შოუბიზნესი

რუსკა ქარქაშაძე: ჩემს ასაკში რასაც უნდა ვაკეთებდე, დიდი ხანია, აღარ ვაკეთებ

№24

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 23.06, 2021 წელი

რუსკა ქარქაშაძე
დაკოპირებულია

ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ახალ ეტაპზე გადადიხარ, ხვდები, რომ ბავშვობა წარსულს ჩააბარე და სამომავლო, საპასუხისმგებლო გეგმები უნდა დასახო. სწორედ, ამ ცხოვრებისეულ ეტაპზე გადავიდა, სკოლის დამთავრების შემდეგ, რუსკა ქარქაშაძე. მიუხედავად იმისა, რომ ცამეტი წლიდან მუშაობს, დაკავებულია და გადარბენის რეჟიმში უწევს ყოფნა, სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა, პარალელურად, მასწავლებლებთან მეცადინეობდა და ახლა, უმაღლესში ჩასაბარებელი, ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.

რუსკა ქარქაშაძე: სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ჩემში ახალი ემოციები შემოვიდა და თან გული მწყდება, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, დიდხნიანი ეტაპი დასრულდა – სკოლა, სადაც მთელი 12 წელი გავატარე. ახლა ახალ, უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავედი და მეტ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ.

– ანუ, ბავშვობის ეტაპი დასრულდა და გრძნობ, რომ გაიზარდე?

– ზოგადად, დამოუკიდებელი, ჩემი გრაფიკიდან და სამსახურიდან გამომდინარე, 13 წლის ასაკიდან, სკოლის პერიოდშიც ვიყავი. უბრალოდ, სკოლა რომ დავამთავრე და იქ აღარ უნდა ვიარო, ამაზე მწყდება გული. ის გარემო, საკლასო ოთახი და ჩემი კლასელები, მასწავლებლები, ძალიან მომენატრება.

– სად აპირებ სწავლის გაგრძელებას? შენი გრაფიკიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თუ მოემზადე სათანადოდ ეროვნული გამოცდებისთვის?

– მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის გამო ძალიან დაკავებული ვიყავი და ხშირად მიწევდა გაკვეთილების გაცდენა, სკოლა ვერცხლის მედალზე დავასრულე. ოქროს მედალი რომ მიმეღო, მხოლოდ, ერთმა საგანმა შემიშალა ხელი, კერძოდ, ინგლისურმა. არადა, ეს საგანი ყველაზე კარგად ვიცოდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოტივაცია დამივარდა. პირიქით, უფრო მოტივირებული ვარ. პარალელურად, ვემზადებოდი და ვაბარებ საქართველოში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციებზე. იმედი მაქვს, ამ სფეროში სამომავლოდ, წარმატებას მივაღწევ და ღირსეული სტუდენტობაც მექნება (იცინის). განსაკუთრებულად

ჩამრჩა ბოლო ზარის მომენტი. ბოლო წამამდე ვამბობდი: რა მაგარია, სკოლას დავამთავრებ, სტუდენტი გავხდები-მეთქი და... რომ მივედი სკოლის ეზოში და თეთრ პერანგზე წარწერებს მიკეთებდნენ, ცოტა მოვიღუშე. მივხვდი, ჩემი ცხოვრებიდან ძალიან დიდ რაღაცას ვემშვიდობებოდი და უკვე, მართლა გავიზარდე. რეალობას დავეჯახე, ფაქტის წინაშე დავდექი. იმ წარწერებიან პერანგს ცხოვრების ბოლომდე სათუთად შევინახავ, ჩემს კარადაში საპატირო ადგილს მივუჩენ, როგორც ძალიან ძვირფას ნივთს, რაც ჩემს ყველაზე ტკბილ წლებს უკავშირდება და რაც სკოლიდან გამომყვა. ისეთ ემოციებში ვიყავი, არც წამიკითხავს რა დამაწერეს.

– პრინციპში, ამ სფეროში, გამოცდილება უკვე მიღებული გაქვს, ხომ მეთანხმები?

– დიახ, ასეა. 13 წლიდან ტელევიზიაში ვმუშაობ და გამოცდილება მაქვს. ხშირად, გადასაღებ მოედანზე მიწევდა მეცადინეობა. ან, სახლში ღამეებს ვათენებდი. სულ ვცდილობ, საქმესა და დასვენებასთან ერთად, სწავლას არ ჩამოვრჩე. ახლაც, სკოლის დამთავრების მერე, კახეთში ვარ დასასვენებლად და პედაგოგებთან ონლაინ გავდივარ მეცადინეობას.

– შენს ასაკში გოგონები, ძირითადად, დროს ატარებენ, კლასელებთან და მეგობრებთან ერთობიან, ყოველი წუთით ტკბებიან. შენ კი – მხოლოდ სამსახური, გადაღებები და მეცადინეობა. როგორ ფიქრობ, ასეთი ცხოვრების რეჟიმით, რას აკლებ საკუთრ თავს?

– დიახ, ყველა მეუბნება: შენს ასაკში ასეთი რეჟიმით ცხოვრება რთულია, ყველა ერთობა, შენ კიდევ მხოლოდ – სამსახური, გადაღება და მეცადინეობაო. რასაკვირველია, კლასელებთან და მეგობრებთან გართობა მაკლდა. იყო პერიოდი, როცა გადაღებების გამო სკოლაში ერთი თვე არ მივსულვარ. თუმცა, მერე ამინაზღაურებია და

ჩამიბარებია გამოცდები. სამაგიეროდ, მომიკლია ის ურთიერთობა და გართობა, რაც თანატოლებთან და კლასელებთან უნდა მქონოდა. რასაკვირველია, ამაზე გული მწყდება. წესით, რასაც ჩემს ასაკში უნდა ვაკეთებდე, დიდი ხანია, აღარ ვაკეთებ.

– ანუ, თვლი, რომ ადრეულ ასაკში გაიზარდე?

– ნამდვილად ასეა. მომიწია ადრეულ ასაკში გაზრდა. კარგისა და ცუდის გარჩევა ვისწავლე, გარკვეულ სფეროებს მივედ-მოვედე, ბევრი რამ გავიგე. რამდენადაც კარგია გამოცდილება პატარა ასაკიდან და ახლაც დამეხმარება სტუდენტობის დროს, იმდენად, თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად – უარის თქმა გართობაზე მეგობრებთან ერთად, იმის გამო, რომ გადაღებებზე გავრბოდი.

– წინ, ყველაზე ცხელი ზაფხული გელის. ამ გაგანია გამოცდების წინ დასვენება რატომ გადაწყვიტე?

– ამ გაგანია გამოცდების წინ იმიტომ ავიტეხე დასვენება, რომ ძალიან დამჭირდა. მარტო აბიტურიენტი ხომ არ ვარ? ყოველდღიური გადაღებები მაქვს და მივხვდი, დასვენება მესაჭიროებოდა. ამ გადაღლის ფონზე, სწავლაზე კონცენტრირება მიჭირდა. მთელი დღე რომ ჩაწერაზე ხარ, საღამოს 11 საათზე მასწავლებელთან მიდიხარ, და ხშირად ღამის 3 საათამდე მეცადინეობ, ძალიან დამღლელია. იმედი მაქვს, წარმატებით ჩავაბარებ ეროვნულ გამოცდებს და სტუდენტი გავხდები.

– ფაქტობრივად, მასწავლებლებს ღამეებს ათენებინებდი?

– კი, ასეა (იცინის). მასწავლებელი ჩემი მეზობელია და ხშირად ღამის 2-3 სათამდე ვმჯდარვარ მასთან. ამაშიც გამიმართლა, რომ ასე მეხმარებიან და მიწყობენ ხელს. ახლა ვისვენებ კახეთში და მეორე სუნთქვას ვიხსნი. ცოტა ხნით ტაიმ-აუტი ავიღე. თბილისში რომ ჩამოვალ, მთლიანად გამოცდებზე ვიქნები ორიენტირებული.

– ვისთან ერთად იხსნი მეორე სუნთქვას?

– ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ და ოჯახურ გარემოში ვისვენებთ, მზეს ვეფიცხებით და ასე ვიხსნით მეორე სუნთქვას (იცინის).

– გემრიელი კერძების ფონზე, ალბათ, კახურ ღვინოსაც აგემოვნებთ.

– საერთოდ არ მიყვარს ალკოჰოლი. იმდენი ენერგია მაქვს, არ ვსაჭიროებ დამატებით ალკოჰოლის მიღებას. ფხიზელზე მიყვარს გართობაც, ცეკვაც და სიმღერაც (იცინის). სხვათა შორის, ერთ ექსკლუზივსაც გაგიმხელთ, რაც არსად და არავისთვის მითქვამს: კარიერული თვალსაზრისით, დიდი ამბები მაქვს და მაყურებელს ძალიან მაგარი სიახლე ელოდება, ძალიან მაგარი პროექტით და არა, გადაცემით. გადაღებები ზაფხულში დაიწყება – გამოცდებს მოვრჩები თუ არა. რომელ არხზე იქნება და რა ფორმატის, ამას ვერ გავამხელ.

– ის მაინც გაგვიმხილე, სხვანაირ რუსკას ვიხილავთ თუ არა. იმიჯში ცვლილებები მოგიწევს?

– ამასაც ვერ გეტყვით. შესაძლებელია, სხვანაირი რუსკაც იხილოთ (იცინის). მიხარია ეს ყველაფერი და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი