შოუბიზნესი

ციაკო ფიფია: როცა დედამ ბარგი ჩაალაგა, მივხვდი, სერიოზულ პრობლემას ჩავეჭიდე

№37

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00 20.09, 2022 წელი

ციაკო ფიფია
დაკოპირებულია

უამრავი ქალია ემიგრაციაში, ბევრ ოჯახს აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი საყვარელი ადამიანების წლების განმავლობაში შორს ყოფნის მტკივნეული განცდა და დარდი. დედა რომ ემიგრაციაში წავიდა, ციაკო ფიფია იმ ასაკში იყო, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მაგრამ, გაითავისა, რომ დადგა დრო, როცა თავის პატარა და-ძმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აეღო.

ციაკო ფიფია: 17 წლის ვიყავი, ყველაზე რთულ, გარდატეხის ასაკში, როცა დედა ემიგრაციაში წავიდა. თავიდან რომ გავიგე, ამერიკაში მიდიოდა, ბავშვურად ძალიან გამიხარდა, ვფიქრობდი: აუ, რა მაგარია, იქიდან ბევრ რამეს გამომიგზავნის-მეთქი. თავიდან ეს მომენტი მქონდა, არ ვფიქრობდი იმ რეალობაზე, რის წინაშეც მისი წასვლის შემდეგ დავდგებოდი. დედასთან ფიზიკური განშორება ვერ აღვიქვი. თან, მე და დედა საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ყველა ჩემი საიდუმლო იცოდა, დაწვრილებით ვუყვებოდი ყველაფერს. თუ რამე ხდებოდა, პირველად დედას ვეუბნებოდი, არაფერი დამიმალავს. დედა 17 წლის იყო, რომ გამაჩინა და ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. დღეს, 49 წლისაა და სადმე რომ ვართ და დედას დავუძახებ, ხალხი შოკში ვარდება: უი, ეს დედაშენიაო? (იცინის) დღეს 30 წლის ვარ და ახლაც ჩემი ყველაზე დიდი მესაიდუმლეა. როცა დედასთან ასეთი ურთიერთობა გაქვს, მისგან შორს ყოფნა უფრო გიჭირს. მოკლედ, მისი ემიგრაციის ამბავი მძაფრად აღვიქვი ბოლო დღეებში, რომ გავიაზრე და ფაქტის წინაშე დავდექი. მოკლედ, სერიოზულ პრობლემას რომ ჩავეჭიდე და მივხვდი, მართლა ხდებოდა ეს ჩემს თავს და დედის წასვლა არ იყო ილუზია და სიზმარი, ძალიან გამიჭირდა. ეს, იცით, როდის მივხვდი? როცა დედამ ბარგი ჩაალაგა. რამდენიმე ჩემოდანი რომ დავინახე მომზადებული, ეს იყო რთული. ამ ყველაფერთან ერთად, დიდი ოჯახი ვართ – მე, ჩემი ძმა, და, ბაბუ და ბებო. ბაბუაჩემი ისტორიკოსი იყო, ძალიან განათლებული და თავდახრილი და მის თვალზე ცრემლი არასოდეს მინახავს. ყველაზე რთული მისი დანახვა იყო, ერთ დღეში რომ დაპატარავდა, მოიღუნა, მოიკეცა. თან, ვხვდებოდი, რომ ჩემს თავზე დიდი პასუხისმგებლობა უნდა ამეღო ჩემი და-ძმის მიმართ. ჩვენ შორის ოთხ-ოთხი წელია სხვაობა და უფროსი მე ვარ. ჩემი ძმა ისეთი პატარა იყო, ვერც აღიქვამდა, რა ხდებოდა. მივხვდი, მე მაგრად უნდა დავმდგარიყავი. თუმცა, დედასთან დამშვიდობების დრო რომ მოვიდა, იმდენად რთული კადრი იყო, არასოდეს დამავიწყდება, თვალებიდან არასოდეს ამომივა.

– აეროპორტში არ გააცილე? რამდენი წელი არ გყავდა ნანახი?

– არა, არ გავაცილე. დედა 13 წელია, ამერიკაშია და 10 წელი არ მყავდა ნანახი, ვერ ჩამოდიოდა. არ დამავიწყდება, დედამ რომ დარეკა და თქვა: მე მალე თქვენთან ვიქნებიო, სიხარულით კინაღამ გული გამიჩერდა (იცინის). რომ ჩამოვიდა, ჩავეხუტე და მისი სუნი შევიგრძენი, თავი ყველაზე ძლიერი მეგონა მსოფლიოში. ახლა ხშირად ჩამოდის და სითბოთი და ენერგეტიკით ხშირად მავსებს. როგორც თავად ყვება, თავიდან ძალიან გაუჭირდა, სერიოზული დეპრესია ჰქონდა, თუმცა იმდენად იყო მუშაობაზე გადართული, ფიქრის დრო არ რჩებოდა. დეპრესიასთან ერთად მუშაობდა თავაუწევლად. ყველაზე მაგარი დედა მყავს, მეამაყება მისი არსებობა. მშობლებს დედა განებივრებული ჰყავდათ, ხელისგულზე ზრდიდნენ, თუმცა მან ყველაფერი გააკეთა, რომ შვილებს არაფერი მოგვკლებოდა.

– სიურპრიზი თუ გაუკეთებია და ისე ჩამოსულა, რომ არ მოელოდით?

– არა, გაფრთხილებული მყავს, არასოდეს ჩამოხვიდე ისე, თუ არ ვიცით. იმდენად ემოციური ვარ, შეიძლება, სტრესისგან გული გამისკდეს და შოკიდან ვერ გამოვიდე.

– რის გამო მოუწია წასვლა? გიჭირდათ?

– დედა და მამა რომ დაშორდნენ, დედა მალევე წავიდა ემიგრაციაში. იმ საფრთხის წინაშე რომ დადგა, შეიძლებოდა, შვილებს რამე დაჰკლებოდათ, ასე გადაწყვიტა. მე გაჭირვებაში არ მიცხოვრია. ყველაფერი მქონდა, ოცნებებიც მარტივად მისრულდებოდა.

– გახსენდება ის მომენტი, როცა დედის გვერდით ყოფნა ძალიან გინდოდა და შენთან ფიზიკურად არ იყო?

– სულიერად ყოველთვის ჩემთან იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მინდოდა, დედა ფიზიკურად მყოლოდა გვერდით. როცა გავთხოვდი, ნიშნობაზე ძალიან დამაკლდა მისი არყოფნა. სხვათა შორის, სულ ვოცნებობდი ქორწილზე და თეთრ ლამაზ კაბაზე, მაგრამ რადგან დედა ჩემთან არ იყო და ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, ამ ოცნებაზე უარი ვთქვი – თუ ოდესმე ქორწილს გავაკეთებ, დედა ჩემ გვერდით იქნება-მეთქი.

– ახლა, შენც დედა ხარ. ემიგრაციაში წასვლაზე და შვილის დატოვებაზე თუ გიფიქრია?

– როგორ არ მიფიქრია. ცხოვრებაში არავინ იცის, რა პრობლემის წინაშე დადგები და რა მოხდება. ჩემი შვილის გამო ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ჩემი შვილის გარეშე, არსად არ მინდა ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე გასული ვარ, შეიძლება, ვერ ვნახო და სახლში დაბრუნებულს დაძინებული დამხვდეს, მაგრამ მაინც რომ ვიცი, ჩემ გვერდითაა, მისი სუნთქვა მესმის და ვეხუტები, ამის გარეშე ერთი წამით არ მინდა ყოფნა.

– დედისთვის არასოდეს გისაყვედურია, რომ წავიდა?

– არასოდეს. ვიცოდი მიზეზი რის გამოც მიდიოდა და რა მიზნებიც ჰქონდა. რომ არ წასულიყო, ვერც მე და ვერც ჩემი და-ძმა დღეს ისეთები ვერ ვიქნებოდით, როგორებიც ვართ. დედა რომ წავიდა, დედმამიშვილები ისე შევიკარით, დღემდე უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ. გვერდით ვუდექით ერთმანეთს, არ ვაგრძნობინებდით, რომ დედა შორს იყო. თან, დეიდასთან ვცხოვრობდით, ორი დეიდაშვილი მყავს და ხუთი ბავშვი ერთად გავიზარდეთ.

– დეიდასთან რატომ ცხოვრობდით?

– სწორედ იმის გამო წავიდა დედა ემიგრაციაში, რომ სახლი დავკარგეთ და აღარ გვქონდა. ეს იყო მთავარი მიზეზი. დღეს სახლი გვაქვს, დედამ იყიდა. დიდი შრომისა და წვალების ხარჯზე აისრულა ოცნებები.

– აუცილებლად უნდა გკითხო. ახალი სეზონიდან, ახალ არხზე გიხილავთ?

– სეზონი რომ დაიხურა, გაურკვევლობაში ვიყავით. ვინერვიულეთ, განვიცადეთ, გაგვიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ამდენი წლის მერე ტელევიზიაში აღარ ვიმუშავებდით და საყვარელ საქმეს ვერ გავაგრძელებდით. ვერ მივხვდით, რა ხდებოდა ჩვენს თავს. სამწუხაროდ, დავრჩით ჰაერში. მაგრამ, ცოტა ხანი დავისვენეთ და ახალი სეზონიდან ახალ არხზე, „ტვ პირველზე“, იმავე დღეს, იმავე დროს გვიხილავთ, ახალი შემართებითა და ენერგიით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი