როგორ უთავსებს ანნა ბირთველიშვილი ერთმანეთს სამ პროფესიას და რის გამოსწორებას ცდილობს ის საკუთარ ხასიათში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00 19.07

მოცეკვავე ანნა ბირთველიშვილი ზოდიაქოთი ტყუპები გახლავთ და მის ხასიათში ამ ნიშნის ბევრი თვისებაა გამოკვეთილი.
ანნა ბირთველიშვილი: დავიბადე 18 ივნისს, ჰოროსკოპით ტყუპები ვარ. ზოდიაქოსთან დაკავშირებით, რაღაცები მჯერა, რაღაცებზე ვიღიმი. მგონია, რომ ვარსკვლავებსა და ადამიანურ ბუნებას შორის რაღაც კავშირი არსებობს. ხანდახან ზუსტად გიწერენ იმას, რასაც რეალურად გრძნობ. თუმცა, გადაწყვეტილებებს ასტროლოგიაზე არასოდეს ვამყარებ. ის უფრო საინტერესო დაკვირვებაა ჩემთვის. მიყვარს, როცა ზოდიაქოს აღწერებში ჩემს თვისებებს ვპოულობ ეს თითქოს პატარა სარკეა, რომელიც შენს შინაგან სამყაროს გაჩვენებს. საბოლოოდ კი ყველაზე მეტად საკუთარ ინტუიციას ვენდობი.
– ტყუპები ყოველთვის ეძებს თავგადასავლებს და ამაში თქვენც აგიყოლიებთ. ასეა შენს შემთხვევაშიც?
– სრულიად. მე სულ მოძრაობაში ვარ, სულიერადაც და ფიზიკურადაც. ახალი იდეები, პროექტები, გზები, ადამიანები... ეს ენერგია თითქოს შინაგანად მაქვს. როცა ვგრძნობ, რომ რაღაც საინტერესო მელის, ვეღარ ვისვენებ და სულ იმ გზისკენ მივიწევ. მართლა ასე ხდება – ამ „თავგადასავალში“ სხვებსაც ხშირად ვათრევ და მერე ერთად ვქმნით რაღაც განსაკუთრებულს. სიცოცხლე ხომ მოძრაობაა და ჩემთვის ეს მოძრაობა, პირდაპირი მნიშვნელობით, ცეკვაც არის და თვითგანვითარებაც.
– ის ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. თქვენ რამდენად პირდაპირი ადამიანი ხართ?
– ძალიან ვაფასებ გულწრფელობას და თვითონაც ვცდილობ, ასეთი ვიყო. მგონია, რომ სიმართლის თქმა ყოველთვის სწორი გზაა, ოღონდ სწორად და სიყვარულით უნდა თქვა. პირდაპირობა ჩემი ბუნების ნაწილია, მაგრამ არასოდეს მწარე სიხისტით. მიყვარს, როცა ადამიანებს თვალებში შევხედავ, გულით ვესაუბრები და ვგრძნობ, რომ გულწრფელობა ურთიერთობას უფრო ძლიერს და ნდობაზე დაყრდნობილს ხდის.
– საინტერესო მოსაუბრეა – მისი მოყოლილი ისტორიები ყოველთვის ამხიარულებს გარშემო მყოფებს. ასეა?
– ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და საუბარი განსაკუთრებით მაშინ, როცა შევამჩნევ, რომ მათ ჩემთან ყოფნა უხარიათ. მგონია, რომ კარგი მოსაუბრე ის არის, ვინც არა მხოლოდ ლაპარაკობს, არამედ თანამოსაუბრესაც გრძნობს. ჩემს შემთხვევაში, ეს ყოველთვის ცოცხალი ენერგიის გაცვლაა, ბევრ ისტორიას ვყვები, ხშირად ვიცინით, მაგრამ იმავდროულად, ვუსმენ და გულით ვუზიარებ ადამიანებს საკუთარ თავსაც.
– ტყუპების ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ადამიანი სიურპრიზებითაა სავსე. შენს შემთხვევაში აქ რა იგულისხმება?
– ჩემი გაგებით, ეს ნიშნავს, რომ ჩემში ყოველთვის არსებობს ცვლილების, სიახლისა და მოულოდნელობების სიყვარული. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ცხოვრებაში ცვალებადობა და სიახლეების შემოტანა. ეს შეიძლება, იყოს უცნაური გადაწყვეტილებები, მოულოდნელი ნაბიჯები ან, უბრალოდ, ჰაეროვანი, მხიარული, საინტერესო, ენერგია, რომელიც სხვა ადამიანებსაც ახარებს. ჩემთვის სურპრიზები – ეს არის გზავნილი, რომ ცხოვრება არ უნდა იყოს მოსაწყენი, უნდა იყოს დინამიკური და ფერადი.
– ტყუპებს შეუძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება. რამდენად ეთანხმები?
– ეს ნამდვილად ტყუპების ერთ-ერთი განსაკუთრებული უნარია, მრავალმხრივი ფოკუსი და სწრაფი ადაპტაცია. ჩემთვის ეს ძალიან აქტუალურია, რადგან ვარ პროფესიონალი მოცეკვავე (მოქმედი ათლეტი), მოდელი და ეკონომისტი, რაც სხვადასხვა უნარებსა და პასუხისმგებლობებს მოიცავს. ამ ყველაფრის შეთავსება ხშირად გამოწვევაა, მაგრამ ეს მრავალფეროვნება მაძლიერებს და მაძლევს მოტივაციას, რომ მუდმივად განვვითარდე.
– ტყუპების გაბრაზება ძალიან რთულია. მართლა ასეა?
– არავის უნახავს გაბრაზებული ანნა (იცინის). ვცდილობ, რომ კონფლიქტებს, რაც შეიძლება, მშვიდად და გონივრულად მივუდგე. როცა გაბრაზებული ვარ, ვცდილობ, გავიაზრო მიზეზები და ვითანამშრომლო პრობლემის მოგვარებისთვის, ხოლო თუ ვინმე მართლაც იმსახურებს ჩემგან დისტანცირებას, ამას აუცილებლად გავაკეთებ, მშვიდად და ღირსეულად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. ჩემი გაბრაზება უფრო ინტენსიურია, როცა ვგრძნობ უსამართლობას ან ღირებულებების შეურაცხყოფას, თუმცა ემოციების კონტროლი და შინაგანი სტაბილურობა მეხმარება, რომ სულიერი სიმშვიდე შევინარჩუნო.
– ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ხასიათი წამში მილიონჯერ ეცვლებათ. შენც ასეთი ხარ?
– ეს მართლაც ტყუპების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი თვისებაა. ხასიათის ცვლილებები ხშირად ჩვენი ბუნების ნაწილია, რაც გამოწვეულია ინტერესების მრავალფეროვნებითა და სულიერი სისწრაფით. ხანდახან ეს ჩემთვისაც გამოწვევაა, მაგრამ ვცდილობ, ამას პოზიტიურად მივუდგე და ვიპოვო ჰარმონია ჩემს ემოციებს შორის. არ ვიცი, ეს რამდენად გამომდის, მაგრამ მართლა ვცდილობ (იცინის). ამ მრავალფეროვნების წყალობით, მუდმივად ახალი იდეებითა და ახალი ენერგიით ვცხოვრობ, რაც ჩემს კარიერასა და პირად ცხოვრებაში ძალიან მეხმარება.
– სიყვარულში მათთვის აუცილებელია ინტრიგა…
– ამ კითხვაზე პასუხი მეც სრულად არ მაქვს ჩამოყალიბებული, რადგან ამ საკითხში გამოცდილება არ მყოფნის. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი სიყვარულში არის სიმყარე, პატივისცემა და გულწრფელობა. ინტრიგა შეიძლება, იყოს რომანტიკული და საინტერესო, მაგრამ ჩემთვის ურთიერთობაში უმთავრესია ერთმანეთის გაგება და მხარდაჭერა, რაც ნამდვილად ქმნის ძლიერ კავშირს.
– ტყუპები მოხერხებულები და გამჭრიახები არიან….
– ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის მზად ვარ, სწრაფად ვიპოვო გამოსავალი რთულ სიტუაციებში და მოხერხებულად მოვაგვარო გამოწვევები. ეს თვისებები ძალიან დამეხმარა, რომ მივსულიყავი იმ გზამდე სადაც ახლა ვარ. წინ ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა მელის, თუმცა მაინც (იცინის). დიდ ყურადღებასა და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს ყველაფერი, რისი გაკეთებაც 100 პროცენტით გინდა.
– და ბოლოს, რა თვისებებია, რომლებიც საკუთარ თავში მოგწონს და რას გამოასწორებდი დიდი სიამოვნებით?
– მომწონს ჩემი მიზანდასახულობა, შრომის სიყვარული და ის, რომ არასდროს ვნებდები, რაც არ უნდა რთული იყოს გზა. ძალიან ვაფასებ საკუთარ თავში იმასაც, რომ ყოველთვის ვცდილობ, ადამიანებთან თბილი, გულწრფელი და მეგობრული ვიყო. თუმცა, ჩემს თავშიც ვხედავ დეტალებს, რასაც სიამოვნებით გამოვასწორებდი – მაგალითად, ზოგჯერ ზედმეტად თვითკრიტიკული ვარ, რაც ხელს მიშლის, დავტკბე უკვე მიღწეულით. ვცდილობ, საკუთარ თავს მეტი მადლიერებითა და სიმშვიდით მოვეკიდო და ვისწავლო პროცესით ტკბობა და არა მხოლოდ შედეგზე კონცენტრირება. ასევე, ვარ ზედმეტად გულუბრყვილო, ხანდახან ზედმეტად ვენდობი ადამიანებს და იმედგაცრუებასაც ვიღებ, მაგრამ მაინც მირჩევნია, გულწრფელი ვიყო, ვიდრე ეჭვებით ვიცხოვრო. ნელ-ნელა ვსწავლობ, როგორ შევინარჩუნო შინაგანი სიკეთე და თან, საკუთარი თავი დავიცვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან