შოუბიზნესი

თამუნა გომართელი: როცა შენ არ უხდი სამაგიეროს, სამყარო 100-ჯერ ძლიერად ჩაერევა

№19

ავტორი: ეთო ხურციძე 18:00 17.05, 2022 წელი

თამუნა გომართელი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ თამუნა გომართელთან 👇

სახელი: თამუნა.

გვარი: გომართელი.

პროფესია: ჟურნალისტი, პიარმენეჯერი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ძალიან პირდაპირი, გულწრფელი ბავშვი ვიყავი. არაფერზე ვიხევდი უკან და სიმართლეს ყოველთვის პირში ვახლიდი ადამიანებს. ამაზე დედა სულ მსაყვედურობდა და მეუბნებოდა: სიმართლე ზოგჯერ ადამიანებს გულს სტკენსო. ერთხელ სამსახურში წამიყვანა და მის თანამშრომელს პირდაპირ მივახალე: რამხელა ცხვირი გაქვს, შენს ადგილზე საერთოდ არ გავიცინებდი და გარეთაც არ გამოვიდოდი-მეთქი. ვფიქრობდი, სიმართლე ყოველთვის სასარგებლო იყო ადამიანებისთვის და მოხდა ისე, რომ ამ ქალის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თურმე, ჩემამდე არავის უთქვამს სიმართლე მის ცხვირთან დაკავშირებით და მე ვიყავი პირველი, ვინც ეს გავუბედე. ეს ქალი წავიდა, გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და იმავე წელს გათხოვდა, ჰყავს შვილები და დღემდე ბედნიერია. შეიძლება, მისი ცხოვრება სულ სხვა გზით წასულიყო, მე რომ ეს ერთი ფრაზა არ მეთქვა.

– მშობლების როლი...

– გადამწყვეტია. ყველა ადამიანი თავისი ოჯახის, იმ წიაღის სარკეა, საიდანაც გამოდის. ის გარემო, სადაც გავიზარდე და მიწევდა ცხოვრება, ერთგვარი მაგალითი და ნიმუში იყო, როგორი უნდა ყოფილიყო ოჯახი, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ ადამიანებს ერთმანეთთან. მამისგან ვისწავლე ის, რომ ყოველთვის მართალი უნდა იყო საკუთარ თავთან, რადგან თუ საკუთარ თავს არ სცემ პატივს, ადამიანი არ ხარ. დედასგან ვისწავლე ის, რომ ნებისმიერი განსაცდელი გასწავლის, გაბრძენებს და გეხმარება გაძლიერებაში. ყველა ის თვისება, რაც კი გამაჩნია, ჩემი მშობლებისგან მაქვს, ოღონდ არა თეორიულად, ყოველთვის საკუთარი მაგალითით მასწავლიდნენ.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– გომართელები ძალიან ცოტანი ვართ და რომ გადავხედოთ, პროცენტულად, უმეტესობა ჟურნალისტია. ჯერ კიდევ ივანე და თამარ გომართელების დროსაც კი, როცა ეს პროფესია ჩანასახში იყო, ჟურნალისტები ვიყავით. არ ვიცი, ეს კარმაა თუ გვარის მიდრეკილება. ბებია, რომელსაც ძალიან ვგავარ, მეუბნებიან – ხელწერა და ხმის ტემბრიც კი ერთი და იგივე გაქვთო, ფილოლოგი იყო, წერის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მეც ადრე დავიწყე წერა და დიდი რაოდენობით ლიტერატურის კითხვა. პირველ კურსზე მოვხვდი ტელევიზიაში, ეს ჩემი უნარებიდან გამომდინარე, საერთოდ არ მიკვირს. ყოველთვის, როცა ასტროლოგებთან თუ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ვიკვლევ, რა პროფესია შეიძლება, მომრგებოდა, ყველასგან ერთ პასუხს ვიღებ: ეს არის ჟურნალისტიკა.

– ჩემი მეტსახელი...

– მამა ბევრ მეტსახელს მეძახდა, მრავალფეროვანი იყო ჩემი კნინობითი და მოფერებითი სახელები. კონკია-ჟღარუნასაც მეძახდა, ავისხამდი დედას აქსესუარებს და ეზოში სპექტაკლებს ვდგამდი ხოლმე. მამა ძალიან სადა და დახვეწილი გემოვნების პატრონი იყო და ხშირად იცინოდა ჩემს ამ ქცევაზე. უფრო ოჯახსა და ვიწრო წრეში მქონდა მეტსახელები.

– ადამიანში ვაფასებ...

– საკუთარი თავის, პრინციპებისა და ფასეულობების ერთგულებაა ღირებული თვისება. ყოველთვის მჯეროდა და ვიდრე ცოცხალი ვარ, სულ მექნება იმის რწმენა, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა სცეს პატივი. თავად უნდა იყო შენი საქციელით კმაყოფილი, მიგაჩნდეს, რომ სწორად აკეთებ იმ საქმეს, რასაც უძღვები. გარშემო ყველა რომ თვლიდეს, არასწორი ვარ, მაგრამ მე მიმაჩნდეს, სწორად ვიქცევი, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა. პირიქითაც, ყველა რომ მამართლებდეს და ჩემი მე მეუბნებოდეს, რომ ვცდები, უკვე სინდისის ქენჯნა მექნება. საკუთარ თავს ვერ მოატყუებ, ვერც გაექცევი, რადგან ყველაზე დიდი ცენზორი, მაკონტროლებელი და ტაშის დამკვრელია. აი, შუბლის ძარღვი რომ ჰქვია, ეგ არის ჩემთვის მთავარი ფასეულობა.

– წარმატებული ადამიანი არის...

– წარმატება ისეთი სიტყვაა, რომ მისი მნიშვნელობა სხვადასხვა პერიოდის, ეპოქისა და ტრენდის მიხედვით იცვლება. ჩემთვის ეს სიტყვა არ არის ფუნქციისა და შინაარსის მატარებელი, რადგან ზოგჯერ წარმატებულს უწოდებენ მას, ვინც ჩემთვის არარაობაა და სიცარიელეა ან, პირიქით, ისეთზე იტყვიან წარუმატებელიაო, რომელიც ბევრი რამის საზომია. წარმატება დროებითი, ცვლადი მოცემულობაა და ჩემთვის ალეგორიული სიტყვაა.

– მეშინია...

– საკუთარი თავის, რომ არ მქონდეს ისეთი წუთი და მომენტი ცხოვრებაში, როცა შინაგანად საკუთარი მე ამომძახებს, არასწორად მიცხოვრია, ფუნდამენტურად შემშლია, არასწორ შედეგამდე მივსულვარ და ყველაფერი ფუჭი ყოფილა. კიდევ მეშინია ადამიანების უმადურობის, ყველაზე დიდი იმედგაცრუება სწორედ უმადურობამ მომიტანა ცხოვრებაში. მეშინია იმის, რომ ოდესღაც არ დავრჩე მარტო – მარტოობა ყველაზე დიდი სასჯელია ჩემთვის. დაუნდობლობის მეშინია და ბოროტი ადამიანების, მეტი არაფრის. სიკვდილისაც მეშინოდა, თუმცა მამას გარდაცვალების შემდეგ სიკვდილის შიში გადავლახე...

– მწამს...

– სინდისის, ღმერთისა და სიყვარულის.

– ვრისკავ...

– რისკიანი ვარ, ბევრჯერ წავსულვარ რისკზე. იმპროვიზაციაც ჩემი დამახასიათებელი თვისებაა. დაგეგმილი სცენარითა და წინასწარ გაკვალული გზით სიარულს მირჩევნია, რაღაც ჩემი მოვიფიქრო, თუნდაც არ ვიყო დარწმუნებული, რომ ბოლომდე მშვიდობიანად გავალ. ერთადერთი, რაშიც რისკი არ მიყვარს, სპორტის ექსტრემალური სახეობებია.

– მაკვირვებს...

– ადამიანები. ჩემი ცხოვრების 43-ე წელს ამოვიცანი, შევიცანი და დავინახე ადამიანები იმ კუთხით, რომელზეც ვერასოდეს ვიფიქრებდი. ადამიანზე შეუცნობელი და ამოუცნობი ქმნილება არ არსებობს სამყაროში, გალაქტიკასა და პლანეტაზე. შეიძლება, მთელი ცხოვრება ხედავდე, უყურებდე და 50 წლის მერე დაინახო მისი ნამდვილი სახე. იმაზე უფრო უცნაური არაფერია სამყაროში, ვიდრე ადამიანი.

– ვერიდები...

– გულის ტკენას. მიმაჩნია, რომ მიზანმიმართულად არ უნდა გაწირო შენ გარშემო მყოფი ადამიანები გულის ტკენისთვის.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– განათლების. დიდი დოზით არის გაუნათლებლობა, ოღონდ აქ წიგნის წაკითხვა-არ წაკითხვას არ ვგულისხმობ. პირდაპირ რომ ვთქვა, განუვითარებლობა მაწუხებს. დღეს რასაც ვუყურებ, ვთვლი, რომ განუვითარებელი საზოგადოებაა.

– ბედისწერა...

– მჯერა, რომ ადამიანს შეუძლია, საკუთარი ცხოვრების გზა განავითაროს და ისე წაიყვანოს, როგორც თავად სურს, მაგრამ იმისიც მჯერა, რომ რაღაც ჩარჩოებიც არსებობს, სადაც გზა თავად მიგვიყვანს. ჩვენ შეგვიძლია მას გვერდი ავუაროთ და ახალი ბილიკები მოვძებნოთ, მაგრამ იმ დანიშნულების წერტილამდე მაინც მივალთ, სადაც ჩვენი ბედისწერის ხაზი იკვეთება.

– რთული პერიოდი...

– ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი და ყველაზე რთული პერიოდი 2021 წლის ზაფხულში იყო. როცა რეალურად დავრჩი მარტო და მივხვდი, ბევრი ადამიანი გამომეცალა. ჩემ გარშემო ადამიანების გადაფასება მოვახდინე და დავკარგე მეგობრები, ახლობლები, შემერყა ურთიერთობები, ის, ვინც წლების განმავლობაში ჩემთვის ძვირფასი იყო, სრულიად უცხო გახდა... ეს იყო მაშინ, როცა მამა გარდაიცვალა... ამიტომ, 2021 წლის ივლისი და აგვისტო არასოდეს დამავიწყდება.

– სიყვარული არის...

– ყველაფერი. ყველაფერს შეველევი და დავკარგავ, სიყვარულის გარდა.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– ზედმეტად ჰუმანური ვარ და მიდრეკილი ლოიალურობისკენ, ამაშიც მამას ვგავარ, ბევრი ისეთი რამ მიპატიებია, რისი პატიებაც არ შეიძლებოდა. იმას არ უარვყოფ, რომ ამ პატიებით ბოროტად უსარგებლიათ და ცუდად შემომტრიალებია, მაგრამ ეს ჩემი ორგანული თვისებაა, ვერაფერს ვიზამ, ვერ შევცვლი და გადავაკეთებ. ადამიანის სუპერეგო 6 წლამდე ყალიბდება, ჩემს ასაკში კი რთულია შევიცვალო. თითქმის ყველაფრის პატიება შემიძლია და ალბათ, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი.

– შემშურებია...

– საკუთარი თავის. ბევრჯერ მქონია მომენტი, როცა მითქვამს – „კარგი გოგო იყავი“. ჩვენს პროფესიაში ასეა, შეიძლება, ერთი გადაცემა კარგად წაგივიდეს, მეორე – ნაკლებად და შეგშურდეს შენი თავის: რა კარგი იყავი მაშინ და ახლა რა დაგემართა? მე საკმარისზე მეტი მაქვს ის თვისებები, რომ სხვისი არაფერი მშურდეს.

– სამაგიეროს გადახდა...

– ერთი რამე ვიცი 100 პროცენტით და არაფერში ისე დარწმუნებული არ ვარ, როგორც ამაში: ყოველთვის, როცა შენ არ უხდი სამაგიეროს, სამყარო ასჯერ ძლიერად ერევა. რამდენჯერმე თითიც არ გამინძრევია და საკუთარი ქცევის საპირწონედ ცუდი რამ ბევრად დიდი დოზით დასტყდომიათ თავს. ბუნებაში ყველა ენერგია ტრიალებს და არ იკარგება – ცხოვრება ბუმერანგია.

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს. ეს ის თვისებაა, რომელიც ადამიანებში ძალიან იშვიათად შემხვედრია. როგორც კი ბოდიშს ვიხდი, მაშინვე ვთავისუფლდები, მსუბუქი, ლაღი და თამამი ვხვდები. ჰაერი რომ გყოფნის და ცხოვრებაც გიხარია, ჩემთვის ეს არის ბოდიშის მოხდა. ყოველთვის შემიძლია პირველი ნაბიჯის გადადგმა, ღირსეულად შემიძლია, ვაღიარო შეცდომა და მოვუბოდიშო, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საკუთარი თავი მეუბნება, რომ დამნაშავე ვარ.

– ვიტყუები...

– უამრავჯერ. ზოგჯერ, საკუთარ თავსაც ვატყუებ ხოლმე, ვაჯერებ რაღაცებს. იმ წუთში ასე მჭირდება, ჩემს შინაგან ჰარმონიას სჭირდება.

– ვნანობ...

– ფუჭად დაკარგულ დროს იმ ადამიანებსა და ურთიერთობებზე, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში დღეს აღარ არსებობენ. ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობები ერთგვარი ინვესტიციაა, რომელსაც დებ და უკან გიბრუნდება. მე მყავდა ადამიანები, ვისშიც ეს ინვესტიცია ჩავდე და ქარს გაჰყვნენ... ძალიან ვნანობ იმ დაკარგულ დროსა და ენერგიას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი