შოუბიზნესი

როგორია მარიკა ბაკურაძის „ჰოლივუდური“ წარმატება და რის გამო მოაწერა მან ხელი გაუთქმელობის კანონს

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 15.05, 2023 წელი

მარიკა ბაკურაძე
დაკოპირებულია

მარიკა ბაკურაძე „ოქროს გლობუსის“ საერთაშორისო ჟურნალისტთა გუნდის წევრი გახდა. თავად მოგვიყვება როგორ მოხდა ეს საოცარი ამბავი და რა მნიშვნელობა აქვს მას.

მარიკა ბაკურაძე: „ოქროს გლობუსის“ ჯილდოს თავის სისტემა აქვს. ჩვენ ყველა ვხედავთ მის ბოლო ნაწილს, როდესაც უკვე გარკვეულია საფინალო ფილმები, ნომინანტები და არსებული ნომინაციების გამარჯვებულების ვინაობას კონკრეტულად დაჯილდოების დღეს, როდესაც წითელი ხალიჩა გაიშლება. თვითონ ამ პრემიას ყოველ წელს, მთელი წლის განმავლობაში, დიდი სამუშაოები აქვს ჩასატარებელი, რომ ეს ფილმები აქამდე მიიყვანოს. სამუშაო პროცესის ნაწილს შეადგენს გუნდი, რომელსაც ჰქვია საერთაშორისო ხმის მიმცემი გუნდი და ის დაკომპლექტებულია საერთაშორისო ჟურნალისტებითა და კინომცოდნეებით. მთავარი პირობა იმისთვის, რომ ამ გუნდის წევრი გახდე, ისაა, რომ ამერიკელი არ უნდა იყო. გარდა ამისა, ამ გუნდის შემადგენლობა ყოველ წელს იცვლება. წელს მის შემადგენლობაში საქართველოდან ორი ადამიანი შედის. მე – როგორც კინოჟურნალისტი და ზვიად დოლიძე – როგორც კინოკრიტიკოსი. ამ გუნდის საქმე და მთელი ფუნქცია ისაა, რომ მთელი წლის განმავლობაში უნდა უყუროს ფილმებს, რომელიც შემოდის „ოქროს გლობუსზე“ და გადაარჩიოს საკუთარი გემოვნების მიხედვით, ანუ შეფასებები დაუწეროს. მოკლედ, ამაზე მთელი წლის განმავლობაში სერიოზული შრომა მიდის. ფილმები, რომელსაც ეს გუნდი მიანიჭებს უპირატესობას, გადავა ჟიურისთან. ჟიური ცალკე თავის შეფასებას გააკეთებს და მათგან ფინალისტების სიას შეადგენს.

– „ოქროს გლობუსზე“ ვსაუბრობთ და შენ ხარ ის ადამიანი, ვინც ამხელა წვლილი უნდა შეიტანოს მასზე წარსადგენი ფილმების შერჩევაში. ძალიან დიდი ამბავია...

– ძალიან და რამდენადაც პრესტიჟულია ეს ამბავი, იმდენად სანერვიულოა. ძალიან ბევრი საქმე იქნება, წარმოიდგინეთ რამდენი ფილმი იქნება სანახავი. ამ ხალხმა რომ განდო ეს პასუხისმგებლობა, შენ ხომ უნდა გაამართლო მათი მოლოდინები? ყურადღებით უნდა ნახო ყველაფერი, შენი თვალთახედვით სწორი შეფასებები მისცე და მაქსიმალურად იყო ჩართული პროცესში. ამ ყველაფერს ორგანიზებას „ჰოლივუდის“ საერთაშორისო პრესის ასოციაცია უწევს. მისმა წარმომადგენელმა ბარბარა გასერმა მითხრა, ის, რაც გარედან ჩანს „ოქროს გლობუსზე“, იგულისხმება დაჯილდოების ცერემონია, არის ტორტი, ამ ტორტის ცხობა კი მთელი წელი მიდისო. ახლა შიგნიდან დავინახავ ამ პროცესების მიმდინარეობას. გასახარი ისაა, რომ გარდა ამ ყველაფრის პრესტიჟულობისა, ექსკლუზიურად შევძლებ ამ ფილმების ნახვას. თუმცა, ყველაფერს თავისი წესები აქვს, გაუთქმელობის კანონზე მაქვს ხელი მოწერილი, უამრავი დოკუმენტი გაფორმდა და არაფრით არ შეიძლება, ჩემგან ინფორმაცია გავიდეს, ყველაფერი დახურულია.

– გასაგებია, რომ უკვე წლებია, „ტორტის ნაწილი“ შენთვის ძალიან ნაცნობია, მაგრამ ახლა უკვე ამხელა პროცესის მონაწილე თვითონ ხდები და წარმომიდგენია, როგორ ემოციებში ხარ...

– ბარბარა გასერი ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში. მისი ჩამოსვლა ორივეჯერ მესტიის საერთაშორისო, მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალს უკავშირდებოდა და ორჯერვე ჟიურის ამპლუაში. ამ ფესტივალის დამფუძნებელი გახლავთ ხათუნა ხუნდაძე. ბარბარას მისთვის უთქვამს, რომ ძალიან მოსწონს ეს ქვეყანა, დაინტერესებულია მისით და თუ კარგ კინოჟურნალისტსა და კინომცოდნეს გაუწევდა რეკომენდაციას, ის „ოქროს გლობუსის“ გუნდის წევრობის კანდიდატად წარადგენდა. მე თებერვალში ვიყავი ბერლინის კინოფესტივალზე. ანუ, ჩემი შეხვედრები ვარსკვლავებთან და საინტერესო თავგადასავლები შონ პენთან, ედრიან ბროდთან, სტილბერგთან სულ ახალი მომხდარი იყო. ეს ყველაფერი საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა. ბერლინიდან რომ დავბრუნდი, ხათუნა ხუნდაძემ დამირეკა და მითხრა, რომ არსებობდა ასეთი შემოთავაზება და თუ დაინტერესდები, შემიძლია, შენი თავი შევთავაზო, თუმცა შემდეგ გარკვეული შესარჩევი ეტაპები უნდა გაიაროო. რატომაც არა, დავთანხმდი, მაგრამ ძალიან გულწრფელად რომ ვთქვა, არ მეგონა, რომ ეს ამბავი გამოვიდოდა. ძალიან დიდი მასშტაბია, მაგრამ მე ჩემი მხრიდან ყველაფერი გავაკეთე. ერთი რამ უნდა ვაღიარო – არ ვარ ის ტიპი, თავში რომ უვარდება რამე და სულ ამაზე ლაპარაკობს, მაგრამ ამჯერად საჭირო იყო და ცოტა „მარიაჟული“ სივი გავაკეთე, სულ სპილბერგები, ბრედ პიტები და სხვა საოცარი ვარსკვლავები ჩავსვი, ვისი სახელიც კი დაკავშირებია აქამდე ჩემს საფესტივალო საქმიანობას (იცინის). მერე დაიწყო შესარჩევი ეტაპი, კონტაქტზე გამოვიდნენ, კითხვები გაუჩნდათ და მივხვდი, რომ საქმე კარგისკენ მიდიოდა, მაგრამ ამას ვერაფრით ვიჯერებდი. ამას დაემთხვა ჩემი ამბავი, ვგულისხმობ გამომცემლობიდან ჩემს გათავისუფლებას, ძალიან დიდ უსამართლობაში ამომაყოფინეს თავი. როცა ეს ამბები ხდებოდა, მე ასე ჩუმად ველოდებოდი „ოქროს გლობუსისგან“ პასუხს და ხათუნა მეუბნებოდა, სამართალი თუ არსებობს, ხომ იცი, ერთი კარი რომ იხურება, მეორე იხსნებაო. ერთ დილასაც ვიღვიძებ, შეტყობინებებს ვამოწმებ და ვხედავ მათ წერილს, რომელსაც ინგლისურად აწერია – „გილოცავთ“. მართლა ვერ დავიჯერე. მერე მომწერეს, რომ ჯერ ხმის ამოღება არ შეიძლებოდა. უნდა დავლოდებოდით, როდის გამოაცხადებდა „ოქროს გლობუსი“ ამას ოფიციალურად. მართლაც, მალე მათ ოფიციალურ საიტზე დაიდო ჩვენი გუნდის სრული სია. მერე დიდმა გამომცემლობებმაც დაწერეს, რომ „ოქროს გლობუსმა“ უკვე დაამტკიცა წლევანდელი გუნდი. აღმოჩნდა, რომ ყოველწლიურად 4 ათასი განაცხადი შედის მთელი მსოფლიოდან გუნდის წევრობის მსურველთაგან. წელს შერჩეული 215-იდან ორი ქართველია. ახლა უკვე სამუშაო პროცესის დაწყების მოლოდინში ვარ და ძალიან მიხარია. მერე ისიც მოგვწერეს, უკვე შეგიძლიათ, ეს თქვენს სივიში ჩაწეროთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟული სტატუსიაო. ეს საქმე ამდენი წელია, ძალიან მაინტერესებს, მიყვარს, ჩართული ვარ მასში და შანსი რომ მომეცა, შიდა პროცესშიც ჩავერთო, ძალიან დიდი ბედნიერებაა. მადლობელი ვარ ცხოვრების ასეთი მოულოდნელობისთვის. ერთი თვის წინ სულ სხვა ამბავი ხდებოდა – სამსახურიდან გამათავისუფლეს და ერთ თვეში ასეთი მაგარი რამ მოხდა.

– მოდი, ზოგადად, წლევანდელი წელი შევაფასოთ, ძალიან ბევრი რამ მოხდა.

– ძალიან გიჟური წელი გამოვიდა (იცინის). რაც ეს სატელევიზიო სეზონი დაიწყო, უამრავი რამ მოხდა ჩემს თავს. ჯერ იყო და სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტზე ატყდა ერთი ამბავი. ჩემ წინააღმდეგ აგორდა კამპანია – კრიტიკა, ლანძღვა და ასე შემდეგ. სიძულვილის ენაზე იყო გაკეთებული სიუჟეტი და იმისთანა სიძულვილი დაატრიალეს, ისე მლანძღეს და მწყევლეს... საშინელება იყო. პროფესიული თვალსაზრისით, ყველა ნორმა და სტანდარტი ისე მქონდა დაცული, რომ ამის გამო არ ვღელავდი, მაგრამ მაინც, როცა ამხელა ამბავი ხდება, უკვე დიდი შვილები გყავს, ისინიც ყველაფერს კითხულობენ და განიცდიან, მერე შენც ნერვიულობ. ეს ემოციებზე ძალიან მოქმედებს. მერე ამან გადაიარა და მეორე ამბავი დაიწყო, ანუ სამსახურიდან გამომიშვეს იმიტომ, რომ „იმედზე“ ვმუშაობ. „იმედზე“ მუშაობის გამო სიძულვილის ტალღა ცალკე გაუგებრობაა ჩემთვის. მანამდე, თებერვალში იყო ბერლინის კინოფესტივალის ძალიან კარგი ამბები, რომელიც წეღანაც ვახსენე და რომელსაც ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა. არ ვიცი, რა ვთქვა, ქარცეცხლში ვმოძრაობ, მაგრამ საპირწონედ ისეთი კარგი რამეებიც ხდება, რომ ალბათ, ცხოვრების აზრიც ესაა. ნეტავ მშვიდობით მივაღწევდე წლის ბოლომდე (იცინის).

– პროფესიულად, შეიძლება, ბევრი რამ მოეწონოთ ან არა, თვითონაც დაუწესო თავს გარკვეული ვალდებულებები, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით, როგორ გამოიარე ეს პერიოდი?

– ეს ყველაფერი ხდება და პარალელურად, მე ყოველდღე მაქვს გადაცემა. მაყურებელი გელოდება და არავის აინტერესებს, შენ სხვა სამსახურიდან გაგიშვეს თუ გაგლანძღეს. პასუხისმგებელი ხარ და საკუთარი საქმის კეთება ჩვეულებრივად უნდა განაგრძო. ანუ, დღის პირველ ნახევარში ეთერში ვიყავი და ამ ამბებს მთლიანად ვწყდებოდი, დღის მეორე ნახევარში კი სოციალურ ქსელებში ვხედავდი, რაც ხდებოდა. ერთადერთი რამაც მიშველა, იყო ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი. ვფიქრობდი: მარიკა, კარგია თუ ცუდი, ყველაფერი გადაივლის ხოლმე. სიმართლე რომ ვთქვა, განცდით სამსახურიდან გათავისუფლება უფრო განვიცადე, ეს დიდი იმედგაცრუება იყო. უამრავი წელი რომ მუშაობ ერთ ადგილას, მართლა ოჯახის წევრებივით რომ ხარ ხალხთან და იქ არიან ადამიანები ვის თვალწინაც ჩემი შვილები გაიზარდნენ, ვისთან ერთადაც დღესასწაულებს ვხვდებოდი და წლები მეგობრულ-ოჯახურ გარემოში გავატარეთ. მერე კი უცებ, ერთ დღეს სამსახურიდან მათავისუფლებენ იმიტომ, რომ მე „იმედზე“ ვმუშაობ, თან, სხვათა შორის, ჯერ მათთან ვმუშაობდი და „იმედზე“ მერე მოვედი, ამას რა ჰქვია?! ამდენი ხალხი მეგობრად მიგაჩნია და უცებ ხედავ სახე დაკარგეს და საერთოდ, ხმას აღარ გცემენ, გსჯიან იმის გამო, რომ რაღაცაში არ გეთანხმებიან. თვალსა და ხელსშუა გეცლებიან ადამიანები, ვინც ცოტა ხნის წინ მეგობარი და ოჯახის ახლობელი გეგონა. საქმე მარტო სამსახურისა და ხელფასის დაკარგვას კი არ ეხება – ეს საერთოდ არ მაინტერესებდა, მთავარი ადამიანური ურთიერთობები იყო.

ცხოვრება უცნაურია, მერე უცებ ასეთი ამბავი მოხდა და ამხელა წარმატება მოვიდა, რისთვისაც მადლობელი ვარ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი