შოუბიზნესი

როგორ შეცვალა ირაკლი ხოშტარიას ცხოვრება პატრიარქმა და რატომ აწვალა ის მომავალმა მეუღლემ

№28

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 21.07, 2021 წელი

ირაკლი ხოშტარია
დაკოპირებულია

მსახიობი ირაკლი ხოშტარია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ თინას ახალი პარტნიორის როლს ასრულებს. სცენარიდან გამომდინარე მისი პერსონაჟის მიმართ კითხვები ბევრია, სანამ მათ პასუხები გაეცემა, მანამდე ჩვენ ირაკლის რეალურ ცხოვრებას გაგაცნობთ.

ირაკლი ხოშტარია: ნელ-ნელა ვსწავლობ ჩემს პერსონაჟს, ჯერჯერობით კარგი ბიჭი ჩანს (იცინის). რაც შეეხება თინასნაირ ქალთან ურთიერთობას, ჩემთვის არ არის მიუღებელი მისი ტიპაჟი. ჩემი მეუღლე ფემინისტი არ არის, მაგრამ საკმაოდ მძაფრი შეფასებები აქვს ყველაფერზე და მსგავსი პოზიციის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

– ყველას აინტერესებს, აღმოჩნდებით თუ არა და-ძმა...

– ჯერ მეც არ ვიცი, რა შეიძლება, მოხდეს, მაგრამ მგონია, რომ ძმა არ აღმოვჩნდები. ამის იმედი მაქვს. ქუჩაში ერთი ბიჭი კარგა ხანს მაკვირდებოდა, მერე ძმაკაცურად მოვიდა და მეუბნება, ძმობას გაფიცებ, ძმა ხარო? არ ვიცი-მეთქი და კაი, ახლა, გეხვეწები, მართლა ძმა ხარო? (იცინის).

– მსახიობობა ბავშვობიდან გინდოდათ?

– ექვსი წლის ვიყავი, როდესაც ანსამბლ „მართვეში“ დავიწყე სიმღერა. ჩვენი აუდიტორიის გვერდით თეატრალური სტუდია გახლდათ და სულ მინდოდა, მათ სამყაროში „შემეხედა“. ძალიან მიზიდავდა თეატრი, მიუხედავად იმისა, რომ როცა პირველად თოჯინების თეატრში წამიყვანეს, ვიტირე. ოთხი წლის ვიყავი, თოჯინის შემეშინდა და ბაბუას თეატრიდან გამოვექეცი. მაგრამ ამ სამყაროსთან სიახლოვის სურვილი მაინც ყოველთვის მქონდა, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის სპექტაკლებს ვდგამდი ხოლმე. ცოტა რომ წამოვიზარდე, მშობლების ინიციატივით, კოლეჯში, ბიზნესსამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ამ მიმართულებით უნდა გამეგრძელებინა სწავლა. დამამთავრებელ კლასში ვიყავი, როდესაც ეროვნული გამოცდები შემოიღეს და მეც გავედი. რა თქმა უნდა, პირველზე ბიზნესსამართალი მეწერა. ოჯახში პირობა წამოვაყენე, თუ იქ ვერ მოვხვდები, მიუხედავად იმისა, რომ მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მერე თვითონ გადავწყვეტ საით წავიყვანო ჩემი ცხოვრების გზა-მეთქი და დამთანხმდნენ. მოკლედ, საბედისწერო შეცდომის წყალობით, ორი ქულა დამაკლდა (იცინის). შედეგად თეატრალურში ჩავაბარე, სადაც მინდოდა, ანუ დრამის ჯგუფში – ვერ, მაგრამ თოჯინების ჯგუფში მოვხვდი. პირველი კურსი რომ დავხურე, იმდენად გატაცებული ვყავდი თოჯინებს, აღარც გამჩენია მიმართულების შეცვლის სურვილი.

– სიმღერაზე უარი თქვით?

– სიმღერას ძალიან დიდი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში. „მართვეს“ შემდეგ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პატრიარქის გუნდში ვგალობდი. ის წლები, ალბათ, საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. ვიპოვე თავშესაფარი, სადაც სულიერად და შემოქმედებითად ვიხარჯებოდი, მაგრამ არასდროს მიფიქრია, სწავლა ვოკალური მიმართულებით გამეგრძელებინა, სულ თეატრისკენ ვისწრაფვოდი. თუმცა, ჯერჯერობით მიზნამდე ვერ მივედი, გზად გადავუხვიე. როცა თეატრალური დავამთავრეთ, აღმოვაჩინეთ, რომ არსებობისთვის უნდა გვებრძოლა. სახელმწიფო თეატრებში ჩვენი პროფესიით ადგილი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ შემოსავალი მქონდა, მინდოდა, ჩემი პროფესიით მემუშავა და რადგან ჩემი არცერთი ჯგუფელი არ იყო დაკავებული თეატრში, გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა საკუთარი თოჯინების სახელოსნო, სადაც თოჯინებს დავამზადებდით და მერე რეალიზებას გავუკეთებდით სცენაზე ან ქუჩაში. ასე გავაკეთეთ თოჯინების ჯაზბენდი და წავედით თურქეთში. სტამბოლის ქუჩებიდან დაიწყო ჩვენი თეატრის ისტორია, რომელიც ათი წელია, გრძელდება.

– სხვა ქვეყნიდან რატომ დაიწყეთ?

– იმიტომ, რომ აქ არავინ არ ინტერესდებოდა. ვცდილობდით, რამე შესაძლებლობა მოგვეპოვებინა ჩვენი იდეების რეალიზებისთვის, რომ სხვაგან გაქცევა არ დაგვჭირვებოდა, ახლაც საკუთარ ქვეყანაში მინდა ჩემი საქმის კეთება და ასე იყო მაშინაც, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა და წავედით. ჩასვლიდან რამდენიმე დღეში აღმოვჩნდით თურქული „ფოქს ტივის“ პირდაპირ ეთერში, წამყვანი ბეჭდური მედია ჩვენზე წერდა, სატელევიზიო სივრცეში ბევრმა გაგვიცნო, ქუჩაში გვცნობდნენ, ხალხი ჩვენთან ფოტოებს იღებდა. მერე ბევრი მიწვევა მივიღეთ, ბევრი პროდიუსერი გავიცანით, ეს ყველაფერი ერთ თვეში მოხდა. მალე დავბრუნდით აქ, მერე ისევ მიგვიწვიეს და ასე განვვითარდით. გზადაგზა, აქ არსებობა რომ გაგვეგრძელებინა, გავაკეთეთ საბავშვო ღონისძიებათა ჯგუფი, სამკერვალო, სახელოსნო და მოკლედ, ყველაფერი, რაც თეატრის ირგვლივ შეიძლებოდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ შემოსავლით თეატრი გვეკვება და შემდეგ თეატრს ჩვენ ვეკვებეთ. ჯერჯერობით როგორც ჩანს, სწორადაც მოვიქეცით. ახლა, ძირითადად, საქართველოში ვართ და აქ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს.

2019 წელს ნომერ პირველ თეატრალურ ფესტივალზე მოვხვდით ქალაქ ედინბურგში. წარმოდგენილი 3 800-მდე სპექტაკლიდან, ჩვენი სადებიუტო სპექტაკლი 50 საუკეთესოს შორის დაასახელეს. მთელი თეატრალური სამყარო იქ იყო და ძალიან კარგი შეფასებები მივიღეთ. უამრავი შემოთავაზებაც წამოვიდა. საკმაოდ დიდი ტურნე გვქონდა დაგეგმილი – დედამიწისთვის წრე უნდა დაგვერტყა, მაგრამ დაიწყო პანდემია და ყველაფერი გაუქმდა. თუმცა არ ვჩერდებით, ყველაფერი წინ არის.

– ეს რატომ არის გზიდან გადახვევა?

– არტისტობას შევეშვი, უფრო ადმინისტრირებასა და რეჟისურაზე გადავერთე, თუმცა მეც ვთამაშობ რამდენიმე სპექტაკლში.

– მომავალი მეუღლეც ამ პროცესში გაგიცნიათ.

– ჩვენ ჯგუფელები ვართ, მაგრამ სახელოსნო რომ დავაფუძნეთ, მერე გავხდით შეყვარებულები. უნიჭიერესი გოგოა და ზუსტად ვიცი, ბევრ წარმატებას მიაღწევს. გარკვეული პერიოდი, სახლში მოუწია ყოფნა – ბავშვთან ერთად. მე გამიშვა გარეთ, შენ საქმეს მიხედე, მე ბავშვს მივხედავო, თუმცა ორივე ვუვლით შვილს და მეუღლეც ჩვენთან ერთად არის საქმეში, რაც დიდი კომფორტია.

– თქვენი ურთიერთობა სამსახურებრივი რომანის ფორმატში განვითარდა?

– უფრო სიყვარულში გადაზრდილი მეგობრობა იყო. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ სხვანაირად ვგრძნობდი თავს. დიდი ხანი ვებრძოდი საკუთარ თავს, რაღაც გეშლება, ეგრე არ არის-მეთქი, ვუმტკიცებდი. ბოლოს ვეღარ მოვთოკე თავი და ვუთხარი. ცოტა ალმაცერად შემომხედა, შენ ხომ კარგად ხარო?! (იცინის) კარგა ხანს მაწვალა და ბევრი რამის გაკეთება მომიწია, რომ ჩემი შეყვარებული გამხდარიყო. მერე იმდენად ბედნიერად ვგრძნობდით თავს შეყვარებულობის პერიოდში, ვამბობდით – „მოდი, შემდეგ წელს იყოს ქორწილიო“ და ამასობაში გამეპარა ექვსი წელი.

– საპატრიარქოს გუნდში ყოფნის დროს გქონდათ პატრიარქთან ურთიერთობის საშუალება?

– თითქმის ყოველდღიური. მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი, იმდროინდელი თბილისი, ალბათ, გახსოვთ. გარდატეხის პერიოდი მეწყებოდა, ეზოში ჩემ გარშემო სხვადასხვა წრეები ტრიალებდნენ, მეც ამ წრეში ვიყავი. იყო საფრთხეები და მაინც მომიწია ამ გზის გავლა. სხვა არჩევანი არ მქონდა, ასე უნდა მეცხოვრა. გარეთ ასეთი ვიყავი, სახლში – სულ სხვა. მაშინაც ვთამაშობდი, ჩემთვის ისიც როლი იყო. რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრების გზა ამ გუნდმა და პატრიარქმა. მასთან ურთიერთობამ ჩემში დიდი გარდატეხა მოახდინა. სკოლის შემდეგ ჩემი მთელი დრო რეპეტიციებს მიჰქონდა, საპატრიარქოში ამ საზოგადოებაში ვხვდებოდი და დროს, რომელიც ქუჩაში უნდა გამეტარებინა, იქ ვატარებდი. ასე ავარიდე ქუჩას თავი. პატრიარქს ყოველდღიურად მოჰყავდა მაგალითები, ბევრს გვასწავლიდა, გვეფერებოდა – აბსოლუტურად სხვა გარემოში გვამყოფებდა. პრეზიდენტთან ვახშამი იყო, ოფიციალური სტუმრების ვიზიტი, მსოფლიოში თუ ვინმე გამოჩენილი იყო ჩამოსული და პატრიარქს ესტუმრა, ყველა შეხვედრაზე ვარ ნამყოფი. ეს ბავშვზე დიდ გავლენას ახდენს და ხვდები, რა სჯობს.

– ისე მოხდა, რომ ეს პერიოდი მშობლებს მტკივნეულად არ გაუვლიათ. კარგად მოახერხეთ როლის შესრულება?

– ძველი ბიჭობა და ნარკოდამოკიდებულება ჩემი არჩევანი ან მიზანი არც არასდროს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ 24 საათი ვჩხუბობდი, ვიღაცებთან ვარკვევდი – ვინ უყვარდა, რა თქვა, რატომ თქვა და ასე შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე. ვიღაცასთან ასვლები, საქმის გარჩევები ყოველდღიურად იყო ჩვენს ცხოვრებაში. მშობლებმა მშვიდად გაიარეს ეს პერიოდი, მხოლოდ ერთი-ორჯერ შევაშინე (იცინის). ერთხელ ვიღაცამ კარზე მომიკაკუნა, გარეთ გამიწვიეს და სადარბაზოში ჩხუბი მოგვივიდა. მარტო ვიყავი, ისინი – რამდენიმე, მაგრამ ვერ დამჩაგრეს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩაქუჩით გავეკიდე და ეს რომ დაინახეს ჩემმა მშობლებმა, ბუნებრივია, შეეშინდათ. თან, ძალიან აფექტური ვარ და ინერვიულეს. საბედნიეროდ, უვნებელი დავბრუნდი.

– იმედია, იმათაც ვერ დაეწიეთ...

– კი, ისინიც უვნებლები წავიდნენ. დედაჩემი სასწაული ქალია და მისი როლიც დიდია ამ საქმეში. ძალიან ზარმაცი ვიყავი, აბსოლუტურად ყველაფერი მეზარებოდა, მით უმეტეს, სწავლა. მაგრამ დავძლიე ეს სიზარმაცე და იმდენად შრომისმოყვარე გავხდი, ჩემი ძმა მეხუმრება ხოლმე, შრომოფილია გჭირს, გაჩერდი, დაჯექი და დაისვენეო. მე კი აღარ შემიძლია უსაქმოდ ჯდომა. თუ რამეს არ ვაკეთებ, ცუდ ხასიათზე ვარ, საქმის გარეშე ვეღარ ვჩერდები.

– პროფესიის მიღმა სხვა სამსახურებიც ყოფილა?

– ყოველდღე მიწევს სხვა სამსახურების შეთავსება. მიუხედავად იმისა, რომ თეატრს ბევრი რამ მივაბით, მაინც ბევრი საჭიროებაა და ამიტომ ბევრი საქმე მიკეთებია. ხომ იცით აპლიკაცია, რომელშიც ტელეფონის ნომერს ჩაწერ და გიჩვენებს რა სახელით ჰყავთ შენი ნომერი შეყვანილი ტელეფონში სხვადასხვა ადამიანებს. ჩემს ნომერზე შემდეგ სახელებს მიყრიდა: ანიმატორი ირაკლი, მძღოლი ექსკურსია, მეთოჯინე ირაკლი და ასე შემდეგ (იცინის). სხვათა შორის, კახა ბაკურაძემ თქვა: მსახიობის პროფესია არის პროფესიების ერთობლიობაო და ეს ზუსტად ასახავს ჩემს მდგომარეობას. ამ პროფესიის წყალობით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი