შოუბიზნესი

თამუნა მუსერიძე: ჯერ ვერ შევქმენი ისეთი გარემო ჩვენს ოჯახში, როგორზეც ვოცნებობდი

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 31.01, 2023 წელი

თამუნა მუსერიძე
დაკოპირებულია

თამუნა მუსერიძის აქტიური ცხოვრების ტემპის შესახებ ბევრმა ვიცით. ვიცით ისიც, რომ მოპარული ბავშვების თემაზე დაუღალავად მუშაობს და უამრავ ადამიანს დაეხმარა დაკარგული ოჯახის წევრის პოვნაში. თუმცა ნაკლები ვიცით, როგორია „სახლური“ – დიასახლისი თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე: ჩემს სახლში დღე და ღამე წიოკია, იმიტომ რომ 24 საათი ვალაგებ. არ ვიცი, ეს რა წიკი მაქვს, მაგრამ სახლი მუდმივად დასალაგებელია და ამის შემხედვარეს, მე მშვიდად ყოფნა არ შემიძლია. ამაზე ყოველთვის ჩხუბი გვაქვს. სანდრო სულ მეუბნება, ხომ იცი, საღამოს ისევ დალაგება მოგიწევს და მთელი დღე რატომ დასდევ ბავშვებს კუდში და ალაგებო. რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლია. ხანდახან მივუშვებ ხოლმე და ბოლომდე ვაცდი, მაგრამ ეს – როცა ძალიან დაღლილი ვარ, მაშინ. სხვა შემთხვევაში არ გამომდის. არ შემიძლია, არეულობას ვუყურო.

– საკუთარ თავზე ბევრი საქმე და პასუხისმგებლობა გაქვს აღებული და როგორ გრჩება დრო ამისთვის?

– საათში ერთხელ 15 წუთით ვიცლი, რომ „ჩამოვუშხუილო“ სახლს და ელვის სისწრაფით ყველაფერი დავალაგო.

– როცა ყველა ბავშვი ერთად ურევს, მაშინ რა ხდება?

– მაშინ ჩემი ხმა მთელ სამეზობლოს ესმის. მაგრამ ისე „ისტერიჩკა“ დედა არ ვარ. მირჩევნია, მივუშვა და მერე მშვიდად დავალაგო.

– რა არის საოჯახო საქმეებიდან, რაც გიყვარს და სიამოვნებით აკეთებ?

– არაფერი (იცინის). სიყვარულით არ მიყვარს, მაგრამ სხვა გზა არ არის. თუმცა, თუ მაინცდამაინც არჩევანი უნდა გავაკეთო, დაუთოებას ავირჩევ.

– რომელი უფრო მომთმენია ბავშვებთან – დედა თუ მამა?

– ორივე მომთმენები ვართ და მერე ერთმანეთს ვეჩხუბებით, რომ ბავშვებს ვეჩხუბოთ. მათთან არცერთს არ გამოგვდის სიმკაცრე. არც პოზიციების გადანაწილება გამოგვდის. ხომ არის ხოლმე, მშობლებიდან ერთი მკაცრია, მეორე – ლმობიერი, ჩვენ ორივე ლმობიერები ვართ.

– დიასახლისობა კარგ მზარეულობასაც მოიაზრებს. როგორ გამოგდის კერძების მომზადება?

– ძალიან ბევრი კერძის მომზადება ვიცი. თან, მართლა კარგად ვამზადებ. უბრალოდ, როცა დრო არ გაქვს, არჩევ კერძებს, რომელიც აქტიურ რეჟიმში მცხოვრები ადამიანისთვის უფრო მარტივი მოსამზადებელია. თუ გამოძახება შეგიძლია, რატომაც არა, ესეც ძალიან კარგია. ცხოვრების გამარტივების საშუალება თუ გაქვს, ასეც უნდა მოიქცე და საკუთარ თავს დასვენების უფლება უნდა მისცე. თუმცა, ძირითადად, კერძებს სახლში ვაკეთებ, თან, დღეში სამჯერ. სამი ბავშვისა და ორი უფროსისთვის საკმარისი საკვების მომზადება მარტივი არ არის. ყველაზე პატარა კი განსაკუთრებით მრავალფეროვან მენიუს მოითხოვს და შესაბამისად, მუდმივად მიწევს ფანტაზიის გამოყენება. ხომ არსებობენ უმადო ბავშვები, რომლებსაც დედები სულ აძალებენ, რამე შეჭამონ და სულ განიცდიან, რომ არაფერს ჭამენ. მე – პირიქით, იმაზე ვწუწუნებ, რომ სულ ჭამენ. ჩემს არცერთ ბავშვს არ ჰქონია უმადობა. ჩემი პრობლემა ისაა, რომ ფანტაზია აღარ მყოფნის. აღარ ვიცი, კიდევ რა შეიძლება მოვუმზადო ბავშვს, რომელიც სულ ჭამს.

– სანდრო თუა პრეტენზიული?

– არა, არა. თუ ნახავს, რომ საჭმელი არ არის, თვითონ იკეთებს. თან, ბევრად უფრო „გემრიელი ხელი“ აქვს, ვიდრე მე. თუმცა, იშვიათად ამზადებს.

– რამდენად აქტიურია ბავშვების მოვლაში?

– როლების გადანაწილებაზე თუ ვისაუბრებთ 80/20-ზეა. 80 პროცენტი – მის სასარგებლოდ. მარიანა ჩვენი პირველი საერთო შვილია. მე მისთვის ერთი ღამე არ გამითენებია. სანდრო იღვიძებდა, უცვლიდა, ბანდა, საჭმელს უკეთებდა, აჭმევდა და აძინებდა. თუმცა, ახლა არ არის ასე, მე ერთი ბავშვი გავზარდე, მეყოფაო, ამბობს (იცინის).

– კერძებს მივუბრუნდეთ, განსაკუთრებულად კარგად რა გამოგდის?

– კერძი, რომელიც ყველაზე კარგად გამომდის და სამეგობრო, სანათესავო თუ ოჯახის წევრები მუდმივად მის მომზადებას მთხოვენ – საცივია. ისეთ საცივს ვაკეთებ, რომ თამამად შემიძლია ვთქვა, საქართველოში ასეთ გემრიელს, მხოლოდ ერთი-ორი თუ ამზადებს. დედაჩემისგან ვისწავლე. ის ფანტასტიკური კულინარი იყო. მარტივად მოსამზადებელი კერძი არ არის, მაგრამ თვეში ერთხელ რომ მთხოვს ოჯახი მის მომზადებას, აუცილებლად ვამზადებ.

– ოჯახში სტუმრიანობა ხშირად გაქვთ?

– მუდმივად, 24-საათიან რეჟიმში. ჩვენთვის არ არსებობს დღე და ღამე, სტუმრები სულ გვყავს. როდესაც სტუმრები მოდიან, ყველაფერს თვითონ ვამზადებ. განსაკუთრებით დღესასწაულებზე. მარტო ერთხელ გამოვიძახე – შარშანწინ საახალწლო სუფრა საცივის გამოკლებით და ვინანე. არ იყო ისეთი გემრიელი კერძები, როგორსაც თვითონ ვაკეთებ.

– როგორი იყო შენთვის საოცნებო ოჯახი და როგორია რეალობა?

– ჯერ ვერ შევქმენი ჩვენს ოჯახში ისეთი გარემო, როგორზეც ვოცნებობდი. ალბათ, ამისთვის ბევრი დრო დამჭირდება. ჩემთვის ყველაზე მისაღებია ერთად საუზმობის, სადილობისა და ვახშმობის კულტურა, რაც ჩემს ოჯახში ფიზიკურად არ გამოდის. ერთ ბავშვს ერთ დროს ეწყება სკოლა, მეორეს – სხვა დროს ბაღი, ჩემს ქმარს როდის გადაღება აქვს, როდის რეპეტიცია, წინასწარ ვერ განსაზღვრავ, მე, ბავშვების გამო, ფეხზე დამდგარიც ხშირად ვჭამ და აქედან გამომდინარე, ის, რაც ოჯახში ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ჯერჯერობით არ გამომდის. არადა, ჩემს ოჯახში სულ ასე იყო. დედაჩემი საჭმელს რომ მოამზადებდა, მეტყოდა, გელოდებით, უშენოდ არ ვჭამთო და ეს რიტუალი ძალიან მომწონს.

– წლების წინ თუ წარმოგედგინა, რომ ამხელა ოჯახის დიასახლისი იქნებოდი?

– კი, ყოველთვის ასე წარმომედგინა. პირიქით, ჩემთვის ეს არ არის საკმარისი.

– ესე იგი, კიდევ უნდა ველოდოთ ოჯახის ახალ წევრებს?

– ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ ეს საკმარისი არ არის (იცინის). და კიდევ, ჩვენს ოჯახს ძალიან აკლია შინაური ცხოველი, რომლის ყოლასაც ფიზიკურად ვერ ვახერხებთ. ჯერ ერთი, ფართის და მეორე, ბავშვების გამო. სანამ ბავშვები პატარები არიან, ძალიან გაგვიჭირდება შინაურ ცხოველზე ზრუნვა, მისი მოვლა, ყოველდღე გასეირნება და ასე შემდეგ. რომ წამოიზრდებიან, მერე, ალბათ, შევიძენთ. მე სულ მყავდა ძაღლები, ჩემს ძმას დღემდე ჰყავს და ამიტომ, შინაური ცხოვრელის დანაკლისი მაქვს.

– მრავალშვილიანი დედა უფრო და უფრო კარგ ფორმაში ხარ, როგორ?

– ამას რომ მეუბნებით, არ მჯერა. მესამე ბავშვის გაჩენამ ცოტა დაღი დამასვა. დავიწყოთ იმით, რომ კალცის ძალიან დიდი პრობლემა შემექმნა, რის გამოც სტომატოლოგის ჩარევა მომიწია. ორსულობის დროს კბილები თავისით მძვრებოდა. დილით ვიღვიძებდი და კბილი აღარ მქონდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი პროცედურა დამჭირდა. გავაგრძელოთ იმით, რომ სხეულმაც შეიცვალა ფორმები და ფიზიკურად არ მაქვს იმის დრო, რომ დარბაზში ვიარო. ვიღაც იტყვის, სახლში ივარჯიშეო, მაგრამ ვერ ვვარჯიშობ, არ მაქვს დრო და ძალიან განვიცდი ჩემს ამ მდგომარეობას და მომატებულ კილოგრამებს. სამი კილოგრამი დამრჩა დასაკლები და ვერ ვიკლებ. ჩემთვის პრობლემაა ის, რომ ჩემს ვერცერთ კაბას ვეღარ ვიცვამ იმიტომ, რომ აღარ მაქვს ისე კარგად, როგორც აქამდე მქონდა, შარვალს ვერ ვიკრავ, მაისურები, რომლებიც აქამდე ძალიან მომწონდა, ახლა ოდნავ მიჭერს და ეს მე დისკომფორტს მიქმნის. სხვისთვის ეს სამი კილო შეიძლება, დიდად შესამჩნევი არ არის, მაგრამ მე ყოველთვის ტანზე მომდგარი ტანსაცმელი მეცვა, რასაც ახლა ვეღარ ვიცვამ და უფრო თავისუფალ ტანსაცმელზე გადავედი, ეს მაწუხებს. თან გემრიელად ჭამა მიყვარს და ესეც ხელის შემშლელი ფაქტორია.

– დიასახლისობაზე ვსაუბრობთ და ამასობაში ინგლისის ტელეგრაფმა გამოაქვეყნა სტატია თამუნა მუსერიძეზე. მოვყვეთ, რას ეხებოდა ეს სტატია?

– ტელეგრაფმა ორი სტატია დაწერა. ერთი ჩვენი ჯგუფის – „ვეძებ“ და არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ და მეორე იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოსა თუ სხვა ქვეყნებში, იქ, სადაც ბავშვებს იპარავდნენ. ეს ჩვენთვის წინგადადგმული დიდი ნაბიჯი და წარმატება იყო. რაც შეეხება საქართველოს დამოკიდებულებას, ვფიქრობ, მე რომ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდე და ამ საქმეს ვაკეთებდე, ბევრად უფრო წინ ვიქნებოდი მეც, პროფესიული თვალსაზრისით და ასევე, ის საქმეები, რომლებიც ჯერ კიდევ გაუხსნელია. აქ ძალიან დიდი წინააღმდეგობაა. ჩემ წინააღმდეგ ანტიპიარია აგორებული, ათას ტყუილს ავრცელებენ ჩემ შესახებ. იმის ნაცვლად, რომ ხელი შემიწყონ, არაადეკვატურ ჭორებს იგონებენ, ოღონდ უკან დაგვხიონ და ხელი აგვაღებინონ ამ საქმეზე, მაგრამ ეს ასე მარტივი არ არის. უფრო მეტად მაძლიერებენ, მოტივაციას მიზრდიან. ბავშვობაში არ მქონდა ეს თვისება, მაგრამ ახლა, რაც უფრო მეტი წინააღმდეგობა ჩნდება ჩემს ცხოვრებაში, მათი გადალახვის კიდევ უფრო მეტი სურვილი მიჩნდება. როდესაც მე ჩემი მშობლების ძებნა დავიწყე, საზოგადოების მხრიდანაც ჩემი მისამართით ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა. 7 წლის წინ ამ თემაზე საუბარი სირცხვილი იყო. დღეს რომ თავისუფლად გამოდიან და ჰყვებიან, რომ აყვანილები არიან, მაშინ ასე არ იყო და მე დიდი წნეხი განვიცადე. ათიდან ცხრა კომენტარში მლანძღავდნენ. წერდნენ, რომ მე უმადური ადამიანი ვარ, რომ გამზრდელ მშობლებს არ ვაფასებდი, რომ არ უნდა მეძებნა, ვინც გამყიდა, ვინც ქუჩაში დამაგდო და ასე შემდეგ. წლების შემდეგ მე ცხრავე ადამიანს დავუმტკიცე, რომ ეს ასე არ არის. ზუსტად ამიტომ, მჯერა, რომ სირთულეების მიუხედავად, ყველაფერი გამოვა. ჩემ მიმართ გამოვლენილი აგრესია საბოლოოდ ჩემდა სასიკეთოდ გამოვიყენე. თუმცა, მარტო ჩემ სასიკეთოდ არა, ამ პროცესმა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას შეუწყო ხელი და ათასობით ადამიანმა შეძლო დაკარგული ნათესავების პოვნა. ამიტომ მე აუცილებლად გავაგრძელებ წინსვლას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი