შოუბიზნესი

სალომე გოგიაშვილი: ქმრის ხარჯზე ცხოვრება „მეგოიმება“

№3

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 26.01, 2022 წელი

სალომე გოგიაშვილი
დაკოპირებულია

პროფესიით ჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი მსახიობობაზე ოცნებობდა. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მსახიობი ვერ გახდა. ბოლო შვიდი წელია, ტელევიზიითაც აღარ ჩანდა, თუ მიწვევებს არ ჩავთვლით. თუმცა, უკვე მეორე სეზონია, ტელეკომპანია „პოსტ ტვ-ზე“ გამოჩნდა, გადაცემაში „საღამოს პოსტი“ და თავისი აქტიურობით, სიხალისითა და იუმორით, ზუსტად იმ სიტუაციაში აღმოჩნდა, სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობს.

– სალომე, რა იყო შენი პირველი სამსახური? თუ გახსოვს, რამდენი გქონდა ანაზღაურება და რაში ხარჯავდი?

– ჩემი პირველი ხელფასიანი სამსახური 17 წლის წინ იყო, როცა 20 წლის ვიყავი – „პირველ სტერეოზე“ მუსიკალური გადაცემა მიმყავდა და სულ ერთი წელი ვიმუშავე. მანამდე პრაქტიკას გავდიოდი ტელეკომპანია „იმედში“. დაახლოებით 100-150 ლარი მქონდა ხელფასი და მანქანისთვის, ტელეფონისთვის, შვილის საჩუქრებისთვის მყოფნიდა. ოჯახს ნამდვილად არ უჭირდა ჩემი შენახვა, მაგრამ სულ მინდოდა განვვითარებულიყავი, მქონოდა ჩემი საქმე და დაკავებული ვყოფილიყავი. სანამ „პირველ სტერეოზე“ დავიწყებდი მუშაობას, ტელეკომპანია „იმედზე“ მივიღე მონაწილეობა პროექტში – „დუბლი 2“. ყველა დამეთანხმება, საკმარისია, ერთხელ გქონდეს შეხება კამერასთნ და ეკრანთან, „იწამლები“ და მერე სულ გინდება. მართალია, პროექტში ხანმოკლე იყო ჩემი მონაწილეობა, მაგრამ ტელევიზიაში მუშაობის სურვილი გამიჩნდა. თან, ისეთ ჟურნალისტად მინდოდა მუშაობა, რომელიც ეკრანზე არ ჩანს. თუმცა, გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა – ის ჟურნალისტები ვერ მოვიდნენ, რომლებიც პირდაპირ ეთერში უნდა დამჯდარიყვნენ და მე „შემაგდეს“ (იცინის).

– გამოდის, გამოუვალი მდგომარეობის ხარჯზე გახდი ცნობილი?

– ვისთვის – როგორ, მაგრამ მართლა ასე გამოვიდა (იცინის). „პირველი სტერეოდან“ წამოვედი თუ არა, რამდენიმე საათში შალვა რამიშვილმა დამირეკა და „202-ში“ შეხვედრა მთხოვა. სხვათა შორის, ჭკვიანი ტიპია შალვა, ჰაერში იჭერს კრეატიულ იდეებს, ზუსტად თვლის და ხვდება, ვინ სადაა მოგებიანი. ასე რომ, „202-ში“ გავაგრძელე მუშაობა, მიმყავდა გადაცემა. სულ ვამბობ, ყველა ადამიანს აქვს ნიჭი, მთავარია, თუ შენ მის რეალიზებას ვერ ახდენ, სხვამ დაინახოს, დაიჯეროს და მოგცეს შანსი და გასაქანი. თუმცა, შემდეგ შალვა დაიჭირეს, ტელევიზია დაიხურა და მეც წამოვედი. მერე, „იმედზე“ ვიყავი დილის გადაცემის წამყვანი. ზოგადად, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ცოტა ბიჭური მიდგომები მაქვს და ადამიანს უსამართლობას ვერ ვაპატიებ, არ ვჩუმდები და ჩემი ახლობლებისა და მეგობრების გამო, ხშირად დამიკარგავს სამსახური. თუმცა, გულდასაწყვეტია, რადგან ზუსტად ვიცი, ამას ჩემ გამო არავინ გააკეთებს. თუმცა მაინც ბედნიერი ვარ, ჩემს თავთან მართალი და უკან მოხედვის არ მერიდება და არც მრცხვენია. საკუთარ თავთან რომ მართალი ხარ და უკან მოხედვის არ გრცხვენია ადამიანს, ეს ყველაზე მაგარია. ასე რომ, ტელევიზიას დიდი ხანი ვიყავი ჩამოშორებული, 7 წელი, ნოსტალგიაც იყო, გულისწყვეტაც. არასოდეს მითქვამს და ახლა პირველად ვიტყვი: ტირილამდეც მივსულვარ, არა იმიტომ რომ ვიღაცის მშურს, მაგრამ არასოდეს ყოფილა შემოთავაზება და ეს მწყინდა.

– უამრავი ნაცნობი, მეგობარი და გავლენიანი ადამიანი გყავს სატელევიზიო სფეროში და რატომ არ სთხოვე მათ სამსახური? ამისთვის, დარწმუნებული ვარ, შენი ერთი სიტყვის თქმაც კი, საკმარისი იქნებოდა.

– დიახ, უამრავი ნაცნობ-მეგობარი მყავს, მაგრამ არ მიყვარს შეწუხება და თხოვნა. არასოდეს, არავისთვის არაფერი მითხოვია და ფაქტი სახეზეა. სულ მგონია, თუ არ გეძახიან, ესე იგი, შენშია პრობლემა. ისე არ მინდა, რომ იქ ნაცნობ-მეგობრის თხოვნით მოვხვდე. ყველაფერს თავისი დრო აქვს. სხვისთვის შემიძლია თხოვნა, ჩემთვის არასოდეს, არავისთვის არაფერი მითხოვია. ჯიუტი ხასიათი მაქვს, ჩემს თავსაც არ ვუტყდები და ვაღიარებ იმ დიდ წყენაშიც კი ისე ვბლოკავ, ვითომც არაფერი.

– თუმცა, არც იმის პრობლემა გაქვს, სახლში იჯდე და თავს კომფორტულად და ფინანსურად კარგად გრძნობდე. ხომ ასეა?

– გეთანხმები, არ მაქვს იმის გასაჭირი და პრობლემა, დავჯდე სახლში, გადავიდო ფეხი ფეხზე და კარგად ვიცხოვრო, ფინანსური გასაჭირი არ მაქვს, მაგრამ მგონია, ადამიანის ყველაზე დიდი შეცდომა სახლში ჩაჯდომაა. არც იმის საჭიროება მაქვს, გადავირიო და ას სამსახურში ვიმუშაო, მაგრამ უსაქმურად ვერ დავჯდები და რა ვქნა. მიყვარს, აქტიური ცხოვრება. სახლში ჩაჯდომა და ქმრის ხარჯზე ცხოვრება „მეგოიმება“. მხოლოდ ფულში არ არის საქმე, უბრალოდ, შენი პატარა საქმე ყოველთვის უნდა გქონდეს, სახლიდან რომ გახვიდე და ტონუსშიც იყო, დაფასებული, მობილიზებული და თვითრეალიზებული. მოკლედ, მე უსაქმურად არასოდეს ვყოფილვარ, სულ აქტიური ვიყავი და ვარ, რეკლამებში ვარ ჩართული, გავაკეთე ტანსაცმლის მაღაზია, ჩემი ბიზნესი მაქვს და ტიკ-ტოკერიც გავხდი. სხვათა შორის, მთელი ცხოვრება მინდოდა ვყოფილიყავი მსახიობი, მაგრამ ეს ჩემს თავში ჩავიკალი. არც ხელი შემიწყვეს და არც შემოთავაზება მქონია სამსახიობო, რომ ნიჭი გამომემჟღავნებინა. მამა წინააღმდეგი იყო, ამბობდა: სულ რეპეტიციებზე უნდა იყო, სახლში ვერ გნახავთო. მამა გარდაცვლილი იყო, როცა ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. შემეძლო სამსახიობოზე ჩამებარებინა, მაგრამ გარდაცვლილ მამას ვეცი პატივი. ჰოდა, ეს ჩემი თეატრალური ნიჭი, წლების მერე, „ტიკ-ტოკში“ გადავიტანე, თან საკმაოდ მოგებიანად. მილიონობით ნახვა ჰქონდა. ჩემს სატელევიზიო ნოსტალგიას და სამსახიობო სურვილებს იმ ვიდეოების ჩაწერაში „ვკლავდი“, რომელსაც უამრავი ადამიანი ნახულობდა.

– უკვე მეორე სეზონია, დიდი პაუზის შემდეგ, ეკრანზე კვლავ გამოჩნდი.

– ტელეკომპანია „პოსტ ტვ-ზე“ დავიწყე მუშაობა. ბოლო მოვლენებიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, ოჯახში ტელევიზორს არ ვუყურებთ, ეს უკანასკნელი ინტერნეტმა ჩაანაცვლა. თუმცა, თუ ვუყურებთ, ხალისით და ინტერესით, ეს არის „პოსტ ტვ“. იმ წლების მერე შალვასთან სულ მაქვს ურთიერთობა. მომწერა, შემომირბინეო... შევურბინე და მუშაობაც დავიწყე (იცინის). ეგრევე დავთანხმდი, არც მიკითხავს, რას მთავაზობდა (იცინის). მან ზუსტად იცის, რომ მე კარი დამიკეტე, ფანჯრიდან შემოვალ კორესპონდენტი არ ვარ. ვერც, სექსუალურ იმიჯს მოვირგებ. ეს, ჩემგან არ გამოვა. ხალისი და იუმორი – კი ბატონო. მოკლედ, ჩემთვის საინტერესო გარემოში და ხალხთან მოვხვდი. დავდივარ და ოჯახურ გარემოში ვიღებ საინტერესო ადამიანებს, ასევე, ვმუშაობ სიახლეებზე და ეს ყველაფერი გადის გადაცემაში „საღამოს პოსტი“, რომლის წამყვანებიც არიან არაჩვეულებრივი თემო საჯაია და თათა გიორგობიანი. ფანტასტიკურად მიმიღო ყველამ. მოგეხსენებათ, ყველა ტელევიზიაშია კონკურენცია და ყველა ერთმანეთს ებრძვის, მოღიმარი სახეებით, რაც ყველაზე მეტად მთრგუნავდა. აქ კი ეს არ ხდება. ტელევიზიაში დაბრუნებით გავცოცხლდი, მივხვდი, რომ ძალიან მაკლდა ეს ყველაფერი. თან, ყველამ იცის; მე დილით არავინ უნდა შემაწუხოს და ამ მხრივაც, ჩემზე მორგებული სამსახური ვიშოვე. ერთი სული მაქვს, რომ იქ მივიდე. ზუსტად საჩემო სამსახურია – საღამოს შვიდი საათიდან მეწყება გადაღება, კარგ სიტუაციებში ვხვდები და მონატრებულ ადამიანებთან მაქვს შეხება. ოქტომბრის თვიდან დავიწყე მუშაობა და უკვე მეორე სეზონზე გადავედით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი