შოუბიზნესი

ვახო ბიჭიკაშვილი: მე რა გიშველო, შვილო, თუ გადარჩი, გადარჩი, თუ არადა, ამაზე კარგ ადგილას ვერ მოკვდებიო

№47

ავტორი: ნონა დათეშიძე 17:36 23.11, 2020 წელი

ვახო ბიჭიკაშვილი
დაკოპირებულია

მსახიობმა ვახო ბიჭიკაშვილმა, კოვიდ-ვირუსზე ტესტის ჩაბარების ერთგვარი რეკორდი მოხსნა. საბედნიეროდ, მეშვიდე საიუბილეო კოვიდ-ტესტის პასუხიც უარყოფითია. თუმცა, თვითიზოლაციაში მაინც მოუწია ყოფნა. როგორც თავად ამბობს, ვირუსის არ ეშინია, რადგან მას საკუთარი სისხლის ჯგუფი და „იშვიათი ტახის“ იმუნიტეტი შველის.
– რვა თვეში შვიდი ტესტი საკმაოდ ბევრია. ამდენის გაკეთება რატომ მოგიწია?
– პირველად, ზაფხულის დასარულს, როცა ბათუმიდან ჩამოვედი, მაშინ გავიკეთე ტესტი და სანამ ოჯახის წევრები დაბრუნდებოდნენ და სამსახურში გავიდოდი, ჩემი ინიციატივითა და სურვილით გადავწყვიტე ტესტის გაკეთება. ვინც ბათუმში ერთად ვიყავით, ყველამ გავიკეთეთ და ყველა უარყოფითი აღმოჩნდა. მაშინ ჩვენთან ასე გამძაფრებული არ იყო პანდემია და იმდენად არ მქონია განცდა და შიში. შემდეგ თეონა ცხომელიძის „კლასტერი“ აღმოვჩნდი, გადაღებაზე მომიწია მასთან ერთად ყოფნა და ამის გამო, კვლავ ჩავიტარე ტესტი. ამას მოჰყვა განმეორებითი, შესამოწმებელი სამი ტესტის ჩატარება, მერე მეგობარს აღმოაჩნდა და მივყევი და მივყევი. ბოლოსაც, ისევ ჩემს მეგობარს აღმოაჩნდა კორონა, რომელიც საგურამოში მოვინახულე, საკმაოდ ახლო კონტაქტი გვქონდა, იმ საღამოს აუწია სიცხემ და ყველა მეგობარი, ვინც იმ წვეულებაზე ვიყავით, ერთად გადავედით თვითიზოლაციაში. მიუხედავად იმისა, რომ რვადღიანი თვითიზოლაცია გავიარე და არანაირი სიმპტომი არ მქონდა, მაინც გავიკეთე ტესტი და გადავრჩი. არცერთხელ არ აღმომაჩდა, თუმცა, კოვიდის გამო სამჯერ მაინც მომიწია ოჯახთან განშორება და ერთკვირიან თვითიზოლაციებში ყოფნა. მივეჩვიეთ და ვხუმრობთ მე და სოფო: რომ ამბობენ, ცოლ-ქმარს შორის პატარ-პატარა განშორებები კარგიაო, კოვიდმა ეს იძულებით დაგვმართაო (იცინის).
– სანამ საქმე ტესტამდე მივა, თუ გაქვს შიში და განცდა, როცა იგებ, ის ადამიანი აღმოჩნდა კოვიდდადებითი, ვისთანაც შეხება გქონდა?
– გამოგიტყდებით და წინა ექვსი ტესტის პასუხის მოლოდინის დროს ნამდვილად არ მქონია შიში, თუმცა, ბოლო, მეშვიდე ტესტზე მქონდა. ჩემი ცოლის ბებია 80 წლისაა, ბავშვები, მშობლები – ეს ყველა ჩამონათვალი რისკ-ჯგუფია და ამიტომ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. კიდევ ვამბობ, არ მეშინია, მაგრამ მაქსიმალურად ვიცავ ყველა რეკომენდაციასა და წესს. მანქანაშიც მაქვს სადეზინფექციო ხსნარი, სამსახურშიც, პირბადითაც დავდივარ და სახლშიც კუთხე მოვაწყვეთ, სადაც კოვიდის ვირუსის საწინააღმდეგო ატრიბუტიკა აწყვია. ასე რომ, სახლში კი გვაქვს პატივსაცემი კოვიდის კუთხე (იცინის). სხვათა შორის, მე კორონათი დაავადება ნაკლებად მემუქრება. ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ, მითხრეს: აქ აცხადებენ, ვისაც პირველი დადებითი სისხლის ჯგუფი აქვს, მათ ნაკლებად ემართებათ და თუ დაემართათ, მარტივად გადააქვთო. ასე რომ, მე დაზღვეული ვარ, პირველი ჯგუფის სისხლის მატარებელი ვარ. თან, იმდენჯერ დავუძვერი ამ ვირუს, შიში აღარ მეკარება. ჩემთვის უცხოეთში ვიზიტები იყო დამატებითი შემოსავალი. კრედიტი მაქვს აღებული, ბინა შევიძინე და ყოველ ღამე, ბანკის ვალზე ფიქრმა მომკლა (იცინის). 15-წლიანი სესხი ავიღე და მთელი 13 წელი წინ მაქვს ყოველღამე ვალისა და პროცენტების ფიქრით დაძინება. 
– ზოგადად, რამდენად ჯანმრთელი ორგანიზმი გაქვს?
– თუ საქმე ჩემს იმუნიტეტს ეხება, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ „იშვიათი ტახივით“ ვარ (იცინის). ჩემი ავადმყოფობით ოჯახის წევრები არ მინერვიულებია. თუმცა, ერთხელ ფეხის თითი მოვიტეხე და ის მახსოვს ძალიან ცუდად. 
– ფეხის თითი როგორ მოიტეხე?
– ბავშვობაში, ასფალტსა და მოხრეშილ გზაზე მიწევდა ფეხბურთის თამაში. ბურთთან ერთად, ქვას ამოვარტყი ფეხი. მოკლედ, ამ ამორტყმას ჩემი ფეხის თითი შეეწირა. მეგობრებმა ამიყვანეს სახლში და ახლაც მზარავს, რომ მახსენდება ბებია გახურებულ თითზე, ცივ რაღაცებს რომ მადებდა. ასე მეგონა, ძვალი თავიდან მტყდებოდა. ზოგადად, ფრთხილი ვარ, თუნდაც გზებზე. მოპედით დავდივარ და დროც მეზოგება, არც საცობი მეხება და პარკინგის პრობლემაც მოგვარებული მაქვს. ახლა სწრაფად არ ვმოძრაობ, რადგან დანიშნულ ადგილას უპრობლემოდ მივდივარ. მაგრამ, არ დამავიწყდება, 2007 წელს მეგობრებმა ვიყიდეთ მოპედი. მაშინ ეს ტრანსპორტი იშვიათობა იყო, ქუჩებში ერთი-ორი დადიოდა. ერთხელ, მოსახვევში შავ „ჯიპს“შევასკდი, გადავვარდი და რომ მივხვდი, გადავრჩი, სწრაფად წამოვხტი განერვიულებული, შემოვახტი დაქოქილ მოპედს და გავიქეცი. იმ „ჯიპის“ მძღოლი გამომეკიდა და მეძახდა: ნუ გარბიხარ, არ მინდა შენი არაფერი, ოღონდ მითხარი, რომ კარგად ხარ და გადარჩიო (იცინის).
– რამდენად ახერხებ სწორად იკვებო და რამდენად იცავ ჯანსაღი ცხოვრების წესს? და თუ არის შენში ჯანმრთელობის გამოკვლევის კულტურა?
– ჩემი ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად ვახერხებ. მაგრამ, სანამ რამე ძალიან არ შემაწუხებს, ისე არ მიყვარს გამოკვლევების ჩატარება. ბევრი ექიმი მეგობარი მყავს და მათთან, ანუ მედიცინის მუშაკებთან, კვლევებზე მისვლას, ქეიფი და მეგობრობა მირჩევნია (იცინის). თუმცა, ოჯახის წევრები წელიწადში ერთხელ ვცდილობთ, ჩავიტაროთ კვლევები და გრიპის ვაქცინებიც გავიკეთოთ. მოკლედ, ბავშვების ხათრით ვიცავ ჯანსაღი ცხოვრების წესს (იცინის). სწორი კვებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გამოგიტყდებით და, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია არაერთხელ მქონია. გადაღლილზე თუ გადავაბი სმა, მერე სასწრაფოს გამოძახება მიწევდა და იმდენჯერ გამიკეთეს გადასხმა, მთელი საბურთალოს სასწრაფოს ექიმები ჩემი შინაურები გახდნენ (იცინის). ერთხელ, ქუთაისში ვიყავით კონცერტზე მე, ნიკა არაძიძე, მერაბ სეფაშვილი. მოგვიწია ქეიფები და სასტუმროში ცუდად გავხდი. რომ მოვიდა სასწრაფო და დაინახა მერაბ სეფაშვილი და ნიკა არაბიძე, ვიღას ახსოვდა ჩემი ცუდად ყოფნა? სანამ მომხედეს, წავიდა სელფების გადაღება და ვყვიროდი: მომხედეთ, კაცო, გადამარჩინეთ და მერე გადავიღოთ ფოტოები-მეთქი (იცინის). იმ დღეს მოგვიწია მამაოსთან მისვლა კელიაში, იქაც ცუდად გავხდი. გამოიძახეს სასწრაფო და იგივე „სასტავი“ მოვიდა. რომ დაგვინახეს, ისევ დაავიწყდათ, რისთვისაც მოვიდნენ და დააძრეს ტელეფონები: ის ფოტოები, რაცხა არ გამევიდა კარგი და ახლიდან გადევიღოთო (იცინის). ისევ დავიწყე ყვირილი: მიშველეთ, რა დროს ფოტოა-მეთქი და მამაო იცინოდა: მე რა გიშველო, შვილო, თუ გადარჩი, გადარჩი, თუ არა და ამაზე კაი ადგილას შენ ვერ მოკვდებიო (იცინის). 

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი