შოუბიზნესი

სოფო მეძმარიაშვილი: ოთო ჩემზე უკეთეს მხარდამჭერსა და გვერდში მდგომს ცხოვრებაში ვერ იპოვიდა

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 24.04, 2023 წელი

სოფო მეძმარიაშვილი
დაკოპირებულია

სოფო მეძმარიაშვილისთვის მსახიობობა ახდენილი ოცნებაა. ძალიან პატარა ასაკიდან ეს სურვილი ამოძრავებდა და მიუხედავად ბევრი სირთულისა, დღეს ბედნიერია, რომ მსახიობია. როგორც იცით, სოფო მომღერალ ოთო ნემსაძის მეუღლე გახლავთ. მასთან საუბარი ბავშვობის გახსენებით დავიწყეთ.

სოფო მეძმარიაშვილი: ბავშვობიდანვე ის სურვილი მქონდა, რადაც შედგა კიდეც ჩემი ცხოვრება, ანუ, ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი. ძალიან პატარა ასაკიდანვე ვოცნებობდი, დიდ სცენაზე ფეხი დამედგა. საბედნიეროდ, ჩემი ოცნება ახდა. სკოლის პერიოდშივე დავდიოდი დრამწრეზე „თეატრალში“, სადაც პროფესიულადაც და ცხოვრებისეულადაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. რაც შეეხება არაპროფესიულ ამბებს, როგორც ყველა ბავშვი, მეც ცელქი, მაგრამ ძალიან ფრთხილი ვიყავი. არასდროს მომიტეხია რამე, არსაიდან გადმოვვარდნილვარ და არაფერი დამმართვია. მიუხედავად იმისა, რომ სულ დავრბოდი და ვთამაშობდი. არ მიყვარდა მშვიდად ყოფნა, ეზოში, მეგობრებთან ერთად ვიყავი და ძირითადად, ბიჭებთან ვმეგობრობდი, თუმცა, მშობლებს არ უწევდათ ჩემთვის ხშირად შენიშვნის მოცემა.

– როგორ დაგაინტერესა მსახიობობამ ძალიან პატარა ასაკში?

– იმის მიუხედავად, რომ ორი წლის ვიყავი, როცა ჩემი ბაბუა გარდაიცვალა, მან ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოადინა. ის მუსკომედიის თეატრის მსახიობი იყო. ჩემი ოჯახი ამ ფაქტით იმდენად ამაყობდა, რომ ეს განწყობა მეც გადმომედო. ბაბუ საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა და ბევრი რამ ვერ მოასწრო. გადავწყვიტე, მე გამეგრძელებინა მისი გზა. მასზე ბებია მიყვებოდა და მისი ნაამბობი ზღაპრული იყო. ბნელ 90-იან წლებში, როდესაც ქვეყნიდან გასვლა წარმოუდგენელი იყო, ბაბუა სპექტაკლებით ამერიკაშიც იყო და მთელი ევროპა მოიარა. მომწონდა ეს ზღაპრული ცხოვრება, სცენაზე თუ სცენის მიღმა. ბებო იმასაც მიყვებოდა, რომ მასთან სრულიად უცხო ადამიანებს მოჰქონდათ ყვავილები, დიდ სიყვარულს იღებდა ხალხისგან და მეც ძალიან მინდოდა, ხალხს ისე ვყვარებოდი, როგორც ჩემი ბაბუ. ამ პროფესიაზე ძალიან ლამაზი წარმოდგენა მქონდა და მინდოდა, ჩემიც გამხდარიყო.

– ამბობდნენ, ამას „კოჭებში ეტყობა“, რომ მსახიობი იქნებაო?

– ყველა მაგას ამბობდა (იცინის). როცა ჩავაბარე, მეუბნებოდნენ, შენ ისედაც გეტყობოდა, რომ მსახიობი იქნებოდიო. კორპუსში, სადაც ვცხოვრობდი, შემოვიკრებდი ბავშვებს, დავავალებდი, ესწავლათ ლექსები, სიმღერები და ცეკვა, მერე ბილეთებს ვყიდდი 20 თეთრად ჩვენს მეზობლებზე და ვდგამდი სპექტაკლებს. მაყურებელი კიბეზე იჯდა და ჩვენს კონცერტს უყურებდა. როდესაც დასასვენებლად სოფელში მივდიოდი, იქაც იმავეს ვაკეთებდი. თან, რაჭაში საკმაოდ დიდი ეზო მაქვს და კონცერტზე მთელი სოფლის ბავშვებს ვაერთიანებდი, მათი მშობლები მოდიოდნენ და გვიყურებდნენ, ასე ვაკეთებდი ფულს (იცინის). ჩემი მეზობლები თუ ამას წაიკითხავენ, აუცილებლად გაახსენდებათ ის მხიარული წლები.

– სკოლაში როგორი გოგო იყავი, როგორ სწავლობდი?

– არ ვიყავი ფრიადოსანი გოგონა, რომელიც პირველ მერხზე იჯდა. საერთოდ, ფრიადოსანი მოსწავლეები მასწავლებლებს ხომ ყველაზე მეტად უყვართ, მაგრამ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იშვიათად გამორეული სამიანის მიუხედავადაც, ჩემს მასწავლებლებს გამორჩეულად ვუყვარდი (იცინის). მხოლოდ ტექნიკურ საგნებში მყავდა დაბალი ნიშნები, იმიტომ რომ არ მიყვარდა. ჩემდა სამწუხაროდ, კარგად არ ვსწავლობდი, უფრო ჰუმანიტარი ვიყავი. ისე, აქაც ჩემი სამსახიობო ნიჭი მეხმარებოდა. მასწავლებელი გაკვეთილს რომ აგვიხსნიდა, ვიმახსოვრებდი და მეორე დღეს ზუსტად ვუყვებოდი მისსავე ახსნილს, თითქოს ვისწავლე (იცინის). სხვათა შორის, ამის მიუხედავად, სკოლაში მაინც კარგი საბაზისო ცოდნა მივიღე, რაც ცხოვრებაში ძალიან გამომადგა. აქაც ბიჭებთან ვმეგობრობდი. ერთადერთი გოგო მეგობარი მყავდა, რომლისგანაც დავალებებს ვიწერდი (იცინის).

– ბიჭებთან უფრო მეტ საერთოს ნახულობდი?

– რა თქმა უნდა. ფეხბურთს თამაშობდნენ, კალათბურთს, უფრო აქტიურები იყვნენ და ეს მომწონდა. პრანჭია არ ვიყავი, ბავშვობიდან სპორტული სტილის ვიყავი, საყვარელი კიკინიანი, გაპრანჭული გოგო არასდროს ვყოფილვარ და ამიტომაც ვპოულობდი მეტ საერთოს ბიჭებთან. შატალოზე ერთადერთხელ ვარ ნამყოფი. მთელი სკოლა ავამხედრე (იცინის). აქაც მსახიობობა დამეხმარა, ასეთი სცენა გავითამაშე: სკოლაში პირველად რომ მანდატურები შემოიყვანეს, მეათე კლასში ვიყავი. თავი ძალიან დიდი მეგონა და გადავირიე, როცა გარეთ გასვლის უფლება არ მოგვცეს. არადა, გასასვლელთან ბევრი ბავშვი შევგროვდით და გაშვებას ვითხოვდით, იმიტომ რომ ბავშვთა დღე იყო და ჩვენ არ გვასვენებდნენ. ამან აღმაშფოთა. ბავშვებს მოველაპარაკე, ახლა ამ ჭყლეტაში, მე ვითომ ცუდად გავხდები, გული წამივა და კარგს გააღებენ თუ არა, გავცვივდეთ-მეთქი. მართლა ყველაფერი ასე მოხდა და მთელი სკოლა გარეთ გამოვცვივდით. მეორე დღეს კი დირექტორის კაბინეტში ამოვყავი თავი (იცინის).

– ხშირად ბაღიდან ასოცირდება პირველი სიყვარული, ასე იყო შენთანაც?

– არა, იმიტომ რომ ბაღში სულ ორი თვე ვიარე. ჩემმა აღმზრდელმა ჩემს მშობლებს უთხრა, წაიყვანეთ ეს ბავშვი და ბაღში ნუღარ მოიყვანთო (იცინის). სუპს არ ვჭამდი და დანარჩენებსაც ვაჯერებდი, რომ სუპი ძალიან ცუდია და მერე აღარავინ ჭამდა. არ ვიძინებდი და არც სხვებს ვაძინებდი (იცინის). ჩემი მასწავლებელი თან ჩემი მეზობელი იყო და ძალიან ვუყვარდი, მის ხელში ვიზრდებოდი, მაგრამ ჩემს მშობლებს უთხრა, არ არის ბაღი საჭირო ამისთვის, ისედაც საკმარისად სოციალური და განვითარებულიაო და ასე გამომიყვანეს, მაგრამ სტუმრად მაინც მივდიოდი ხოლმე (იცინის). ამიტომ იქ არ იყო ჩემი პირველი სიყვარული, სკოლაში იყო.

– მერე გახდი პრანჭია და ნაზი გოგო?

– მე თავს ეგრე არ „დავიწვავდი“ (იცინის). იმასთან სხვანაირი გოგო არ გავხდებოდი, თორემ ხომ შემეტყობოდა, რომ მომწონდა. მერე ჩემს დღიურში ვწერდი, როგორი პრინცული იყო ეს პიჭი. მასთან კი ვძმაკაცობდი, გამორიცხული იყო, რამე მეგრძნობინებინა (იცინის).

– სკოლა რომ დაამთავრე, თეატრალურში ჩააბარე. როგორი იყო ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯები?

– საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში აღმოჩნდა ადამიანი – ბატონი სანდრო მრევლიშვილი, რომლის თეატრშიც ახლა ვარ და რომელსაც მინდა, ამისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო. თეატრალური დავამთავრე თუ არა, ამ ადამიანმა ხელი მომკიდა და თეატრში წამიყვანა. ერთი დღეც არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში თეატრისა და რეპეტიციის გარეშე. ზაფხულში რომ დავამთავრე სწავლა, სექტემბერში უკვე თეატრში ვიყავი, ძალიან გამიმართლა.

– ამ პროფესიაში ბევრი იმედგაცრუებაა, მატერიალური თვალსაზრისით, რაზედაც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ბავშვობაში ძალიან ზღაპრული წარმოდგენები გქონდა მსახიობის პროფესიაზე, როგორი აღმოჩნდა რეალობა?

– ჩემი პროფესია, ჩემი ბავშვობის აღტაცებასთან შედარებით, ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. არ არის ისეთი, როგორიც პატარა სოფოს ეგონა. ჩვენს ქვეყანაში იმდენად პატარა ბაზარია, როგორ შეიძლება, იმედგაცრუება არ იყოს?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 32 წლის ასაკში, არცერთ სერიოზულ ფილმსა და სერიალში არ გადავუღივარ. არც კი ვიცი, მეტი იმედგაცრუება რა შეიძლება იყოს. ჯერჯერობით ასეა. თუმცა, ამის გამო ჩემი არჩევანი არასდროს მინანია და არც ვინანებ. დღემდე თითქმის ენთუზიაზმზე ვმუშაობ. იმდენად დაბალანაზღაურებადი პროფესიაა, რომ უხერხულიცაა საუბარი. საერთოდ, ანაზღაურებაზე ლაპარაკი უხერხულია, ეს ხომ ხელოვნებაა, ეს ხომ სიყვარულთან ასოცირდება, მაგრამ ეს ხომ ჩვენი პროფესიაა, რომელსაც მხოლოდ სიამოვნებისთვის არ ვირჩევთ, ის უნდა იყოს ჩვენი შემოსავლის წყაროც, ისევე, როგორც ბანკირისთვის, პროფესორისთვის, ადვოკატისთვის თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლისთვის.

– ოთო როგორ გამოჩნდა სოფოს ცხოვრებაში?

– სოფოს ძალიან ქაოსურ, მოუსვენარ, ბევრი მეგობრით, გართობითა და მოგზაურობით სავსე ცხოვრებაში გამოჩნდა ოთო. მისმა გამოჩენამ დაამშვიდა ჩემი ცხოვრება, ქაოსში წესრიგი შემოიტანა, იმიტომ რომ გადავერთე ერთ კონკრეტულ ადამიანზე. ეს რომ ჩემთვის სასიამოვნო არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ასე არ მოვიქცეოდი. მე მუდმივად ახალი მეგობრების ძიებაში ვიყავი და ამას შევეშვი, შემოვინახე ჩემი ძირითადი სამეგობრო, რომელიც დღემდე მყავს და შევიძინე ოთოს სამეგობრო. ამით დასტაბილურდა და დამშვიდდა ჩემი ცხოვრება.

– როგორი გავლენა იქონია შენზე ოჯახურმა ცხოვრებამ?

– ჩემი და ოთოს ცხოვრებაში არ ყოფილა ისეთი შეყვარებულობის პერიოდი, როცა დღეები შეიძლება, ისე გავიდეს, ერთმანეთი ვერ ვნახოთ და მერე უცებ ერთად გადავიდეთ საცხოვრებლად. ოთოს ცხოვრებაში იმდენად ვიყავი შესული, რომ მე ვულაგებდი, ვურეცხავდი, ვუწმენდდი და ყველაფერს მე ვუკეთებდი. მის ცხოვრებაში გავჩნდი თუ არა, იმწუთიდანვე ოთოსთვის ყველაფერი გავხდი მე. ისე ჩამავლო ხელი, ფიზიკურად ვერ გავაშვებინე (იცინის). ნელა კი არ შემოიპარა ჩემს ცხოვრებაში, პირდაპირ შემოვარდა და გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი (იცინის). მომენტალურად დამანახვა, რომ მასთან კარგი იყო. ამიტომ ოჯახის შექმნის მერე არ დაწყებულა უსიამოვნო სიურპრიზები. მე უკვე ვიცოდი, როგორი იყო ოთო სახლში.

– ორივეს არასტაბილური პროფესია გაქვთ და ალბათ, ერთმანეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

– პირდაპირ ვიტყვი, ოთო ჩემზე უკეთეს მხარდამჭერს და გვერდში მდგომ ადამიანს ცხოვრებაში ვერ იპოვიდა (იცინის). შეიძლება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ოთოს წარმატება უფრო მესახება, ვიდრე საკუთარი თავის, ამისთვის ყველაფერი შემიძლია გავაკეთო. იმას არ ვგულისხმობ, რომ ჩემს პროფესიაზე ან საკუთარ თავზე ვიტყვი უარს, მაგრამ ჯერ ოთოს წარმატება მესახება, მერე საკუთარი თავის. იმას კი არ წარმოვიდგენ, რომ მე, როგორც მსახიობი, „ჰოლივუდში“ ვარ და ოთო მომყვება გვერდით, როგორც ჩემი ქმარი, პირიქით, წარმომიდგენია, რომ მას ართმევენ ინტერვიუს, მას სთხოვენ ხელმოწერას და მე მის გვერდით, როგორც მისი ცოლი, ძალიან ბედნიერი ვარ.

– ცოტა ხნის წინ განსაკუთრებული დღე გქონდა – დაბადების დღე და პრემიერა ერთ დღეს. ალბათ, ძალიან ემოციური იყო...

– უზარმაზარი ემოციებით სავსე დღე იყო. დაბადების დღეზე ისედაც ძალიან მგრძნობიარე ვარ – სევდა და ბედნიერების განცდა ერთდროულად მიპყრობს და ამას რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი სპექტაკლის პრემიერა დაემთხვა, ისეთ განცდებში ვიყავი, ღმერთს ვთხოვდი, ცოცხალი გადავრჩენილიყავი (იცინის). ძალიან დიდი სიყვარული მივიღე და უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ემოციებით ასე ამავსო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი