შოუბიზნესი

სად გადაურჩა ნინია ზვიადაძე გიურზას და როგორ შეცვალა მან საკუთარი ძმის ცხოვრება

№2

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 19.01, 2022 წელი

ნინია ზვიადაძე
დაკოპირებულია

„სტუმრად ყავაზე“ ნინია ზვიადაძის რუბრიკაა ტელეკომპანია „იმედზე“. ნინიასთვის ჟურნალისტიკა ბავშვობის ოცნებაა და მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ფსიქოლოგიურზე გადაწყვიტა, საკუთარი ოცნებისთვისაც არ უღალატია.

ნინია ზვიადაძე: მთელი ჩემი ბავშვობა ბათუმს უკავშირდება. 12 კლასი იქ დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად. ბათუმში ძალიან ლაღი და თავისუფალი ბავშვობა გავატარე. ზღვის გოგო ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი.

სკოლაში ზედმეტად მოწესრიგებული ვიყავი. ჩემს მეგობრებს რომ ჰკითხოთ, მაშინდელ ნინიას დაახასიათებენ, როგორც ძალიან მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანს. ყოველთვის ვცდილობდი, გარშემო ყველაფერი მოწესრიგებული მქონოდა, მათ შორის ჩემი მერხიც. ჩემ გვერდით მჯდომი კლასელი ჩემგან რადიკალურად განსხვავდებოდა, ბოლოს გადავწყვიტეთ, მერხი შუაზე გაგვეყო, მის მხარეს მუდამ არეულობა იყო, ჩემს მხარეს ყველაფერი მუდმივად დალაგებული უნდა ყოფილიყო (იცინის).

– ყველგან ასეთი იყავით?

– დინჯი ვიყავი ყველგან და ყოველთვის, თან ძალიან მორიდებული, რადგან ასე გამზარდეს. მე ბებომ გამზარდა. დიდწილად მასთან ვცხოვრობდი. ბებო ძალიან დახვეწილი ქალბატონია და მგონია, რომ სიდინჯეში მისი ხელი დამეტყო.

– ამ დროს მშობლები სად იყვნენ?

– დედა და მამა ერთად არ იყვნენ, დედა ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ძირითადი მზრუნველობა ბებოს ჰქონდა საკუთარ თავზე აღებული. დედა მუშაობდა და იქიდან გამომდინარე, რომ ბებო სახლში იყო, ყველგან მას დავყავდი და ძირითად დროს მასთან ერთად ვატარებდი.

– და-ძმა გყავთ?

– უმცროსი და-ძმა მყავს. მე ყველაზე უფროსი ვარ და მათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ძალიან მზრუნველი და ვარ, ყოველთვის ვცდილობ, რაშიც დავჭირდები, დავეხმარო. ჩემი და ჩემზე ექვსი წლით პატარაა, ძმა – 12-ით.

– სკოლის მიღმა რა ინტერესები გქონდათ?

– მუსიკით ვიყავი დაინტერესებული, როგორც ყველა ჩემი ოჯახის წევრი, მეც დავდიოდი ფორტეპიანოზე. სხვათა შორის, კარგი სმენა მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვმღერი. ძალიან მიყვარს ღიღინი და ჩემს თავს რამე ცუდი თუ ხდება, ღიღინს ვიწყებ და ეს სირთულეებს „მაგორებინებს“.

– რაზე ოცნებობდა პატარა ნინია?

– ყოველთვის მინდოდა, იმ პროფესიის ვყოფილიყავი, რომელიც ავირჩიე კიდეც საბოლოოდ. სკოლა რომ დავამთავრე, უნივერსიტეტში ფსიქოლოგიურზე ჩავაბარე, მაგრამ გული მაინც ჟურნალისტიკისკენ მიმიწევდა. სტუდენტობის პერიოდში გადავწყვიტე, თავისუფალ დროს რომელიმე ტელევიზიაში გამევლო სტაჟირება. კარგი საშუალება მომეცა ზაფხულის არდადეგებზე და ჩემი პირველი ურთიერთობა ტელევიზიასთან აჭარის ტელევიზიაში დაიწყო. სწავლის დაწყებასთან ერთად თბილისში მომიწია დაბრუნება და აქ სტაჟირება „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გავაგრძელე. ეს იყო საინფორმაციო სამსახური, თუმცა გადავწყვიტე, რომ ეს სფერო ნაკლებად იყო ჩემი მიმართულება. მე ძალიან მაინტერესებდა ხელოვნება, კულტურა და ადამიანების კვლევა. მერე აღმოვჩნდი აჭარის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დილის გადაცემის წამყვანის პოზიციაზე, სადაც ორი წელი ვიმუშავე სოფო ხალვაშთან და სხვა პარტნიორებთან ერთად. მაშინ ისევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ვსწავლობდი, პარასკევს ბათუმში მივდიოდი, შაბათ-კვირას ეთერში ვიყავი და კვირას ისევ თბილისში ვბრუნდებოდი. ძალიან რთული ორი წელი მქონდა, მაგრამ იმავდროულად, ძალიან სასიამოვნო. ეს იყო მესამე-მეოთხე კურსზე სწავლის პერიოდში.

– თუ ბავშვობის ოცნება ჟურნალისტიკა იყო, რატომ ფსიქოლოგია?

– ინკლუზიური სწავლება მაინტერესებდა. მაშინ ეს მიმართულება საქართველოში კარგად არ იყო განვითარებული. დამაინტერესა იმიტომ, რომ ჩემს ძმას, ნიკოლოზს, როცა დაიბადა დაუნის სინდრომი დაუდგინდა და მინდოდა, რომ ჩემი წვლილი შემეტანა მისი ცხოვრების გაუმჯობესებაში. მინდოდა, მეტი ცოდნა მქონოდა იმისთვის, რომ ნიკოლოზის ცხოვრება უფრო მარტივი ყოფილიყო.

- გამოგივიდათ?

– სწავლა დავასრულე. მგონია, რომ ეს ის პროფესიაა, რომელსაც ასაკი სჭირდება. გარკვეული გამოცდილება უნდა დააგროვო და სხვებს შემდეგ უნდა გაუწიო რეკომენდაციები. ვფიქრობ, რომ წლების შემდეგ ამ პროფესიასაც დავუბრუნდები. ჯერჯერობით პრაქტიკული გამოცდილება არ მქონია. თუმცა ჩემს ძმასთან მიმართებაში ძალიან გამომადგა. ის, რომ ნიკოლოზი ახლა სკოლის მოსწავლეა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრია, ჩემი აზრით, იმას ნიშნავს, რომ მე საწადელს მივაღწიე. ეს მთელმა ოჯახმა ერთად შევძელით.

– „იმედში“ როდის აღმოჩნდი?

– ტელეკომპანია „იმედში“ ოთხი წლის წინ დავიწყე მუშაობა. „საიმედო ტურის“ ფარგლებში სულ სადღაც მიწევდა მოგზაურობა, უამრავ ადამიანს ვხვდებოდი და ძალიან საინტერესო ამბებს ვისმენდი. ბოლო ერთი წელია, რაც ჩემს რუბრიკაზე ვმუშაობ, რომელსაც ჰქვია „სტუმრად ყავაზე“.

– „საიმედო ტურის“ ფარგლებში, ალბათ, არაერთი დასამახსოვრებელი და სახიფათო მოგზაურობა იქნებოდა.

– ასეა. განსაკუთრებულად ხევსურეთში მოგზაურობა მახსენდება. ვიცოდი, რომ ლეგენდების მხარეში მივდიოდი და ასეც აღმოჩნდა. თავი ზღაპარში მეგონა. ჩემი ბოლო პერიოდის არჩევანი დაცული ტერიტორიების მონახულებაა. ვაშლოვანი ერთ-ერთი გამორჩეულია ხიფათების თვალსაზრისით. როცა წავედით, გაგვაფრთხილეს, რომ შეიძლება, ნებისმიერ რამეს გადააწყდეთ, მათ შორის გიურზასაცო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეწარმავლების ძალიან მეშინია, გადავწყვიტე, წავსულიყავი და შევხვდით კიდეც გიურზას, თან ღამით. ქოხში დავრჩით, სადაც არანაირი საშუალება არ არის საკომუნიკაციოდ და დასახმარებლადაც ვერავის დაუძახებ. გარეთ ვიყავით გადამღები ჯგუფი და გიურზა შევნიშნეთ. საბედნიეროდ, გაგვეცალა და სხვა მხარეს წავიდა. ვერც აღვწერ მაშინდელ ემოციებს. თან, საფრთხეს გრძნობ, გეშინია და თან, რაც მთავარია, შანსი არ უნდა გაუშვა, ეს კადრი აუცილებლად უნდა გადაიღო და ასეც მოვიქეცით.

– არ უთქვამთ – შენისთანა სიფრიფანა გოგოს აქ რა გინდაო?

– ოჯახის წევრებს უფრო ეშინიათ ხოლმე, ამიტომ თუ სადმე მივდივარ, კი ვეუბნები, მაგრამ წინასწარ არ ვამბობ, რა სირთულის გზა მაქვს გასავლელი. ამის გამო, შემდეგ მეგობრები და ოჯახის წევრები ხშირად მსაყვედურობენ ხოლმე, მაგრამ ასე ჯობს, არ მინდა, ვინმე ვანერვიულო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი