შოუბიზნესი

როგორ მოხიბლა ანანო მარჩილაშვილმა ბერძნული „ვოისის“ ჟიური და რასთან სიახლოვემ გადაატანინა მას ბევრი გასაჭირი

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 11:00 23.11, 2021 წელი

ანანო მარჩილაშვილი
დაკოპირებულია

ანანო მარჩილაშვილი ბერძნული „ვოისის“ ქართველი კონკურსანტია, რომელმაც ჟიურის ოთხივე წევრის მოხიბვლაც შეძლო და მაყურებლის დიდი ნაწილის გულშემატკივრობაც დაიმსახურა. პროექტში მოულოდნელად მის დასახმარებლად საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძეც გამოჩნდა.

ანანო მარჩილაშვილი: ბერძნული კარგად არ ვიცი და შესარჩევ კონკურსზე, „გუგლ თრანსლეითის“ დახმარებით, როგორღაც დავრეგისტრირდი, ისე რომ არავისთვის მითქვამს. მოლოდინიც არ მქონია, რომ აქამდე მოვიდოდი, რადგან ოთხი წელია, აქ ვარ და ჯერ არსად მიმღერია. ვიფიქრე, ვნახავ, როგორი სიტუაციაა და სამომავლოდ გავითვალისწინებ-მეთქი. ისე მოხდა, რომ შიდა ტურები გავიარე და აქამდეც მოვედი. ეს ჩემთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა.

– ჟიურის ყველა წევრის შემობრუნება შეძელი და მიუხედავად იმისა, რომ შენთვის ეს ყველაფერი უცხო იყო, ძალიან ბუნებრივი იყავი.

– სიმღერის დროს, რეპეტიციაზე იქნება თუ სცენაზე, იმხელა სიამოვნებას ვიღებ, ნერვიულობისთვის დრო აღარ მრჩება და მათაც მოეწონათ, რომ ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრეს (იცინის). ჩემთვის მთავარი იყო, ერთი მაინც შემობრუნებულიყო, მაგრამ არ დაგიმალავთ, გულის სიღრმეში ოთხივეს შემობრუნებაზეც ვფიქრობდი (იცინის). რაც შეეხება თამთა გოდუაძის გამოჩენას, აქაც დაიწერა, დადგმულიაო, მაგრამ სინამდვილეში დადგმული არაფერი ყოფილა, ეს ჩემთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო. რადგან მე ბერძნულად კარგად ვერ ვლაპარაკობ, ჩემი მეუღლე უნდა გამოეყვანათ სცენაზე და თუ რამეს ვერ გავიგებდი, ის გადათარგმნიდა, ასე შევთანხმდით. თამთა სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა იქ და ამაში ძალიან გამიმართლა. ძალიან ემოციური იყო მასთან შეხვედრა. უცხო მხარეში რომ შენი ეროვნების ადამიანს ხვდები, საოცრად გიხარია. მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი ასეთი წარმატებულია და თამთას აქ მართლა დიდ პატივს სცემენ.

– ახლა როგორი მოლოდინი გაქვს?

– შემდეგი ტურისთვის ვემზადები, რეპეტიციები მაქვს. იმედია, გადავლახავ და ვნახოთ, მერე რა იქნება. კოვიდის გამო ყველას ერთად არ გვიბარებენ, მაგრამ ვისთანაც მე მაქვს შეხება, ყველა კარგი ბავშვია, ძლიერი კონკურენტები მყავს, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობაზე არ აისახება, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ და ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. გამარჯვება ყველას უნდა და მეც, როგორც ყველა, ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ამბიცია არ მაქვს, რადგან თავიდანვე არ მქონდა განსაკუთრებული მოლოდინი. ჩემს გამოსვლას ამხელა გამოხმაურება რომ მოჰყვა, ამითაც გაკვირვებული ვარ.

– როგორი რეაქცია ჰქონდა ოჯახს?

– საბერძნეთში მეუღლესა და შვილთან ერთად ვცხოვრობ. საქართველოში არავისთვის მითქვამს, ეს ნაბიჯი რომ გადავდგი, დედაჩემისთვისაც კი, სანამ ოთხი სკამის ტურზე არ დამიბარეს. ვაფრთხილებდი, არავისთან თქვა, ვაიდა, არავინ შემომიბრუნდეს და ჩვენში დარჩეს-მეთქი (იცინის). ახლა დედა ძალიან გახარებულია. როცა საქართველოში ვცხოვრობდი, სულ ვმღეროდი. რესტორნებსა და ბარებში ვმუშაობდი, არ ვჩერდებოდი. საერთოდ, რაც თავი მახსოვს, სულ ვმღერი. აქ ჩამოსვლის შემდეგ ვეღარ ვახერხებდი ჩემი საყვარელი საქმის კეთებას და დედა ამას ძალიან განიცდიდა.

– რა ხდებოდა ეს ოთხი წელია?

– ძალიან რთული იყო სიმღერის გარეშე, სცენა ძალიან მენატრებოდა და ვფიქრობ, ჩემი თავდაჯერებულობა ამ მონატრების დამსახურებაცაა. აქ რომ ჩამოვედით, სანამ ადაპტაციის პერიოდი გავიარეთ არ მიმუშავია. ერთი-ორჯერ ვცადე ქართულ რესტორანში და არ გამოვიდა. მერე ორსულობა, ბავშვი და იმედი მაქვს, ახლა მოვიდა ოცნებების ახდენის დრო.

– ბავშვობიდან მღერი?

– არ მიყვარს ეს ბანალური ფრაზა, მაგრამ მგონი, მართლა ბავშვობიდან ვმღერი. ჯერ პიონერთა სასახლეში დავიწყე სიარული, მერე სხვადასხვა სტუდიაში დავდიოდი. კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის მოსწავლე ვიყავი და შემდეგ მასთან ერთად ვმუშაობდი, ჯერ კიდევ სკოლის დამთავრებამდე. მას შემოქმედებითი საღამოები ჰქონდა ბაღებსა და სკოლებში, სადაც მასთან ერთად ვმღეროდი. სკოლა რომ დავამთავრე, მუშაობა დავიწყე და მგონი, ყველა რესტორანში მაქვს ნამღერი ორ-ორი დღით. ეს იყო ჩემი პრობლემა და პრინციპში აქ წამოსვლის მიზეზიც –სამწუხაროდ, სტაბილური სამსახური არ იყო. მანამდე ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიაში ჩავაბარე ვოკალის განხრით. ძალიან მინდოდა, კონსერვატორიაში მესწავლა ჯაზის ფაკულტეტზე, მაგრამ იმ წელს არ ჰქონდა მიღება და გადავწყვიტე, რომ წელი არ გამეცდინა.

– საბერძნეთში წასვლა როდის გადაწყვიტეთ?

– ოთხი წელია, აქ ვარ. წვრილ-წვრილი პრობლემების გამო წამოვედით, მე და ჩემმა მეუღლემ ვიფიქრეთ, რომ შეიძლებოდა, ცხოვრება უკეთესობისკენ შეგვეცვალა და ეს ნაბიჯი გადავდგით. მაშინ ერთი წლის დაქორწინებულები ვიყავით. თავიდან რთული იყო. რომ ჩამოდიხარ და მეგობარიც კი არ გყავს, ვისთან ერთადაც ყავას დალევ, ძალიან ძნელია. საბედნიეროდ, ზღვა მაქვს ახლოს და ეს მართლა ძალიან დამეხმარა, რადგან ზღვაზე ვგიჟდები. მასთან სიახლოვემ გადამატანინა ბევრი სირთულე. პრობლემა რომ გაქვს, საქართველოში ვერ დარეკავ და ახლობლებს ვერ ანერვიულებ, აქაც არავინაა, რომ შენი გასაჭირი გაუზიარო, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი გადავლახეთ და ახლა აქ უკვე კარგი მეგობრები გვყავს. ბერძნებსაც ვიცნობ, მაგრამ უფრო ქართველებთან ვმეგობრობ. საიმედო ადამიანები ვიპოვე და მიხარია.

– ასეთ პროექტში მონაწილეობისკენ სხვები არ გიბიძგებდნენ?

– მეუღლეს ყოველთვის ძალიან უნდოდა, რომ მემღერა. მიდი, მიდიო, მეუბნებოდა. არ უნდა სხვა საქმით დავკავდე. ძალიან უყვარს, როცა ვმღერი და ამ დროს ჩემზე მეტს ნერვიულობს. ახლაც, „ვოისზე“ რომ გავდივარ, ჩემი მეუღლე კულისებში არის მოსასულიერებელი და აქეთ ვამშვიდებ, ნუ ნერვიულობ, კარგად ვიმღერებ-მეთქი (იცინის). მისი მხარდაჭერის დამსახურებაა, ამ ნაბიჯის გადადგმა რომ შევძელი. პირველი მას ვუთხარი, რომ დავრეგისტრირდი. თან მისი ნომერი მივუთითე, რომ დამირეკონ და მე ვუპასუხო, ვაიდა, ვერ გავიგო, რას მეუბნებიან-მეთქი (იცინის). ჩემგან განსხვავებით, ის კარგად საუბრობს, რადგან აქ ჩამოსვლიდან დღემდე მუშაობს და ადგილობრივებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. ათი წლის წინ სიყვარულის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გავიცანით ერთმანეთი. პირველად რომ მნახა, მაშინაც ვმღეროდი (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი