერებული იყო ყველაფერი-მეთქი, მაგრამ, არასოდეს გავჩერებულვარ, სად არ ვარ ნამუშევარი. ღამის სკოლაში გადავედი და 15 წლიდან ვმუშაობდი ხან სანიტრად და ხან რკინიგზაში. სანიტრად იმიტომ, რომ ექიმობა მინდოდა და სამედიცინოზე ვაპირებდი ჩაბარებას. რკინიგზაში კი, საესტრადო სასწავლებელში სტუდენტობის დროს, ოთხ დღეში ერთხელ ვმორიგეობდი, გამსინჯველი ვიყავი. სატვირთო დეპოში ვაგონი რომ ჩამოდგებოდა, „სატორმუზოში“ ვამოწმებდი ჰაერს. მატარებლების შემოწმებაში მთელი ერთო წელი ღამის თენება მიწევდა. მერე ქამრების ცეხში ვმუშაობდი, მერე პერანგების სამკერვალო ცეხიც მქონდა, მაგრამ არც ფულს ჰქონდა ძალა და არც ბიზნესში აღმომაჩნდა დიდი გასაქანი. ჟურნალისტადაც კი ვმუშაობდი – საინფორმაციოსთვის სიუჟეტებს ვამზადებდი. უშტატოდ ვიყავი, მაგრამ პერსპექტივა მქონდა და მერე იქიდანაც წამოვედი. მოკლედ, რა არ მაქვს ნაცადი ცხოვრებაში, სად არ მიმუშავია (იცინის). რაც შეეხება წასვლას, იყო რამდენიმე ქვეყანაში სამუშაოდ წასვლის ვარიანტი, მაგრამ კიდევ კარგი ვერ მოვახერხე. ასე რომ, ყველაზე მეტად ცხოვრებაში იმას ვნანობ, რომ საკუთარი განვითარებისა და სწავლისთვის ბევრი დრო უნდა დამეთმო. ზედმეტად ემოციური ვარ. ვხუმრობ ხოლმე: იმდენი გულისტკენა გადავიტანე, დამცავი მექანიზმი გამოვიმუშავე და გული გამიკაჟდა-მეთქი.

– რატომ? ხომ შეიძლებოდა, სასიმღერო კარიერა იქ გაგეგრძელებინა?

– არა მგონია, იქ სიმღერის გასაქანი, დრო და ხალისი მქონოდა, ენობრივ ბარიერს რომ თავი დავანებოთ. რომ არ წავედი, არ ვნანობ. ზოგადად, ძალიან ვნანობ, უაზროდ ბევრი დრო რომ მაქვს გაცდენილი. მარტო ტელევიზორში ფილმების ყურებაში რაც მე ღამეები მაქვს გათენებული, ეს დრო წიგნის კითხვისთვის რომ დამეთმო, დღეს, პროფესორი და აკადემიკოსი თუ არა, „კაკ მინიმუმ“, მინისტრის მოადგილე უნდა ვიყო (იცინის). თუმცა, თანამდებობის სურვილი არ მაქვს.

– ერთი პერიოდი, ხომ ფიქრობდი პოლიტიკაში მოსვლას?

– იყო ბევრი შესაძლებლობა და პოლიტიკაში მოსვლის შეთავაზებაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, მაგრამ არა! მე გიტარა და ჩქარი ტაში მირჩევნია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი