შოუბიზნესი

როგორია „მისტერ ვალენტინის“ გზა „ჰოლივუდისკენ“ და რა ოცნება აიხდინა მან ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად

№10

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 15.03, 2023 წელი

ზურა კობიაშვილი
დაკოპირებულია

„მისტერ ვალენტინი 2023“ ზურა კობიაშვილი გახდა. ზურასთვის ეს პირველი ნაბიჯია სამოდელო სამყაროში. ის ოპერის მომღერალია და საკმაოდ საინტერესო გზა აქვს გამოვლილი.

ზურა კობიაშვილი: ერთ-ერთი ორგანიზატორი დამიკავშირდა, მითხრა კონკურსის შესახებ, გამიზიარა, რომ კარგი შოუ იგეგმებოდა და მეც დამპატიჟა, როგორც კონკურსანტი. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. სამოყვარულო დონეზე მივიღე ეს წინადადება და კონკურსში მონაწილეობაზე დავთანხმდი. აქამდე ამაზე არც მიფიქრია და ამიტომაც ვამბობდი, ნუ გამკიცხავთ, მე არ ვარ პროფესიონალი მოდელი და არც ამის ამბიცია მაქვს-მეთქი. უბრალოდ, გართობის მიზნით გავედი და მოვიგე, რაც ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა. გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. ჟიურის რამდენიმე წევრს ვიცნობდი, ისინი კულისებში მოდიოდნენ და ყურში ჩურჩულით მეუბნებოდნენ: ვფიქრობ, შენ გაიმარჯვებო. აქედან გამომდინარე, ბოლოსკენ უკვე ვხვდებოდი, რომ ფავორიტი ვიყავი. ხუთეული რომ დასახელდა, მე ვიმღერე კიდეც და ამით კიდევ უფრო მოვიგე ჟიურის გული. პროფესიით მომღერალი ვარ და ჩემი პროფესიაც დამეხმარა.

– როგორი პრიზები მიიღე?

– გამარჯვება პრიზების გარეშეც ძალიან სასიხარულოა, მაგრამ პრიზებთან ერთად, კიდევ უფრო მეტად გასახარი. გამოვყოფ ორკაციან საგზურს დუბაიში. ერთკვირიანი ვოიაჟი მელოდება, სადაც ყველაფერი დაფინანსებული მექნება. ასევე ერთკვირიანი საგზური ანტალიაში, სასაჩუქრე ვაუჩერები სხვადასხვა მაღაზიებიდან და ასე შემდეგ.

– მოგეწონა მოდელის პროფესია?

– მომეწონა, მაგრამ მე სხვებზე უკეთ ვაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს და ვიცი, რომ ჯერ პროფესიონალ მოდელის დონემდე არ ვარ, მაგრამ სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას კლასიკური სამოსის სარეკლამო გადაღებებში, ეს ის სტილია, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც ვატარებ. ასევე, მამაკაცის აქსესუარების გადაღებებზეც სიამოვნებით დავთანხმდებოდი.

– ითვალისწინებ მოდის ტენდენციებს, გიყვარს ძვირად ღირებული ბრენდები და აქსესუარები?

– ჩემთვის გემოვნებაა პრიორიტეტი. შეიძლება, გეცვას არაძვირადღირებული, მაგრამ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდე. შეიძლება 10 000 დოლარიანი გეცვას, მაგრამ ნაგავი. ჩემს გარდერობში არის რამდენიმე ძვირად ღირებული ნივთი, ასევე, საშუალო ღირებულების ნივთები. ჩემი სტილი კლასიკურია. სასწავლებელში კურსელები „კოსტუმას“ მეძახდნენ. თავიდან, როცა რამდენიმე პიჯაკი მქონდა, დღეების მიხედვით მქონდა დალაგებული და კვირის ყოველ დღეს სხვადასხვას ვიცვამდი. მერე მივამატე და ორ კვირაში ერთხელ ჩაცმა გამომდიოდა, მერე 30 გამიხდა და თვეში ერთხელ ვიცვამდი. ეს ჩემი მრავალფეროვნებისა და გართობის ერთ-ერთი საშუალება იყო. მე ვიცი, რომ ეს მიხდება და როცა მაცვია, თავდაჯერებული ვარ. როცა თავდაჯერებული ვარ, სხვებზეც უფრო დიდ ეფექტს ვახდენ.

– სოციალურ ქსელებში როგორი გამოხმაურება მოჰყვა შენს გამარჯვებას?

– დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს ახლობლებსა და მეგობრებს, ასევე, ჩემს კახელებს, მათგან ძალიან დიდი მხარდაჭერა და უამრავი მოლოცვა მივიღე. ვინც პირადად მიცნობდა, არასწორი არაფერი უკადრებია. რაც შეეხება უარყოფით ნაწილს, ისიც კი დაწერეს, რომ გეი ვარ. მერე, როდესაც ჩემს მეორე ნახევართან ერთად გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა, ხალხი, რომელიც დილით წერდა, რომ გეი ვიყავი, „დაიშოკა“ და ამტკიცებდნენ, რომ ეს ქალბატონი ტრანსგენდერი იყო. როგორ შეიძლება გეი იყო, როდესაც გვერდით ქალი კი არა ქალღმერთი გყავს?! ამის შემდეგ კომენტარებში დაიწყეს ჩხუბი, რატომ არ არის გეიო? პირდაპირ ასე წერდნენ (იცინის). იმასაც წერდნენ, რომ ეს ქალი სპეციალურად დავიქირავე იმისთვის, რომ ბულინგს არ შევწირვოდი. სიმართლე გითხრათ, წარუმატებელი ხალხის აზრი ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. მე ცხოვრებაში ყველაფერს თავდაუზოგავი შრომითა და მართალი გზით მივაღწიე, ამიტომაც გამიღო სამყარომ ყველა კარი და წარუმატებელი ადამიანების აზრების გამო ვერ ვინერვიულებ. წარმატებულ ადამიანებს რომ დასაწყისში წარუმატებლების აზრებზე ეფიქრათ, წარმატებას ვერასდროს მიაღწევდნენ, რადგან ბრბო ყოველთვის ცდილობს, ჩაგითრიოს.

– ვინ არის შენი გოგო და როგორია თქვენი რომანტიკული ამბავი?

– მასზე ბევრ რამეს არ ვიტყვი, რადგან ეს არის ჩემი პირადი და არ მინდა, მისი ხალხში განსახილველად გამოტანა. მთავარია, რომ ბედნიერი ვარ. იმას ვიტყვი, რომ ის ამერიკის მოქალაქეა, ოცი წელი ცხოვრობდა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე. იყო ამერიკის შოუბიზნესში. ორი წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში სამი თვით, საქმეზე. ერთმანეთი მაშინ გავიცანით და ის აღარ წასულა, ჩემ გამო დარჩა. ახლა ველოდებით, სწავლას დავამთავრებ და ერთად წავალთ ამერიკაში. ის არის ძალიან დიდი მელომანი, ჩემი პირველი გულშემატკივარი, ძალიან უყვარს ოპერა, კლასიკური მუსიკა და ძალიან კარგი გემოვნება აქვს. როცა საოპერო მომღერალს გვერდით საყვარელ ქალთან ერთად, ასეთი მრჩეველი ჰყავს, ეს წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია.

– არ ეჭვიანობს?

– ეჭვიანი არ არის, იცის, რომ მე ერთგული ვარ. ეჭვიანი რომ ყოფილიყო, იმდენი ფაქტი ყოფილა, ძალიან გაგვიჭირდებოდა. ჩვენ ასეთ ფაქტებს ღიმილით ვიღებთ. ძალიან ხშირად დავდივართ ღამის კლუბებში, რესტორნებში, სხვადასხვა წვეულებაზე, ყოფილა შემთხვევები, როცა მოსულან ადამიანები, ძირითადად, უცხოელები, დაუწყიათ ჩემთან ცეკვა, ფლირტი, მათ შორის, მამაკაცებსაც, მაგრამ მერე, როცა ჩემთან ასეთი ქალი მოდის, ყველა უკან იხევს.

– როგორც ვხვდები, თავდაჯერებულობაც არ აკლია.

– რა თქმა უნდა. ის ჩემზე ბევრად დიდი და გამოცდილია ცხოვრებისეულად. მე მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. საერთო ინტერესები გვაქვს, ახლა საერთო ბიზნესი დავიწყეთ. მას ძალიან უნდა, რომ როგორც მომღერალმა, კარიერა ამერიკაში გავაგრძელო. აქვს კონტაქტები ბროდვეისა და „ჰოლივუდის“ ქასთინგდირექტორებთან, ასე რომ, დიდი შემართებით მივდივართ ამერიკის შოუბიზნესში.

– როგორ ვხვდები, კლასიკურ მუსიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში. როგორ დაიწყო ყველაფერი?

– მე წარმოშობით კახეთიდან, ყვარლიდან ვარ. სიმღერა თინეიჯერობის ასაკში დავიწყე. იქ სკოლის მოსწავლე ბიჭებს ანსამბლი გვქონდა, სადაც მე სოლისტი ვიყავი. დიდი ვოკალური განათლება არ მქონია, როგორც დილეტანტი, ისე ვმღეროდა და ჩემთვის ვმეცადინეობდი „იუთუბის“ დახმარებით. ერთ თვეში ისეთი ხმა წამომივიდა, მეცადინეობის დროს მთელ უბანში ისმოდა. ბოლო პერიოდში ჩვენმა ხელმძღვანელმა რამდენჯერმე მომცა შენიშვნა, საოპერო ხმით ნუ მღერიო. ოპერა მოსმენილიც არ მქონდა და დავფიქრდი, როგორ ვმღერი ოპერას-მეთქი. გამოვიდა, რომ ხმამ თავისით ჰპოვა ამ მხრივ განვითარება. თბილისში რომ ჩამოვედი, იურიდიულზე ჩავაბარე.

– იურიდიულზე რატომ?

– იმიტომ, რომ არანაირი მუსიკალური განათლება არ მქონდა. როცა პატარა ვიყავი, დედამ მუსიკალურ სკოლაში მიმიყვანა, მაგრამ ერთ თვეში გამომაგდეს. ჩვენ, როგორც დამწყებებს, ნოტებსა და მინიატურულ ნაწარმოებებს გვასწავლიდნენ, დამამთავრებელი კლასების გაკვეთილებიდან რახმანინოვისა და შოპენის შესრულება მესმოდა. მინდოდა, მეც ის დამეკრა და როცა პედაგოგომა მითხრა, იქამდე შვიდი წელი გინდაო, კონფლიქტი მოგვივიდა და ბოლოს ასე დასრულდა (იცინის). ჩემს მშობლებს უნდოდათ, რომ იურიდიულზე ჩამებარებინა. ეს იყო ის, რის გამოც შეიძლებოდა, თბილისში ჩამოვსულიყავი. ჩამოვედი, ერთი წელი ვისწავლე იურიდიულზე, მერე ვიპოვე მუსიკის პედაგოგი და გადავწყვიტე, ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი. ეს მანამდეც მინდოდა, მაგრამ მშობლები მეუბნებდნენ, რომ ვერ შევძლებდი, რადგან არც განათლება მქონდა, არც ადამიანი მყავდა, ვინც დამეხმარებოდა. იმედი მაინც არ გადავიწურე და როცა იურიდიულის სტუდენტობით თბილისში ჩამოსვლა „გავინაღდე“, სამყარომ ჩემთვის საინტერესო კარიც გამიხსნა. პირველად სოფო ბედიამ მომისმინა და მითხრა, რომ ნამდვილად მქონდა საოპერო ტემბრი. მან დაურეკა შემდეგში ჩემს პედაგოგს, გოჩა დათოსანს, რომელიც თბილისის ოპერის წამყვანი ბანია და სთხოვა, მოესმინა რაიონიდან ჩამოსული ბიჭისთვის და რომელიმე პედაგოგთან გაეშვა სამეცადინოდ. როდესაც ჩემმა მაესტრომ მომისმინა, ისე მოვეწონე, სხვა პედაგოგთან აღარ გამიშვა და დღემდე მისი მოსწავლე ვარ. იურიდიულს დავემშვიდობე და კონსერვატორიაში ჩავაბარე. ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, რომ მე იურიდიულის სტუდენტი ვიყავი. ეს ყველაფერი ისე გავაკეთე, მათ არ იცოდნენ. ვსწავლობდი და რამდენიმე თვეში მოვაგროვე ის ცოდნა, რაც კონსერვატორიის მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად არის საჭირო. კონსერვატორიაში ჩაბარება ურთულესია, როცა ადამიანს აუცილებელი შვიდწლედიც კი არ აქვს გავლილი, ისე წარმოუდგენელია, მაგრამ მე ისეთი დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში, გადავწყვიტე, ყველაფერი მესწავლა და მართლაც შვიდ თვეში შევისწავლე შვიდწლედის მასალა. გამოცდაზე დიდი კონკურენცია იყო და მე ძალიან დიდი წარმატებით ჩავაბარე, მესამე ადგილზე გავედი რეიტინგით და სრული დაფინანსება მოვიპოვე. როცა ეს გავიგე, სიგიჟემდე ბედნიერი ვიყავი. დედაჩემი ემიგრანტია, იტალიაში მუშაობს. ღამე დავურეკე და ვუთხარი, დედა, იცი, მე კონსერვატორიაში ჩავაბარე, თან დაფინანსებით-მეთქი. ეს სრული შოკი იყო ჩემი ოჯახისთვის და დღეს ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ დედა ძალიან გახარებულია, მამაჩემი ამაყობს, როცა ჩვენს რაიონში ადამიანები ხვდებიან, აჩერებენ და ეუბნებიან, რომ ძალიან ვუყვარვართ, ვეამაყებით და მე ჩვენი კუთხე უნდა ვასახელო. მიხარია, რომ ჩემს სურვილზე უარი არ ვთქვი და აქამდე მოვედი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი