შოუბიზნესი

თაკო მელიქიშვილი: არ არის მარტივი, გულით დარდს ატარებდე და თან იღიმებოდე

№14

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00 13.04, 2021 წელი

თაკო მელიქიშვილი
დაკოპირებულია

მომღერალ და რადიოწამყვან თაკო მელიქიშვილის ცხოვრებაში ახალი და სასიამოვნო ეტაპი დაიწყო. გარდა იმისა, რომ შემოქმედებაში სიახლეებია და ზედმეტი კილოგრამებიც უკან მოიტოვა, დიდი ხნის მკურნალობისა და ლოდინის შემდეგ, მისმა ხუთი წლის შვილმა „დედა“ დაუძახა.

თაკო მელიქიშვილი: ამ წელს, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – დიდი მოლოდინის შემდეგ ბავშვმა „დედა“ დამიძახა, შემოქმედებითად გავაქტიურდი, უძვირფასესი საჩუქარი მივიღე, ახალი სიმღერა ჩავწერე, კლიპიც გადავიღე. ასე რომ, გასული წელი ყველაზე რთული იყო ჩემთვის. ჩემი პრობლემიდან და პანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე, ვეღარ შევძელი გარკვეული დახმარება გამეწია ჩემი შვილისთვის და შესაბამისად, საჯაროდ მომიწია ამ პრობლემაზე საუბარი, რაზეც დიდი ხანი თავს ვიკავებდი. ბევრმა ჩემმა ძალიან ახლობელმაც კი არ იცოდა ჩემი გულისტკივილი. კი ვიბრძოდი, მაგრამ აფიშირებას არ ვაკეთებდი. საბედნიეროდ, ჩავიტარეთ მკურნალობა, არის სიახლეები და ხუთი წლის ასაკში, რატიკომ უკვე დედაც დამიძახა და რაღაც სიტყვებსაც ამბობს. კლინიკაში რომ დამიძახა – დე, ამ განცდას ვერ გადმოვცემ. ამას წლებია, ველოდი, ეს დიდი შედეგია, მაგრამ დედისთვის არ კმარა. უფრო მეტ სითბოსაც გამოხატავს, ვიდრე ადრე. ამისთვის, დიდი მადლობა მერიკო კარტოზიას და კლინიკა „კენარს“. საბოლოო განკურნებამდე ჯერ შორია, მაგრამ ეს შედეგი ბრძოლის სტიმულს მაძლევს და მაძლიერებს. ასე რომ, ეს წელი სასიამოვნო სიურპრიზებით დაიწყო და გრძელდება.

– თაკო, ბოლო პერიოდში საოცარ ფორმაში ჩადექი. ეს ნერვიულობის შედეგია?

– ხალხი მწერს: ეგ დიეტა ჩვენც გვასწავლეო. 6 თვის განმავლობაში, 10 კილო მოვიკელი და ეს დიდი მონდომების შედეგია. არავის ეგონა ამ შედეგს თუ მივაღწევდი. თუმცა, ეს არ ყოფილა ნერვიულობის ფონზე დაკლება. მანამდეც მქონდა მცდელობები, თუმცა ვერ ვიკლებდი. თან, რესტორანში ვმღეროდი და საღამოობით გემრიელად გამოკვება მიწევდა (იცინის). მართლა ვერავის წარმოედგინა, რომ მე ტკბილეულსა და ცომეულზე უარს ვიტყოდი. ჩემ მიერ შედგენილ დიეტაზე, ეგრეთ წოდებულ, „თაკოს დიეტაზე“ ვიყავი, სადაც არ შედიოდა ტკბილი და ცომეული, გარკვეულ დღეებში ვჭამდი მხოლოდ ხილს, ბანანის გარდა და ბოსტნეულს, ძირითადად, მოხარშულ საკვებს. ეს დიეტა 2 კვირა დავიცავი და შემდეგ სწორი კვება გავაგრძელე. ვარჯიშის დრო ჯერ არ მაქვს. ისე მომწონს ჩემი სიგამხდრე, ვხუმრობ ხოლმე: ისეთი ტემპით მივდივარ, მეშინია ანორექსიამდე არ მივიდე-მეთქი. ამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ბევრი გადაღება მქონდა, მიხაროდა იქ მისვლა, რადგან მივხვდი, აღარ მჭირდება ტანსაცმლით ზედმეტი რაღაცების დამალვა. ახლა 58 კილო ვარ და ამის გამო გარდერობის განახლებაც დამჭირდა. მეგობრებისგანაც განებივრებული ვარ, მჩუქნიან და თან, მეც მიყვარს და მამშვიდებს შოპინგი. უფრო სპორტულ ტანსაცმელს ვანიჭებ უპირატესობას – მასში კომფორტულად ვგრძნობ თავს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მიჭირს გადაადგილება და ერთი სული მაქვს ხოლმე, სცენიდან ჩამოვიდე, გავიხადო ქუსლიანი და კეტასი ჩავიცვა (იცინის). რამდენიმეჯერ წავიქეცი კიდეც, რესტორნის კიბეებიდანაც დავგორდი. როცა კომფორტულად მაცვია, თავს ბედნიერად ვგრძნობ.

– თქვი, მეგობრებისგან საჩუქრებით განებივრებული ვარო. ახლახან შენმა კომპოზიტორმა და რეჟისორმა მეგობრებმა, ფასდაუდებელი საჩუქარი გაგიკეთეს. ამაზე მომიყევი.

– დიახ, ასეა. ესაა ცირა ბზიშვილის სიმღერა – „მეგონა“, რომელზეც ვიდეორგოლი ზურა ციციშვილმა გადაიღო. მათგან ეს, მართლაც, ფასდაუდებელი საჩუქარია ჩემთვის. დიდი მადლობა ცირასა და ზურას, ასეთი „ფუფუნება“ საჩუქარი რომ გამიკეთეს. ერთადერთი კლიპი მაქვს გადაღებული ხუთი წლის წინ, ცირა ბზიშვილის სიმღერაზე – „ნუ მეტყვი“ და ახლა, ზურასგან და ცირასგან ეს მეორე კლიპი და საჩუქარია ჩემთვის. სხვათა შორის, ზურა ჩემი რატიკოს ნათლიაა. სიმღერა რადიოში ტრიალებს და ძალიან მოთხოვნადი გახდა. ვფიქრობ, ყველა ადამიანს გვაქვს ცხოვრებაში „მეგონა“ და ლექსიკონშიც ხშირად ვიყენებთ.

– თაკო, შენ რა გეგონა და რეალურად რა აღმოჩნდა?

– მე ბევრი რამ მეგონა, თუმცა ისე არ აღმოჩნდა. ბევრი იმედგაცრუება გავიარე ამ ცხოვრებაში, ბევრი გულისტკენა, ბევრიც მეგონა და არც ისე ფერადი იყო ჩემი ცხოვრება, განსაკუთრებით ბოლო წლებში. რომ ვამბობ, 90-იანი წლები მახსენდება ყველაზე ფერადად-მეთქი, ბევრს უკვირს და მეუბნება: ის დრო ყველაზე შავბნელი იყო და შენ როგორ გახსოვს ფერადადო. მართლა ასე იყო, იმ პერიოდის ყველა ჩემი დღე ლამაზად მახსენდება და მენატრება. შემდეგ გამირთულდა ცხოვრება და გზაზე ბევრი განსაცდელიც შემხვდა.

– ცხოვრება გამირთულდაო, თქვი, ეს ბედისწერაა თუ შენი არჩევანი?

– ალბათ, ჩემი არჩევანია ის, რაც ხდება. ხანდახან არასწორად ვირჩევთ რაღაცებს, მაგრამ არასოდეს არის გვიანი, გამოასწორო და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო. ყველა ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც სიკეთე მასწავლა, დამანახვა, როგორი არ უნდა ვიყო და ამ განსაცდელების ფონზე ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც უნდა ვიყო.

– როგორი?

– უფრო მიზანდასახული, მებრძოლი, ძლიერი ქალი. სულ ვცდილობ, მოღიმარი და მხიარული ვიყო. მინდა, ყველა პოზიტიურ თაკოს იცნობდეს, მიუხედავად ჩემი ბევრი ტკივილისა, პრობლემისა და განსაცდელისა. არ არის მარტივი, ატარებდე გულით დარდს და თან იღიმოდე. ყველა ადამიანს აქვს თავისი წილი განსაცდელი და ამან არ უნდა გაგაბოროტოს. ჩემი მიზანია ვაკეთოთ სიკეთე, ვიყოთ პოზიტიურები, მხიარულები და სხვებისთვის სამაგალითო, მიუხედავად ჩვენი პრობლემებისა. მე ასე ვცხოვრობ. თუ ორი წუთის განმავლობაში ვარ სევდიანი, დანარჩენი დრო ვიღიმი. მე პოზიტივით ვიმარტივებ ცხოვრებას. სხვათა შორის, კლიპი სევდიანია, მაგრამ გადაღებების დროს მე სულ ვიღიმოდი (იცინის).

– კლიპის კადრები ვნახე და საკმაოდ სექსუალურად გამოიყურები...

– გავხდი და ამან მომცა სტიმული, რომ ცოტა სექსუალურად ჩავიცვა (იცინის). თუმცა, სექსუალური იმიჯი კლიპის გამო მოვირგე, ყოველდღიურობაში ასე არ ვიცვამ. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – კლიპი გადავიღე, ახალ სიმღერაზეც დავიწყე მუშაობა, რატიკომ „დედა“ დამიძახა... წინ-წინ მივიწევ და ეს ყველაფერი პოზიტიური სიცოცხლის მოტივს მაძლევს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი